ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ფაკულტეტებთან საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი, სტუ-ის ყველა ფაკულტეტისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს.

შეხვედრის მიზანია, სტუ-ს თანამშრომლებს, ლექტორებს, მკვლევრებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, მიაწოდოს ინფორმაცია ევროპული გრანტების შესახებ: Erasmus+, Horizon Europe, USAID, ამერიკის საელჩოს გრანტი. 

შეხვედრაზე განხილული იქნება საკონკურსო წარდგენის ტექნიკური საკითხები, პროგრამის შესაძლებლობები და უპირატესობები.
 
საინფორმაციო შეხვედრის ბოლოს პასუხი გაეცემა დასმულ კითხვებს. 

შეხვედრების გრაფიკი იხილეთ ცხრილში.

სტუ-ში XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ ჩატარდა. 

XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ასევე, უკრაინის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების დელეგაციებმა. 

XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა.

როგორც პროფესორმა დავით მახვილაძემ აღნიშნა, კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური გამოწვევების პრობლემატიკასა და თანამედროვე ეკონომიკური მოდელების განხილვას დაეთმობა.

Cover gtu.png (1).jpg

„კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები საინტერესო და მნიშვნელოვანია. იმ ფონზე, როცა მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, საკითხები, რომლებზეც მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები იმსჯელებენ, დროულია.

სწორედ რომ მეცნიერებამ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა ისეთ თემებზე, როგორიცაა: მიგრაციული პროცესების გავლენა მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოში, გლობალური ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება, მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების გამოწვევები მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციის პროცესში, ვენჩურული კაპიტალი, როგორც ინოვაციური ბიზნესის დაფინანსების საშუალება, საინვესტიციო პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება, ინტელექტუალური კაპიტალის გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, მდგრადი განვითარება ბიზნესის ფუნდამენტური ასპექტი, კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სხვა. ეს საკითხები დღეს გამოწვევების სახით დგას კაცობრიობის წინაშე. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს“, – აღნიშნა დავით მახვილაძემ.

XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“, მუშაობა სამ დამოუკიდებელ სექციად წარიმართა და მასში 30-ზე მეტმა მკვლევარმა და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას განცხადებით, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განხილული თემები გამოქვეყნდება ჟურნალში – „ბიზნესინჟინერინგი“.

გამოცემაში შემუშავებული სამეცნიერო რეკომენდაციები სასარგებლო იქნება თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და გლობალური გამოწვევების კვლევით დაინტერესებული აკადემიური წრეებისთვის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური ურთიერთობების თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსებისთვის.

სტუ-ის რექტორმა CERN-ის 70 წლის იუბილესადმი გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტმა კოსტას ფონტასმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, CERN-ის წარმომადგენლებმა, ქართველმა აკადემიკოსებმა და მეცნიერებმა.

კონფერენციის მონაწილეებმა ერთობლივი პროექტების შედეგები შეაჯამეს, არსებული პარტნიორობის გაძლიერების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას 70 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოში მეცნიერების სფეროს განვითარების კუთხით CERN-თან მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საამაყოა, რომ ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობის შედეგად საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს CERN-ში მიმდინარე უმსხვილესი გლობალური სამეცნიერო კვლევების წარმატებაში.

იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და CERN-ში საქართველოს ასოცირებული წევრობისკენ მიმავალ გზაზე დადებითი წინსვლა გვექნება, რაც ქართველ მეცნიერებს, სტუდენტებს, სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო დონის კვლევების განხორციელების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების, მხარდაჭერისა და ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობის საქმეში“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტმა. მან მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა და პარტნიორობის გაძლიერების სრული მზაობა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა უკვე 30 წელზე მეტს ითვლის, რომლის ფარგლებში მრავალმა ქართველმა მეცნიერმა გააგრძელა კვლევითი საქმიანობა CERN-ში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაწილეობა ორგანიზაციის საქმიანობაში. კერძოდ, ქართველი მეცნიერები CERN-ის ოთხი ძირითად ექსპერიმენტიდან ორში – ATLAS და CMS ექსპერიმენტში – არიან ჩართულები.

