სტუ-ის მეცნიერთა კვლევა სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. 

პროექტის – „თუთიის მატრიცაზე კოროზიამედეგი კომპოზიციური დანაფარების ელექტროქიმიური გამოლექვა და კოროზიული მახასიათებლების კვლევა“ – ხელმძღვანელია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე დონაძე, პროექტის მენეჯერია აკადემიური დოქტორი ნინო მახალდიანი.

ამასთან, აღნიშნავენ რომ პროექტში, ასევე, ჩართულნი არიან პროფესორი ჯემალ შენგელია, ასოცირებული პროფესორი მაია გაბრიჩიძე. საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის მკვლევრები – აკადემიური დოქტორი დავით გოგოლი და მაგისტრი შალვა ზურაბიშვილი.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ მარინე დონაძის თქმით, ფუნდამენტური კვლევით დეტალურად შეისწავლიან როგორც თუთიის გალვანური დანაფარის, ასევე, კომპოზიტის მიღების ოპტიმალურ პირობებს ორ სხვადასხვა ელექტროლიტში. 

„კვლევით შეფასდება ელექტროლიტში შეყვანილი სხვადასხვა შემავსებლის გავლენა დანაფარის თვისებებზე. ერთ-ერთ შემავსებლად ვიყენებთ ადგილობრივ ბუნებრივ ცეოლიტს – ხეკორძულას კლინოპტილოლიტს, რომელიც სხვა შემავსებლებთან შედარებით იაფი ნედლეულია. მისი შემცველობით მიღებული კომპოზიტური დანაფარის სხვა შემავსებლებთან შედარება მოგვცემს მისი კოროზიული მდგრადობის სურათს და შესაბამისად, იაფი, ეკოლოგიურად სუფთა დანაფარის სამშენებლო, აეროკოსმოსურ, საავტომობილო, გემთმშენებლობის სხვა სფეროებში კონსტრუქციულ მასალებად გამოყენების შესაძლებლობას. ფუნდამენტური კვლევის მეორე სიახლე იქნება კომპოზიტურ დანაფარში შემავსებლად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ნარჩენების (კუდები) გამოყენება. ნარჩენები, სხვა ელემენტებთან და ჟანგეულებთან ერთად, საკმაო რაოდენობით შეიცავს მანგანუმის ორჟანგს. როგორც მრავალი სამეცნიერო კვლევიდან ჩანს, თუთია-მანგანუმის შენადნი მნიშვნელოვნად ზრდის დანაფარის კოროზიამედეგობას და სხვა ტრიბო-მექანიკურ მახასიათებლებს. მესამე შემავსებლის სახით კი შემოვიტანთ Al2O3-ს, რომელიც ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მატრიცაზე კოროზიამედეგი კომპოზიციური დანაფარის მისაღებად”, – აცხადებს მარინე დონაძე.

1 (19).png

როგორც პროექტის მენეჯერი, აკადემიური დოქტორი ნინო მახალდიანი აღნიშნავს, კვლევის შედეგად, ინსტრუმენტული მეთოდებით შეფასებულ კომპოზიტურ მასალებს გაეწევა რეკომენდაცია სხვადასხვა აგრესიულ გარემოში გამოსაყენებლად. ტექნოლოგიურ პროცესებში გაჩნდება შესაძლებლობა ეკოლოგიურად უსაფრთხო დანაფარებით ჩავანაცვლოთ ეკოლოგიურად საფრთხისშემცველი კადმიუმითა და ქრომით დანაფარები. 

„თუთიის კომპოზიციური დანაფარების გამოყენების სფეროდან გამომდინარე, კვლევის მომდევნო ეტაპზე თეორიულად მიღებული მონაცემების გადამოწმება მოხდება სხვადასხვა დეტალებზე საექსპლუატაციო პირობებში. სხვა შემავსებლებს შორის იაფი ადგილობრივი ნედლეულის – ხეკორძულას კლინოპტილოლიტის ან ფეროშენადნობი ქარხნის საწარმოო ნარჩენების გამოყენება კარგ პერსპექტივას სახავს ეკოლოგიური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით“, – აცხადებს ნინო მახალდიანი.
  
