„ჟიული შარტავა: სიმამაცისა და პატრიოტიზმის მემკვიდრეობა” — საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პარლამენტის ყოფილი წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულის – ჟიული შარტავას დაბადებიდან 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ჟიული შარტავას დაბადებიდან 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მამუკა გიორგაძემ საჯარო ლექცია – „ჟიული შარტავა: სიმამაცისა და პატრიოტიზმის მემკვიდრეობა”, გამართა. 

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საჯარო ლექცია მიზნად ისახავს ჟიული შარტავას ღირსსახსოვარი მემკვიდრეობისადმი კიდევ ერთხელ პატივისცემის გამოხატვას და სტუდენტებისთვის მისი გმირობის გაცნობას.

პროფესორმა მამუკა გიორგაძემ ჟიული შარტავას ქმედებების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული გმირის ცხოვრება პატრიოტიზმისა და თავგანწირვის დიდებული ნიმუშია, რომელიც შთააგონებს მომავალ თაობებს დაიცვან ის ღირებულებები, რისთვისაც იბრძოდნენ ჟიული შარტავა და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცები.

„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი”, – ეს თქვა ადამიანმა, რომელიც საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლის სათავეში იდგა არა იარაღით, არამედ პრინციპებით, ღირსებითა და მოვალეობის ურყევი რწმენით. იმ დროს, როდესაც ქაოსითა და ომით მტერი ჩვენი ერის სულისკვეთების ჩაკვლას ცდილობდა, ჟიული შარტავამ დანებებას ბოლო ამოსუნთქვამდე სამშობლოს დაცვა არჩია. რას ნიშნავს მისი გმირობა ჩვენთვის დღეს? ეს უფრო მეტია, ვიდრე მეხსიერება, ეს არის უმაღლესი პასუხისმგებლობა. შარტავას ცხოვრება გვასწავლის, რომ პატრიოტიზმი არ არის მხოლოდ სიტყვები – ეს არის მოქმედება. საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობისადმი მისმა ურყევმა ერთგულებამ უნდა შთააგონოს თითოეული ჩვენგანი, ვიღვაწოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და დავიცვათ ის ფასეულობები, რისთვისაც მან სიცოცხლე გასწირა. თქვენ, საქართველოს მომავალს ჟიული შარტავას გამბედაობა შეგახსენებთ, რომ ნამდვილი ძალა კეთილსინდისიერებაშია, ხოლო ჭეშმარიტი პატრიოტიზმი განისაზღვრება სამშობლოს მსახურების სურვილით. ყოველთვის გვახსოვდეს მისი თავგანწირვა, პატივი მივაგოთ მის მემკვიდრეობას და ვაშენოთ საქართველო, რომელზეც ის ოცნებობდა”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში მამუკა გიორგაძემ.

ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიაში – „მოდინახე“, დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით, რეჟისორმა გიორგი ჭანტურიამ დრამატული სპექტაკლი – „უკანასკნელი თოლია“, დადგა.

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო!

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 5 მარტს 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. ძირითად ეტაპზე – 2 აპრილის 18:00 საათამდე, გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური და შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები.

საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ მათ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც. 

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტები გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.

დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეეძლებათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. ასევე, აბიტურიენტს შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.

რეგისტრაციის პროცესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდს.

აქვე გაეცანით ინფორმაციას, თუ რატომ უნდა აირჩიოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

სტუ-ში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატის სამოქმედო გეგმა მოისმინეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, კანდიდატმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა სამოქმედო გეგმა – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების პერსპექტივები”, წარადგინა.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოფილმა დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა მადლობა გადაუხადა რექტორს და დამსწრე საზოგადოებას, განვლილი პერიოდის განმავლობაში მხარდაჭერისა და აქტიური, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

როგორც ივანე ჯაგოდნიშვილმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია, საპასუხისმგებლო პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება და აღნიშნა, რომ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების პერსპექტივები”, ასახავს უნივერსიტეტის მართვის ორგანოს სამოქმედო გეგმას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, საუნივერსიტეტო ცხოვრების თითოეული მიმართულებისთვისაა შემუშავებული.

მისი თქმით, პროგრამა აერთიანებს სასწავლო და კვლევით პროცესს, სასწავლო და კვლევით გარემოს, ინფორმაციის მართვის, ინოვაციების, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ინტერნაციონალიზაციის მიზნებს.

