,,ქართული ენა და კულტურა კარს მომდგარი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში” – დისკუსია საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება

30 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში  სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე – ,,ქართული ენა და კულტურა კარს მომდგარი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში’’.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართავს  საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, მწერალი დავით შემოქმედელი.
 
თემის ირგვლივ მოხსენებით  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერთა საბჭოს წვერი, სტუ-ის  ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე წარდგება. 

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: მაჩაბლის ქუჩა #13. 

სტუ-ის შრომათა კრებულში სტატიების გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ!

სტუ-ის სამეცნიერო შრომათა კრებულში  „შრომები“ N 1(527) 2025 სტატიების მიღება გრძელდება. 

  • სტატიების მიღება დასრულდება 30 ნოემბერს.
  • კრებულის PDF ვერსია 30 მარტს აიტვირთება საიტზე.  

სტატიების გამოქვეყნება სტუ-ის თანამშრომლებისთვის და ყველა საფეხურის სტუდენტისთვის უფასოა.
 
კრებული არის ყოველკვარტალური,  მულტიდისციპლინური, რეფერირებადი, რეცენზირებადი, გამოცემა. მას მინიჭებული აქვს ISSN, DOI, და რეგისტრირებულია Copernicus-ის, Google scholar-ისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკის „ივერიელის” მონაცემთა ბაზაში. 

აგრეთვე რეფერირდება პოლითემატურ ქართულ რეფერატულ ჟურნალში (ქრჟ) ქართულ და ინგლისურ ენებზე. სტატიები და რეფერატები აგროკულტურის შესახებ ექსპორტირდება გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო საინფორმაციო სისტემაში – UN FAO AGRIS.

შრომების რეფერატები ქართულ და ინგლისურ ენებზე ასახულია მონაცემთა ბაზაში საქართველოს პუბლიკაციები.  2023 წლიდან სტუ-ის რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პერიოდული ჟურნალი „შრომები“ ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-Non Commercial 4.0 International-ით (CC BY-NC 4.0.).

2024 წლის მარტიდან კრებულს მინიჭებული აქვს ევრაზიის სამეცნიერო ჟურნალების ინდექსი და განთავსებულია მათ ბაზაში Eurasian Scientific Journal Index. 

2024 წლის აგვისტოდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ჟურნალი „შრომები“ საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირებად ბაზაში – International Scientific Indexing  (ISI) დარეგისტრირდა – მიენიჭა  impact Factor, (ISI)-ის მიხედვით   impact Factor 3,792 ნიშნულით განისაზღვრა.
 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შრომათა კრებულის ვებგვერდზე და გაეცანით ინფორმაციას  (ავტორთა საყურადღებოდ) ან დაგვიკავშირდეთ: T 2388632, T 70-50.

CERN-ის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერის, გლობალური CMS კოლაბორაციის ლიდერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ცნობილმა ფიზიკოსმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მეცნიერმა, CERN/CMS კოლაბორაციისა და ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ სტუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია – Fundamental Research is Good for Your Health („ფუნდამენტური კვლევა სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის“) ჩაატარა. 

საჯარო ლექციას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის საინჟინრო და სამედიცინო ფიზიკის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრები, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ასევე, ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მეცნიერები, ინჟინრები და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. 

საჯარო ლექცია ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მან შეკრებილ საზოგადოებას CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი, დოქტორი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი წარუდგინა. 

ვიცე-რექტორის თქმით, CERN-ში მიმდინარე გლობალური სამეცნიერო ექსპერიმენტების მაგალითზე  პროფესორ კამპორეზის მრავალწლიანი სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამების სტუდენტებისთვის უდავოდ საინტერესო აღმოჩნდება.  თამარ წერეთლის განცხადებით, ტიციანო კამპორეზი, რომელიც ამჟამად CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი და CERN/CMS კოლაბორაციის ყოფილი სპოუკსპერსონია, მრავალი წელია ბირთვული და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს კვლევებშია ჩართული, ამასთან ერთად, ის წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრებთან. 