2023 წელს გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმების ოქმი საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის, განათლების, გადამზადების და ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც გათვალისწინებულია ინჟინრებისა და მკვლევრების CERN-ის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, საზაფხულო სტუდენტური პროგრამების განხორციელება, აკადემიური და ტექნიკური პერსონალის გადამზადება, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის მხარდაჭერა, ადრონული თერაპიის სფეროში გამოცდილების გაზიარება, საჯარო სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების განხორციელება და სხვა.

სტუ-ში სამშენებლო ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ: სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები, ასევე, მოწვეული სტუმრები, დარგში მოქმედი კომპანიების ხელმძღვანელი პირები და დარგის სპეციალისტები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა გახსნა. 

კანცლერმა სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო სამშენებლო ფაკულტეტის დეკანს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ფაკულტეტის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, სამშენებლო ფაკულტეტი 102 წლისაა და დარგი სახელმწიფოს მიერ,  დღემდე პრიორიტეტულადაა აღიარებული. კანცლერის თქმით, საუკუნეზე მეტი ისტორიის მანძილზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი მაღალკვალიფიციურ კადრს ამზადებს.

„სამშენებლო ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ვულოცავ ფაკულტეტის დღეს, წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებსა და ახალგაზრდა თაობას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს კი, მადლობას მოვახსენებ ფაკულტეტის დღის დაარსების ინიციატივისთვის. ჩვენ, უკვე მეორედ ავღნიშნავთ სამშენებლო ფაკულტეტის დღეს. ერთი წლის განმავლობაში განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. ფაკულტეტი აქტიურად ემზადება ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს აკრედიტაციისთვის. საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ერთდროულად ამზადებს სამოქალაქო ინჟინერიის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს. საამაყოა, რომ ფაკულტეტი დღემდე ამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს. წარმატებებს ვუსურვებ აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა. 

სამშენებლო ფაკულტეტის მენეჯერმა ზაზა ცინაძემ ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს.

„სამშენებლო ფაკულტეტის აღმასვლა დაიწყო რამდენიმე წლის წინ, იმ პერიოდში, როცა ფაკულტეტის დეკანი ჩვენი რექტორი იყო. სწორედ აკადემიკოს დავით გურგენიძის დროს, ამოქმედდა ან გადაიარაღდა ისეთი მნიშვნელოვანი ლაბორატორიები, როგორიცაა, მშენებლობის სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო საგამოცდო, ჰიდროინჟინერიის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო, გორგიძის სახელობის მექანიკის სასწავლო-სამეცნიერო, წყალმომარაგების, წყალარინების და წყლის გაწმენდის ლაბორატორიები. მადლობას მოვახსენებ მას მხარდაჭერისთვის, რომელსაც სამშენებლო ფაკულტეტის თითოეული მეცნიერი, თანამშრომელი თუ სტუდენტი ყოველთვის გრძნობს. დღეს, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები, მათი პედაგოგების, მეცნიერების ხელმძღვანელობით, ახალი კვლევებითა და ახალი მიდგომებით პასუხობენ გამოწვევებს. წარმატებები მინდა ვუსურვო ფაკულტეტს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და აკადემიურ პერსონალს“, – განაცხადა ზაალ ცინაძემ.

სამშენებლო ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მეორე ნაწილი სტუდენტურ თვითშემოქმედებას დაეთმო. ახალგაზრდებმა საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს. 

სტუ-ის სტუდენტები „ჯი ემ ფარმასიუთიქალის“ საწარმოო პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ფარმაცევტული კომპანიის – „ჯი ემ ფარმასიუთიქალი“, საწარმოო პროცესს გაეცნენ. გასვლით ექსკურსია-სემინარში მონაწილეობა ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა.

ექსკურსია-სემინარი სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის, კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა და მასში, სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ: სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, პროფესორი ნატო ქათამაძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, ამავე ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ცინცაძე და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, მექანიკის ინჟინერიის პროგრამის მასწავლებელი მაკა ქაშიბაძე.

