სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ მორიგი საგაზაფხულო სესია დაიწყო

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც, ამჯერად უკვე 71 მოსწავლეს შეუძლია გააკეთოს სწორი არჩევანი პროფესიის შერჩევისას“, – ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ ექსკლუზიური პროექტის საგაზაფხულო ეტაპის გახსნისას განაცხადა.

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018 წელს ჩამოყალიბდა. პროექტი და შესაბამისად პროგრამა, რომლის მიხედვითაც მომავალი სტუდენტები ბიზნესის საფუძვლებს სწავლობენ, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავდა.

როგორც რუსუდან ქუთათელაძემ, პროექტის მორიგი საგაზაფხულო ეტაპის გახსნისას აღნიშნა, გასული წლების სესიებში მონაწილეობა მიიღო 300-მდე მოსწავლემ, თბილისი და რეგიონების 50-მდე საჯარო და კერძო სკოლიდან.

„მიმდინარე სესიაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია თბილისის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა გაიარეს და გასული წლებისგან განსხვავებით წელს 71 მოსწავლე მიიღებს სესიებში მონაწილეობას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დამსწრეთა რაოდენობის გაზრდა გამოწვეულია მზარდ დაინტერესებასთან. მადლობას მოვახსენებ რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის. სწორედ მისი უშუალო ჩართულობის საფუძველზე გავზარდეთ ადგილების რაოდენობა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის   123-ე, 54-ე, 18-ე, 213-ე, 60-ე, 61-ე, 55-ე, 51-ე, 179-ე, 47-ე, 32-ე, 135-ე, 71-ე საჯარო სკოლების, კერძო სკოლა „დეას“,  წმინდა ილია მართლის სკოლის, ბევრი სხვა ბიზნესსკოლის დირექციებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პროექტში ჩართულობისთვის. ტექნიკური უნივერსიტეტის ამ სოციალური პროექტის მიზანია, გზა გაუკვალოს ახალგაზრდებს, რომლებიც უახლოეს პერსპექტივაში შესაძლებელია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები გახდნენ. მიღებული ცოდნა მათ აუცილებლად გამოადგებათ პროფესიის უკეთ დაუფლებაში. ეს ერთგვარი ხიდია სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. სკოლებს პროექტში მონაწილეობას, სრულიად უსასყიდლოდ ვთავაზობთ. გამოხმაურებამ, პროექტის ამოქმედებიდან დღემდე, მოლოდინს გადააჭარბა. სამწუხაროდ, ყველა მსურველის ჩართვა, მიუხედავად ადგილების რაოდენობის გაზრდისა, ვერ ხერხდება. თუმცა, რექტორის გადაწყვეტილებით, ვეცდებით ყოველწლიურად გავზარდოთ მისაღები კონტინგენტის რიცხვი. წარმატებები მინდა ვუსურვო მომავალ სტუდენტებს, ჩვენს მსმენელებს”, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ხელმძღვანელის, პროფესორ მერაბ მიქელაშვილის თქმით, სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეხუთე აბიტურიენტი სწავლის გაგრძელებას ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით გეგმავს.

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ამოცანაა, მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მომავალ პროფესიაზე. ჩვენ მათ ამომწურავი პასუხები გავეცით კითხვებზე: რა არის ბიზნესი და ეკონომიკა, რა არის მენეჯმენტი და მარკეტინგი, ემოციური ინტელექტი და ლოგიკური აზროვნება, ლიდერობა და ბიზნეს ეტიკეტი. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლითაც სკოლის მოსწავლეს, მთლიანობაში, წარმოდგენა ექმნება თავის მომავალ პროფესიაზე. მოსწავლეებს ლექციებს უკითხავენ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში, სწავლების კუთხით, ჩვენი დოქტორანტებიც მონაწილეობენ“, – აღნიშნა მერაბ მიქელაშვილმა.

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ორთვიანი საგაზაფხულო სესია გაგრძელდება ექვსი კვირა და  11 მაისს დასრულდება. 

სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტის არსებობის მანძილზე პირველად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის  თავმჯდომარეობით, უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში პირველად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩია, რომლებიც საქმიანობას საზოგადოებრივ საწყისებზე განახორცილელებენ. 

ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულმა აკადემიური საბჭოს სხდომამ, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ წრეებთან ერთად, საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი ქართველი, ევროპელი, აზიელი და ამერიკელი მეცნიერები ესწრებოდნენ, სამეთვალყურეო საბჭოს 18 წევრი სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტის, ლავრენტი გუდავაძის წარდგინების საფუძველზე აირჩია.

სტუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: 

ედვარდ ჩარლზ ბლაჩერი (აშშ)

— პროფესორი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენრიკო ფერმის ინსტიტუტის დირექტორი, სტენფორდის მიწისქვეშა კვლევების კომპლექსის პროგრამის მრჩეველთა კომიტეტის წევრი; 

სატოში მიჰარა (KEK, ცუკუბა, იაპონია) 

— პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, შოთა რუსთაველის ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, იაპონიის განთლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მრჩეველი მეცნიერებაში, 2015-2021 წწ., მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევის ორგანიზაცია (KEK), ნაწილაკებისა და ბირთვული კვლევების ინსტიტუტი, COMET კოლაბორაციის მენეჯერი; 

ტიციანო კამპორეზი (CERN, ჟენევა, შვეიცარია) 

— პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, შოთა რუსთაველის ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, CERN/CMS კოლაბორაციის ყოფილი სპოუკსპერსონი, CERN/CMS ჯგუფის ყოფილი ლიდერი, CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი; 

ლეხ ძენისი (პოლონეთი) 

— პროფესორი, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიდენტი 2012-2020 წწ., ფონდ EKOFUNDUSZ-ის ექსპერტი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის გარემოსდაცვითი ინჟინერიის კომიტეტის წევრი 2012-2015 წწ.; 

რიჩო ლაზაროვი (აშშ) 

— მათემატიკოსი, პროფესორი, ემერიტუსი – ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია, მათემატიკისა და ინფორმატიკის ინსტიტუტი, ემერიტუსი – მათემატიკის დეპარტამენტი, ტეხასის უნივერსიტეტი (აშშ), სკოპუსის მიხედვით ციტირება 5469, h ინდექსი-36; 

იურე ზოვკო (ხორვატია) 

— ფილოსოფოსი, ფილოსოფიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტი (პარიზი), ფილოსოფიისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი (ბრიუსელი, ბელგია),  FISP-ის მმართველი კომიტეტის წევრი; 

რამაზ ხუროძე 

— საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი; 

ზვიად წამალაიძე 

— სტუ-ის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი. 2000 წლიდან დღემდე მონაწილეობს ექპერიმენტებში, რომლებიც ტარდება CERN, KEK, JPARC, არის აღნიშნულ ექსპერიმენტებში კოორდინატორი  საქართველოდან; 

ირაკლი გუჯაბიძე 

— სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამთო-გეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი; 

მინდია უგრეხელიძე 

— პროფესორი, სამართალმცოდნე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 1990-1999, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე – 1999-2009; 

გიორგი კვესიტაძე 

— საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; ტარიელ კვიციანი – სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო მექანიკის და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის #101 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;  

ჯუმბერ იოსებიძე 

— სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი; 

დავით თავხელიძე 

— სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; 

რევაზ კლდიაშვილი 

— სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის  ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი; 

რუსუდან ქუთათელაძე 

— სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; 

ვახტანგ კვარაცხელია 

— სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის  გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი; 

ვახტანგ დავითაია 

— არქიტექტორი, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მას-დელ-პლატას უნივერსიტეტის (არგენტინა) საპატიო დოქტორი, თბილისის და მანსის (ინდიანა, აშშ)  საპატიო მოქალაქე.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, თავის გამოსვლაში აღნიშნა, განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ უნივერსიტეტი ახალი გამოწვევებისთვის ემზადება, რაც ასევე გულისხმობს სწავლა-სწავლების მეთოდიკის კიდევ მეტად დახვეწასა და უნივერსიტეტის მრავალმხრივ განვითარებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ჩვენ  სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ავირჩიეთ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აკადემიურმა საბჭომ შემთხვევით არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანდიდატურებს – თითოეული თქვენგანი, მსოფლიო მასშტაბით, გამორჩეული მეცნიერია. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით მეცნიერების განვითარებაში, ატარებთ უმნიშვნელოვანეს, ფუნდამენტურ კვლევებს, ხსნით ურთულეს ამოცანებს, რომელთა დიდი ნაწილი ცნობილ სამეცნიერო სტატიებშია მოხსენიებული და მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებშია გამოქვეყნებული – სწორედ ეს არის აკადემიური საბჭოს ერთსულოვნების მიზეზი! წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ“, — აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

სამეთვალყურეო საბჭოს ახლადარჩეულმა წევრებმა რექტორს და აკადემიურ საბჭოს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს.

For English Click Here.