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, კოლეგებს მორიგ წარმატებას ულოცავს. როგორც პროფესორი ლიანა თარგამაძე აცხადებს, პროექტის განხორციელება ემყარება მეცნიერულ კვლევასა და საკითხების პრაქტიკულ გადაწყვეტას, რაც მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია, როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე ქვეყნისთვის. 

„საქართველოში მუდმივად არსებობს მოთხოვნა კოროზიის დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე, რაც განპირობებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი ბუნებრივი გაზისა და ნავთობის მილსადენების კოროზიისგან დაცვის აუცილებლობით. ქვეყნის ინდუსტრიის განვითარება მოითხოვს ახალ მრავალფუნქციურ მასალებს, რაც დაკავშირებულია კომპოზიტური გალვანური დანაფარების ახალი წარმოებების შექმნასთან. კომპოზიტურ დანაფარში შესაძლოა შეიცვალოს ფუძე ან შემავსებელი და შესაბამისად, მიიღება თვისობრივად ახალი მასალა არა მხოლოდ ტექნიკასა და საყოფაცხოვრებო სფეროში, არამედ ბიო-სამედიცინო სფეროში გამოყენების მიზნით. წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს”, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.

პროექტი – „თუთიის მატრიცაზე კოროზიამედეგი კომპოზიციური დანაფარების ელექტროქიმიური გამოლექვა და კოროზიული მახასიათებლების კვლევა“ – სამი წლის მანძილზე განხორციელდება.

სტუ-ის მეცნიერთა კვლევა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. 

პროექტის – „ყურძნისეული წარმოშობის ახალი სინბიოტიკური და პრობიოტიკური სასმელების მიღება, მათი ფუნქციური პოტენციალის შეფასება და ოპტიმიზაცია“ – ხელმძღვანელია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემბის ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე, პროექტის კოორდინატორია აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი ქრისტინე მუსელიანი.

პროექტში, ასევე, ჩართულნი არიან მკვლევრები: ასოცირებული პროფესორი ეკატერინე კაციტაძე და დოქტორი თამარ თურმანიძე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, პროექტის თანამონაწილე ორგანიზაციაა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. 

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემბის ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, ედიშერ კვესიტაძის თქმით, პროექტთან დაკავშირებული კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, რაც სიახლეა აგრარული სფეროში.

Cover gtu (5).png

„გარდა იმისა, რომ კვლევა აგრარული სფეროსთვის სიახლეს წარმოადგენს, მას, ასევე, აქვს ზოგადი სახის დატვირთვა. კერძოდ: სხვადასხვა სახეობის მიკროორგანიზმების გამოყოფა და მათი სინერგიული კომბინაციის მიღება; საფერავის და რქაწითელის ჯიშის ყურძნის წვენების ფერმენტაცია გამოყოფილი მიკროორგანიზმებით; პრებიოტიკებად ყურძნის და ქაცვის გამონაწნეხის მშრალი ექსტრაქტების, ასევე ქართული ფეტვის ფხვნილის გამოყენება; მათი ფუნქციური მახასიათებლების და პრებიოტიკული პოტენციალის შეფასება; პრე და პრობიოტიკული წყვილის სინერგიული ეფექტის დადგენა ვარიანტების მიხედვით; ყურძნის სინბიოტიკური სასმელების მიღება პრებიოტიკური კომპონენტების დამატებით; ყურძნის პრობიოტიკური წვენების მიღება ხილ-კენკრის წვენებთან კომპოზიციით; ფერმენტირებულ სასმელებში, საჭიროების მიხედვით, დამატკბობლად სტევიოზიდის გამოყენება და მიღებული სასმელების ფუნქციური, ორგანოლეპტიკური თვისებების შეფასება-ოპტიმიზაცია.