In-1.png

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის, კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის თქმით, სწავლება-სწავლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პრაქტიკული კურსია, უნივერსიტეტი კი სტუდენტს ყველა პირობას უქმნის და ხელს უწყობს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. 

„ჩვენი მიზანია სტუდენტებს მივცეთ საშუალება ადგილზე, თავად წარმოებაში, დააკვირდნენ წარმოების პროცესს, გაეცნონ საქმიანობის სპეციფიკას და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა გაიღრმაონ მსგავსი შეხვედრებით. „ჯი ემ ფარმასიუთიქალი“-ს წარმოება არის ევროპული დონის, მაღალ ტექნოლოგიური წარმოება და გვიხარია რომ ჩვენს სტუდენტებს აქვთ საშუალება მოინახულონ და ადგილზე დააკვირდნენ წარმოების პროცესს, რაც მათ პროფესიულ უნარებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა თანამშრომლობის უფრო გაღრმავება, რასაც მივესალმებით და გვახარებს რომ სტუდენტებს მსგავსი შეხვედრებით ვაძლევთ კარიერული ზრდის საშუალებას“ -განაცხადა ნატო ქათამაძემ.

როგორც ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი აცხადებს, სტუდენტები ადგილზე გაეცნენ „ჯი ემ ფარმასიუთიქალის“ წარმოების პროცესს, კომპანიის სპეციფიკის შესახებ მოისმინეს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ლექცია და ჩაერთნენ დისკუსიაში.

„ფაკულტეტი მიესალმება მსგავსი სახის შეხვედრებს. ჩვენი მიზანია, სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა გადაიტანონ პრაქტიკაში და ამით აიმაღლონ პროფესიული უნარები. რაც უფრო მეტი ასეთი შეხვედრა დაიგეგმება და განხორციელდება, მით უფრო კარგ შედეგზე გავალთ,“- განაცხადა ლიანა თარგამაძემ.

სტუ-ში ენერგეტიკის ფაკულტეტის დღე აღინიშნა

„ენერგეტიკის ფაკულტეტი წარმატებით აგრძელებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო და სამეცნიერო კადრები“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ენერგეტიკის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტის დაარსებიდან 102-ე წლისთავი აღინიშნა. 

ღონისძიება ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ წერეთელმა მადლობა გადაუხადა  რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაკულტეტის დღის დაარსების ინიციატივისთვის და აღნიშნა, რომ ენერგეტიკა ქვეყნის წინსვლის გარანტიაა. 

„უკვე მეორედ აღვნიშნავთ ფაკულტეტის დღეს. ამ ერთი წლის განმავლობაში ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა პრესტიჟულ გამოცემებში 75 სამეცნიერო სტატია და 3 მონოგრაფია გამოაქვეყნეს, მონაწილეობა მიიღეს 7 საერთაშორისო პროექტში, 24 საერთაშორისო კონფერენციასა და 2 საერთაშორისო ფორუმში, გამარჯვებული 4 პროექტიდან 2 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და 2 კი საერთაშორისო გრანტი მოიპოვეს, გამოსცეს 7 სახელმძღვანელო, ჩართული იყვნენ პროგრამული დაფინანსებით გათვალისწინებულ სამეცნიერო კვლევით 2 პროექტში და ჩაატარეს 88 ექსპერტიზა.

1.png

ენერგეტიკის ფაკულტეტის წარმატებაზე მეტყველებს მნიშვნელოვანი ფაქტი – 2025 წელს საბაკალავრო პროგრამა – „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭოს, ABET აკრედიტაციაზე იქნება წარდგენილი.

ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამა, საქართველოს მომავალ ენერგეტიკოსებს, საერთაშორისო სტანდარტების განათლებას მისცემს. ენერგეტიკის ფაკულტეტმა 2024-2025 აკადემიურ წელი ორი მოდიფიცირებული საბაკალავრო პროგრამით – ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, საინჟინრო მენეჯმენტი და ასევე ორი, განახლებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით – ჰიდროენერგეტიკის ლაბორატორია და ელექტროტექნიკური მასალების ლაბორატორია, დაიწყო.