საქართველოს სამთო საზოგადოების თავმჯდომარედ სტუ-ის პროფესორი ირაკლი გუჯაბიძე აირჩიეს

საქართველოს სამთო საზოგადოების უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ — პრეზიდიუმმა, საზოგადოების თავმჯდომარედ სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი გუჯაბიძე აირჩია.

სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სამთო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ნიკოლოზ ჩიხლაძე, სამთო მექანიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი ლევან ჯაფარიძე, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი. ასევე, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის და სამთო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრის, პროფესორ ანზორ აბშილავას თქმით, საქართველოს სამთო საზოგადოების თავმჯდომარედ პროფესორ ირაკლი გუჯაბიძის არჩევა შემთხვევითი არაა.

„ირაკლი გუჯაბიძე სამთოელია. უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით შესრულდა საქართველოში კლდეში ნაკვეთი ძეგლების – დავით გარეჯის, ვარძიის, უფლისციხის რესტავრაციისა და რეაბილიტაციის პროექტები, შემუშავდა სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების პროექტები, ქალაქის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობათა გაანგარიშებისა და მათი დაცვის მეთოდები და საშუალებები, შეიქმნა თბილისის მიწისქვეშა სივრცეების ათვისების კონცეფცია. ამ და სხვა სამეცნიერო მოღვაწეობის ფონზე, ირაკლი გუჯაბიძის კანდიდატურა ყველა სამთოელისთვის მისაღებია. ვულოცავ კოლეგას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ანზორ აბშილავამ.

საქართველოს სამთო საზოგადოების ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პრეზიდიუმს ნდობისთვის, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის.

„ძალიან დიდი რესურსები აქვს საქართველოს სამთო საზოგადოებას იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს სამთო-მოპოვებით საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიმართულებით, ამიტომ საინტერესო პროექტების განხორციელებას ვაპირებ. პირველ რიგში პრეზიდიუმს წარვუდგენ სამოქმედო გეგმას, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ვაპირებთ ქვეყნის მასშტაბით შევიკრიბოთ და მოქმედების გეგმა წარვადგინოთ. მოვისმინოთ მათი შეხედულებები და დავიწყოთ აქტიური საქმიანობა“, – განაცხადა ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ.

საქართველოს სამთო საზოგადოების მორიგი სხდომა ერთი თვის ვადაში გაიმართება.

სტუ ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლიანა შეწირულის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული მასწავლებელის, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელის, ოზურგეთის საპატიო მოქალაქის, თბილისის სავიზიტო ბარათის – პირველი კლასიკური გიმნაზიის ყოფილი დირექტორის ლიანა შეწირულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანს, პროფესორ ნიკა შავიშვილს, ლიანა შეწირულის აღზრდილებს, ოჯახს.

„ლიანა შეწირული ნახევარ საუკუნეზე მეტი, 1952-2005 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ამ პერიოდში მან აღზარდა საქართველოს მრავალი სასახელოვანი შვილი — გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები, მეცნიერები, კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენლები, ღირსეული მოქალაქეები. წლების განმავლობაში იკავებდა საარჩევნო თანამდებებს საქართველოსა და თბილისის წარმომადგენლობით ორგანოებში, იყო მრავალი საერთშორისო კონგრესის, კონფერენციისა და სიმპოზიუმის დელეგატი და წამყვანი.

ლიანა შეწირულის სახელი არასდროს დაავიწყდება საზოგადოებას, რამეთუ, მისი ძალისხმევით საქართველოს, თბილისს შეუნარჩუნდა 1991-92 წლებში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დანგრეული კლასიკური გიმნაზიის ისტორიული შენობა.

სწორედ ლიანა შეწირულის დამსახურებაა 1995 წლის 1 სექტემბერს აღდგენილი შენობის საზეიმო გახსნა. განახლებულმა პირველმა კლასიკურმა გიმნაზიამ გააგრძელა მემკვიდრეობით მიღებული საუკეთესო ტრადიციები. აღდგენილ იქნა გიმნაზიის ბიბლიოთეკა, რომელიც კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა სასკოლო ბიბლიოთეკებს შორის. განახლდა სკოლის მუზეუმი, სასწავლებელში მოქმედებს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 1994 წლიდან თბილისის კლასიკური გიმნაზია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში იუნესკოს ასოცირებული წევრი გახდა.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიას, ამ სახელოვან, დიდი ისტორიის მქონე სკოლას 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალბატონი ლიანა. გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ იმ თაობებს, რომლებიც ამ პერიოდში სწავლობდნენ გიმნაზიაში.