პროექტით გათვალისწინებულია სტატიის გამოქვეყნება საერთაშორისო ჟურნალში, მონოგრაფიის გამოცემა, საპატენტო განაცხადის წარდგენა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა. კვლევის მიზანია შეფასდეს ყურძნის გამოყენების პოტენციალი ახალი სინბიოტიკური და პრობიოტიკული სასმელების მისაღებად – შეიქმნას ჯანმრთელობისთვის რელევანტური სასმელები მისაღები ხარისხობრივი, პრობიოტიკების სიცოცხლისუნარიანობისა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით, ტექნოლოგიაში თავისუფალი შაქრის გამოყენების გარეშე. ექსპერიმენტში ჩართულია ყურძნის ქართული საღვინე ჯიშები – საფერავი და რქაწითელი“, – აცხადებს დეკანი.

საგრანტო პროექტის – „ყურძნისეული წარმოშობის ახალი სინბიოტიკური და პრობიოტიკური სასმელების მიღება, მათი ფუნქციური პოტენციალის შეფასება და ოპტიმიზაცია“, კოორდინატორის, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის, ქრისტინე მუსელიანის თქმით, პროექტის განხორციელება ემყარება მეცნიერულ კვლევასა და საკითხების პრაქტიკულ გადაწყვეტას. 

„ორივე მხარე განიხილება ერთ ასპექტში – ინოვაციური პროდუქტების, სასმელების მიღება და სასმელების ფიზიოლოგიური როლის განსაზღვრა. ყოველივე ხელს შეუწყობს მეცნიერების განვითარებას ამ მიმართულებით, ბიზნესსა და კვლევას შორის პარტნიორული კავშირების დამყარებას – მსგავსი ხასიათის პროდუქტებზე მოთხოვნა თანდათან იზრდება და ბიზნესის დაინტერესების პერსპექტივაც მატულობს.

პროექტს, ასევე, საფუძვლად უდევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO, 2003) რეკომენდაციები და ევროპული რეგლამენტის მოთხოვნები (EC 1924/2006), რომელთა თანახმად აუცილებელია შაქრის მოხმარების მნიშვნელოვანი შეზღუდვა და „მუშაობის ევროპული პროგრამა 2020-2025 – გაერთიანებული ძალისხმევა უკეთესი ჯანმრთელობისთვის ევროპაში. 

პროექტის შედეგებს ექნება გრძელვადიანი პერსპექტივა – ფუნქციური: კერძოდ, მცენარეული სინბიოტიკური და პრობიოტიკული სასმელების წარმოება საქართველოში პრაქტიკულად არ ხდება და წარმოადგენს სიახლეს აგრარული სფეროსთვის. ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნება, სიცოცხლის პერიოდის გახანგრძლივება ქვეყნის მნიშვნელოვანი ამოცანაა და უკავშირდება ბიოლოგიურად აუცილებელი ნივთიერებების გამოყენებას. საჭიროა მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება აღნიშნული მიმართულებით. ევროპის სურსათისა და კვების სამოქმედო გეგმით შემუშავებული პოლიტიკის მიზანია ჯანსაღი კვებითი გარემოს შექმნა, რისთვისაც რეკომენდებულია შემდეგი პოლიტიკური ინსტრუმენტები: შაქრის მოხმარების შემცირება, არაკალორიული დამატკბობლების – სტევია, არქატი, კატემფე, მონკის ხილი, სერენდიფიტის კენკრა და სხვა, გამოყენება, რეცეპტურების რეფორმულირება da ახალი, ბუნებრივად ჯანსაღი პროდუქტების შექმნა“, – აცხადებს ქრისტინე მუსელიანი.

საგრანტო პროექტი – „ყურძნისეული წარმოშობის ახალი სინბიოტიკური და პრობიოტიკური სასმელების მიღება, მათი ფუნქციური პოტენციალის შეფასება და ოპტიმიზაცია“ სამწლიანია. 

