მსურველები კონკურსზე – UNI4VERSE 31 ოქტომბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საუნივერსიტეტო კონკურსზე – UNI4VERSE რეგისტრაცია მიმდინარეობს!  

UNI4VERSE ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და ჩართულობა.

წლევანდელი საკონკურსო თემაა – “მწვანე ეკონომიკა და ტექნოლოგიები”.

კონკურსში სადაც, საქართველოს მასშტაბით 18 უნივერსიტეტი მონაწილეობს, მათ შორის არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც. 

კონკურსში მონაწილე დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გაეცნოთ მნიშვნელოვან დეტალებს: 

მონაწილეებმა ფორმები უნდა შეავსონ 2024 წლის 31 ოქტომბრამდე შემდეგ ბმულზე.

  • შიდა კონკურსი: 2024 წლის 30 ნოემბრამდე უნივერსიტეტში შიდა კონკურსი ჩატარდება, რომლის მიხედვით შეირჩევა საუკეთესო გუნდი (გუნდი უნდა შედგებოდეს ოთხი სტუდენტისა და ერთი ხელმძღვანელისგან), რომელიც წარადგენს ჩვენს უნივერსიტეტს.
  • გაითვალისწინეთ: სასურველია შეიქმნას მულტიდისციპლინარული და ფაკულტეტთაშორისი გუნდები.

აღნიშნული ვადების გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობისთვის ყველა ფაკულტეტს დაეკისრება პასუხისმგებლობა შექმნას მინიმუმ ერთი გუნდი, ხოლო მრავალრიცხოვანი სტუდენტების მქონე ფაკულტეტებმა მინიმუმ, სამი გუნდი უნდა ჩამოაყალიბონ. 

ამ ეტაპზე სასურველია, რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული სტუდენტი დარეგისტრირდეს მითითებულ ბმულზე

ნოემბრის დასაწყისში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უზრუნველყოფს კონკურსანტების შეხვედრას და გუნდების გარეშე დარჩენილ, სტუდენტებისთვის გუნდების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისს. 

სტუ-ის დელეგაცია ეკონომიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (ESRI) 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის ხელმძღვანელობით,  ეკონომიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (ESRI) 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციასა და რიგით მესამე ფორუმში – „ახალი თაობის ეკონომიკა: გამოწვევები და პერსპექტივები” (Next Generation Economics: Challenges and Perspectives – 3rd ECO Think-Tank Forum) მიიღო მონაწილეობა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კონფერენციასა და ფორუმზე, კანცლერთან ერთად სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ ტექინფორმის დირექტორმა, პროფესორმა ნელი მახვილაძემ და მისმა მოადგილემ, პროფესორმა მარიამ რაზმაძემ წარადგინეს. 

პროფესორ კარლო კოპალიანის თქმით, საერთაშორისო კონფერენცია და ფორუმი ორგანიზებული იყო აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს მიერ და მასში მონაწილეობა, აზიის ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელმა პირებმა, მეცნიერებმა, მკვლევრებმა, საერთო ჯამში 200-ზე მეტი დელეგატმა, მიიღო. 

ქავერი (10).png

მისივე თქმით, ფორუმი ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა, მწვანე ეკონომიკა, მის წინაშე მდგარი გამოწვევები, გაციფრულების საკითხები,ინფრასტრუქტურას და მომავალი თაობის ეკონომიკის გამოწვევები და მდგრადობა, ეროვნული სტრატეგიების და გზამკვლევების შექმნის საკითხები.
 
„დღეს სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის (STI) მნიშვნელობა დიდ გავლენას ახდენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების მდგრად განვითარებაზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოების ფორმირებაში. სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაცია (STI) წარმოადგენს ინოვაციების მყარ საფუძველს, რაც უზრუნველყოფს სასწავლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების შესაძლებლობას, შეინარჩუნონ ლიდერობა ტექნოლოგიურ პროგრესსა და მსოფლიო საუკეთესო გამოცდილების ათვისებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის (STI) გავრცელების სფეროში საქართველოს წამყვანი ორგანიზაციაა და წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეუძლია თანმიმდევრულ, სტრუქტურირებულ ხელმისაწვდომობასა და სამეცნიერო ცოდნის მიზანმიმართულ გამოყენებას ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის აკადემიური და კვლევითი ეკოსისტემის მდგრად განვითარებას”, – განაცხადა კარლო კოპალიანმა. 