„ჩემთვის საპასუხისმგებლოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინაშე მოხსენებით გამოსვლა. ორმაგად საპასუხისმგებლოა მონაწილეობა მივიღო კონკურსში ისეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის დასაკავებლად, როგორიცაა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმატებით გააგრძელებს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, რომელიც წარმატებით განახორციელა ჩემმა წინამორბედმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით მახვილაძემ. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე, როგორც დეკანი, ჩვენი ფაკულტეტი და სტუდენტები ვგრძნობდით. მადლობა აკადემიურ საბჭოს, კოლეგებს. 

როდესაც ვფიქრობთ ჩვენს მიღწევებზე და განვიხილავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მომავალს, როგორც მეცნიერს, მკვლევარს, პროფესორს და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატს, მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის განვითარება დამოკიდებულია საერთო ხედვაზე – ისეთ ხედვაზე, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს აკადემიურ წარმატებებს, ინოვაციებს და სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატება განუყოფელია ჩვენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წარმატებასგან. იმისათვის, რომ გავაგრძელოთ წინსვლა სწავლება-სწავლის გაძლიერების მიმართულებით, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით უნდა გავაძლიეროთ ჩვენი აკადემიური პროგრამები, უნდა ჩავდოთ მეტი ინვესტიცია ფაკულტეტების განვითარებაში, რათა ჩვენს პროფესორებს კიდევ მეტად ჰქონდეთ წვდომა სწავლების უახლეს მეთოდოლოგიებსა და კვლევის შესაძლებლობებზე; მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას უფრო დინამიკური და მიმზიდველი სასწავლო გარემოს შესაქმნელად. უნივერსიტეტი ვითარდება, როდესაც ის ხდება კვლევისა და ინოვაციების ცენტრი.

ამ მიმართულებით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ინოვაციური ჰაბები, სადაც სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეუძლიათ ერთად იმუშაონ უახლესი ტექნოლოგიების შესაქმნელად. სტუდენტების წარმატება არის ჩვენი საბოლოო მიზანი. იმისათვის, რომ უკეთ მოვამზადოთ ისინი მომავლისთვის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პრაქტიკული სწავლება, მათ შორის, სტაჟირება, ინდუსტრიებთან პარტნიორობა და რეალურ სამყაროში არსებული პროექტები; მეტად უნდა განვახორციელოთ სასწავლო გეგმის მოდერნიზება, რომელშიც აისახება სამუშაო ბაზრის და განვითარებადი ინდუსტრიების მოთხოვნები; მეტად უნდა გავაძლიეროთ კარიერის განვითარების სერვისები. დარწმუნებული ვარ, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, ჩვენ შევძლებთ ყველა გამოწვევის წარმატებით დაძლევას”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ივანე ჯაგოდნიშვილმა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, უნივერსიტეტს აკისრია ხარისხის უზრუნველყოფისა და მუდმივი გაუმჯობესების ვალდებულება, რაშიც წამყვანი როლი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს აკისრია. 

„ხარისხის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ მოთხოვნა – ეს არის სრულყოფის ვალდებულება. ამდენად, აკადემიური პროგრამების შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით, კიდევ მეტი შრომაა საჭირო. ჩვენ ვალდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ აკრედიტაციის სტანდარტების არა მხოლოდ დაკმაყოფილება, არამედ მეტად განვითარება, რაც აძლიერებს ჩვენს, როგორც რეგიონში წამყვანი ინსტიტუციის რეპუტაციას.

ჩვენი უნივერსიტეტის მომავალი ჩვენს ხელშია. წარმატება მოითხოვს თანამშრომლობას პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის. უნივერსიტეტის წარმატება ქვეყნის წარმატება და მომავალია, ამიტომ, მოვუწოდებ თითოეულ თქვენგანს, იყოთ მეტად აქტიურნი როგორც კვლევისა და სწავლების, ასევე, სტუდენტთა ჩართულობის მიმართულებით. ჩვენ ერთად ვავითარებთ უნივერსიტეტს, რომელიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აყალიბებს ახალ სტანდარტებს განათლებასა და ინოვაციაში”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი თებერვალში გამოცხადდა, ხოლო არჩევნები 7 მარტისთვის ჩაინიშნა.