მშვიდობით, ქალბატონო ლიანა! მსუბუქი იყოს თქვენთვის ქართული მიწა!“ – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

სტუ-ში ახალი სტუდენტური პროექტი — „რობოტების ბრძოლა“ დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სტუდენტებისა და „ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ ინიციატივით, ახალი, მასშტაბური პროექტი – „რობოტების ბრძოლა“, დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება გახსნა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა. როგორც პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა, „რობოტების ბრძოლა“ თავისი არსით სპორტულ პაექრობას წარმოადგენს.

„ღონისძიების უმთავრესი მიზანი იყო სტუდენტებს თავად შეექმნათ რობოტები და მოეხდინათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: რობოტოტექნიკა, მექატრონიკა, ელექტრონიკა, სისტემების მართვა და პროგრამირება. სტუდენტებმა დავალება წარმატებით შეასრულეს, მათ შეძლეს მუყაოში და რკინის დეტალებში გადაეტანათ იდეები, მოეხდინათ მათი ვიზუალიზაცია და „რინგზე გამოეყვანათ“ თავიანთი შრომის შედეგი – კრეატიული ტრანსფორმაცია. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ამ ღონისძიების და ზოგადად, სტუდენტთა ინიციატივების მხარდაჭერისთვის. მადლობა სტუ-ის კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს, ასევე, ტექნოპარკს და სტუ-ის ფაბლაბს, ვირტუალური კომპიუტერულ ცენტრს. იდეისთვის მადლობა სტუ-ის რექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში, პროფესორ თამარ ლომინაძეს და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსს ზაზა ბუაჩიძეს. სტუდენტების მენტორს, იდეის განმახორციელებელს ასისტენტ-პროფესორს გოჩა ზედგენიძეს, ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევითი ლაბორატორიის მთელ გუნდს, სტუდენტ-სტაჟიორებს და მათ ხელმძღვანელს ბესარიონ ციხელაშვილს“, — განაცხადა თალიკო ჟვანიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, თავის მისასალმებელ სიტყვაში, მადლობა გადაუხადა ახალი სტუდენტური პროექტის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს, სტუდენტებს, მონაწილეებს. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რექტორატი სტუდენტებს ყოველთვის დაუჭერს მხარს ახალი იდეების განხორციელებაში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო იდეების სამჭედლო. სასიხარულოა, რომ ამ ტრადიციას წარმატებით აგრძელებს ახალი თაობა, საქართველოს ხვალინდელი დღე. მინდა წარმატება ვუსურვო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის თითოეულ წარმომადგენელს, მათ, ვინც ზრუნავს მაღალკვალიფიციური სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად სტუდენტებს თავის გამოვლენის საშუალება მისცენ – სწორედ ეს არის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მისია. ეს არის ღონისძიება, სადაც სტუდენტების ინტელექტუალური მონაცემები საინტერესოდაა შერწყმული სპორტულ შეჯიბრთან. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ბიზნეს სექტორის ღონისძიებაში ჩართულობის შესახებ. სწორედ მათი მხარდაჭერით დაჯილდოვდნენ სტუდენტები, რომელთაც ერთი მშვენიერი საღამო გვაჩუქეს და რაც მთავარია, ახალი და საინტერესო პროექტი განახორციელეს“, — განაცხადა რექტორმა.

უნივერსიტეტის ცნობით, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების ახალ პროექტს მხარს უჭერდნენ: „არემჯი“; ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ედისონი“; ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანი – 2025; „Cambion networks”-ის რეგიონული დისტრიბუტორი „ციფრული ტექნოლოგიები“; ტექნოლოგიური კომპანიები – „იტერა ჯგუფი“ და More Smarts Solution”, რომელთაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს.

სტუ-ის მეცნიერმა უკაშხალო ჰესი და მის ბაზაზე ელექტროენერგიის გენერაციის კომბინირებული სისტემა შექმნა

„ახალი უკაშხლო ჰიდროელექტროსადგური და მის ბაზაზე გამოსამუშავებელი ელექტროენერგიის კომბინირებული სისტემა“ – ამ სათაურით გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ სტუ-ის  მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის,  საპატიო დოქტორის, პოლკოვნიკ გოგი კვარაცხელიას  ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მეცნიერი მის ახალ გამოგონებაზე საუბრობს.

როგორც გოგი კვარაცხელია ინტერვიუში აღნიშნავს, მისი ახალი  გამოგონება,  ენერგეტიკის დარგს განეკუთვნება.  