შიდა---1.png

როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, კოლაბორაციის ფარგლებში, CERN-ის მეცნიერმა არაერთი საჯარო ლექცია წაიკითხა სტუდენტებისა და სამეცნიერო წრეებისთვის, ხოლო დღევანდელი საჯარო ლექციით ის მიმოიხილავს, თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენება მიმდინარე გლობალური ექსპერიმენტების ფარგლებში ნაწილაკების ფიზიკასა და ამაჩქარებლების ტექნოლოგიაში განხორციელებული ინოვაციები, კერძოდ კი რადიაციასთან დაკავშირებული კვლევები, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დაავადებათა  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებისთვის. 

პროფესორმა კამპორეზიმ საჯარო ლექცია მთავარი გზავნილით დაიწყო: ფუნდამენტური მეცნიერება და მათ შორის ნაწილაკების ფიზიკა არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ცოდნა, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების საფუძველია. 

მეცნიერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ნაწილაკების ფიზიკაში ფუნდამენტური კვლევები და სამეცნიერო მიღწევები ადამიანის ჯანმრთელობას და მედიცინის განვითარებას; ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეცნიერო კვლევების შედეგად იქმნება მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებიც სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალ მეთოდებს უყრის საფუძველს. 

ტიციანო კამპორეზის განმარტებით, რადიაცია, რომელიც ფუნდამენტური კვლევის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, სიმსივნური უჯრედების განადგურების საშუალებას იძლევა.

CERN-ის მეცნიერმა ისაუბრა ამაჩქარებლების მეშვეობით რადიაციის კონტროლირებისა და იზოტოპების წარმოების პროცესებზე. მისი განმარტებით, ამაჩქარებელი, რომლითაც დამუხტული ნაწილაკების აჩქარება ხდება, ფართოდ გამოიყენება როგორც ფუნდამენტურ ფიზიკაში, ასევე სამედიცინო მიზნებისთვის, მათ შორის: იზოტოპების წარმოებისთვის, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიაში; აღნიშნა, რომ რადიოგრაფია, ანგიოგრაფია, იზოტოპური კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET) საშუალებას იძლევა არაინვაზიურად დავინახოთ ადამიანის შიდა ორგანოები და სისტემები, ხოლო კომბინირებული სისტემა PET/CT კი უზრუნველყოფს სხეულის ფუნქციური და ანატომიური მონაცემების ერთიანად მიღებას.

CERN-ის მეცნიერმა სტუდენტებს განუმარტა, რომ უჯრედის განადგურება ხდება მაშინ, როდესაც ის კარგავს გამრავლების უნარს – როცა რადიაცია მოქმედებს უჯრედის ბირთვზე და აზიანებს დნმ-ს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროტონული თერაპია დღეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, რადგან პროტონები ენერგიას მიზნობრივად მიმართავს და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილებს. მისი თქმით, მეცნიერები დღეს უკვე აქტიურად იკვლევენ მძიმე იონებით, მაგალითად ნახშირბადის იონებით მკურნალობის შესაძლებლობებს, რაც მომავალში შესაზლოა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის გაცილებით ეფექტური მიმართულება გახდეს. 
  
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც მოდერაციას უწევდა სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, CERN-LHC საუნივერსიტეტო ჯგუფის ლიდერი და CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, პროფესორი ზვიად წამალაიძე.

დისკუსიაში სტუ-ის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. 

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე CERN-ის მეცნიერებსა და გლობალური ექსპერიმენტების ლიდერებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ცნობილ მეცნიერებს – CERN-ში მიმდინარე გლობალური CMS-ექსპერიმენტის ლიდერს, პროფესორ ტიციანო კამპორეზისა და CERN-ის SHIP ექსპერიმენტის სპიკერს, Imperial College London-ის (დიდი ბრიტანეთი) ფიზიკის მიმართულების პროფესორს, ანდრეი გოლუტვინს შეხვდა. 

სამუშაო შეხვედრის მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის ხელმოწერილი ახალი მემორანდუმების ფარგლებში, სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციების შესახებ მსჯელობა იყო.   

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე და  სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრი, დოქტორი ირაკლი ლომიძე.

მხარეებმა  CERN/CMS ექსპერტიმენტის მეორე ფაზის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს, ასევე, მომავლის ციკლური კოლაიდერის – FCC-ის რეალიზების პირველი ეტაპის სამუშაოებსა და CERN/SHIP ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა მონაწილეობის შესახებ. 

აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, CERN-ის მიმდინარე და სამომავლო გლობალურ ექსპერიმენტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის აქტიური ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში როგორც სტუ-ის, ასევე,  ქართველ მკვლევართა ინტეგრაციისა და ქმედითად პოზიციონირების მხრივ.