საერთო ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სრული შევსებაა. ენერგეტიკის ფაკულტეტზე იწყება სამწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ფორმირებას, მსხვილი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო მასალებისა და კურსების შემუშავებას, ცნობიერების ამაღლებას, ტრენერების გადამზადებას, პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლო ვიზიტებს. ეს და სხვა მიღწევები დიდი შრომის შედეგია, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს. გილოცავთ ენერგეტიკის ფაკულტეტის დღეს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ვიცე-რექტორმა. 

ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა მიწვეულ სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს ფაკულტეტის დღე მიულოცა. პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს მხარდაჭერისთვის და საზოგადოებას წლიური ანგარიში გააცნო. 

„2024/2025 სასწავლო წელი ბევრი სიახლით დავიწყეთ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, შევიძინეთ თანამედროვე სტანდარტების მქონე  „ელექტრული მასალების“ ლაბორატორია,  რომელიც ახალი სასწავლო წლიდან სრულფასოვნად ჩაერთო  ენერგეტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების – „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია“ და „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“, განხორციელებაში. რექტორის  მხარდაჭერით “ელექტროტექნოლოგიური დანადგარების მართვისა“ და „ჰიდროენერგეტიკის ლაბორატორიას“ რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, 2024/2025 სასწავლო წელს სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სრული შევსებაა, რაც მიუთითებს, რომ ენერგეტიკული სპეციალობებით დაინტერესება ახალგაზრდებში მზარდია. ამის გარდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით ფაკულტეტზე მომზადდა ოთხი მოკლევადიანი პროფესიული  გადამზადების პროგრამა. აღნიშნულ პროფესიულ პროგრამებს მეოთხე ნაკადი წარმატებით ასრულებს კურსს.

ფაკულტეტი აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესის და საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესში. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. გილოცავთ ფაკულტეტის დღეს”, – აღნიშნა ლენა შატაკიშვილმა. 

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა ენერგეტიკის ფაკულტეტზე მოქმედი თბოენერგეტიკის, ჰიდროენერგეტიკის, FusionSolar ტექნოლოგიებისა და ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები დაათვალიერეს. 

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე არსებული  სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიული ბაზის  შექმნაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მხარდაჭერა აღმოუჩინეს კომპანია „თელასმა“,  Schneider Electric-მა, ავსტრიულმა კომპანიამ HERZ Armaturen, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა.

სტუ-ის რექტორი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის 70 წლისთავის ღონისძიებების ფარგლებში, CERN-ის საბჭოს პრეზიდენტსა და დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო ცენტრის – ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN – the European Organization for Nuclear Research) 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, CERN-ის საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ კოსტას ფონტასს და CERN-ის მეცნიერთა წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა. 

საქართველო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CERN/CMC კოლაბორაციის იმ წევრ ქვეყნებსა და წევრ უნივერსიტეტებს შორის არიან, რომელთაც ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის დელეგაცია, საიუბილეო თარიღის ფარგლებში, საქმიანი ვიზიტით სტუმრობს.

შიდა.png

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და CERN-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის საბჭოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, პროფესორმა კოსტას ფონტასმა დღეს პირველი გაფართოებული შეხვედრა გამართეს, რომელშიც მონაწილეობდნენ CERN-ის ცნობილი მეცნიერები – CMS კოლაბორაციის რესურსმენეჯერის მადგილე ანჟეი ხარკიევიჩი, CMS/HGCal კოორდინატორი დევიდ ბარნი, CMS/RPC სუბდეტეტორის ხელმძღვანელი სალვატორე ბუონტემპო, CERN-ის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კოორდინატორი, არაწევრი ქვეყნების კომიტეტის ხელმძღვანელი ლუჩანო მუსა, CMS-ის ლიდერი ტიციანო კამპორეზი, CMS-ის წამყვანი მეცნიერი კიარა მარიოტი, CMS-ის რესურსების კოორდინატორი კირსტი ასპოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, სტუ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი იაპონელი მეცნიერი, იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციის (KEK) ეგიდით, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექს J-PARC-ში მიმდინარე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი COMET ექსპერიმენტის მენეჯერი, იაპონიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მრჩეველი სატოში მიჰარა. 