სტუ-მ CERN/IPPOG კოლაბორაციის საერთაშორისო მასტერკლასს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN, შვეიცარია) საერთაშორისო შემეცნებით მასტერკლასს უმასპინძლა, რომელშიც თბილისის სხვადასხვა სკოლის STEM და ტექნოლოგიურ მეცნიერებებზე ორიენტირებული 40-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 

საქართველოში მასტერკლასი, CERN/IPPOG (International Particle Physics Outreach Group) კოლაბორაციასთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, CERN/IPPOG კოლაბორაციის წევრის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

საერთაშორისო ღონისძიება, რომლის მიზანს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობების მოზიდვა და ფუნდამენტური კვლევებით დაინტერესება წარმოადგენს, ახალგაზრდებისთვის CERN-ის სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობის, ასევე, საკუთარი უნარების წარმოჩენისა და შეფასების უნიკალური საშუალებაა. 

CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასი, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ფაკულტეტის პროფესორი თინათინ კაიშაური, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი, ამავე ცენტრის მკვლევარი, დოქტორი ბესიკ კეკელია და სხვა მოწვეული მკვლევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა გახსნეს. 

ვიცე-რექტორი მასტერკლასის მონაწილე ახალგაზრდებს CERN-ში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების, IPPOG კოლაბორაციისა და საერთაშორისო შემეცნებითი მასტერკლასის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, CERN-ის შემეცნებითი მასტერკლასები, პარალელურ რეჟიმში, ევროპის ოთხ უმაღლეს სასწავლებელში – სპლიტის უნივერსიტეტში (ხორვატია), ბირთვული კვლევებისა და ბირთვული ენერგიის ინსტიტუტში (BAS, სოფია, ბულგარეთი), ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტსა (სტამბოლი, თურქეთი) და კვიპროსის უნივერსიტეტში (ნიქოზია) იმართება.
 
როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს, საქართველოში, CERN/IPPOG საერთაშორისო შემეცნებითი მასტერკლასის არეალი გაფართოვდა და თბილისის გარდა მას ოთხი ქალაქის – გორის, თელავის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტები მასპინძლობენ. 

„CERN-ის საერთაშორისო შემეცნებითი პროექტი ახალგაზრდებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრში მიმდინარე კვლევებს გაეცნონ, თვალნათლივ დაინახონ ის შესაძლებლობები, რესურსები და პოტენციალი, რაც მათ ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ STEM და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესდებიან და თავიანთი მომავალ საქმიანობას მეცნიერებას დაუკავშირებენ. დღეს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს, საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, უნიკალური შესაძლებლობა აქვთ გაიფართოონ თვალსაწიერი და მიღებული ცოდნა საქართველოს განვითარებას მოახმარონ, რადგან საზოგადოების სრულფასოვანი განვითარება შეუძლებელია მეცნიერების გარეშე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც CERN/IPPOG კოლაბორაციის წევრია, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დააინტერესოს და დაარწმუნოს, რომ თანამედროვე მსოფლიოს საყრდენი მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკაა. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცერნის მასტერკლასები მეხუთედ ტარდება და სასიხარულოა, რომ წელს ამ შემეცნებითი ღონისძიების არეალი გაფართოვდა და, თბილისთან ერთად, ოთხ ქალაქში ტარდება. მასტერკლასებს საქართველოში უძღვება ბირთვული ინჟინერიის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი, რომელიც ამავდროულად არის IPPOG კოლაბორაციაში საქართველოს წარმომადგენელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დაინტერესება შემეცნებითი მასტერკლასების მიმართ არის ძალიან მაღალი, დარეგისტრირდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც გამოირჩევიან როგორც აკადემიური მიღწევებით, ასევე, სწრაფვით ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისკენ. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო მასტერკლასი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც ახალგაზრდებს მეცნიერებისკენ გაუკვალავს გზას“, – აღნიშნა სტუ-ის ვიცე-რექტორმა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა მასტერკლასში მონაწილე მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო მასტერკლასი, STEM და ტექნოლოგიურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგაზრდებისთვის, CERN-ის სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობის უნიკალური საშუალებაა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ნაწილაკების ფიზიკის კვლევების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო გააგრძელებს მასტერკლასების მხარდაჭერას მომავალშიც, რათა ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს უნიკალური შესაძლებლობა ეზიაროს ახალ ცოდნას და მიიღოს მონაწილეობა CERN-ის სამეცნიერო-კვლევით ექსპერიმენტებში. 

