სტუ-ის რექტორი ინჟინერიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების სპეციალისტებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიმართავს და „ინჟინერიის მსოფლიო დღეს მდგრადი განვითარებისთვის“ (World Engineering Day for Sustainable Development) ულოცავს.
რექტორის განცხადებით, როგორც მსოფლიოს, ასევე, ცალკეული ქვეყნების შეუფერხებელი პროგრესი დიდწილად არის დამოკიდებული წამყვან დარგებში ინჟინრებისა და ინჟინერიის მნიშვნელოვან მიღწევებსა და იმ უმთავრეს მისიაზე, რაც კაცობრიობის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.
„ინჟინერიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, რათა ღირსეულად დაფასდეს ინჟინრებისა და ტექნოლოგების უდიდესი ღვაწლი და მდგრად განვითარებაში მათ მიერ შეტანილი განუზომელი წვლილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგები ეროვნული განვითარების ქვაკუთხედია, რაც ხელს უწყობს ინოვაციასა და პროგრესს ყველა სექტორში. ინჟინრები ქმნიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, ავითარებენ ტექნოლოგიებს. მათი საქმიანობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას, არამედ გლობალური გამოწვევების დაძლევასაც, მათ შორის, ჯანდაცვის გაუმჯობესებას, გარემოს დაცვასა და მდგრადობას.
ჩვენი ქვეყნის კვალიფიციური ინჟინრები ზრუნავენ საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის, თავდაუზოგავი ერთგულებით ემსახურებიან ისეთ დარგებსა და სფეროებს, როგორიცაა: სამოქალაქო ინჟინერია; მანქანათმშენებლობა და სამრეწველო ინჟინერია; ენერგეტიკა და ჰიდროინჟინერია, ელექტროტექნიკა და განახლებადი ენერგია; კომპიუტერული ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა; საჰაერო და კოსმოსური ინჟინერია; ბირთვული და ბიოსამედიცინო ინჟინერია; ქიმიური, ბიოსისტემებისა და გარემოს ინჟინერია, ნავთობისა და გაზის მოპოვება და სხვა. მათი უდიდესი ნაწილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
ჩვენი უნივერსიტეტი, რომელმაც არსებობის ახალი საუკუნის ათვლა დაიწყო, საქართველოში ფუძემდებელია მთელი რიგი საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგებისა. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ელიტარული მიმართულების – კოსმოსური ნაგებობისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების დაარსება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გახდა შესაძლებელი, მისი სამეცნიერო, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პოტენციალის გამოყენებით.
ტექნოლოგიური პროგრესი უნივერსიტეტის იმ ინჟინერთა, მეცნიერთა, პედაგოგთა და სტუდენტთა უდიდესი ძალისხმევის შედეგიც არის, რომლებიც სამეცნიერო აღმოჩენებსა და ინოვაციებს პრაქტიკულ გამოყენებას უძებნიან, ქმნიან სამეცნიერო იდეებზე მომუშავე უახლეს ტექნოლოგიებს, დიზაინებს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდიან, მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ექსპერიმენტებში და კოლაბორაციაში არიან მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალგაზრდებს STEAM განათლების მიმართ ინტერესს უღვივებს, ზრუნავს მომავალი თაობის ინჟინრებისა და ტექნოლოგების მომზადებაზე. საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თანადგომით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ ალექსანდრე წულაძის ქმედითი მხარდაჭერით, უნივერსიტეტის მეცნიერები, მკვლევრები და პედაგოგები მუდამ ვრჩებით ჩვენი უმთავრესი მისიის ერთგულნი – ვიცავთ განათლებისა და სამეცნიერო კვლევების უმაღლეს სტანდარტებს და მათ ხელმისაწვდომობას, ვავითარებთ საინჟინრო მიმართულებებს, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასა და მდგრად განვითარებაში.
მივმართავ ჩვენი უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერებსა და პროფესორებს – სწორედ თქვენი დაუღალავი შრომა, რომელიც გულისხმობს შემეცნების პროცესისა და მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებას, ნიჭიერი ახალგაზრდა თაობების ბრწყინვალე გონების მენტორობას, არის არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის წარმატების, არამედ ინჟინერიის განვითარების საფუძველი ჩვენ ქვეყანაში.
მივმართავ ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს – სწორედ თქვენ ხართ ქართული ინჟინერიის მომავალი, თქვენ მოგიწევთ თქვათ გადამწყვეტი სიტყვა, განსაზღვროთ ინჟინერიისა და ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებები და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების შესაძლებლობები. ამიტომ, უნივერსიტეტის კედლებშივე მიიღეთ ყველა გამოწვევა, შეხვდით ამ გამოწვევებს ცნობისმოყვარეობით, გამძლეობით, ამასთან ერთად, გაითვალისწინეთ, რომ ინჟინერიის შესაძლებლობები უსასრულოდ ფართოვდება, სპეციალისტებზე მოთხოვნა კი, როგორც არასდროს, მზარდია.
ჩვენ – უნივერსიტეტის პედაგოგები, მეცნიერები და სტუდენტები, ერთად ვუმზერთ მომავალს და ზურგს გვიმაგრებს ის საინჟინრო-ტექნოლოგიური მიღწევები, რომლებიც უკვე ჩვენი ქვეყნის და მსოფლიოს განვითარების ისტორიის კუთვნილებაა, ის მიღწევები, რომლითაც საინჟინრო დარგებმა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იტვირთა ეროვნული ტრანსფორმაციის პროცესებში – მხედველობაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ინდუსტრიების განვითარება, ტექნოლოგიური პროგრესი ინოვაციების გამოყენებით, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარება და, ასევე, უმთავრესი რამ – სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა, რადგან ინჟინერია ცვლილებათა კატალიზატორია, რომელიც მდგრად მომავალსა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მყარ გარანტიებს ქმნის.
ძვირფასო კოლეგებო – მეცნიერებო, პროფესორებო, ახალგაზრდა მკვლევრებო და ჩვენო ახალგაზრდებო, სტუდენტებო, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ინჟინერიის მსოფლიო დღეს!“, – აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.
„ინჟინერიის მსოფლიო დღე მდგრადი განვითარებისთვის“ 2020 წლიდან, ყოველ 4 მარტს აღინიშნება. თარიღი მიზნად ისახავს ინჟინერიის პოპულარიზაციას და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის გამოწვევებთან გამკლავებას.
Related
Rector of the Georgian Technical University expresses condolences to the family and relatives over the death of Associate Professor Natia Maisuradze
Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow over the...
GTU Rector, Academician David Gurgenidze, Wishes Success to the Entrants
Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, Chairman of the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions...
Working Visit of the GTU Delegation to Hamburg University of Applied Sciences
From June 22–26, an international workshop and a series of working meetings were held at Hamburg University of Applied Sciences...
The Scientific Council of the GTU Institute of Mathematics Announces a Competition for Scientific Positions
The Scientific Council of the Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics of the Georgian Technical University announces an open competition...
Memorandum Signed Between GTU and “Global Cell”
The Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli, and the Director of “Global Cell LLC”, Giorgi Maduashvili, signed...
GTU Rector, Academician David Gurgenidze, Expresses His Condolences to the Family and Colleagues on the Passing of Elene Abashidze
On behalf of the university community, the Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow over...