შეხვედრას, რომელიც რექტორმა დავით გურგენიძემ გახსნა, ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი CERN-ში და ასევე, უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერი CERN-ში – ზვიად წამალაიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები და მიწვეული ქართველი მეცნიერები.

დავით გურგენიძემ CERN-ის საბჭოს პრეზიდენტსა და მეცნიერებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაფართოების იმ შესაძლებლობებზე, რაც დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლებისა და მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC – Future Circular Collaider) რეალიზების სამუშაოებში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის სამომავლო მონაწილეობას მოიცავს. 

რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CMS-კოლაბორაციის წევრია. როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ფიზიკოსები, ინჟინრები და IT-სპეციალისტები CERN/CMS ექსპერიმენტში აქტიურად მონაწილეობენ, რაშიც დიდია საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერა და ორგანიზაციული ხელშეწყობა. 

„ბედნიერი ვარ, რადგან თვითონ ვარ თვითმხილველი იმ უდიდესი სამეცნიერო სამუშაოებისა, რომელიც CERN-ში მიმდინარეობს და ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები და ინჟინრები მონაწილეობენ.

წლების მანძილზე, მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უმსხვილეს კვლევით ცენტრთან კოლაბორაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არაერთი სასიკეთო შედეგის მომტანი გახდა.

ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსთა და ინჟინერთა წარმატებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ CMS-ის რუკებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერბი განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების გერბებთან ერთად. ჩვენი უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი – პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით და იური ბაღათურიას, დავით ლომიძის, ოთარ კემულარიას, ირაკლი ლომიძის, სანდრო მელქაძის შემადგენლობით – ურთულეს სამუშაოებს ასრულებს დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში. 

მინდა მადლობა გადავუხადო ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ გამოცხადებული უდიდესი ნდობისა და ქართველ მეცნიერთა წვლილის მაღალი შეფასებისთვის.

უნდა აღვნიშნო, რომ ფასდაუდებელია საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევა და მათი მხრიდან ქართული უნივერსიტეტების მხარდაჭერა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიმართულებით.

სულ ახლახან CERN-თან ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების ორ ახალ მემორანდუმს, რომლებიც ჩვენი ქართული მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობას CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლებაში და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის – FCC-ის რეალიზების სამუშაოებში. 100 კილომეტრი სიგრძის ციკლური FCC კოლაიდერის პროგრამის განხორციელება დიდი ადრონული კოლაიდერის პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება.

ამ რამდენიმე დღის მანძილზე, CERN-ის საბჭოს პრეზიდენტთან, პროფესორ კოსტას ფონტასთან, რომელიც პირველად იმყოფება საქართველოში, და ცნობილ მეცნიერებთან ერთად, ვიმსჯელებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც მიმდინარე და სამომავლო კოლაბორაციებს უკავშირდება. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ნაყოფიერი იქნება CERN-თან სამეცნიერო კოლაბორაციის პროცესი მომავალში.

ამით საგრძნობლად იზრდება ტექნიკური უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო ცნობადობა, რადგან წარმატებით განხორციელებული საერთაშორისო პროექტები, მითუმეტეს, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობა ზრდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში წარმატებით ინტეგრირების შესაძლებლობებს“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, CERN-ის საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი კოსტას ფონტასი, CERN-ის ცნობილი მეცნიერები – პროფესორები: სალვატორე ბუენტემპო, ლუჩანო მუსა, ტიციანო კამპორეზი და COMET ექსპერიმენტის მენეჯერი, პროფესორი სატოში მიჰარა.

CERN-ის მეცნიერებმა CERN/CMS კოლაბორაციასა და ექსპერიმენტში გაწეული მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და მკვლევრებს.