CERN-ის საერთაშორისო მასტერკლასის სესიებს უძღვებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ალექსანდრე შარმაზანაშვილი, რომელმაც ახალგაზრდებს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის და IPPOG კოლაბორაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ასევე, წაუკითხა ლექცია თემაზე: „დეტექტორის ტექნოლოგიები“; პროფესორმა ჯუანშერ ჯეჯელავამ HEP და LHC ექსპერიმენტებზე ისაუბრა, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მკვლევარმა, დოქტორმა, ნიკო ცუცქირიძემ კი iSpy აპლიკაციების ტექნიკური მახასიათებლები და სპეციფიკაციები განიხილა.

მოზარდებთან მასტერკლასის პრაქტიკული სესიები სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მკვლევრებმა – შოთა ჩლაიძემ, გიორგი მირზიაშვილმა, ალექსანდრე ალიხანოვმა და ვლადიმერ დოლინსკიმ ჩაატარეს.  

მასტერკლასის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა ხუთივე ქვეყნის უნივერსიტეტებიდან, CERN-ის მეცნიერთან, დოქტორ ტადეჟ ნოვაკთან ერთად, ღონისძიების შედეგები ონლაინ კონფერენციაზე შეაჯამეს. 

საქართველო 2019 წლიდან IPPOG კოლაბორაციის სრულუფლებიანი წევრი-ქვეყანაა. CERN-ის მასტერკლასები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება. საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელსაც CERN/IPPOG-კოლაბორაცია წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს, მიზნად ისახავს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობების მოზიდვასა და დაინტერესებას ფუნდამენტური კვლევებით. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძლიერი პლატფორმაა წარმატებული ინჟინრებისა და ლიდერების ჩამოსაყალიბებლად“, – სტუ-ის კურსდამთავრებული

„მე ვარ ლევან ბულია, 28 წლის. მინდა გამოვხატო მადლიერება და პატივისცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მიმართ, რომელმაც მომცა მყარი საფუძველი და საშუალება, კარიერა საერთაშორისო მასშტაბის პროექტებზე განმევითარებინა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ისტორია ინსპირაცია იქნება სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და მათ მისცემს დამატებით სტიმულს, არ შეუშინდნენ გამოწვევებს და დაისახონ ამბიციური მიზნები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძლიერი პლატფორმაა წარმატებული ინჟინრებისა და ლიდერების ჩამოსაყალიბებლად, და მე ვამაყობ, რომ მისი კურსდამთავრებული ვარ“, – აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლევან ბულია, რომელიც მონაწილეობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და საინჟინრო თვალსაზრისით უნიკალურ პროექტ Fehmarn Belt Tunnel-ში, რომელიც დანიასა და გერმანიას 18-კილომეტრიანი წყალქვეშა გვირაბით დააკავშირებს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის 2019 წლის კურსდამთავრებული ლევან ბულია 2025 წლიდან მუშაობს დანიის სუვერენულ სახელმწიფოში, კომპანიაში – FLC (Femern Link Contractors), სამუშაოთა ზედამხედველის პოზიციაზე. 

ლევან ბულიას თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა თეორიულმა ცოდნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის კარიერაში, რასაც იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში ისეთი მასშტაბური პროექტის, როგორიცაა Fehmarn Belt Tunnel მშენებლობისას.

ფეჰმარნ ბელტის წყალქვეშა გვირაბი არა მხოლოდ შეცვლის ევროპის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, არამედ შექმნის ახალ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს, შეამცირებს მგზავრობის დროს და გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის კავშირს. 

„Fehmarn Belt Tunnel-ის მშენებლობა მოიცავს ინოვაციურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს, მათ შორის, წინასწარ დამზადებული ბეტონის სეგმენტების გამოყენებას, რომლებიც შემდეგ ზღვის ფსკერზე თავსდება. გვირაბი შედგება 79 მონაკვეთისგან, თითოეული 217 მეტრი სიგრძისაა, მასა კი 73,000 ტონაა. ის მოიცავს როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო გვირაბებს, რაც უზრუნველყოფს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო მარშრუტს. ჩემი როლი ამ პროექტში მოიცავს პოსტ-ტენშენინგის სამუშაოებს, გრაუტინგს, ექსტერნალური აუთფითინგის ელემენტების მონტაჟს და მუშახელის ზედამხედველობას. ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ სამუშაოები განხორციელდეს მაღალი ხარისხით, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და პროექტის გრაფიკის მიხედვით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან გვირაბის თითოეული მონაკვეთის გამძლეობა და საიმედოობა დამოკიდებულია ამ პროცესებზე.