სტუ-ის სტუდენტებისთვის ესპანური კომპანია CYPE-ის სპეციალისტები მასტერკლასებს გამართავენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ცნობილი ესპანური კომპანია СYPE-ის სპეციალისტები სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე მასტერკლასებს ჩაატარებენ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი და ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ესპანური კომპანია СYPE-ის ტექნიკურ დირექტორს, კარლოს ფერნანდესსა და ამავე კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობდნენ სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, ფაკულტეტის მენეჯერი, პროფესორი ზაალ ცინაძე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი, კომპანია СYPE-ის საერთაშორისო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი ვისენტე კასტელი, ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი ბეკირ აბდერაჰმენი და გაყიდვების მენეჯერი საქართველოში დინა პევნევა.

ვიცე-რექტორმა სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია და საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო, ასევე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 

1 (18).png

როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი ყველა გლობალურ ექსპერიმენტსა თუ კვლევებში, რომლებიც ხორციელდება მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებსა და ორგანიზაციებში, მათ შორის CERN-ში – შვეიცარია, KEK-სა და JPARC-ში – იაპონია, FERMILAB-ში – ამერიკის შეერთებული შტატები.

ასევე, უნივერსიტეტის მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს მჭიდრო კოლაბორაცია აკავშირებთ ევროპის, ამერიკის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებთან, მოქმედებს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. 

მისი თქმით, უნივერსიტეტის რამდენიმე ქართულ და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კოოპერაციით, საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მისაღებად ემზადება, ხოლო ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ აღნიშნული საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა და წარმატებით ახორციელებს ქართველი და საერთაშორისო სტუდენტების მომზადებას.

ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, სადაც ყოველწლიურად 23 000-მდე აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ეუფლება საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ სპეციალობებს, უმთავრესი გამოწვევაა კონკურენტუნარიანი და მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, რომლებიც უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შეძლებენ.

თამარ წერეთლის თქმით, უნივერსიტეტი, ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების მხრივ, ესპანურ კომპანიას პარტნიორად მიიჩნევს და სამომავლოდ, მასთან ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესპანური კომპანიის წარმომადგენლები სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, სამდღიან მასტერკლასებს ჩაატარებენ და ქართველ კოლეგებსა და მომავალ სპეციალისტებს ამ მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ.

მასტერკლასების დასრულების შემდეგ კომპანია СYPE-ის პროგრამა, განახლების ფუნქციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე დაინერგება და მისი გამოყენება სასწავლო პროცესსა და საპროექტო სამუშაოებში მოხდება.

უნივერსიტეტის კანცლერმა ცნობილ ესპანურ კომპანიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც პროფესორმა კარლო კოპალიანმა აღნიშნა, უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საგანმანათლებლო პროცესის მომავლის პერსპექტივიდან დანახვას, ასევე, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების პრაქტიკულ ჭრილში გაანალიზებას და სასწავლო პროცესის აღჭურვას ახალი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული შესაძლებლობებით. 

კანცლერის განცხადებით, СYPE-ს წარმომადგენელთა მასტერკლასები, რომლებიც სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდილებისა და უახლესი ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს, მრავალმხრივ წაადგება როგორც სამშენებლო, ასევე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტების სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, მეორე მხრივ კი, გააღრმავებს ურთიერთობებს ქართველ და ესპანელ კოლეგებს შორის. 

СYPE-ის ტექნიკურმა დირექტორმა კარლოს ფერნანდესმა, თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკისთვის, კომპანიის სახელით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა. 

მისი თქმით, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ესპანეთში დაფუძნებული კომპანია უკვე ფართოდ არის ცნობილი ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. გარდა ამისა, ის კონტაქტებს ავითარებს აზიასა და აფრიკის მიმართულებით. 

როგორც კარლოს ფერნანდესმა აღნიშნა, СYPE-ი სპეციალისტებს სთავაზობს პროგრამულ გადაწყვეტილებებს არქიტექტურის, კონსტრუქციების, მექანიკის, სანტექნიკის, ენერგეტიკული პროექტების მართვისთვის, ასევე, კომპანიის მიერ შემუშავებულია BIM პლატფორმა, რომელსაც რომელსაც ინჟინრები მსოფლიო მასშტაბით იყენებენ.

