სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.

შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები – პროფესორები: თამარ ლომინაძე და თამარ წერეთელი, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციისა და თურქმენეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

დავით გურგენიძემ დოვლეტმირატ სეიტმამედოვს ელჩად დანიშვნა მიულოცა და ქართულ-თურქმენული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში წარმატებები უსურვა.

რექტორმა თურქმენეთის ელჩს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია გააცნო, ესაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების, ასევე, იმ კონტაქტებისა და სამეცნიერო კოლაბორაციების შესახებ, რაც ქართულ უმაღლეს საინჟინრო-ტექნოლოგიურ სკოლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან აკავშირებს.

მხარეებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტების განხორციელების, ასევე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობები განიხილეს.

„ჩვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის დაახლოებისა და ხედვების შეჯერების პროცესში ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აქტიურად განიხილება ორი ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეების ინტეგრაცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაინტერესებულია თურქმენეთის უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობით, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მეცნიერები, გლობალური კოლაბორაციების ფარგლებში, წარმატებით ახორციელებენ საერთაშორისო პროექტებს ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, მსოფლიოს ისეთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN-ი შვეიცარიაში, KEK-ი და J-PARC-ი იაპონიაში, Fermilab-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იულიხის კვლევითი ცენტრი გერმანიაში და ა.შ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, თანამშრომლობა გააღრმაოს თურქმენეთის წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორც ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიმართულებით, როგორც საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ, ასევე, ჰუმანიტარულ დარგებში. გარდა ამისა, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ თურქმენ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროპული სტანდარტის შესაბამის განათლებას მიიღებენ, ექნებათ წვდომა თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურასთან და შესაძლებლობა, გამოიმუშაონ პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები უახლესი აპარატურით აღჭურვილ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებში. დარწმუნებული ვართ, საქართველოსა და თურქმენეთს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაცია მომავალში გაცილებით ღრმა და მრავალმხრივი გახდება“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

ელჩმა, დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა ქართულ მხარეს თურქმენეთში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების, ასევე, თურქმენეთის უნივერსიტეტების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ელჩმა  საგანმანათლებლო სფეროში ორი ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა და რექტორს საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში თურქმენეთის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და საქართველოში  თურქმენეთის ელჩმა ურთიერთობების მრავალმხრივი გაღრმავებისთვის სრული  მზაობა გამოთქვეს. 

შეხვედრის შემდეგ თურქმენეთის ელჩმა ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში დაცული რარიტეტული კოლექციები დაათვალიერა.


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?