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმ ცოდნისა და უნარების წყალობით, რომელიც უნივერსიტეტში შევიძინე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ჩემს ლექტორებს – ბატონ ირაკლი ქვარაიას, შახი ბაქანიძეს, ამირან საყვარელიძესა და ქალბატონ ნინო მსხილაძეს. მათი პროფესიონალიზმი, ცოდნის გადაცემის უნარი და მოტივაცია უმნიშვნელოვანესი იყო ჩემი წარმატებისთვის. მათი ლექციები არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას მაძლევდა, არამედ მასწავლიდა საინჟინრო აზროვნებას, პრობლემების ანალიზსა და მართვას – იმ უნარებს, რომლებიც ახლა ჩემი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია“, – აცხადებს ლევან ბულია.

ინფორმაციისთვის, გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მსოფლიოში ყველაზე გრძელი და მასშტაბური წყალქვეშა გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. გვირაბი კონტინენტურ ევროპას დანიის კუნძულ ლოლანდს დაუკავშირებს. მისი სიგრძე 18 კილომეტრი იქნება და მშენებლობა 2029 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიარდი ევროა.

სტუ-ის რექტორი ინჟინერიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების სპეციალისტებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიმართავს და „ინჟინერიის მსოფლიო დღეს მდგრადი განვითარებისთვის“ (World Engineering Day for Sustainable Development) ულოცავს. 

რექტორის განცხადებით, როგორც მსოფლიოს, ასევე, ცალკეული ქვეყნების შეუფერხებელი პროგრესი დიდწილად არის დამოკიდებული წამყვან დარგებში ინჟინრებისა და ინჟინერიის მნიშვნელოვან მიღწევებსა და იმ უმთავრეს მისიაზე, რაც კაცობრიობის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. 

„ინჟინერიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, რათა ღირსეულად დაფასდეს ინჟინრებისა და ტექნოლოგების უდიდესი ღვაწლი და მდგრად განვითარებაში მათ მიერ შეტანილი განუზომელი წვლილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგები ეროვნული განვითარების ქვაკუთხედია, რაც ხელს უწყობს ინოვაციასა და პროგრესს ყველა სექტორში. ინჟინრები ქმნიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, ავითარებენ ტექნოლოგიებს. მათი საქმიანობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას, არამედ გლობალური გამოწვევების დაძლევასაც, მათ შორის, ჯანდაცვის გაუმჯობესებას, გარემოს დაცვასა და მდგრადობას.

ჩვენი ქვეყნის კვალიფიციური ინჟინრები ზრუნავენ საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის, თავდაუზოგავი ერთგულებით ემსახურებიან ისეთ დარგებსა და სფეროებს, როგორიცაა: სამოქალაქო ინჟინერია; მანქანათმშენებლობა და სამრეწველო ინჟინერია; ენერგეტიკა და ჰიდროინჟინერია, ელექტროტექნიკა და განახლებადი ენერგია; კომპიუტერული ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა; საჰაერო და კოსმოსური ინჟინერია; ბირთვული და ბიოსამედიცინო ინჟინერია; ქიმიური, ბიოსისტემებისა და გარემოს ინჟინერია, ნავთობისა და გაზის მოპოვება და სხვა. მათი უდიდესი ნაწილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 

ჩვენი უნივერსიტეტი, რომელმაც არსებობის ახალი საუკუნის ათვლა დაიწყო, საქართველოში ფუძემდებელია მთელი რიგი საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგებისა. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ელიტარული მიმართულების – კოსმოსური ნაგებობისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების დაარსება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გახდა შესაძლებელი, მისი სამეცნიერო, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პოტენციალის გამოყენებით.

ტექნოლოგიური პროგრესი უნივერსიტეტის იმ ინჟინერთა, მეცნიერთა, პედაგოგთა და სტუდენტთა უდიდესი ძალისხმევის შედეგიც არის, რომლებიც სამეცნიერო აღმოჩენებსა და ინოვაციებს პრაქტიკულ გამოყენებას უძებნიან, ქმნიან სამეცნიერო იდეებზე მომუშავე უახლეს ტექნოლოგიებს, დიზაინებს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდიან, მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ექსპერიმენტებში და კოლაბორაციაში არიან მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალგაზრდებს STEAM განათლების მიმართ ინტერესს უღვივებს, ზრუნავს მომავალი თაობის ინჟინრებისა და ტექნოლოგების მომზადებაზე. საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თანადგომით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ ალექსანდრე წულაძის ქმედითი მხარდაჭერით, უნივერსიტეტის მეცნიერები, მკვლევრები და პედაგოგები მუდამ ვრჩებით ჩვენი უმთავრესი მისიის ერთგულნი – ვიცავთ განათლებისა და სამეცნიერო კვლევების უმაღლეს სტანდარტებს და მათ ხელმისაწვდომობას, ვავითარებთ საინჟინრო მიმართულებებს, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასა და მდგრად განვითარებაში.
 