როგორც მათ აღნიშნეს, სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი არაერთი წელია ეფექტიანად მუშაობს CMS ექსპერიმენტის ისეთ სუბდეტექტორებზე, როგორიცაა მიონური სპექტრომეტრის (RPC) დეტექტორები და ადრონული კალორიმეტრი (HCAL), აქტიურად არიან ჩართული სუბდეტექტორებში მიმდინარე საკვანძო ამოცანებში. გარდა ამისა, მონაწილეობენ, როგორც ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის CMSSW პლატფორმის ოპტიმიზაციასა და ანალიზში, ასევე, CMS ექსპერიმენტის GEANT4-ს გეომეტრიულ ანალიზში, გარდა ამისა, მუშაობენ FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის – TDR-ის შექმნაზე. 

CERN-ის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, CERN-ის მეცნიერები შეხვდებიან უნივერსიტეტის მეცნიერებს, ინჟინრებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს. შეხვედრებზე დეტალურად იქნება განხილული როგორც შესრულებული სამუშაოები, ასევე, უახლოესი სამომავლო გეგმები.

სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ გაიხსნა, რომლის ორგანიზატორია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, პარტნიორები კი, სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი (გლივიცე, პოლონეთი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი არიან. 

VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა განაცხადა, VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, რომელიც წარმოადგენს კერძო და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად მიძღვნილ საერთაშორისო-სამეცნიერო ფორუმს, სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძეა.

„მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციას მომხსენებლებისა და სტუმრების სტატუსით ესწრებიან დელეგაციები სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და ბიზნეს ორგანიზაციებიდან. ჯამში წარმოდგენილია 50-ზე მეტი სამეცნიერო მოხსენება და კვლევის შედეგები თემებზე, რომლებიც სატრანსპორტო დარგის პრობლემებს ეხება. აღსანიშნავია, რომ წელს კონფერენციას პირველად შემოუერთდნენ სატრანსპორტო სფეროში მოღვაწე ქართული ბიზნესის ლიდერი ორგანიზაციები: „ავტოტექნო“, „ავტობანი“, „ლაიონტრანსი“ და „გრინვეი“. 

2.jpg.png

დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კონფერენციის ფარგლებში ესტუმრა 6 ქვეყნის 12 სხვადასხვა დელეგაცია. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს“, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, კონფერენციაზე წარმოდგენილია 50-ზე მეტი სამეცნიერო მოხსენება და კვლევის შედეგი ეხება საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის დარგში არსებულ მდგომარეობას, პრობლემებს და განვითარების ტენდენციებს. 

ასევე, მოძრავი შემადგენლობისა და ტექნოლოგიური ტრანსპორტის დინამიკას, სატრანსპორტო საშუალებების დიაგნოსტიკის, მონიტორინგის, ტექნიკური მდგომარეობის და მომსახურების საკითხებს, ტრანსპორტის საინფორმაციო სისტემებს და ტექნოლოგიებს, ინტელექტუალურ სატრანსპორტო სისტემებს, ტრანსპორტისა და ეკოლოგიის საკითხებს და სხვა აქტუალურ თემებს. 

„მისასალმებელია, რომ კონფერენციას ესწრებიან დელეგაციები კოჩალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ბიელსკო-ბიალას უნივერსიტეტის, ვარშავის სამხედრო ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, შეცინის საზღვაო უნივერსიტეტის, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ვისტულას უნივერსიტეტის, ლუბლიანას უნივერსიტეტის, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის, რუსეს “ანგელ კანჩევი” უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს კონტროლის სისტემების ინსტიტუტის დელეგაციები. მადლობას მოვახსენებ სტუმრებს და წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს“, – განაცხადა ბორის გითოლენდიამ. 

კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”, დარგის წარმომადგენელი ქართული ბიზნეს ორგანიზაციების – „ავტოტექნო“; „ავტობანი“; „ლაიონტრანსი“ და „გრინვეის“ უშუალო პარტნიორობითა და თანამონაწილეობით ხორციელდება. 

კონფერენციის სასესიო მუშაობა გაგრძელდება 17 ოქტომბერს და ის გაყოფილია ორ – ქართულ და საერთაშორისო სასესიო პანელებად. 