ინსტიტუტ ტექინფორმის დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარიამ რაზმაძის თქმით, ფორუმზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა საქართველოს სამეცნიერო – ტექნიკური ინფორმაციის როლზე და სამეცნიერო ეკოსისტემის მდგრადი განვითარების პროცესში მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

„ფორუმში – “ახალი თაობის ეკონომიკა: გამოწვევები და პერსპექტივები – ECO Think-Tank Forum,” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა.

ერთის მხრივ, როგორც პანელური დისკუსიის მონაწილეებს, გვქონდა შესაძლებლობა ჩავრთულიყავით ღია დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი მიღწევის სტრატეგიებს სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე. მეორეს მხრივ, საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის მაგალითზე გავუზიარეთ უნივერსიტეტისა და ინსტიტუტ ტექინფორმის გამოცდილება და მათი გავლენა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ეკოსისტემის ფორმირებაზე. ფორუმის შედეგად დამყარდა ახალი პარტნიორული ურთიერთობები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი და ჩინეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან”, – აცხადებს მარიამ რაზმაძე. 

სტუ-სა და იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების ახალ მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაცია – KEK-ს (the High Energy Accelerator Research Organization) შორის ურთიერთგაგების ახალი, მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უნივერსიტეტის სამეცნიერო კოლაბორაციას KEK-თან, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექს J-PARC-თან (Japan Proton Accelerator Research Complex), ასევე, იაპონიის ერთ-ერთ წამყვან, SOKENDAI-ის უნივერსიტეტთან არა მხოლოდ გააღრმავებს, არამედ, ახალ ეტაპზე გადაიყვანს. 

დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი COMET ექსპერიმენტის მენეჯერმა, იაპონიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მრჩეველმა, პროფესორმა სატოში მიჰარამ მოაწერეს ხელი, მრავალმხრივ მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსა და იაპონიის, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცისთვის. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება იშიძუკა ჰიდეკი, საელჩოს წარმომადგენლები, სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი და უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერი CERN-სა და KEK-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ამავე ინსტიტუტის მეცნიერები,  ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. 

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკის, ხოლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობისთვის, სტუ-ის მეცნიერთა და ინჟინერთა ინტელექტუალური შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებისა და მეგობრობისთვის – KEK-ის მეცნიერს, პროფესორ სატოში მიჰარას. 

High Energy Accelerator Research Organization.png

როგორც რექტორმა აღნიშნა, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ქართულ უნივერსიტეტებს, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის მეცნიერებს საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს არსებითი და მუდმივი მხარდაჭერა აქვთ.

„ახალი მემორანდუმის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და KEK-ის ერთობლივი, შორსმიმავალი გეგმების განხორციელებას არა მხოლოდ COMET ექსპერიმენტის ფარგლებში, არამედ ფუნდამენტური და გამოყენებითი ფიზიკის სხვადასხვა მიმართულებით. KEK-სა და JPARC-ში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი კვლევები, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული, სამომავლოდ გაცილებით ინტენსიური, ხოლო მათ რეალიზებაში უნივერსიტეტის მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა და სტუდენტთა წვლილი გაცილებით მასშტაბური იქნება“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზეც, რაც ასევე გაწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმში და ითვალისწინებს, საერთაშორისო ფონდებში წარდგენის მიზნით,  იაპონელ კოლეგებთან ერთად კვლევითი პროექტების შემუშავებას, ასევე, ფართო აკადემიურ და სამეცნიერო კავშირებს იაპონიის ერთ-ერთ წამყვან, SOKENDAI-ის უნივერსიტეტთან, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრები –  მაგისტრანტები და დოქტორანტები ცოდნის გაღრმავებას, ამასთან ერთად, სტუ-სა და SOKENDAI-ის დიპლომების ერთდროულად მოპოვებას შეძლებენ.