მივმართავ ჩვენი უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერებსა და პროფესორებს – სწორედ თქვენი დაუღალავი შრომა, რომელიც გულისხმობს შემეცნების პროცესისა და მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებას, ნიჭიერი ახალგაზრდა თაობების ბრწყინვალე გონების მენტორობას, არის არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის წარმატების, არამედ ინჟინერიის განვითარების საფუძველი ჩვენ ქვეყანაში.

მივმართავ ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს – სწორედ თქვენ ხართ ქართული ინჟინერიის მომავალი, თქვენ მოგიწევთ თქვათ გადამწყვეტი სიტყვა, განსაზღვროთ ინჟინერიისა და ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებები და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების შესაძლებლობები. ამიტომ, უნივერსიტეტის კედლებშივე მიიღეთ ყველა გამოწვევა, შეხვდით ამ გამოწვევებს ცნობისმოყვარეობით, გამძლეობით, ამასთან ერთად, გაითვალისწინეთ, რომ ინჟინერიის შესაძლებლობები უსასრულოდ ფართოვდება, სპეციალისტებზე მოთხოვნა კი, როგორც არასდროს, მზარდია. 

ჩვენ – უნივერსიტეტის პედაგოგები, მეცნიერები და სტუდენტები, ერთად ვუმზერთ მომავალს და ზურგს გვიმაგრებს ის საინჟინრო-ტექნოლოგიური მიღწევები, რომლებიც უკვე ჩვენი ქვეყნის და მსოფლიოს განვითარების ისტორიის კუთვნილებაა, ის მიღწევები, რომლითაც საინჟინრო დარგებმა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იტვირთა ეროვნული ტრანსფორმაციის პროცესებში – მხედველობაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ინდუსტრიების განვითარება, ტექნოლოგიური პროგრესი ინოვაციების გამოყენებით, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარება და, ასევე, უმთავრესი რამ – სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა, რადგან ინჟინერია ცვლილებათა კატალიზატორია, რომელიც მდგრად მომავალსა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მყარ გარანტიებს ქმნის. 

ძვირფასო კოლეგებო – მეცნიერებო, პროფესორებო, ახალგაზრდა მკვლევრებო და ჩვენო ახალგაზრდებო, სტუდენტებო, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ინჟინერიის მსოფლიო დღეს!“, – აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.

„ინჟინერიის მსოფლიო დღე მდგრადი განვითარებისთვის“ 2020 წლიდან, ყოველ 4 მარტს აღინიშნება. თარიღი მიზნად ისახავს ინჟინერიის პოპულარიზაციას და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის გამოწვევებთან გამკლავებას.

სტუ-ის რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძე ქალ მეცნიერებს, პედაგოგებსა და სტუდენტებს მარტის დღესასწაულებს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, ქალ მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს მარტის დღესასწაულებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, 3 მარტს – დედის და 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენი აკადემიური საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელთა თავდადება, სიყვარული და აღმზრდელი სული არის ძლიერი ოჯახებისა და საზოგადოების საფუძველი.

ქალები ყოველთვის თამაშობდნენ გადამწყვეტ როლს საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ფორმირებაში. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ მამოძრავებელი ძალა ყველა სფეროში – იქნება ეს მეცნიერება, განათლება, კულტურა, ბიზნესი თუ მმართველობა. თქვენი თავდადება და საქმისადმი ერთგულება შთააგონებს თაობებს და აძლიერებს ერს, ქართულ სახელმწიფოს.

