სტუ-ის ვიცე-რექტორი საერთაშორისო სტუდენტებს შეხვდა

„კარგად გვესმის, რომ უცხო ქვეყანაში ცხოვრება და სწავლა მარტივი არ არის. ეს მოითხოვს გამბედაობას, ერთგვარ მოქნილობას და მიზანსწრაფულობას. სწორედ ეს თვისებები – შერწყმული შემეცნების, ფიქრის, კვლევისა და ახალი აღმოჩენებით სამყაროს შევსების სურვილთან – აყალიბებს პროფესიონალიზმს, აწრთობს ნამდვილი მკვლევრის ხასიათს. სტუდენტური ცხოვრების პერიოდში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან თქვენ მუდამ გექნებათ მხარდაჭერა განათლების მიღებისა და კვლევების პროცესში, პროფესიულ განვითარებაში, თქვენს მისწრაფებებში, რაც უსათუოდ წარმატებისკენ გაგიკვალავთ გზას. გმადლობთ, რომ ხართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების ნაწილი. გისურვებთ საინტერესო აღმოჩენებს და წარმატებულ ნაბიჯებს თქვენი პროფესიული მომავლისკენ,” – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ საერთაშორისო სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

ღონისძიებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 აკადემიურ წელს ჩარიცხული პირველკურსელი საერთაშორისო სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

თამარ ლომინაძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, საერთაშორისო სტუდენტებს წარმატება უსურვა. ვიცე-რექტორის თქმით, მშენებლობა, არქიტექტურა, ენერგეტიკა, ინფორმატიკა, დიზაინი და ბიზნესტექნოლოგიები – ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა შესწავლის მზარდი ინტერესი სტუ-ში ჩარიცხულ საერთაშორისო სტუდენტებს შორის იკვეთება, რაც თავის მხრივ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მიუთითებს.

„გულითადად მივესალმებით ჩვენს საერთაშორისო სტუდენტებს, მათ შორის არიან წელს ჩარიცხული საერთაშორისო პირველკურსელები – მადლობას გიხდით, რომ არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეაჩერეთ! გვინდა რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით წარმატება და ნაყოფიერი აკადემიური წელი გისურვოთ. დარწმუნებული ვართ, სასწავლო აუდიტორიებში, ლაბორატორიებსა და კვლევით ჯგუფებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მოგიწევთ სხვადასხვა კულტურისა თუ მრწამსის ახალგაზრდებთან, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან,  რაც სასწავლო პროცესს თქვენთვის ორმაგად საინტერესოს გახდის. ეს იქნება არა მხოლოდ აკადემიური და კვლევითი წარმატებისკენ მიმავალი გზა, არამედ – საფუძველიც ახალი მეგობრების შეძენისა და მომავალი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ჩვენი დიდი სურვილია აქტიურად ჩაერთოთ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, შეიძინოთ პროფესია, დაინტერესდეთ მეცნიერებით, შეიგრძნოთ ქართული კულტურა, გაეცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და საკუთარი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალფეროვან აკადემიურ და სამეცნიერო გარემოში,” – აღნიშნა ვიცე-რექტორმა.

საერთაშორისო სტუდენტებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტინგისა და მათი უნივერსიტეტის აკადემიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის კოორდინატორმა ლელა ჩიქოვანმა, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა და მარკეტინგისა და კომუნიკაციების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელმა ანანო მჭედლიშვილმა.

როგორც ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ძალისხმევას არ იშურებს საერთაშორისო სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიმართულებით. მან საერთაშორისო სტუდენტებს მოუწოდა, გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც მათ უნივერსიტეტი აძლევს.

„თქვენ მუდამ მიიღებთ საჭირო რჩევას, დახმარებას და იგრძნობთ ჩვენს მხარდაჭერას მთელი სტუდენტური ცხოვრების მანძილზე. ახალ გარემოსთან ადაპტაცია მოითხოვს დიდ ძალისხმევას, თვითდისციპლინას, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ მარტონი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს და წარმატებისკენ გაგიძღვებათ. თქვენი ცხოვრება სავსეა ახალი შესაძლებლობებით, საინტერესო აღმოჩენებით. ჩვენი სურვილია, სწავლისა და კვლევების პარალელურად, გამოიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გაძლევთ: ჩაერთოთ სტუდენტურ ცხოვრებაში, საუნივერსიტეტო აქტივობებში, იპოვოთ რაც შეიძლება მეტი მეგობარი, გაუზიაროთ გამოცდილება თანატოლებსა და პედაგოგებს, აღმოაჩინოთ  საქართველო – მისი ისტორია, კულტურა და ადამიანები. დარწმუნებული ვართ, თითოეული თქვენგანი გახდებით თქვენი ფაკულტეტის და საუნივერსიტეტო საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები“, – აღნიშნა ლელა ჩიქოვანმა.

საერთაშორისო სტუდენტებთან შეხვედრა დასრულდა კონცერტით, რომელშიც საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო პროექტის ფარგლებში დანიელმა ექსპერტებმა სტუ-ში სემინარი ჩაატარეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის – „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (LISS24; Learn – Innovate – Sell – Succeed) ფარგლებში, დანიური კომპანია iMotions-ის წარმომადგენლებმა სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ახლადდაფუძნებულ „გაყიდვების ლაბორატორიაში“ ორდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩაატარეს.  

სემინარის მიზანი იყო თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებასა და ლაბორატორიის ფუნქციონირებისთვის საჭირო უნარებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გადამზადება, რომლებიც “გაყიდვების ლაბორატორიის” (Sales Lab) მუშაობაში არიან ჩართულნი.

ტრენინგ-სემინარი სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისისა და  სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა. სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას განმარტებით, iMotions-ის მენტორთა სემინარები მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სესიებს.