რექტორის შეფასებით, მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთგაგების მემორანდუმების ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ახალგაზრდა თაობის ნიჭიერი მკვლევრებისთვის, რომლებიც საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში წარმატების მიღწევას და საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენას შეუწყობენ ხელს.

როგორც პროფესორმა სატოში მიჰარამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ გლობალურ კვლევით პროცესებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და მის მეცნიერთა ჯგუფებს ანგარიშგასაწევი სამეცნიერო წვლილი შეაქვთ. მისი თქმით: „სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და ინჟინრები აქტიურ მონაწილეობას იღებენ KEK-სა და J-PARC-ში მიმდინარე COMET ექსპერიმენტში და რთულ სამუშაოებს, იაპონელ მეცნიერებთან ერთად, მაღალ დონეზე ასრულებენ. სწორედ ამან განაპირობა KEK-ის მენეჯმენტის დიდი სურვილი და სრული მზაობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების შესახებ“.  

ცნობისათვის, იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციასთან (KEK – the High Energy Accelerator Research Organization) ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ხანგრძლივი თანამშრომლობის შესახებ ორი ახალი, ასევე უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN – the European Organization for Nuclear Research) გააფორმა.  

სტუ-ში, იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია – „იტალიური ენა და წიგნი – სამყარო აბზაცებს შორის“, გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო პროექტის  – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე „დანტეს კაბინეტის“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტებისთვის იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების შეთავაზება“, პრეზენტაცია გაიმართა. 

ღონისძიება, იტალიური ენის XXIV კვირეულისა და პროექტის პარტნიორი ინსტიტუციის ხელმძღვანელის სტატუსით ესწრებოდა იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონო, საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელი, ნინო კილოსანიძე, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც რექტორმა აღნიშნა, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტში მიმდინარე ერთობლივი საერთაშორისო პროექტები იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.

იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეული.png

„ჩვენი ინიციატივით, დანტე ალეგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის უშუალო ჩართულობით და იტალიაში საქართველოს საელჩოს თანადგომით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უკვე მეორე წელია, წარმატებით ფუნქციონირებს ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრი  – „დანტეს კაბინეტი“, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ხარისხიანი სწავლების ინტერდისციპლინური უფასო კურსები. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს შეუძლია მიმართოს უნივერსიტეტს და უსასყიდლოდ შეისწავლოს იტალიური ენა.

იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეული სლოგანით – „იტალიური ენა და წიგნი –  სამყარო აბზაცებს შორის“, მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩართულია ამ პროცესში. საერთაშორისო პროექტის პირველი ციკლი 2022 წელს დაფინანსდა დანტე ალიგიერის საზოგადოების მიერ და მის წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ამ საერთაშორისო პროექტის, ამჯერად,  უკვე მეორე ციკლის ოფიციალურად გახსნისთვის. მადლობას მოვახსენებ იტალიის მთავრობას, საქართველოში იტალიის საელჩოს, იტალიაში საქართველოს საელჩოს, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს და წარმატებებს ვუსურვებ როგორც მათ, ასევე, ჩვენს სტუდენტებს”, – აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. 

დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

„პატივი მაქვს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს  გადავცე დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტის, ანდრეა რიკარდისა და გენერალური მდივნის, ალესანდრო მაზის გულითადი მოკითხვა. რაც მთავარია, მათი მხრიდან დიდი მხარდაჭერა ერთობლივი საერთაშორისო პროექტის მიმართ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აკადემიკოსი დავით გურგენიძე წარმატებული, საუკუნოვანი ტრადიციებისა და მაღალი საერთაშორისო რეიტინგების მქონე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოების მიმართულებით ყველა პირობას უქმნის. მადლობა მას! 

მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, სტუდენტები ქვეყნიდან გაუსვლელად, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ  შესაბამისი დონის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო ატესტატს – ADA – მიიღებენ.  დარწმუნებული ვარ, სწავლების მეორე ციკლის დახურვის ცერემონიაზე, როგორც ეს იყო პირველ შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოში იტალიის ელჩი, რომიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გადასცემენ ატესტატებს. პროექტი სტუდენტებს საშუალებას  აძლევს იტალიური ენის კომპეტენციის ნებისმიერ დონეზე ჩააბარონ გამოცდები ოფიციალურად აღიარებულ ჩვენს საგამოცდო ცენტრში, რომელიც ერთადერთია ამიერკავკასიაში და მოიპოვონ იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი PLIDA, რომელიც წარმოადგენს დიპლომს ენაში, ისევე როგორც ტოეფელი, დელფი, დალფი და სხვა. 

დანტე ალიგიერის საზოგადოების ბარათის მოპოვებით, სტუდენტები ხდებიან ამ სახელოვანი საზოგადოების საერთაშორისო ქსელის წევრები, აქვთ წვდომა დანტე ალიგიერის საზოგადოების ციფრულ პლატფორმაზე – Dante.Global – განთავსებულ მრავალფეროვან კონტენტზე, იქნება ეს სასწავლო მასალები, თუ ნებისმიერი სიახლე განათლების, სამეცნიერო კვლევების, იტალიური კულტურის, ტრადიციებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროების შესახებ. ისინი, საჭიროების შემთხვევაში, შეძლებენ ისარგებლოთ ონლაინ გაკვეთილების სერვისით.  ,,დანტეს“ საწევრო ბარათით შესაძლებელია უფასოდ მოინახულონ იტალიის სახელმწიფო მუზეუმები, ხოლო ვატიკანის მუზეუმები კი – რიგში დგომის გარეშე. სტუდენტები სარგებლობენ შეღავათებით პარტნიორი კომპანიების მომსახურებით, როგორც იტალიაში, ასევე, საქართველოში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, როგორიცაა წიგნის მაღაზიები, თეატრები, ლიტერატურული კლუბები.
 
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, საქართველოში იტალიის ელჩს, მის აღმატებულება  მასიმილიანო დ’ანტუონოს, საელჩოს კულტურის განყოფილების თანამშრომელს, ქალბატონ ნინო კილოსანიძეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ადმინისტრაციას, ვიცე-რექტორებს თამარ წერეთელს და თამარ ლომინაძეს, კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ ლავრენტი გუდავაძეს, ბატონ დავით კუჭაიძეს და მრავალ სხვა კოლეგას, რომლებიც მუდამ მზად არიან დახმარებისთვის, დიდი მადლობა თბილისის დანტე ალიგიერის საზოგადოების კოლეგებს, გმადლობთ ყველას და წარმატებები ჩვენს მსმენელებს!”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ნინო ცერცვაძემ.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორსა და ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოში იტალიის ელჩმა  მასიმილიანო დ’ანტუონომ. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან  კოლაბორაცია იტალიასა და საქართველოს შორის ხელმოწერილი კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის აღმასრულებელი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იტალიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ინტენსიური ხასიათი და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის გაზრდილი ურთიერთობები, რაც საერთო ჯამში, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისა და მეგობრობის განმტკიცების გარანტიაა”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში მასიმილიანო დ’ანტუონომ. 

ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრში მენტორინგის ქოუჩ-ტრენინგი ჩატარდა

10-11 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრში მენტორინგის ქოუჩ-ტრენინგი გაიმართა, რომელსაც  სფეროს ექსპერტი  ეკატერინე ბაბუნაშვილი უძღვებოდა.  

ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი  თემები: 

  • მენტორობის ძირითადი პრინციპები და პასუხისმგებლობები
  • სტუდენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციის მეთოდები
  • მოტივაციის, მხარდაჭერის და ჩართულობის ზრდის სტრატეგიები
  • რეალური შემთხვევების განხილვა და პრაქტიკული სავარჯიშოები
  • მენტორის როლის ეთიკა, საზღვრები და პროფესიული ქცევის წესები

ტრენინგს 15 მონაწილე ესწრებოდა, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს პროგრამა და სერტიფიცირების შემდეგ,   ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ოფიციალური მენტორები გახდნენ. 