შიდა.png

როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნულ პროცესებში სულ უფრო მეტად ცდილობს ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ჩართვას.

როგორც CERN-ის მეცნიერებმა აღნიშნეს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია საუკეთესო შეფასებას აძლევს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობას და დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ესპერიმენტში სტუ-ის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფის მიღწევებს, ასევე, დიდად აფასებს CMS კოლაბორაციაში უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ქმედით მხარდაჭერას; შესაბამისად, CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მის მეცნიერებს არსებული და მომამავლის კოლაბორაციების შეუცვლელ წევრებად მოიაზრებს.  

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, CERN-ის მეცნიერები – პროფესორები ტიციანო კამპორეზი და ანდრეი გოლუტვინი, შეხვდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორს, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერ, პროფესორ ზვიად წამალაიძესა და CERN-LHC ჯგუფის წევრ მეცნიერებს, რომლებთან ერთადაც კოლაბორაციის უახლოეს სამოქმედო გეგმას განიხილავენ. გარდა ამისა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერები სტუ-ის მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციებს გამართავენ. 

სტუ-ში CERN-ის მეცნიერი, გლობალური SHIP ექსპერიმენტის სპიკერი, პროფესორი ანდრეი გოლუტვინი საჯარო ლექციით წარსდგა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ცნობილი ფიზიკოსი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მეცნიერი, CERN-ის გლობალური SHiP ექსპერიმენტის სპიკერი, Imperial College London-ის (დიდი ბრიტანეთი) ფიზიკის მიმართულების პროფესორი ანდრეი გოლუტვინი სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით – New Horizons in Particle Phisics with the SHiP Experiment („ნაწილაკების ფიზიკის ახალი ჰორიზონტები SHiP ექსპერიმენტით“) წარსდგა. 

CERN/SHiP ექსპერიმენტის სპიკერის საჯარო ლექციას ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პედაგოგები და მკვლევრები, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერები, ინჟინრები და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრები, სტუ-ში ასევე სამუშაო ვიზიტით მყოფი ცნობილი მეცნიერი, CERN/CMS-ექსპერიმენტის ლიდერი ტიციანო კამპორეზი ესწრებოდნენ. 

საჯარო ლექცია ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. მან შეკრებილ საზოგადოებას CERN-ის მეცნიერი ანდრეი გოლუტვინი წარუდგინა.

როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, CERN/SHiP ექსპერიმენტის სპიკერი და Imperial College London-ის ფიზიკის პროფესორი უკვე მრავალი წელია ბირთვული და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი კვლევებითაა დაკავებული. მისი თქმით, პროფესორი გოლუტვინი სხვადასხვა დროს მუშაობდა HERA-B კალორიმეტრის პროექტზე, ხელმძღვანელობდა CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე LHCb კალორიმეტრის პროექტსა და იყო LHCb ექსპერიმენტის სპიკერი. თამარ ლომინაძის განცხადებით, გოლუტვინი, რომელიც 2013 წლიდან SHiP ექსპერიმენტის ინიციატორია, CERN-მა ამ კოლაბორაციის სპიკერად აირჩია, ხოლო ექსპერიმენტმა მნიშვნელოვნი აღიარება მოიპოვა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის საზოგადოებაში.

სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის, CERN-LHC საუნივერსიტეტო ჯგუფის ლიდერისა და CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის,  პროფესორ ზვიად წამალაიძის განცხადებით, ShiP კოლაბორაცია სულ უფრო ფართოვდება, სადღეისოდ ექსპერიმენტში ჩართულია 250 ავტორი-მეცნიერი მსოფლიოს 16 ქვეყნის 33 წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციიდან. მისი თქმით, ShiP ექსპერიმენტი CERN-ის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად 2024 წლის მარტში დაამტკიცა და ახლო მომავალში მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და ინჟინრებიც აქტიურად ჩაერთვებიან.

როგორც ზვიად წამალაიძემ აღნიშნა, საჯარო ლექცია, რომელიც მოიცავს CERN-ის ფიზიკოსის მრავალწლიან გამოცდილებას და მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მეცნიერებს მრავალმხრივ დააინტერესებს. 