ძვირფასო ქალებო, როდესაც აღვნიშნავთ 3 მარტს, ვაღიარებთ და პატივს ვცემთ ქალების, როგორც დედების ფასდაუდებელ როლს ჩვენი ცხოვრებისა და მომავლის ჩამოყალიბებაში. 8 მარტი კი თქვენი ძლიერების, სიბრძნის, გამძლეობის, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილის, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, ასევე, თქვენი პროფესიული მიღწევების აღიარებაა. თქვენი ძალისხმევა არა მხოლოდ ამდიდრებს საზოგადოებას, მათ შორის აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს, არამედ შთაგონების შუქურაა მომავალი თაობებისთვის. თქვენი წვლილი როგორც ოჯახში, ისე პროფესიულ საქმიანობაში ფასდაუდებელია. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ქალები ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი აქტორები არიან, მათთან ერთად, ძალისხმევა განუხრელად უნდა მივმართოთ ქალთა უფლებების დაცვის და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად. 

ძვირფასო ქალებო, სწორედ თქვენ ხართ უკეთესი და უფრო ინკლუზიური სამყაროს ჩამოყალიბების გარანტები, რადგან შეუპოვარი სულისკვეთებით მუდამ მხარს უჭერთ პროგრესსა და განვითარებას. უღრმეს მადლობას ვუხდი, ჯანმრთელობას და პირად წარმატებას ვუსურვებ ყველა ქალს – დედას, ქალიშვილს, დას, მეცნიერს, პედაგოგს, ლიდერს, რომელთა ყოველდღიური წვლილი და პროფესიული მიღწევები აძლიერებს როგორც ჩვენს უნივერსიტეტს, ასევე, მთლიანად ქვეყანას“, – აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

სტუ-ში „გაზაფხულის დღესასწაულების“ ფარგლებში 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ორი მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნად – დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. უდიდესი სიხარულითა და სიამაყით ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი, რათა ერთად ვცეთ პატივი ქალების ფასდაუდებელ ღვაწლს და დედების უპირობო სიყვარულს. უპირველეს ყოვლისა, გაზაფხულის დღესასწაულები მინდა მივულოცო ღონისძიების მონაწილე დედებს. თქვენ ხართ ჩვენი ოჯახებისა და საზოგადოების გული და სული. თქვენი ძალა, გამძლეობა და უსაზღვრო სიყვარული აყალიბებს გარშემომყოფთა ცხოვრებას. დღეს აღვნიშნავთ თქვენს მიღწევებს და გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. მოდი, მივიღოთ ერთიანობისა და მხარდაჭერის ეს მომენტი, ვაღიაროთ, რომ ერთად შევძლებთ შევქმნათ სამყარო, სადაც ყველა ქალი და ბავშვი იგრძნობს თავს დაცულად, დაფასებულად, იგრძნობს სიყვარულს. გმადლობთ ყველას, რომ დღეს აქ ხართ“, – ასე მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას. 

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უნივერსიტეტში დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების – „გაზაფხულის დღესასწაულები“, ციკლი დაიწყო. 

„გაზაფხულის დღესასწაულების“ ფარგლებში, პირველი ღონისძიება სტუ-ის ქალთა ასოციაციამ საუნივერსიტეტო სახალხო თეატრ-სტუდიაში „მოდინახე“ გამართა. სტუდენტი, მოყვარული მსახიობები დამსწრე საზოგადოების წინაშე სპექტაკლით – „ექვსი კი და ერთი არა“ წარსდგნენ. 

Cover gtu (9).png

სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიებები, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ყოველ წელს ტარდება.

როგორც პროფესორმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, საქველმოქმედო ღონისძიება მიმართულია უნივერსიტეტის მეცნიერ, პედაგოგ და სტუდენთ და ახალგაზრდა მკვლევარ ქალთა მხარდაჭერისკენ, რაც მათთვის დასამახსოვრებელი და თბილად მოსაგონარია წელიწადის ამ განსაკუთრებულ დროს.

„ღონისძიებათა ციკლი – გაზაფხულის დღესასწაულები, მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან დღეებს, როგორიცაა დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ მას. ეს არის ღონისძიებათა ციკლი, რომლითაც პატივს მივაგებთ ქალთა მიღწევებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, ვიფიქროთ იმ პროგრესზე, რომელსაც მივაღწიეთ გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ეს დღეები გვახსენებს გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ წინ გველის. მინდა მივმართო საქართველოს მომავალს, ღონისძიების მონაწილე სტუდენტებს. თქვენ ჩვენი მომავალი ხართ – ხვალინდელი დღის იმედი და ოცნებები. თქვენი წარმატება და ახალგაზრდული ხალისი უსაზღვროდ ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას. როდესაც აღვნიშნავთ დედის დღეს, ასევე, აღვნიშნავთ თქვენი მომავალი ბედნიერების დღეებს, წლებს, იმ პოტენციალს, რომელიც თითოეულ თქვენგანშია. გილოცავთ დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს! წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ნაზი კუციავამ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია, გაზაფხულის დღესასწაულების ფარგლებში, რექტორის მხარდაჭერით, კიდევ რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს.