ტრეინინგი  Erasmus+ პროექტ PROMENT-ის ფარგლებში  განხორციელდა, რაც  მიზნად ისახავდა სტუდენტთა მხარდაჭერის სისტემის გაძლიერებას, მენტორების პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული უნარების დახვეწის გზით.

ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს ტრენინგებსა და განვითარების ღონისძიებებს, რომლებიც  სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის აკადემიური და სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფას ემსახურება. 

სტუ-ის სტუდენტებმა კონსტიტუციის ევოლუციისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გამართეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა კოლაბორაციით გადაღებული ანიმაციური ფილმის – „იცოდე შენი უფლებების შესახებ“ – საპრემიერო ჩვენება და საჯარო ლექცია გაიმართა. 

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი საქართველოს კონსტიტუციის ევოლუციას ასახავს.

საუნივერსიტეტო პროექტმა დაფინანსება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში მოიპოვა.

გამარჯვებული საგრანტო პროექტის ავტორები არიან სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ბოლოთაური, ყოფილი სტუდენტი გულჩინა ახმედოვა, ასევე, ფაკულტეტის პროფესორები – სოფო დემეტრაშვილი და „ქრისტიანული კულტურის კვლევების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი კახა ძაგანია. ფილმი, ცნობილ მხატვარ-კარიკატურისტ ზაალ სულაკაურთან თანამშრომლობით, 6 თვის მანძილზე იქმნებოდა.

Cover gtu.png (29).jpg

ფილმის ჩვენების შემდეგ, ავტორები მიშელ მუსხელის დიპლომატიური ოსტატობის სასწავლო-პრაქტიკულ ლაბორატორიაში შეკრებილ საზოგადოებას მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის შექმნის ინიციატივის, ასევე, საქართველოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების შესახებ ესაუბრნენ. 

როგორც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა, ირაკლი გაბისონიამ აღნიშნა, ანიმაციურ ფილმში გასაგებად და ლაკონიურად არის გადმოცემული გზა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციამ განვლო. მისი თქმით, ფილმი საინტერესო და ინფორმატიულია ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის. 

„სახელმწიფოებრიობა, პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურა საქართველოში რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ყალიბდებოდა. ჩვენს ისტორიაში მრავლად არის სამართლის ძეგლები, რომლებიც კონსტიტუციური სამართლის წყაროს მიეკუთვნება, თუმცა კონსტიტუციონალიზმის საწყისად 1918 წლის 26 მაისი და ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული პირველი კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი – საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიჩნევა, რასაც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის – 1921 წლის 21 თებერვლის პირველი კონსტიტუციის მიღება მოჰყვა.

პროექტის ავტორები შეეცადნენ საქართველოს კონსტიტუციის განვლილი გზა მოკლემეტრაჟიან ანიმაციაში გასაგებად და ლაკონიურად გადმოეცათ ისეთი ხერხებით, რაც საინტერესო და ინფორმატიული იქნებოდა ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივმა ინიციატივამ პროექტის სახე მიიღო და იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის გამარჯვებული გახდა“, – აღნიშნა ირაკლი გაბისონიამ. 

ცნობისათვის, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსი, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების, სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით, ყოველწლიურად ცხადდება.

სტუ-ის აკადემიური საბჭოს განცხადება

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება უნივერსიტეტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ. 

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 09 ოქტომბრის №01-05-04/162 დადგენილების შესაბამისად.

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები დაინიშნოს 2024 წლის 01 ნოემბერს. 

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდეს 2024 წლის 18 ოქტომბრიდან 2024 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

3. კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართოს 2024 წლის 31 ოქტომბერს. 

4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) გააჩნია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

გ) აქვს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

დ) არის 65 წელზე ნაკლები ასაკის. 

5. კონკურსანტმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;

ბ) მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი; 

ე) სამოქმედო პროგრამა;

ვ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

თ) 1 ფოტო სურათი (ზომით 3×4 სმ).

6. განაცხადები მიიღება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სამდივნოში, თბილისი, კოსტავას,77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 233. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.

7. უნივერსიტეტის წესდების თანახმად, აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2024 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. #77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება. 