გარდა ამისა, სემინარი მიზნად ისახავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა ექსპერტებად მომზადებას – სამომავლოდ iMotions-ის პლატფორმის მეშვეობით პრაქტიკული და კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად. როგორც ბორის გითოლენდია აღნიშნავს, ტრენინგ-სემინარს სტუ-ის აკადემიურ პერსონალთან ერთად,  ესწრებოდნენ კოლეგები ქუთაისის აკაკი წერეთლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან. 

2 (5).png

დეკანის განცხადებით, დანიური iMotions-ი მსოფლიო მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერი კომპანიაა და სტუ-ის ახლადგახსნილი „გაყიდვების ლაბორატორია“, რომელიც უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობების საუნივერსიტეტო პლატფორმაა, მთლიანად აღიჭურვილია დანიური კომპანიის მიერ მოწოდებული უახლესი აპარატურით.

„თავისი ტექნიკისა და ონლაინ აპლიკაციების საშუალებით, iMotions-ი საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ, დავამუშავოთ და გავაანალიზოთ სხვადასხვა ტიპის მონაცემები ერთ პლატფორმაზე. მეცნიერებით მხარდაჭერილი ეს მულტიმოდალური პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი ბაზარზე არსებულ მონაცემთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე სტულყოფილი ინსტრუმენტია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „გაყიდვების ლაბორატორია“, რომელიც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს, სწორედ iMotions-ის მიერ მოწოდებული უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი. ეს არის უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობების პლატფორმა, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს გაზომვით პარამეტრებსა და დიდ მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული სხვადასხვა მასშტაბისა და პროფილის მარკეტინგული კვლევები. გარდა ამისა, ლაბორატორია მთლიანად იქნება ჩართული საგანმანათლებლო პროცესსა და საუნივერსიტეტო კვლევებში. საგულისხმოა, რომ „გაყიდვების ლაბორატორია“ მოემსახურება ყველა იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მოიცავს B2B და B2C სწავლების მიმართულებებს. პროექტ LISS24-ის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგ-სემინარი ხელს შეუწყობს ლაბორატორიის სრული დატვირთვით ამოქმედებას და შესაბამისად, საუნივერსიტეტო სივრცეში მაღალკონკურენტული ახალგაზრდა კადრების მომზადებას,“ – ამბობს ბორის გითოლენდია. 

LISS24-ი ევროკავშირის პროგრამა Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია, რომლის მიზანიც საინჟინრო განათლებაში ინოვაციური კომპეტენციის ამაღლებაა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ასევე მიმდინარეობს პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები. 

სრულყოფილი ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

„ABET აკრედიტაციის სტანდარტები და გამოწვევები“ – სემინარების ახალი ციკლი სტუ-ში

3-5 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ორგანიზებით, შიდა საუნივერსიტეტო სემინარების ახალი ციკლი ჩატარდა. სემინარს  თემაზე – „ABET აკრედიტაციის სტანდარტები და გამოწვევები“ საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე ხელმძღვანელობდა. 

სემინარების მიზანი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ინფორმირება საერთაშორისო ABET აკრედიტაციის კონცეფციის, აკრედიტაციის პროცესის, სტანდარტებისა და მიღების პროცედურების შესახებ.

მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს თემები, როგორიცაა:

  • ABET სტანდარტები და მათი მიღების პროცედურები;
  • საინჟინრო პროგრამების აკრედიტაციის სპეციფიკა;
  • ABET თვითშეფასების ანგარიშის (Self-Study Report) სტრუქტურა და მომზადების ეტაპები;
  • სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმები ABET-ის კრიტერიუმების შესაბამისად;
  • პროგრამის სწავლის შედეგების რუბრიკებით შეფასების ეფექტურობა;
  • დოკუმენტაციის ორგანიზება და წარდგენა ABET-ის შემფასებელთა გუნდისთვის;
  • მომზადება ABET-ის შეფასების ვიზიტისთვის და სხვა აქტუალური საკითხები.

ყოველწლიური სემინარების ციკლი ხელს უწყობს უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების ჩართულობას საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესებში და ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ინოვაციური ხედვების განხორციელებაში.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, „სტუდფესტი 2025“-ის გრან-პრი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, „სტუდფესტი 2025“-ის გამარჯვებულის ტიტული და გრან-პრი მოიპოვა. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლები და მონაწილე სტუდენტები სტუდფესტის დასკვნით ღონისძიებაზე დააჯილდოვეს.

„სტუდფესტის“ ჟიურიმ ორ ეტაპად და ოთხი მიმართულებით (განათლება, სპორტი, კულტურა და მოხალისეობა) ჩატარებულ საფესტივალო ღონისძიებებში მოპოვებული ქულების დაჯამების შედეგად, „სტუდფესტი 2025“-ის გრან-პრი ერთდროულად ორ უმაღლეს სასწავლებელს – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიაკუთვნა. 

დასკვნით ღონისძიებაზე „სტუდფესტი 2025“-ის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და მათი წახალისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „სტუდფესტი“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ინიციატივაა, რომელსაც სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.

1 (5).png

ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას და გამარჯვებულთა დაჯილდოებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, ადმინისტრაციების წარმომადგენლები და სტუდენტები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი ზურაბ გუდავაძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ფიფია, გამარჯვებული საუნივერსიტეტო გუნდები, შემოქმედებითი ჯგუფები და სტუდენტები, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მიწვეული სტუმრები.  