სტუ-ის მეცნიერთა კვლევამ სახელმწიფო საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

პროექტის — „ვიბრაციული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსური კვლევა და ახალი, მაღალეფექტური მოწყობილობების დაპროექტება“ — ხელმძღვანელია სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი, დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მანქანათა დინამიკის განყოფილების უფროსი, პროფესორი ვიქტორ ზვიადაური, ხოლო კოორდინატორია მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მერაბ ჭელიძე.

პროექტში, ასევე, ჩართულნი არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის აღმასრულებელი მდივანი ალექსანდრე დიდებულიძე, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი მირიან ცოცხალაშვილი, სამთო და გეოინჟინერიის დოქტორი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნანა დოლიძე და სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი გელა ჯავახიშვილი, ხოლო პროექტის უცხოელი კონსულტანტია პროფესორი გრიგორი პანოვკო.

1 (20).png

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორის, ვიქტორ ზვიადაურის თქმით, პროექტი მოიცავს ფხვიერი მასალის ვიბრაციული სატრანსპორტო ტექნოლოგიური (ვსტ) პროცესის განზოგადებული მათემატიკური მოდელის დამუშავებასა და იდენტიფიკაციას, პროცესის ზოგად გამოკვლევას მათემატიკური მოდელირებით და, ასევე, განზოგადებული მათემატიკური მოდელის დაყვანას პროექტით გათვალისწინებული ვსტ პროცესების (სამი სხვადასხვა მოწყობილობის) მათემატიკურ მოდელებზე, ამასთან, თითოეული პროცესის მათემატიკური მოდელირების და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრას.

როგორც ვახტანგ ზვიადაური აცხადებს, დაგეგმილია მანქანისა და მოწყობილობების ახალი, მაღალმწარმოებლური კონსტრუქციების დაპროექტება და პროექტების საფუძველზე ახალი ვსტ მანქანისა და მოწყობილობების ლაბორატორიული ნიმუშების დამზადება, ხოლო ნიმუშებზე — ექსპერიმენტების ჩატარება. 

„საპროექტო პრობლემატიკა უკავშირდება ფხვიერი სამთამადნო და სამშენებლო მასალების გადამუშავების და გამდიდრების ტექნოლოგიური პროცესების კვლევას და მოწყობილობების დამუშავება-შექმნას. ამასთან დაკავშირებით, დაგეგმილია პუბლიკაციები, პატენტები, მოხსენებები, მოწყობილობების ფიზიკური ნიმუშები, რაც დადებითად წარმოაჩენს ფაკულტეტს და უნივერსიტეტს, ხელს შეუწყობს ყველა საფეხურის სტუდენტების სალექციო და პრაქტიკულ ჩართულობას კვლევის თეორიულ და გამოყენებით ასპექტებში. ქვეყნის მასშტაბით, დაპროექტებული და შექმნილი ახალი მოწყობილობების, როგორიცაა: ვიბრაციული მოწყობილობა ახალი მუშა ორგანოთი და ახალი ვიბროამძრავით, ვიბროკონვეიერი ხრახნული მუშა ორგანოთი, ფხვიერ-თხევადი მასალის გამამკვრივებელი ვიბრაციული მოწყობილობა, ფიზიკური ნიმუშები შეთავაზებულ იქნება საქართველოს სამთამადნო და სამშენებლო კომპანიებისთვის“, — აღნიშნავს ვიქტორ ზვიადაური.

პროექტი — „ვიბრაციული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსური კვლევა და ახალი, მაღალეფექტური მოწყობილობების დაპროექტება“ — სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.

ყურადღება! ცრუ ინფორმაცია!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სახელით, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით, იგზავნება ცრუ შეტყობინებები, რომლებთანაც უნივერსიტეტს კავშირი არ აქვს.

გამოიჩინეთ სიფრთხილე და სტუ-სთან დაკავშირებით დაეყრდენით მხოლოდ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს – სტუ-ის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებს.

ასევე, გთხოვთ, ეს პოსტი გააზიაროთ, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ სტუდენტებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საფრთხე. სამწუხაროდ, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ემსახურება მსგავსი ინციდენტი, არ გვაქვს.

Cover gtu (6).png

Support

Why are you writing to us?