სტუ-ში VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია” ჩატარდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია” ჩატარდება. კონფერენციის ორგანიზატორია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, პარტნიორები – სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი (გლივიცე, პოლონეთი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი.

VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, რომელიც კერძო და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების  გადასაჭრელად მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო ფორუმს წარმოადგენს, სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძეა. კონფერენცია ორდღიანია და მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები და მკვლევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოს 15 წამყვანი უნივერსიტეტის მეცნიერები, მკვლევრები და სტუდენტები.

„კონფერენციაზე ჯამში წარმოდგენილია 50-მდე სამეცნიერო მოხსენება და კვლევის შედეგები რომლებიც ეხება საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის დარგში არსებულ მდგომარეობას, პრობლემებს და განვითარების ტენდენციებს. ასევე, მოძრავი შემადგენლობისა და ტექნოლოგიური ტრანსპორტის დინამიკას, სატრანსპორტო საშუალებების დიაგნოსტიკის, მონიტორინგის, ტექნიკური მდგომარეობის და მომსახურების საკითხებს, ტრანსპორტის საინფორმაციო სისტემებს და ტექნოლოგიებს, ინტელექტუალურ სატრანსპორტო სისტემებს, ტრანსპორტისა და ეკოლოგიის საკითხებს და სხვა აქტუალურ თემებს“, – აცხადებს დეკანი.

ინფორმაციისთვის: VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მუშაობას დაიწყებს 16 ოქტომბერს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, კონფერენციის ფარგლებში, ესტუმრება 6 ქვეყნის 12 დელეგაცია. 17 ოქტომბერს კონფერენციის სასესიო მუშაობა გაგრძელდება ქართულ და საერთაშორისო სასესიო პანელებად. კონფერენცია ოფიციალურად დაიხურება 18 ოქტომბერს. კონფერენციის ბიზნეს პარტნიორები არიან კომპანიები „ავტოტექნო“; „ავტობანი“; „ლაიონტრანსი“ და „გრინვეი“.

სტუ-ში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის პატრონაჟით, საქართველოს სამთო საზოგადოების ყრილობა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და პატრონაჟით, საქართველოს სამთო საზოგადოების ყრილობა გაიმართა, რომელსაც დარგში მოღვაწე მეცნიერები, ექსპერტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და სტუმრები, საერთო ჯამში, 700-მდე მეტი პირი ესწრებოდა. 

სამთო საზოგადოების ყრილობას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, სამთო ინჟინერია არის დარგი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ხოლო სამთო საზოგადოება არის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, მდგრადი განვითარების პირობებში, მოსახლეობის კეთილდღეობა უზრუნველყოს.

საქართველოს სამთო საზოგადოების ყრილობა.png

„სამთო ინჟინერია პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის განვითარება ქვეყნის მდგრადი და მზარდი ეკონომიკის ერთ-ერთი საფუძველია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ერთადერთი უმაღლესი სკოლა, რომელიც დარგს სპეციალისტებით უზრუნველყოფს და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის ზრდის მაღალკვალიფიციურ სამთოელებსა და გეოლოგებს. წლების განმავლობაში კერძო სექტორი ღიად საუბრობდა სპეციალისტების ნაკლებობაზე, რაც ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი იყო. 90-იან წლებში განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის პერიოდი სავალალოდ აისახა ამ დარგზეც, თუმცა ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განგვევითარებინა ფაკულტეტი. დიდია პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის მეთაურის, ბატონი ირაკლი კობახიძის და ხელისუფლების წვლილი ფაკულტეტის და, შესაბამისად, ქვეყანაში ამ მეტად საჭირო დარგის აღორძინება-განვითარებაში. ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ წელს ეროვნული გამოცდებით სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩარიცხულთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალი იყო. 

მადლობა მინდა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული მადლობა „არემჯის” ხელმძღვანელობას. ჩვენ ერთად უნდა განვავითაროთ დარგი, რომლის წინსვლისთვის აუცილებელია მეცნიერ-მკვლევრებისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევა. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია ბოლო წლებში ეკონომიკის მკვეთრი აღმავლობის ფონზე. დღეს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა არნახული ტემპით იზრდება, შესაბამისად, ყველა საშუალება გვაქვს მეტ წარმატებას მივაღწიოთ. მეტი წარმატება ჩვენს მომავალ თაობას უკეთესი ცხოვრების გარანტიას აძლევს. 