წლევანდელი „სტუდფესტის“ ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა და ინდივიდუალურმა სპორცმენებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ღირსეულად იასპარეზეს და მოიპოვეს: 7  ოქრო – ვაჟთა ფრენბურთი; ვაჟთა და გოგონათა პადელი; ვაჟთა ჩოგბურთი; შვიდკაცა რაგბი; ჭიდაობა 100 კგ წონით კატეგორიაში; ვაჟთა სპრინტი; 9 ვერცხლი – მკლავჭიდი; გოგონათა ფრენბურთი; გოგონათა და ვაჟთა სასტენდო სროლა; ძიუდო 81 კგ წონით კატეგორიაში; ვაჟთა და გოგონათა ჭადრაკი; ვაჟთა და გოგონათა ხელბურთი; 6 ბრინჯაო – ბოულინგი; ძიუდო 66 კგ და 73 კგ წონით კატეგორიებში; გოგონათა ფრენბურთი; ჯომარდობა; მინი ფეხბურთი.

ფესტივალის მეორე ეტაპის ფარგლებში, კულტურის მიმართულებით ჩატარებულ კონკურსებში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითშემოქმედების ჯგუფებმა, რომლებმაც 4 ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.

ხალხური სიმღერების კონკურსის უპირობო გამარჯვებული გახდა სტუ-ის ვაჟთა ფოლკლორული ჯგუფი „ფესვები“; საესტრადო სიმღერების კონკურსში (დუეტები) – შემოქმედებით ჯგუფ „Music   Art  House”-ის გოგონათა დუეტი; საესტრადო სიმღერების კონკურსში (სოლო შემსრულებლები) – „Music   Art  House”-ის  სოლისტი გვანცა გიგაშვილი,  ბენდების კონკურსში კი – „Music   Art  House”-ის ბენდი „მარე“. ბრინჯაოს მედალი კი სტუ-ის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ მოიპოვა.

2 (6).png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გამარჯვებულ სპორტულ გუნდებსა და მათ მწვრთნელებს, საუნივერსიტეტო შემოქმედებით ჯგუფებსა და მათ სამხატვრო ხელმძღვანელებს, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს „სტუდფესტი 2025“-ის წარმატებით დასრულებას ულოცავს.

„სტუდფესტის გრან-პრის მფლობელ ორივე უნივერსიტეტსა და მათ სტუდენტებს გულითადად ვულოცავ ამ უმაღლესი ჯილდოს მოპოვებას. მათთან ერთად მინდა ყველა უმაღლეს სასწავლებელს და ახალგაზრდას მივულოცო წლევანდელი სტუდენტური ფესტივალის წარმატებით დახურვა. მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური სტუდენტური ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს საუნივერსიტეტო თვითშემოქმედებისა და სპორტის პოპულარიზაციას, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას და ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების წარმოჩენას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუდენტებს, რომლებმაც დაძაბულ ტურნირებსა და სახელოვნებო კონკურსებში ღირსეულად გამოსვლისთვის თავი არ დაზოგეს და თავიანთ ალმა-მატერს კიდევ ერთი შესანიშნავი გამარჯვება მოუტანეს. ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქვეყნოდ განთქმულ სასპორტო და სახელოვნებო ტრადიციებს დიდი სიყვარულითა და ერთგულებით აგრძელებენ, “ – აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.

მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალში – „სტუდფესტი 2025“ მონაწილეობა საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების 15 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, გამოვლინდა 400-ზე მეტი გამარჯვებული, რომლებიც პრიზებითა და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

„პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ – პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრებს მიენიჭათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერები და ინჟინრები – სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრები – იმ 24 ქართველ მეცნიერს შორის არიან, რომლებმაც მორიგი დიდი საერთაშორსო აღიარება მოიპოვეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციაში 2025 წელს მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდო – „პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ (Breakthrough Prize in Fundamental Physics) გადაეცათ.

„პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 8 მეცნიერ-მკვლევარსა და ინჟინერს: კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორს, CERN-LHC ჯგუფის ლიდერს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს CERN-ში ზვიად წამალაიძეს, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებსა და CERN-LHC ჯგუფის წევრებს – არსენ ხვედელიძეს, იური ბაღათურიას, ირაკლი ლომიძეს, დავით ლომიძეს, გიორგი ადამოვს, ალექსი მესტვირიშვილს და თენგიზ თორიაშვილს. ქართველ მეცნიერებს პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოს მოპოვებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, CERN/CMS კოლაბორაციის ასოცირებული წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს და აღნიშნავს, რომ მორიგი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მეცნიერების სოლიდურ წვლილს მატერიის ბუნებისა და სამყაროს ევოლუციის შესწავლაში.

„პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“, რომელიც 24 ქართველ მეცნიერს, მათ შორის კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 8 მეცნიერ-მკვლევარსა და ინჟინერს მიენიჭა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად ქართული მეცნიერებისათვის. ჩვენი მეცნიერები და ინჟინრები მონაწილეობენ მსოფლიოში მიმდინარე ყველა გლობალურ კვლევაში, მათ შორის, CERN-ის უმსხვილეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავს ფუნდამენტური და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებებს და შესაძლებელს ხდის სამყაროს კიდევ უფრო ღრმად შემეცნებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა წვლილი CERN-ში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში, სადაც იყენებენ იმ უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც  გარდამტეხ გავლენას იქონიებს კაცობრიობის მომავალზე. ვულოცავ ჩვენს მეცნიერებსა და ინჟინრებს ამ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მოპოვებას და მადლობას ვუხდი თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის,“ – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) პროგრამის CMS კოლაბორაციის აქტიური წევრია და ქართველი ფიზიკოსები ინტენსიურად მონაწილეობენ მის სამეცნიერო საქმიანობაში.

ქართველი ფიზიკოსების სამეცნიერო საქმიანობა CMS ექსპერიმენტში, ძირითადად, 2 სუბდეტექტორის, მიონური სისტემის RPC (Resistive Plate Chamber) და მაღალი გრანულების კალორიმეტრის HGCAL ( High Granularity Calorimetr) ჯგუფებში მიმდინარეობს; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მათი აქტივობა HGCAL კალორიმეტრზე – ერთადერთ დეტექტორზე, რომელიც უნივერსალური კალორიმეტრია და პირველად იქმნება მსოფლიოში. ის  განკუთვნილია კოლაიდერის HL-LHC (High Luminosity Large Hadron Collider) რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით CMS ექსპერიმენტისთვის. 