მისივე თქმით, გამოგონება განახლებადი ენერგიის წყაროებს შეეხება  და განკუთვნილია ელექტროენერგიის გენერაციისათვის მდინარეებში თავისუფლად მომდენი წყლის ნაკადებიდან, ან წყლის, ქარის და მზის ენერგიებიდან ელექტროენერგიის კომბინირებულად გამოსამუშავებლად.

ცნობილია, რომ  გოგი კვარაცხელია წლების განმავლობაში მუშაობს ახალი ტიპის საფრენ აპარატებზე, თუმცა ყოველთვის მუდმივი დენის ენერგიაზე იყო ორიენტირებული და საფრენი აპარატების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, სწორედ მუდმივი დენის ენერგია მიაჩნდა.  მეცნიერი  ახალ გამოგონებაზე  ვრცლად საუბრობს  გაზეთ  „საქართველოს რესპუბლიკის“  15 მარტის ნომერში.

იხილეთ სტატია

 

სტუ-სა და ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი, პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სამეცნიერო კვლევების გააქტიურებას გეგმავს.

დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ და  და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა თამარ თორიამ მოაწერეს ხელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, თამარ ლომინაძის განაცხადებით, მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას,  სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების ხელშეწყობას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სემინარების, ვორქშოპებისა და სხვა ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვას, განხორციელება და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარებაში თანამშრომლობას გულისხმობს.

„საქართველო არის აგრარული ქვეყანა, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტმა აიღოს პასუხისმგებლობა კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებელთან თანამშრომლობა, ისინი განსაზღვრავენ როგორი უნარჩვევების პროფესიონალები დაჭირდება ქვეყანას მომავალში. ასევე, სტუდენტებისთვისაც მნიშვნელოვანია იცოდნენ რა მიმართულებით წარმართონ თავიანთი რესურსები, იმისათვის რომ ხვალ მოთხოვნადი სპეციალისტები იყვნენ. ღონისძიებას ესწრებიან აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე. ასევე, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, იმდენად, რამდენადაც ფერმერთა ასოციაცია დაინტერესებულია ჰიდროინჟინერიის მიმართულებითაც. სამშენებლო ფაკულტეტის შესაბამისი პროგრამა ამზადებს მაღალკვალიფიციურ მომავალ ჰიდროინჟინრებს. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია არის მრავალი საერთაშორისო ასოციაციისა და ორგანიზაციის წევრი, მათთან ერთად ახორციელებს მრავალ პროექტს, ეს კი  სტუდენტს აძლევს შანსს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მრავალმხრივ გამოიყენოს. დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ჩვენს უნივერსიტეტსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის მყარი პარტნიორობის გარანტი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად ვიზრუნოთ ახალგაზრდა, კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

მემორანდუმი მიმართულია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელების მხარდაჭერაზე, რაც საქართველოში აგრარული სექტორით დაინტერესებული  პირების განათლების დონის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.

შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები – პროფესორები: თამარ ლომინაძე და თამარ წერეთელი, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციისა და თურქმენეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

დავით გურგენიძემ დოვლეტმირატ სეიტმამედოვს ელჩად დანიშვნა მიულოცა და ქართულ-თურქმენული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში წარმატებები უსურვა.

რექტორმა თურქმენეთის ელჩს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია გააცნო, ესაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების, ასევე, იმ კონტაქტებისა და სამეცნიერო კოლაბორაციების შესახებ, რაც ქართულ უმაღლეს საინჟინრო-ტექნოლოგიურ სკოლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან აკავშირებს.

მხარეებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტების განხორციელების, ასევე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობები განიხილეს.

„ჩვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის დაახლოებისა და ხედვების შეჯერების პროცესში ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აქტიურად განიხილება ორი ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეების ინტეგრაცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაინტერესებულია თურქმენეთის უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობით, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მეცნიერები, გლობალური კოლაბორაციების ფარგლებში, წარმატებით ახორციელებენ საერთაშორისო პროექტებს ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, მსოფლიოს ისეთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN-ი შვეიცარიაში, KEK-ი და J-PARC-ი იაპონიაში, Fermilab-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იულიხის კვლევითი ცენტრი გერმანიაში და ა.შ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, თანამშრომლობა გააღრმაოს თურქმენეთის წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორც ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიმართულებით, როგორც საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ, ასევე, ჰუმანიტარულ დარგებში. გარდა ამისა, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ თურქმენ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროპული სტანდარტის შესაბამის განათლებას მიიღებენ, ექნებათ წვდომა თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურასთან და შესაძლებლობა, გამოიმუშაონ პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები უახლესი აპარატურით აღჭურვილ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებში. დარწმუნებული ვართ, საქართველოსა და თურქმენეთს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაცია მომავალში გაცილებით ღრმა და მრავალმხრივი გახდება“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