სამთო საზოგადოების ყრილობაზე შეუძლებელია არ გავიხსენოთ ადამიანები, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს სამთო საქმის განვითარებაში. დღეს ჩვენ გვერდით აღარ არიან მეცნიერები და ღვაწლმოსილი სამთოელები – სამთო საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი რევაზ სტურუა, ლევან მახარაძე, გურამ ვარშალომიძე. დიდი მეცნიერის, არჩილ ძიძიგურის მიერ დაფუძნდა სამთო საზოგადოება, რომლის გზა ბორის დემეტრაძემ გააგრძელა. მისი თაოსნობით საზოგადოება არჩილ ძიძიგურის სახელს ატარებს. სასიხარულოა, რომ ამ მეცნიერთა გაკვალულ გზას წარმატებით აგრძელებენ მათი მოწაფეები. წარმატებები მინდა ვუსურვო სამთო საზოგადოებას და მომავალ სამთოელებს”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ. 

სამთო საზოგადოების პრეზიდენტის თქმით, დარგი ვითარდება, იზრდება და ძლიერდება. როგორც პროფესორმა ირაკლი გუჯაბიძემ აღნიშნა: „სამთო საზოგადოების ამოცანაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სამთო დარგის განვითარებას. იზრდება სამეცნიერო წრეებთან, პრაქტიკოსებთან და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან კავშირები. ჩვენ ერთად ვმსჯელობთ დარგში არსებული პრობლემების გადაჭრის შესახებ. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ კერძო სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში, კადრების მომზადებასა და გადამზადებაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თითოეული აქტივობა ხორციელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის პატრონაჟით, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებ”, – აღნიშნა ირაკლი გუჯაბიძემ.

სამთო საზოგადოების ყრილობის დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სამთო ინსტიტუტის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ, აკადემიკოსმა ლევან ჯაფარიძემ, RMG-ის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ, „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მიხაილ სოცკიმ, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ანზორ აბშილავამ, პროფესორებმა – ალექსანდრე ბეჟანიშვილმა და ნოდარ ფოფორაძემ. 

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი გაიმართა, რომელშიც ქორეოგრაფიული ანსამბლი “მერანი“, ფოლკლორული ჯგუფი “ფესვები“ და გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი “ქალდეა“ მონაწილეობდნენ.

სამოგზაურო გრანტები საშუამავლო ღონისძიებებისთვის

„ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ეროვნული ოფისი დაინტერესებულ პირებს  საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად, NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტებს სთავაზობს. 

სამოგზაურო გრანტის ოდენობა 1000 ევრომდეა (ლარის ეკვივალენტში). საშუამავლო ღონისძიებებზე დასწრება სწრაფი და ეფექტური გზაა მომავალი კონსორციუმის შექმნის მიზნით, პარტნიორების მოსაძიებლად და მათთან საპროექტო წინადადებაზე მუშაობის წამოსაწყებად.

როგორ მოვიქცეთ?

მსურველებმა უნდა აირჩიონ ის საშუამავლო ღონისძიება, რომელიც უშუალოდ თქვენ მიერ შერჩეულ ჰორიზონტი ევროპას კონკურსს ეხება (თქვენს კლასტერს), დარეგისტრირდით თქვენთვის საინტერესო საშუამავლო ღონისძიებაზე და შეიტანეთ განაცხადი სამოგზაურო დაფინანსებაზე, რომელსაც გთავაზობთ საქართველოს „ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნული ოფისი.

მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ სამოგზაურო დაფინანსებაზე განაცხადის გაკეთების წესებს. ინფორმაცია იხილეთ საქართველოს გვერდზე.

მომავალი საშუამავლო ღონისძიებების ჩამონათვალი: 

  • 19-21 ნოემბერი, Space Tech Expo Europe – ბრემენი, გერმანია

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?