სტუ-ის ვიცე-რექტორი ყარშის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის (უზბეკეთი) დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ყარშის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის (უზბეკეთის რესპუბლიკა) დელეგაციას შეხვდა და ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-აკადემიური კოლაბორაციის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელა. 

მიმდინარე წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში,  უზბეკური უნივერსიტეტის 30-კაციანი დელეგაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პროფესიული განვითარებისა და სტაჟირების მიზნით ეწვია. 

ყარშის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა, ესწრებოდნენ სტუ-ის სამშენებლო, ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების, აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების დეკანის მოადგილეები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თანამშრომლები.

თამარ ლომინაძემ სტუმრებს რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადასცა და მისი სახელით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობა უსურვა.

შიდა (3).png

ვიცე-რექტორმა უზბეკ კოლეგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევები და კვლევითი პრიორიტეტები გააცნო; ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს სამეცნიერო ორგანიზაციებთან სტუ-ის მეცნიერთა მრავალწლიანი წარმატებული კოლაბოლაციის, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში აქტიური  ჩართულობის შესახებ. 

თამარ ლომინაძის  თქმით, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების შემუშავება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ყარშის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, გააძლიერებს ორივე ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობას და ახალ შესაძლებლობებს მისცემს ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებს, პედაგოგებსა და მკვლევრებს.

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეები უზბეკ კოლეგებს ერთი თვის განმავლობაში გააცნობენ სტუ-ის შვიდ ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს, თანამედროვე კვლევით მეთოდებს, ჩართავენ მათ  ლაბორატორიულ, თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებში, მოდერაციას გაუწევენ შეხვედრებს სტუდენტებთან და მკვლევრებთან, გააცნობენ სტუ-ის მეცნიერთა და სტუდენტთა მიღწევებს. თავის მხრივ, უზბეკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს ყარშის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით გამოცდილებას, ასევე სამეცნიერო წარმატებას გაუზიარებენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა პარტნიორობის გაფართოების შესახებ  სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობზე მოსაზრებები შეაჯერეს.

სტუ სტუდენტებს „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა კოლექციის გასაცნობად იწვევს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით და ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სპეციალურად სტუდენტებისთვის ქართველთა უმთავრესი ტექსტის – ადრეული აღორძინების ხანის უმნიშვნელოვანესი ქართული ლიტერატურული ძეგლის, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრის – „ვეფხისტყაოსნის“ – სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული და ცნობილ მხატვართა ილუსტრაციებით გაფორმებული ბეჭდური გამოცემები გამოიფინა.  

ექსპოზიცია, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე ნიკო მუსხელიშვილის ბიბლიოთეკაშია მოწყობილი, „ვეფხისტყაოსნის” 6 ენაზე დასტამბულ 65 გამოცემას, მათ შორის იშვიათ ეგზემპლარებს მოიცავს. მათ გაცნობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე შეძლებენ.

შიდა #1-სტუ.png   
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, შოთა რუსთველის პოემა არა მხოლოდ ქართული სიტყვაკაზმულობის და ფილოსოფიური აზროვნების მწვერვალია, არამედ უდიდესი კულტურული სიმბოლო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა ქართველებს და ეროვნული თვითმყოფადობის გრძნობას აღვივებდა.

„ვეფხისტყაოსანი” ქართველი ერის სულიერ სიღრმეებშია ფესვგადგმული. ეს უმთავრესი ტექსტია, რომელიც ასახავს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეთიკურ და ფილოსოფიურ ღირებულებებს. მასში გადმოცემულია სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება და თავისუფლებისკენ სწრაფვა. ეს არის წიგნი, რომელიც საუკუნეების მანძილზე სულ უფრო მეტად აქტუალური გახდა და თაობებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. სწორედ ამ მოსაზრებით, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის  მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა – მომავალმა სპეციალისტებმა, ინჟინრებმა, მეცნიერებმა და არქიტექტორებმა – კიდევ ერთხელ შეიგრძნონ ამ უდიდესი ნაწარმოების მნიშვნელობა, როგორც ეროვნული კულტურის ფუნდამენტისა და ზოგადსაკაცობრიო იდეალების მატარებლისა. დარწმუნებული ვარ, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში დაცული „ვეფხისტყაოსნის” გამოცემათა კოლექციის გაცნობა მათ მოტივაციასა და შემოქმედებით ხედვას გააძლიერებს,“ – აღნიშნავს დავით გურგენიძე.

როგორც ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, სტუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ვაჟა პაპასკირი აღნიშნავს, „ვეფხისტყაოსნის” კოლექცია, რომელიც საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ფონდსაცავებშია დაცული, ათწლეულების  მანძილზე ივსებოდა. წარმოდგენილ 65 გამოცემას შორის უძველესი – ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის რედაქციით შესრულებული წიგნი – 1888 წლით თარიღდება. ვაჟა პაპასკირის თქმით, გამოფენილ გამოცემებს შორისაა სხვადასხვა დროს შესრულებული თარგმანებიც. 