შიდა (1).png 
საჯარო ლექციის – „ნაწილაკების ფიზიკის ახალი ჰორიზონტები SHiP ექსპერიმენტით“ – ფარგლებში, პროფესორმა ანდრეი გოლუტვინმა აღნიშნა, რომ CERN-ის SHiP (Search for Hidden Particles) ექსპერიმენტი ერთ-ერთი გლობალური პროექტია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რომელიც აღმოაჩენს  სამყაროში დამალულ, მსუბუქ და სუსტად ურთიერთქმედებად ნაწილაკებს. ექსპერიმენტი ეძიებს ახალ ფიზიკურ მოვლენებს, რითაც შეიძლება პასუხი გაეცეს მატერიისა და ანტიმატერიის ასიმეტრიის, ნეიტრინოების მასებისა და შერევის კანონზომიერებებს, ასევე ბნელი მატერიის წარმომავლობას. 

როგორც მეცნიერი ამბობს, ShiP ექსპერიმენტს უნიკალური დიზაინი აქვს, რაც საშუალებას აძლევს დეტექტორს აღმოაჩინოს უსუსტესი სიგნალები, რაც უტყუარი პროცესების არსებობის დასტურია. 

ექსპერიმენტი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა გუნდს, მოიცავს ასობით ფიზიკოსს და ინჟინერს, ხოლო ექსპერიმენტის შედეგები შეიძლება გახდეს ბლოკჩეინი ახალი თეორიული მოდელების შემოწმებისა და ელემენტარული ნაწილაკების ფუნდამენტური კანონზომიერებების უფრო ღრმად შემეცნებისთვის.

საჯარო ლექციის დასასრულს, პროფესორმა გოლუტვინმა აღნიშნა, რომ  CERN/ShiP ექსპერიმენტის განხორციელება დაგეგმილია 2031 წლიდან, ხოლო პირველი მონაცემების შეგროვება კი 2032-2033 წლებში განხორციელდება.  
  
საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და დიალოგები, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ინსტიტუტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები.   

29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას ასევე ცნობილი ფიზიკოსი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერი, CERN/CMS-ექსპერიმენტის ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი გამართავს.

ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ლაბორატორიაში იაპონური წარმოების ულტრაბგერითი აპარატი დამონტაჟდა

საქართველოს  ტექნიკური  უნივერსიტეტის  ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა, ჰუმანიტარული დახმარების სახით, იაპონური წარმოების Toshiba-ის ფირმის ულტრაბგერითი აპარატი – Core Vision (Toshiba) გადასცა.

ულტრაბგერითი აპარატი უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორიულ კომპლექსში, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში განთავსდა. საუნივერსიტეტო ლაბორატორიაში ახალი აპარატურა ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და ენერგეტიკის განყოფილების ხელმძღვანელის – გერბერტ ვოლობუევის უშუალო მონაწილეობით დამონტაჟდა.

შიდა-27.10.2025-სტუ-იმს-ბიოსამედიცინო ინჟ-ჩაფიძის ცენტრი-აპარატურა.jpg
 
როგორც სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამისა და საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე აღნიშნავს, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის ახალი სამედიცინო-ტენიკური დანიშნულების აპარატურით  გაძლიერება ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს უქმნის დამატებით შესაძლებლობას, რომ სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდებს საუნივერსიტეტო გარემოში დაეუფლონ.  

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი სტუდენტებს ამზადებს ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებში, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ფლობს ამერიკულ საერთაშორისო ABET აკრედიტაციას. დეპარტამენტში მოქმედებს სამედიცინო ტენიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია წამყვანი ამერიკული კომპანიის – Fluke-ს აპარატურით. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით, ჩავრთოთ ახალგაზრდები სამეცნიერო-კვლევით და საინჟინრო-პრაქტიკულ სამუშაოებში. გარდა ამისა, მათ უნდა შეძლონ სამედიცინო ტექნიკის დაკალიბრება-დამოწმება, ხარისხის კონტროლის ექსპერტიზის ჩატარება, სათანადო დასკვნების და რეკომენდაციების გაცემა და რაც მთავარია, ჰოსპიტალური სექტორისა და სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრებისთვის  ექსპერტული მომსახურების გაწევა. სწორედ ამ თვალსაზრისით, ახალი სამედიცინო აპარატურით საუნივერსიტეტო ლაბორატორიის გაძლიერება ჩვენს სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ სწავლების პროცესში, ადგილზევე დაეუფლონ სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდებს. ახალი თაობის პროფესიონალების აღზრდაში უნივერსიტეტს მრავალმხრივ დახმარებას გაუწევს პარტნიორი ორგანიზაციის – ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მიერ საჩუქრად გადმოცემული იაპონური წარმოების  ულტრაბგერითი აპარატი Core Vision-ი, რომელიც TOSHIBA-ს თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სახელით, მადლობას ვუხდით ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს,“ – აღნიშნა ირინე გოცირიძემ.