СYPE-ის ტექნიკური დირექტორის თქმით, მასტერკლასებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა პროგრამას და მიიღონ კონსულტაციები, თანამედროვე მოთხოვნებიდან თუ საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი პრაქტიკული გამოყენების კუთხით.
შეხვედრის დასასრულს, ესპანური კომპანია СYPE-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სასწავლო და პრაქტიკული დანიშნულებით, სამშენებლო სექტორისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის 200 ლიცენზია საჩუქრად გადასცეს.

სტუ-ის რექტორი ჟენევაში ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, CERN-ის ასოცირებული წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ცერნში, ასევე CMS ექსპერიმენტზე ქართული ჯგუფის Team Leader ხელმძღვანელი ზვიად წამალაიძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრს (CERN) შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჟენევაში, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. 

ვიზიტის ფარგლებში, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უშუალოდ გაეცნო დეტექტორული კომპონენტების წარმოების, ტესტირების და ინტეგრაციის პროცესებს, შეაფასა მათი შესრულების ხარისხი და საიმედოობა.

გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა CERN-ის CMS ექსპერიმენტში ჩართულ ქართველ მეცნიერებს გაუწია კონსულტაცია დეტექტორების ინჟინერიის საკვანძო ასპექტებზე, ოპტიმიზაციის სტრატეგიებსა და მომავალი კვლევითი მიმართულებების დაგეგმვაზე.

სტუ-ის რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრს (CERN) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქართველი მეცნიერების გლობალურ კვლევით პროცესებში უფრო ღრმა ინტეგრაციისკენ, გასულ წელს გაფორმდა.

Untitled design (2).png

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად მონაწილეობენ CERN-ის მოწინავე ექსპერიმენტული ფიზიკის პროექტებში, განსაკუთრებით CMS ექსპერიმენტის მიონური სისტემის RPC და HGCAL ჯგუფებში. მიმდინარე წელს მათ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს – წარმატებით დასრულდა 80 უახლესი iRPC კამერისა და მათთვის საჭირო ახალი თაობის ელექტრონიკის შექმნა, რაც CMS ექსპერიმენტის მოდერნიზაციის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ამ კამერების საბოლოო ტესტირება მიმდინარეობს კოსმოსური მიონების დანადგარზე, რომელიც CERN-ის 904 ლაბორატორიაში ქართველმა ფიზიკოსებმა, იური ბაღათურიამ და ირაკლი ლომიძემ ააწყვეს.

ჩვენი მეცნიერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დეტექტორული ტექნოლოგიების განვითარებაში, მონაცემთა ანალიზსა და სიმულაციურ კვლევებში, რაც ხელს უწყობს ნაწილაკების დეტექციის მეთოდების დახვეწას. მათი ჩართულობა CERN-ის მასშტაბურ ექსპერიმენტებში აძლიერებს უნივერსიტეტის პოზიციას გლობალურ სამეცნიერო საზოგადოებაში და ქმნის ცოდნის გაცვლის, მაღალტექნოლოგიური ტრენინგებისა და სტუდენტების მოწინავე ფიზიკის კვლევებში ჩართვის დამატებით შესაძლებლობებს. ჩვენი სამუშაო ვიზიტი კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის მზარდ სამეცნიერო თანამშრომლობას, ხაზს უსვამს საქართველოს წვლილს ბირთვული და მაღალი ენერგიების ფიზიკაში და უზრუნველყოფს ქართული მეცნიერების უწყვეტ მონაწილეობას ფუნდამენტური მეცნიერების ყველაზე თანამედროვე კვლევებში. წარმატებებს ვუსურვებ ქართველ მეცნიერებს“, – აცხადებს დავით გურგენიძე. 