„ექსპოზიციას ამშვენებს ჩვენი ბიბლიოთეკის სიამაყე, ნამდვილი სამკაული – 1888 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ის ორ ვარიანტად გამოიცა: თხელი ყდით და ქსოვილით. რედაქტორები იყვნენ ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი. წიგნს ამშვენებს ცნობილი მხატვრის – მიხაი ზიჩის ილუსტრაციები, რომლებშიც ყველა პერსონაჟი რეალური ადამიანია.  მოგეხსენებათ, რომ სტამბური წესით  „ვეფხისტყაოსანი” პირველად 1712  წელს,  ვახტანგ  მეექვსის  რედაქციითა და კომენტარებით დაიბეჭდა. ეს გამოცემა „ვახტანგისეულის” სახელითაა ცნობილი.  მისი ზუსტი ასლი კი, რომელიც გამოფენილია საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში, გამოიცა თბილისში, 1931 წელს, რუსთაველის ინსტიტუტის მიერ. ეს ერთ-ერთი უნიკალური გამოცემაა და როგორც „ვახტანგისეული ვეფხისტყაოსნის” პირველი ასლი, იშვიათობას წარმოადგენს. 

საინტერესოა „ვეფხისტყაოსნის” 750 წლისთავისადმი მიძღვნილი პირველი საიუბილეო გამოცემა, 1937 წელს რუსულ ენაზე შესრულებული შალვა ნუცუბიძისეული თარგმანით, რომელიც შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დაიბეჭდა მცირე შესწორებებით. ასევე, უაღრესად საინტერესოა „ხალხური ვეფხისტყაოსანი”, რომელიც სულ ორჯერ გამოიცა მოკლე და ვრცელ ვერსიებად; მასში ტარიელის შვილთაშვილის ამბავიც კი არის გადმოცემული. „ხალხური ვეფხისტყაოსანი” მიჰყვება ფაბულას და ამასთან ერთად, განავრცობს კიდეც მას. 

შიდა #2-სტუ.jpg

წარმოდგენილია არაჩვეულებრივი გამოცემები როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე: ილია ჭავჭავაძის მეგობრების – მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცნობილი თარგმანი; აქვეა რუსი სიმბოლისტი პოეტის – კონსტანტინ ბალმონტის თარგმანი, რომელიც ერთ-ერთი ძველი და ძვირფასი გამოცემაა. ბალმონტი “ვეფხისტყაოსანს” უორდროპისეული თარგმანით გაეცნო და აღფრთოვანდა კიდეც ქართული ლიტერატურული შედევრით; 1971 წლის ვენერა ურუშაძისეული თარგმანი ინგლისურ ენაზე, ასევე, ფრანგულ ენაზე შესრულებული სხვადასხვა გამოცემები – მათ შორის ყველაზე ცნობილია 60-იან წლებში პროფესორ გასტონ ბუაჩიძის მიერ შესრულებული თარგმანი; საინტერესოა 1937 წლის აზერბაიჯანული გამოცემაც; დამთვალიერებლის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს პავლე ინგოროყვასეული იშვიათი გამოცემა, რომელიც 1938 წელს დაისტამბა და რომელშიც ინგოროყვამ ბევრი სტროფი არ შეიტანა, რადგან მიაჩნდა, რომ არ ეკუთვნოდა რუსთველს; წარმოდგენილია 1966 წლის უკრაინული გამოცემა, 1939 წლის კონსტანტინე ჭიჭინაძისეული თარგმანი, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი მისივე შესანიშნავი წინასიტყვაობით, 1977 წლის გიორგი ცაგარელისეული გამოცემა, „ვეფხისტყაოსნის“ კომპიუტერული ვერსია, სხვადასხვა ენაზე პროზაული თარგმანები, 800 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მცირე ზომის სასაჩუქრე „ვეფხისტყაოსნები“ და ასე შემდეგ. 

წარმოუდგენელია დამთვალიერებელი არ მოიხიბლოს „ვეფხისტყაოსნის” გამოცემების მდიდრული კალიგრაფიული თუ პოლიგრაფიული გაფორმებით, ცნობილ მხატვართა ილუსტრაციებით – ამ გამოცემებს რომ ამშვენებს, რუსთველის პორტრეტებით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს XVI-XVII საუკუნეების ცნობილი მხატვრის – მამუკა თავაქალაშურის მიერ აღმოსავლურ სტილში შესრულებული ნახატები, მიხაილ ზიჩის, მოსე თოიძის თუ სხვათა ილუსტრაციები. ვფიქრობთ, ახალგაზრდები დიდი ინტერესით გაეცნობიან და ჯეროვან შეფასებას მისცემენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის ბიბლიოთეკის წიგნსაცავში დაცული „ვეფხისტყაოსნის” მდიდარ კოლექციას,” – აღნიშნავს ვაჟა პაპასკირი. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ისეთი უნიკალური და რარიტეტული გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ აქ არის დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს; კერძოდ: XVIII, XIX და XX საუკუნეების ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები ტექნიკურ, საინჟინრო და ჰუმანიტარულ სპეციალობებში, საინჟინრო და საისტორიო ხასიათის პერიოდული გამოცემები, რომლებიც ფასდაუდებელია ტექნიკის (და არამხოლოდ) ისტორიის განვითარების უწყვეტი პროცესის  წარმოსადგენად. ფონდში შეხვდებით ბროკჰაუზისა, ლარუსის, გრანტის უნიკალურ ენციკლოპედიებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რომელიც აღჭურვილია წიგნებისა და ჟურნალების სრულყოფილი ელექტრონული ბაზით, დანერგილია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა KOHA, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბიბლიოთეკაში არსებული როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ლიტერატურის მოძიება.

სტუ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მიერ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს „ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მომზადება საქართველოში არ არსებობს“. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მოსაზრება რეალობას არ შეესაბამება. საქართველოში, თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური განათლება არსებობს და ვითარდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – როგორც ქვეყნის უმთავრესი საინჟინრო-სამეცნიერო ცენტრი – რომლის ისტორიაც საუკუნეზე მეტს ითვლის, საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს, რომ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასება, თითქოს „ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მომზადება საქართველოში არ არსებობს“, არ ასახავს რეალურ სურათს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. 

მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც საუნივერსიტეტო სივრცემ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გამოიარა – მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები, რესურსების სიმწირე, მრავალი გამოწვევა განათლების სისტემაში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, პროფესორები და სტუდენტები დღესაც ის ადამიანები არიან, ვისზეც დგას ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ტექნოლოგიური პროგრესი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რჩება მძლავრ საინჟინრო და ტექნოლოგიურ სკოლად, სადაც ცოდნა ძალად გარდაიქმნება.

სტუ-ის კურსდამთავრებულები ქმნიან, აგებენ და აძლიერებენ საქართველოს – საკუთარი ცოდნით, შრომით, პროფესიული ეთიკითა და ერთგულებით სამშობლოს მიმართ არ ზოგავენ ძალას, ცოდნას და გამოცდილებას. სწორედ მათი შრომით, პროფესიონალიზმითა და შემოქმედებითი ენერგიით ინარჩუნებს ქვეყანა განვითარების იმპულსს და სიძლიერეს.

ამიტომაც სრულიად უსამართლო, დაუმსახურებელი და არაკორექტულია ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც ამცირებს ან უარყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველოში კვლავაც მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური ინჟინრებისა და დარგის პროფესიონალების აღზრდის პროცესი. 

რეალობა ისაა, რომ თანამედროვე საქართველოს განვითარებაში პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ან ინფრასტრუქტურული პროექტი – იქნება ეს ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ურბანული, სივრცითი, ეკოლოგიური თუ სხვა სახის – სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, პროფესორები ან სტუდენტები აქტიურად არ მონაწილეობდნენ და არ იკავებდნენ საკვანძო, გადაწყვეტილების მიმღების ან პროექტის განვითარების განმსაზღვრელ პოზიციებს. მათი ჩართულობა არ არის შემთხვევითი – ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიული მისიის ბუნებრივი გაგრძელებაა.

ჩვენ შორს ვართ აზრისგან, რომ საჭიროა რაიმე ფორმით მტკიცება ჩვენი უდავო ლიდერული პოზიციისა ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ამას ჩვენი კურსდამთავრებულების, ჩვენი პროფესორებისა და სტუდენტების მიერ გაწეული სამსახური და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილი ადასტურებს. თუმცა მოვიყვანთ რამდენიმე მიმდინარე პროექტს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების უშუალო ჩართულობით ხორციელდება. ეს არის პროექტები, რომლებზედაც დგას დღეს ქვეყნის ეკონომიკა და რომლის წარმატებით რეალიზაცია ჩვენი უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული.

სხვა მიღწევებს შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ქვეყნისთვის სტრატეგიული – ენერგეტიკული სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ისინი ხელმძღვანელობენ ენგურჰესს, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის მესამედზე მეტს გამოიმუშავებს და მსოფლიოს უმაღლეს თაღოვან კაშხლებს შორისაა; კოორდინირებენ საერთაშორისო პროექტებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის კორიდორი; მართავენ სახელმწიფო ელექტროსისტემის გადამცემ ქსელს 4438 კმ ხაზითა და 93 ქვესადგურით, ასევე ხელმძღვანელობენ „თელასის“ თბილისის გამანაწილებელ ქსელს 3 მლრდ კვტ/სთ წლიური მოხმარებითა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 1.2 მილიონზე მეტი აბონენტით. ისინი ქმნიან ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების ეროვნულ პოლიტიკას, ხელმძღვანელობენ ბაზრის ოპერატორ „ესკოს“, იკვლევენ ხელოვნურ ინტელექტს ენერგეტიკაში და ამუშავებენ HVDC ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებს. სამართლიანად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სტუ-ის კურსდამთავრებულები სრულად აკონტროლებენ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებას.

ამავდროულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ქვეყნის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მთავარი საყრდენი ძალა. ჩვენი აღზრდილები ხელმძღვანელობენ მადნეულის გამდიდრების სრულ ავტომატიზაციას „RMG“-ში, მართავენ ბოინგის თვითმფრინავების ნაწილების წარმოებას ATC-ში, ახორციელებენ საწარმოო ხაზების ციფრულ კონტროლს, ავარიული დიაგნოსტიკასა და სინქრონიზაციას სენსორებთან, აქტუატორებთან და SCADA-სისტემებთან. ისინი ქმნიან ჩაშენებულ სისტემებს, ელექტრონულ მოდულებს, ჭკვიანი სახლებისა და სისტემების დიზაინს, ახორციელებენ ინსტრუმენტულ ტესტირებასა და სერტიფიცირებას საერთაშორისო ლაბორატორიებში. ისინი მუშაობენ შაქშაქეთის, ფარავნის, ნაბეღლავის, ოკამის, ლოპოტას, კაზრეთისა და ნენსკრას ჰესების სრულ საინჟინრო ავტომატიზაციაზე, ასევე, კომპანია „ჯივიპის“ თბილისის, ნატახტარის, რუსთავისა და ბოდორნას წყალსაცავების დონის ციფრულ მართვაზე. აქაც შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ სტუ-ის კურსდამთავრებულები სრულად აკონტროლებენ საქართველოს ინდუსტრიულ ავტომატიზაციასა და ჭკვიან ინფრასტრუქტურას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორებს, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. სწორედ მათი მონაწილეობით და მთელ რიგ შემთხვევაში, ხელმძღვანელობით ხორციელდება საქართველოში მიმდინარე უმსხვილესი საინჟინრო-სამშენებლო პროექტების დიდი ნაწილი.

ეს არის როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვისა და რეალიზაციის პროექტები, მათ შორის: ქობულეთის შემოვლითი ოთხზოლიანი მაგისტრალი, თბილისი-რუსთავის მაგისტრალი, ახალციხე-ნინოწმინდის გზა, ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთის რეკონსტრუქცია და მოლითი-ხაშურის 40.2 კმ-იანი ახალი ხაზის (14.5 კმ-იანი გვირაბით) პროექტირება.

ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და პროფესორები აქტიურად მონაწილეობენ მარაბდა-კარწახისა და მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის მონაკვეთებზე არსებული 384 ხელოვნური ნაგებობის რეაბილიტაციაში, თბილისის შემოვლითი რკინიგზის რვა ხიდისა და წიფის საუღელტეხილო გვირაბის მშენებლობაში, 350-ზე მეტი ხიდის სარეაბილიტაციო და საპროექტო სამუშაოებში, მათ შორის E70 ავტომაგისტრალის 1425-მეტრიანი ჭოროხის ხიდისა და E60 ავტომაგისტრალის 13 გვირაბის პროექტირებაში.

გარდა ამისა, შესრულებულია ხიდების რეაბილიტაციის პროექტები, თბილისის მეტროს სადგურებისა და ფუნიკულიორის კონსტრუქციული შეფასება, აგრეთვე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნაგებობების: წმინდა სამების ტაძრის, ბაგრატის ტაძრის, ივერიის ღვთისმშობლისა და ოლადაურის ეკლესიების საინჟინრო-სამშენებლო ანალიზი და კონსტრუქციული პროექტირება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტების წარმომადგენელთა პროფესიონალიზმი, ინოვაციური მიდგომები და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა განაპირობებს იმას, რომ დღეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა სწორედ სტუ-ის აკადემიური და კვალიფიციური რესურსის მონაწილეობით ხორციელდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება – პროფესორები და სტუდენტები – აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს წამყვან ფუნდამენტურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში, მათ შორის CERN-ის Compact Muon Solenoid (CMS), J-PARC-ის COherent Muon to Electron Transition (COMET), Fermilab-ის Deep Underground Neutrino Experiment (DUNE) და იაპონიის KEK-ის კოლაბორაციებში. სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები ახორციელებენ მაღალი სიზუსტის კვლევით-ტექნიკურ დავალებებს ნაწილაკების ფიზიკის სფეროში, რაც უზრუნველყოფს საქართველოს საინჟინრო მეცნიერების სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო ქსელში.

განსაკუთრებული მიღწევაა სტუ-ში შექმნილი ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტა – მსოფლიოში პირველი დანადგარი, რომელიც აწარმოებს 5 მიკრონის სისქის, 5 მმ დიამეტრის სტროუ მილებს (Straw Tube Tracker, STT) COMET და DUNE ექსპერიმენტების ტრეკული დეტექტორებისთვის. მსოფლიოში უანალოგო ამ უნიკალური ტექნოლოგიის შექმნა სტუ-ის პროფესორებისა და სტუდენტების ძალისხმევის შედეგია. STT გამოყენებული იქნება მსოფლიოს წამყვან ექსპერიმენტებში სხვადასხვა კონტინენტზე, არა მხოლოდ ფუნდამენტურ, არამედ გამოყენებით ფიზიკაში და თითოეულ ამ პროექტში საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის წვლილი განსაკუთრებულად იქნება წარმოჩენილი.

ამჟამად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ქართული კოსმოსური ობიექტის – გასაშლელი რეფლექტორის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIC-თან თანმშრომლობით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი როგორც უნივერსიტეტის პროფესორები, ისე სტუდენტები, რაც ხაზს უსვამს სტუ-ის როლს თანამედროვე კოსმოსური ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სფეროში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი მისიაა აღზარდოს მომავალი თაობა, რომელიც მზად იქნება თანამედროვე საინჟინრო და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე საპასუხოდ და სწავლის დასრულებისთანავე იქნება კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.

ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საფუძველი უნიკალური და ინოვაციური საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ბაზებია. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, პირველად საქართველოში, ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი აგრეგატებით და წარმოადგენს უანალოგო სივრცეს პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და კვლევისთვის; სტუ-ში შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის ულტრათანამედროვე ლაბორატორია, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ იყენებენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, არამედ შეისწავლიან ახალი ალგორითმებისა და მოდელების შექმნას კონკრეტული გამოწვევების საპასუხოდ; სრულად აღიჭურვა თანამედროვე მასალათმცოდნეობისა და მექატრონიკის ლაბორატორიები; შეიქმნა განახლებადი ენერგეტიკის ლაბორატორია და აგრეთვე მრავალი სხვა საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცე, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტების მომზადებას რეალური, თანამედროვე ინდუსტრიული და სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტისთვის.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება არა მხოლოდ მონაწილეობს, არამედ აქტიურად ქმნის მსოფლიო მეცნიერების მომავალს საქართველოში შექმნილი ინოვაციებითა და ცოდნით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლობს წამყვან ინდუსტრიულ კომპანიებთან, როგორებიცაა „არემჯი“, „საქნახშირი“, „ჯორჯიან მანგანეზი“, „საქართველოს რკინიგზა“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „ჰუავეი“, “აპტოსი”, “ჰანიველ ცემენტი”, “ლაიონ ტრანსი”, “ავტოტექნო”, “ივერმედი” და მრავალი სხვა. სამწუხაროდ, ამჟამად კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და მისი ხელმძღვანელი, ბატონი თემურ ჭყონია, არ ფიგურირებენ ინჟინერ-ტექნოლოგიური კადრების მომზადებისა და კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდამჭერთა სიაში. ეს გარემოება ასახავს დისონანსს საჯარო განცხადებებსა და რეალურ ჩართულობას შორის: მიუხედავად მრავალჯერადი ხაზგასმული განცხადებებისა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ინჟინერ-ტექნოლოგიური განათლების მნიშვნელობის შესახებ, კომპანია აქტიურად არ არის ჩართული სფეროებში, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიური პროგრესისა და განათლების სისტემის მოდერნიზაციის საფუძველს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორის უფრო მჭიდრო ჩართულობა უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და პროფესიულ სკოლებთან აუცილებელია, რათა მომზადდეს მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნოლოგიური კადრები და გაძლიერდეს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემა. მსგავსი თანამშრომლობა არა მხოლოდ უზრუნველყოფს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ ხელს უწყობს ქვეყნის ინდუსტრიული პოტენციალის ზრდასა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას კერძო სექტორთან ღია დიალოგისა და თანამშრომლობისთვის და პატივისცემით იწვევს ბატონ თემურ ჭყონიას უნივერსიტეტში, რათა ის პირადად გაეცნოს სტუ-ში არსებულ თანამედროვე საგანმანათლებლო, კვლევით და ინოვაციურ ინფრასტრუქტურას, სადაც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები ინოვაციურ პროექტებს ახორციელებენ. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბიზნესსა და უნივერსიტეტს  შორის ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის დასაწყებად, მით უფრო, რომ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შენობები, თავის დროზე, სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერაა აგებული,” – აღნიშნულია სტუ-ის განცხადებაში.