სტუ-ში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციათა ციკლი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციათა ციკლი – „საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში – კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“ გაიხსნა.

სამეცნიერო ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ წერეთელმა აფხაზური ენის დღე შეკრებილ საზოგადოებას: მეცნიერ-მკვლევრებს, სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მიხეილ ჯანიკაშვილს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუ-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორს, საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს –  კონსტანტინე ფხაკაძეს, ინსტიტუტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს მიულოცა.

ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართათვის აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

შიდა.jpg

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, გაიხსნა კონფერენციათა ციკლი, რომელზეც მკვლევრები აფხაზური ენის ციფრული კვდომის საფრთხეებისგან დაცვისა და მისი განვითარების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს დიდი ტკივილია, ხოლო აფხაზური ენა, რომელიც ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაა და  საქართველოს ისტორიისა და კულტურის შემადგენელი ნაწილია, მისი დაცვა-შენარჩუნება და შესწავლა მეცნიერთათვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ენა მრავალმხრივი და მუდმინად განვითარებადი ფერნომენია, რომელიც არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ სახელმწიფოს განვითარების, მისი ეკონომიკური და კულტურული მდგრადობის საფუძველია. შესაბამისად, ქართული და აფხაზური ენების გაციფრულება და მათი ტექნოლოგიური განვითარება ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანაა. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რასაც ქართული სახელმწიფო აკეთებს აფხაზური ეთნოსის, ენისა და კულტურის დასაცავად. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტი. ჩვენი უნივერსიტეტი და სამეცნიერო წრეები ღრმად აცნობიერებენ ისტორიულ პასუხისმგებლობას და ჩართულნი არიან სახელმწიფო ენების დაცვა-შენარჩუნების პროცესში, რათა აკადემიური ცოდნის, სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციის გზით უზრუნველყონ ბუნებრივი ენების ადგილი ციფრულ და ხელოვნური ინტელექტის სისტემებში; იმ მიზნით, რომ ქართული და აფხაზური ენები არ დარჩეს მხოლოდ წარსულ მემკვიდრეობად, არამედ გახდეს მომავლის ციფრული კულტურის ნაწილი. წარმატებას გისურვებთ კონფერენციის მონაწილეებს,“ – განაცხადა თამარ წერეთელმა.

როგორც კონფერენციის ორგანიზატორმა, სტუ-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორმა, საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერთა საბჭოს წევრმა კონსტანტინე ფხაკაძემ აღნიშნა, სამეცნიერო კონფერენციათა ციკლი დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებს, შესაძლებლობას უქმნის წლიდან წლამდე თვალი ადევნონ ქართული და აფხაზური ენების სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით ქვეყანაში მიმდინარე კვლევითი პროცესების შედეგებს.

კოტე ფხაკაძის თქმით, მეორე მსგავსი დასახელების მასშტაბური სამეცნიერო კონფერენცია მომავალი წლის 14 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნით ჩატარდება.

სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ მეცნიერ-მკვლევრები: რატი სხირტლაძე კავკასიის უნივერსიტეტიდან – თემით: „ენაგრამი – ენობრივი ტექნოლოგიების პლატფორმა“; ლაშა აბზიანიძე – უტრეხტის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) ენის, ლიტერატურის და კომუნიკაციის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გამოთვლით ლინგვისტიკაში, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი – თემით: „ლოგიკა და გამომდინარეობა ბუნებრივი ენის დამუშავებაში“; არჩილ ელიზბარიშვილი – თსუ-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი, კომპიუტერული მეცნიერებების ფრანგულ-ქართული პროგრამის კოორდინატორი – თემით: „ქართული ზმნების ლემატიზაცია დაკავშირებული მონაცემების, მანქანური სწავლებისა და კრაუდსორსინგის გამოყენებით“; ალექსანდრე მასხარაშვილი – ილინოისის უნივერსიტეტის (აშშ) ენათმეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გამოთვლით ლინგვისტიკაში, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ლოგიკის, ენისა და ხელოვნური ინტელექტის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი – თემით: „ქართული ენის სინტაქსი: გამოწვევები ჩომსკისეული X-bar ფრაზობრივი მიდგომებისთვის“; დავით კურცხალია და ლუკა ფხაკაძე – სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის პროგრამისტები – თემით: „ქართული ენის ლოგიკურ გრამატიკასა და ქართული და აფხაზური ენების თვითგანვითარებად ინტელექტუალურ კორპუსებზე დაყრდნობით შემუშავებული რიგი ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების მიმოხილვა“; კონსტანტინე ფხაკაძე – სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი – თემით: „კიდევ ერთხელ საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის სასაფუძვლო შედეგების, დაგეგმილი მიზნებისა და კარსმომდგარი ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში ქართული და აფხაზური ენების წინაშე მდგარი საფრთხეების შესახებ“. 

მომხსენებელთა გამოსვლების შემდეგ გაიმართა ღია დისკუსია, რომელშიც  მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად სტუდენტებიც იყვნენ ჩართულნი.

მუხრან მაჭავარიანის წერილი ვაჟს – “ყურად იღე ღაღადისი შენივე სისხლისა!”

“ვწუხვარ, რომ თქვენგან (უპირველეს ყოვლისა – შენგან) არ იგრძნობა თანალმობა ჩემდამი… მუხანოს და რატის ელოდება თავიანთი არგვეთი, პატარა ლაშურა, დიდი კაკლის ხე, ჩვენი ჭა… სამშობლო არ დაივიწყო! შვილები ქართველებად დაზარდე!…

დაუკვირდი საკუთარ თავს, კარგად დაუკვირდი – განა არ გრძნობ ყოველმხრივ უპირატესობას ყველა სხვა ერის წარმომადგენელთან შედარებით? არ შეიძლება არ იგრძნო, უკეთუ კარგად დაუკვირდები. და, როგორ გგონია, რა არის ამ გრძნობის საფუძველი? საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი? დღევანდელი უბადრუკი საქართველო?

არა. შენი ამ უპირატესობის საფუძველი შენივე სისხლია. ის სისხლი, რომელიც ჩქეფდა შენი შორეული წინაპრების ძარღვებში და აწ შენში ჩქეფს. ვინ იყვნენ შენი წინაპრები?!… არ გეგონოს, შენი სისხლის ისტორია დავით აღმაშენებლით, შოთათი, ილიათი, აკაკითი, და ვანიჩკათი იწყებოდეს! შენ იმ ხალხის სისხლი და ხორცი ხარ, რომელიც ფლობდა მთლიან კავკასიას, მცირე აზიას, სირია-პალესტინა-ფინიკიას… ხმელთაშვა ზღვის მთელ აუზს… ქართულმა მოდგმამ პირველმა მოიპოვა და დაამუშავა სპილენძი, რკინა, ფოლად, ვერცხლი, ოქრო… ქართული მოდგმის წვლილია ვენახი და ღვინო…

ქართველთაგან გაიცნო მსოფლიომ ცხენი და საომარი ეტლი…

მსოფლიო მეცნიერების აღიარებით – არ არსებობს მეორე ენა – ქართულივით მდიდარი. არ არსებობს ანბანი – ქართული ანბანივით სრულყოფილი. არავისთვის ისე სისხლხორცეული არაა სჯული ქრისტესი, ვითარცა ქართველებისთვის. ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ეროვნული გახადეს. ბრძოლა საქართველოსთვის – იყო ბრძოლა ქრისტიანობისთვის, თავგანწირვა ქრისტიანობისთვის – თავგანწირვა საქართველოსთვის! ქართველი იყო წმინდა გიორგი კაბადოკიელი, ქართველი იყო ფსევდო-დიონისე არეოპაგელი (პეტრე იბერი)… ბასილი კესარიელი და გრიგოლ ნოსელი…

საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის. საქართველომ ჩაიბარა კვართი უფლისა… დედამიწის ზურგზე არცერთ ერს თავის ქვეყანაში (მით უმეტეს თავისი ქვეყნის გარეთ) იმდენი ტაძარი არა აქვს, რამდენიც ქართველთ. ქართული ქრისტიანობა განსხვავებულია ყველა სხვა ერის ქრისტიანობისგან.