კონფერენცია ოფიციალურად დაიხურება 18 ოქტომბერს. 

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია სხვადასხვა სოციალური, კულტურული და აკადემიური აქტივობები ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალის მონაწილეობით. 

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ავტოტექნოს“  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში  სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გაიხსნა.

თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც პირველ ეტაპზე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლო ცენტრის გახსნას მოიცავს, ხელი მოაწერეს სტუ-ის ვიცე-კანცლერმა, პროფესორმა თემურ ბულიამ და „ავტოტქესნოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მიხეილ ალხაზიშვილმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის განცხადებით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ისტორია  1928 წლიდან იწყება. ფაკულტეტზე საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება, მათ შორის ისეთი, რომელთაც საქართველოში ანალოგები არ გააჩნია. 

„დღეს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას, რაც პირდაპირ  უკავშირდება იმ კავშირებს, რომელიც ხელმძღვანელობას აქვს დამყარებული სხვადასხვა კომპანიასთან.

„ავტოტექნო” 2016 წელს დაარსებული კომპანიაა და ის საქართველოში ახორციელებს ახალი ჩინური, საიმედო ინდუსტრიული ავტოტექნიკის დისტრიბუციას და მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სერვისს. ამდენად, თანამშრომლობის მემორანდუმი და მით უმეტეს, სასწავლო ცენტრის გახსნა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარმატებებს ვუსურვებ ფაკულტეტს, სტუდენტებს და კომპანიას”, – განაცხადა ვიცე-კანცლერმა. 

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, კომპანიის მხარდაჭერით სასწავლო, ინოვაციური კონცეფციის ცენტრის გახსნა,  სტუდენტებისთვის სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„ცენტრის შექმნის იდეა ინოვაციურია და გულისხმობს სტუდენტებისა და კომპანიაში დასაქმებული პერსონალისათვის თანამედროვე სწავლებისა და ტრენინგ პროგრამების განხორციელებას, როგორც ახალი თეორიული ცოდნის მიღების, ასევე, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ავტოტექნოს“ შორის გაფორმებული მრავალწლიანი მემორანდუმის საგანსა და საქმიანობის ფორმას წარმოადგენს მხარეთა თანამშრომლობა, რაც მიზნად ისახავს მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, მხარეთა სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო ბაზისა და პოტენციალის გაზიარებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარებაში მონაწილეობას, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და ურთიერთთანამშრომლობას საერთო ინტერესების ფარგლებში“, – აცხადებს დეკანი. 

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლო ცენტრის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კომპანია „ავტოტექნოს“ ხელმძღვანელი პირები, ასევე, ღონისძიებას მოწვეული სტუმრების სტატუსით დაესწრნენ ევროპულ 15 უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორები და აკადემიური წრის წარმომადგენლები. 

ისინი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს სტუმრობენ მე-8 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”, ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ავტოტექნო” კონფერენციის ერთ-ერთი სპონსორი და თანაორგანიზატორია.

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა წალკის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლ ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 

ღონისძიება გაიმართა შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის -„სამეცნიერო-კვლევითი კლუბის უმცროსი მეცნიერები მთის მდგრადი განვითარებისათვის“, ფარგლებში. 

Cover gtu (16).jpg

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ადმინისტრაციული და სხვა სასწავლო კორპუსები. ეწვივნენ ცენტრალურ ბიბლიოთეკას, ელექტროტექნიკის, მინერალოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმებს. მოსწავლეები შეხვდნენ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს.

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლები ფაკულტეტის ისტორია გააცნეს. ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე სკოლის მოსწავლეების წინაშე წარსდგა პრეზენტაციით – „მდგრადი განვითარების მიზნები“, ხოლო წარმატებულმა სტუდენტმა მარიამ ბაქრაძემ ისაუბრა მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობასა და ფაკულტეტზე მიმდინარე სწავლება-სწავლის პროცესზე. 

ინფორმაციისთვის: საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი 2021 წლის 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღეს დაფუძნდა და დღეს უკვე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ ოთხ პრიორიტეტულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ცოდნას 300-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?