სტუ-ის სტუდენტები კომპანია HiPP-ის დამფუძნებელ დოქტორ კლაუს ჰიპს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, ასევე სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ მეცენატს, ცნობილ გერმანელ  ხელოვანსა და მეწარმეს, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდ HiPP-ის დამფუძნებელს, დოქტორ კლაუს ჰიპს შეხვდნენ. 

კომპანია HiPP-ის დამფუძნებელმა ახალგაზრდებს უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსის ჩასატარებლად ახალი თემა შესთავაზა. 

სტუდენტებთან შეხვედრაზე დოქტორმა ჰიპმა მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის პროდუქტის დიზაინის შექმნის პროცესზე, დიზაინერებისა და მარკეტერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე, შემოქმედებითი ფანტაზიისა და კრეატიულობის განვითარებაზე.

შეხვედრის განსაკუთრებული ნაწილი კი სტუდენტებისთვის ახალი საკონკურსო თემის გაცნობას დაეთმო – მათ გეომეტრიული ფიგურებისგან ორიგინალური დიზაინის ან ახალი პროდუქტის შექმნა მოუწევთ.

Untitled design (5).png

დოქტორი ჰიპის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა, მიეცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, რომელიც მიიჩნევს, რომ ინოვაციური  იდეების გენერირება შეუძლია.

კონკურსის ავტორის თქმით, გამარჯვებულ ახალგაზრდას ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდ HiPP-ის სახელით, ფულადი ჯილდო გადაეცემა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ახობაძე აღნიშნავს, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის გაღრმავებას და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.

სტუ-ის სტუდენტებმა გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა და არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე, ადრე შუასაუკუნეების ხანის (ა.წ. IV-VIII სს) ერთ-ერთი უნიკალური ძეგლის – გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრით სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს.

არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რომელიც სოფელ გურიანთაში ერთი თვის განმავლობაში,  ოქტომბრის ბოლომდე მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ქრისტინე კორძაძე, გიგა ვარსიმაშვილი, ომარ შუბითიძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, თემურ კენჭოშვილი და სანდრო კოპალეიშვილი, ასევე  დოქტორანტები – ალექსანდრე ნაზღაიძე და თამთა ჭოველიძე მონაწილეობდნენ. არქეოლოგიურ სამუშაოებს  ცნობილი არქეოლოგები, სტუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორები – ვაჟა სადრაძე და მერაბ ძნელაძე ხელმძღვანელობდნენ. 

როგორც სტუ-ის არქეოლოგიური ექსპედიციის მენტორები აღნიშნავენ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე სამუშაოების ჩატარების ძირითადი მიზანი ცალკეული ობიექტის გეგმარების დაზუსტება და მათი საკონსერვაციო-სარესტავრაციოდ მომზადება იყო.

შიდა (2).png

მეცნიერთა განმარტებით, სამუშაოები, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში ჩაატარეს, მოიცავდა ადრე შუასაუკუნეების ხანის ისტორიული ნაქალაქარის გალავნის, აკროპოლისის ნაშთის, სამნავიანი ბაზილიკის, მარტირიუმისა და კოშკების გათხრა-გაწმენდას, შესწავლას, დაზვერვით და აგეგმვით სამუშაოებს, რაც ახალგაზრდებმა უდიდესი პასუხისმგებლობით შეასრულეს; შესაბამისად, გურიანთა-ვაშნარის IV-VIII საუკუნეების ძეგლის კონკრეტული მონაკვეთები საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის.  

გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა და ექსპედიციის მონაწილე სტუდენტების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სტუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ალექსანდრე სიჭინავა.

მისი თქმით, საველე სამუშაოების პროცესში არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს და ადრე შუასაუკუნეების ხანის ძეგლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოიძიეს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც ჩვენი ფაკულტეტის ცნობილი მკვლევრების – მერაბ ძნელაძისა და ვაჟა სადრაძის მენტორობით ჩატარდა, მრავალ შრომატევად და სკრუპულოზურ სამუშაოს მოიცავდა. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა სტუდენტებმა ყველა სამუშაოს ზედმიწევნით კარგად გაართვეს თავი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უშუალო მხარდაჭერით, ექსპედიცია შესანიშნავად იყო მომზადებული. ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იყვნენ საჭირო ეკიპირებით, საპრეპარაციო იარაღებით, კვებითა და ტრანსპორტით. მნიშვნელოვანია, რომ საველე პირობებში მათ თეორიული ცოდნაც გაიღრმავეს და პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს. დარწმუნებული ვართ, სტუდენტებისთვის დაუვიწყარი იქნება გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე გატარებული ერთი თვე, რომელიც აღსავსე იყო შთაბეჭდილებებით და ახლის შემეცნებით,“ – განაცხადა ალექსანდრე სიჭინავამ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე, ადრე შუასაუკუნეების ხანის გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა და მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის მასალები და შედეგები სტუ-ის არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ჟურნალ „ალმანახში“ გამოქვეყნდება.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?