ქართული ქრისტიანობა მხედრული ქრისტიანობაა, წმინდა გიორგის წინამძღოლობით. ბევრი იყო სექტა… და არის… ამ ახალი მოდის სექტებში ჩაბმა ყველას მიეტევება, ქართველის გარდა. ქართველთათვის ის ქრისტიანობა, რომელიც გვაქვს არის არა მარტო სჯული, არამედ მიწა-წყალი საქართველოსი.

ენაა ქართული, ოჯახი ქართული, წინაპართა საფლავებია, აკვნებია ნაშიერთა, და ის ქართველი, ვინც ეჭვს შეიტანს ჩვენს ამ მამაპაპისეულ სარწმუნოებაში, ვინც დაუპირისპირდება მას, ვინც კრიტიკულად განეწყობა მისდამი, იგი, (თვითონ შესაძლოა, არც იცის, ისე) უარს ამბობს საკუთარ მამაზე, საკუთარ შვილზე… ერთი სიტყვით, საკუთარ თავზე, ვინაიდან სამშობლოს გარეშე, დედაენის გარეშე, მშობლების გარეშე და მომავლის გარეშე ადამიანი არ არსებობს, როგოც ასეთი! და განა ქრისტე ამას გვიქადაგებს?… ქრისტიანობა არაა მატერიალური რელიგია, როგორც ეს მათ მიაჩნიათ, ქრისტიანობა ღრმადფილოსოფიური რელიგიაა, მისი ჩაწვდომა დიდ ინტელექტუალურ ძალისხმევას და სულიწმინდით აღვსებას საჭიროებს.

ღმერთმა გადაგვარებული დედამიწა პირველად წყლით გაწმინდა, მეორედ განწმენდს ცეცხლით! მეორედ მოსვლა იქნება მართლა სამოთხეში დაბრუნება!

ყურად იღე ღაღადისი შენივე სისხლისა! გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ! წიხლს ნუ ჰკრავ იმ წმინდა ბარძიმს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ივსებოდა შენი სასიქადულო წინაპრების სისხლით!”

სტუ-ში მეცნიერების ფესტივალში მონაწილეობის შედეგები შეაჯამეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით ორგანიზებულ მასშტაბურ ღონისძიებაში – „მეცნიერების ფესტივალი 2025“ – სტუ-ის ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერთა, პედაგოგთა და სტუდენტთა მონაწილეობის შედეგები შეაჯამეს.

სპეციალურად მოწვეულ შეხვედრაზე მეცნიერების ფესტივალში მონაწილეობის შესახებ დეტალური ანგარიში ვიცე-რექტორს, პროფესორ თამარ ლომინაძეს სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარუდგინეს.

როგორც შეხვედრაზე მიხეილ ჯანიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები, სტუდენტებთან და ახალგაზრდა მკვლევრებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული მეცნიერების ფესტივალში, რომელიც მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონების დიდ ქალაქებში შემდეგი თანმიმდევრობით გაიმართა: 17 სექტემბერს ზუგდიდში – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 19 სექტემბერს ბათუმში – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე; 23 სექტემბერს ახალციხეში – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ახალციხის ციხის ტერიტორიაზე; 25-26 სექტემბერს გორში – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 29 სექტემბერს ქუთაისში – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 10 ოქტომბერს თელავში, სადაც ფესტივალის დღეებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

3 (1).png

მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა ქალაქში წარსდგა ორიგინალური საფესტივალო პროგრამით, რომელიც მოიცავდა მრავალფეროვან ვიზუალურ მასალას უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერთა მიღწევებით, ახალგაზრდა მკვლევართა ინოვაციური პროექტებით და სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომებით, მათ მიერ დამზადებული პროტოტიპებით, რობოტექნიკით, ციფრული ტექნოლოგიითა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი საინტერესო კონტენტებით. როგორც პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საფესტივალო სტენდზე წარმოდგენილი ნიმუშები საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებს უკავშირდებოდა. 

მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის წარმომადგენლების, პროფესორების – ლერი კობახიძისა და გიორგი ფალავანდიშვილის ინფორმაციით, „მეცნიერების ფესტივალი 2025“-ის უმთავრესი პრიორიტეტი საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და საქართველოში მოქმედ ინდუსტრიებს შორის პარტნიორობის გაღრმავების ხელშეწყობა იყო. მათი თქმით, შთაბეჭდილებებითა და მასშტაბურობით გამორჩეული წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში არაერთი ახალი თანამშრომლობისა და ახალი კვლევითი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი, მოხდა გამოცდილების გაზიარება, იდეების გაცვლა და ახალგაზრდების ინოვაციური პოტენციალის გამოკვეთა. მათი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრებმა ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში, სემინარსა და ვორქშოფში მიიღეს მონაწილეობა, სადაც თავიანთი სამეცნიერო ექსპერიმენტების, კვლევების და კონცეფციების პრეზენტაციები წარადგინეს. 

1 (3).png  
როგორც სტუ-ის მეცნიერებმა აღნიშნეს, საფესტივალო დღეებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილმა ექსპოზიციებმა მასპინძელი უნივერსიტეტების სტუდენტების და ზოგადად, ვიზიტორთა ფართო ინტერესი გამოიწვია.  

ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის შეფასებით, მეცნიერების ფესტივალი განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის როგორც საუნივერსიტეტო სივრცისთვის, ასევე ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საკუთარი პოტენციალის რეალიზება და ქვეყნის სამეცნიერო განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ. თამარ ლომინაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში  სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების აქტიური ჩართულობა, რაც არა მხოლოდ ახალი ცოდნის გაზიარების, არამედ კვლევით საქმიანობაში ინტეგრაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ვიცე-რექტორის თქმით, უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც მრავალმხრივ შეუწყოს ხელი სტუდენტური სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ახალგაზრდა თაობის მეცნიერთა ინოვაციური პროექტების ინიცირებას და მათი სამეცნიერო პოტენციალის საერთაშორისო კვლევით სივრცეში ინტეგრაციას.

სტუ-ის კურსდამთავრებული მილანის პოლიტექნიკური უნივერისტეტის სტუდენტი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ნინი გრძელიძე მილანის პოლიტექნიკური უნივერისტეტის (Politecnico di Milano, იტალია) არქიტექტურის და ურბანული დიზაინის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გახდა. 

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნუგზარ ხვედელიანის თქმით, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოში ცნობილია ინოვაციური მიდგომებით, მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და არქიტექტურის სფეროში წამყვანი სპეციალისტების აღზრდით, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არაერთმა კურსდამთავრებულმა მიიღო განათლება.

დეკანის განცხადებით, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სტუ-ის არაერთი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას აღნიშნულ უნივერსიტეტში და ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

„ნინი გრძელიძე გამორჩეული სტუდენტი იყო როგორც აკადემიური მიღწევებით, ასევე სხვადასხვა სასწავლო და შემოქმედებით პროექტებში აქტიური მონაწილეობით. მისი წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის ხარისხსა და იმ პროფესიულ საფუძველს, რომელსაც ქართული არქიტექტურის პროგრამა უზრუნველყოფს,“ – აცხადებს პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი.

სტუ-ის კურსდამთავრებულის თქმით, უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტების საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, სასწავლო გარემო კი ხელს უწყობს ახალგაზრდებს თვითგამოხატვასა და ახალი იდეების რეალიზაციაში. ნინი გრძელიძის თქმით, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა მისთვის, როგორც პროფესიული ხედვის ფორმირების, ისე საზღვარგარეთ სწავლისთვის მოსამზადებლად.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რომელიც გამოირჩეოდა მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის სინთეზით, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მაძლევდა საკუთარი ხედვა და პროფესიული ინტერესები ჩამომეყალიბებინა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა გამოცდილებამ და ცოდნამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მომზადების პროცესში,  განსაკუთრებით არქიტექტურული პროექტირების, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის მიმართულებებში მიღებული ცოდნა აღმოჩნდა გადამწყვეტი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს პროფესორ-მასწავლებლებს მხარდაჭერისა და იმ შესაძლებლობებისთვის, რაც სწავლის წლებში მომცეს. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იმ პროფესიული საფუძვლისთვის, რომელიც დღეს საშუალებას მაძლევს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულად გავაგრძელო განვითარება“, – აცხადებს ნინი გრძელიძე.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?