სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიამ სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე ორი გრანპრი მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ- „მოდინახე“, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე მთავარი ჯილდო და ასევე, ტურისტული სააგენტოების დაწესებული გრანპრი მოიპოვა.
სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალი თურქეთში, ავსალარში ჩატარდა და მასში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სტუდენტურმა თეატრმა მიიღო მონაწილეობა.
სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიამ ფესტივალზე რეჟისორის და სამხატვრო ხელმძღვანელის ნუგზარ ბუცხრიკიძის მიერ, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული ინსცენირება – “ბოშები”, წარადგინა.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიის მორიგი გამარჯვება, პირველ რიგში, არის დასტური იმისა, რომ სპექტაკლში მონაწილე ძველ თაობასთან ერთად ახალი ნაკადი წარმატებით აგრძელებს ტრადიციებს. “მოდინახე” წლებია მონაწილეობს ფესტივალებსა და კონკურსებში. ჩვენ ხშირად ვსტუმრობთ თურქეთს, თუმცა, პანდემიის შემდეგ ეს არის თეატრის პირველი გასვლა მეზობელ ქვეყანაში, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა მოვახსენო აკადემიკოს დავით გურგენიძეს. ჩვენი წარმატება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერის პირდაპირ პროპორციულია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ “ბოშები” საინტერესოდ მიიღო მაყურებელმა. სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა, რაც შედეგზეც აისახა”, – აცხადებს ნუგზარ ბუცხრიკიძე.
თურქეთში, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება. წელს, ფესტივალი, რომელიც რამდენიმე ეტაპიანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ გახსნა. ერთმოქმედებიან პიასაში თეატრის სამი თაობის მოყვარულმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა.
“მეამაყება, რომ ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და ვითვლები “მოდინახეს” არტისტად. თეატრი 77 წლისაა და მის სცენაზე სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ მურმან ჯინორია, გოგი გეგეჭკორი და გივი ბერიკაშვილი, აქ დადგა თავისი პირველი სპექტაკლი დიდმა მიხეილ თუმანიშვილმა. ამ ტრადიციების მქონე დასის წევრად ორი წელია ვითვლები და რამდენიმე სპექტაკლში ვმონაწილეობ. დღეს რომ თავისუფლად ვდგავარ სცენაზე, როლს ვითვისებ და მაყურებლისგან ტაშს ვიმსახურებ, ბატონი ნუგზარ ბუცხრიკიძის დიდი დამსახურებაა. ვსარგებლობ შემთხვევით და სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალში წარმატებას ვულოცავ ჩემს უნივერსიტეტს, დასს და მადლობას მოვახსენებ რექტორს მხარდაჭერისა და უნივერსიტეტში კულტურული ცხოვრების აღორძინებისთვის. რაც ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას, მივიღოთ მაღალკვალიფიციური განათლება”, – აცხადებს “მოდინახეს” მოყვარული მსახიობი, სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ტალახაძე.
სახალხო თეატრ-სტუდიას “მოდინახე” და დასის თითოეულ მსახიობს, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის დიპლომი გადაეცა.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...