ელჩმა, დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა ქართულ მხარეს თურქმენეთში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების, ასევე, თურქმენეთის უნივერსიტეტების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ელჩმა  საგანმანათლებლო სფეროში ორი ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა და რექტორს საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში თურქმენეთის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და საქართველოში  თურქმენეთის ელჩმა ურთიერთობების მრავალმხრივი გაღრმავებისთვის სრული  მზაობა გამოთქვეს. 

შეხვედრის შემდეგ თურქმენეთის ელჩმა ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში დაცული რარიტეტული კოლექციები დაათვალიერა.

წინ დორტმუნდისკენ, წინ ევროპისკენ! – სტუ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და სრულიად საქართველოს გადამწყვეტ გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში გადამწყვეტ გამარჯვებას ულოცავს.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!

დღეს როგორც არასდროს, საქართველო ერთ მუშტად არის შეკრული და ყოველ ჩვენგანს ასე ნანატრი გამარჯვების საერთო რწმენა გვაერთიანებს. ამ გამარჯვებამ მოგვიტანა განუზომელი სიხარული და უდიდესი მოლოდინი მორიგი ღირსეული გამარჯვებებისა. ჩვენთვის ფეხბურთი არასდროს ყოფილა მხოლოდ სპორტი, ეს იყო და არის სრულიად საქართველოს გამაერთიანებელი ძალა, რწმენა მომავლისა, რომ სულ მალე ქართული დროშის ღირსებას ისევ დაიცავენ ჩვენი ძმები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შრომით, სიკეთით, მშვიდობით, ერთიანობით უდიდესი, წარმოუდგენელი მიზნების მიღწევა შესაძლებელია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები ვუერთდებით უდიდეს საყოველთაო სიხარულს და ვულოცავთ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, გმირ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მათ ყველა მხარდამჭერს, გულშემატკივრებს და მადლობას ვუხდით ამ აღმაფრენისთვის, იმედისა და გამარჯვების რწმენისთვის.

გილოცავთ საქართველო!

წინ დორტმუნდისკენ! წინ ევროპისკენ, წინ მომავლისკენ – კიდევ მრავალი გამარჯვებით!“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელამ და სამხატვრო ხელმძღვანელმა, ციცი ფალავანდიშვილმა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება უნივერსიტეტიდან მიულოცეს.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 24 აპრილს, სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება.

კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც საქართველოში აკრედიტებული, ასევე, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი ვალდებულია:

· გაიაროს რეგისტრაცია და რეგისტრაციისას წარადგინოს საკუთარი ნაშრომის ქართულ- და ინგლისურენოვანი თეზისი (ერთი ამობეჭდილი და ერთი ელექტრონული (СD დისკზე ჩაწერილი) ვერსია) თეზისის ტექნიკური გაფორმების ინსტრუქციის სრული დაცვით;

·დარეგისტრირების შემდეგ, ნაშრომის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს შესაბამის ფაკულტეტზე, სათანადო სექციის ხელმძღვანელ პირთან.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 29 მარტიდან 20 აპრილამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების ცენტრში | სტუ-ის ადმინისტრაციული შენობა | მე-2 სართული, ოთახი №236 | მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას 77;    

მონაწილეებმა ნაშრომები უნდა წარადგინონ შესაბამის ფაკულტეტებზე, სათანადო სექციის ხელმძღვანელ პირთან, 29 მარტიდან 23 აპრილამდე.

კონფერენციის გახსნის თარიღი, დრო და ადგილი: 2024 წლის 24 აპრილი, 16:00 საათი;

სტუ-ის ადმინისტრაციული შენობა | მე-3 სართული | გიორგი ნიკოლაძის დარბაზი | მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას 77;

კონფერენციის სექციების მუშაობა: 29 აპრილიდან 18 მაისამდე, შესაბამის ფაკულტეტებზე.

კონფერენციის დახურვის თარიღი: 2024 წლის 14 ივნისი, 16:00 საათი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა | მე-3 სართული | ივანე ჯავახიშვილის დარბაზი | მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას 77.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების ცენტრს; საკონტაქტო ნომერი: (+995 32) 2 77 11 11/7044

 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?