ნიშნად იმისა, რომ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია უმაღლეს შეფასებას აძლევს დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე უმსხვილეს CMS ესპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა, ინჟინერთა და სტუდენტთა ჯგუფის საქმიანობას და დიდად აფასებს CMS კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ქმედით მხარდაჭერას, 2024 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოსა და ფიზიკაში ელემენტარული ნაწილაკების მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია – CERN-ს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და CMS კოლაბორაციაში შეტანილი წვლილის, ასევე, პირადი საორგანიზაციო და სამეცნიერო მიღწევებისთვის, CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრი გახდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კოლაბორაციის შეუცვლელ წევრად მოიაზრებს და შესაბამისად, სტუ-ის რექტორსა და მეცნიერთა ჯგუფს აძლევს საშუალებას ჩაერთონ არა მხოლოდ CMS ექსპერიმენტის HL-LHC -ს მასშტაბურ ფაზაში, არამედ, მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC) ფიზიკური პროგრამის განხორციელებაშიც.

გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მომავლის ციკლური კოლაიდერის, FCC-ის ფიზიკური პროგრამის განხორციელებაში მიღებენ მონაწილეობას, რაც დიდი ადრონული კოლაიდერის, LHC-ის ფიზიკური პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება.

FCC კოლაბორაციისთვის ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები როგორც ამაჩქარებლის, ასევე, უახლესი ტიპის დეტექტორების მიმართულებით. ამ სამუშაოებში აქტურად არიან ჩართულნი სტუ-ის მეცნიერ-ინჟინრები, რომლებიც FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის – TDR-ის შექმნაზე მუშაობენ. 

სტუ-ის რექტორი გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს გიორგი მაღალაშვილს 94-ე დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, დაბადების დღეს ულოცავს ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსს, საქართველოს ირაკლი ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ სამეცნიერო მრჩეველს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, ევროპისა და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრს, საქართველოს დამსახურებულ გეოლოგს, ღირსების ორდენისა და სტუ-ის ოქროს მედლის კავალერს, კალისტრატე გაბუნიას სახელობის პრემიის ლაურეატს, სასარგებლო წიაღისეულის ოთხი საბადოს პირველაღმომჩენს, პროფესორ გიორგი მაღალაშვილს.

„ჩვენს სათაყვანებელ მეცნიერს, ცნობილ გეოლოგს, ბატონ გიორგი მაღალაშვილს – 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 7 დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 4 ახალი სამეცნიერო ნოვაციის, 4 გამოგონების, ოცამდე სხვადასხვა დანიშნულების გეოლოგიური რუკის, 3 გეოლოგიური და გეოფიზიკური მეთოდის დამუშავების ავტორს, 40-ზე მეტი სამეცნიერო ფორუმის მონაწილეს ვულოცავთ 94-ე დაბადების დღეს. 

პროფესორი გიორგი მაღალაშვილი ქართველ მოაზროვნეთა თაობის ის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც თავდადებით იღვწის მეცნიერების განვითარებისთვის და მრავალი ათეული წელია მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო თემებზე, როგორიცაა: კავკასიის ფაიფურის ქვები, ნახშირების ბუნებრივი „გაღარიბების“ გამომწვევი მიზეზები, ხელოვნური ალმასების წარმოება ალგეთისa და სხვა საბადოების, ე.წ. „ზოლენგოფენის“ ტიპის ლითოგრაფიული ქვის გამოყენებით, სამრეწველო მნიშვნელობის საბადოების ზოგი კომპონენტის სოფლის მეურნეობაში გამოყენება, როგორც არატრადიციული სასუქი და მელიორანტი და სხვა. 

ცხოვრების მისეული გზა, საერთაშორისო ავტორიტეტი და საყოველთაო აღიარება ქვეყნისა და მშობლიური უნივერსიტეტისთვის გაწეული დიდი ღვაწლის დადასტურებაა. განუზომელია გიორგი მაღალაშვილის წვლილი ახალგაზრდა სპეციალისტების, სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების აღზრდასა და ქართული გეოლოგიის განვითარებაში. 

ბატონო გიორგი, გულითადად გილოცავთ 94-ე დაბადების დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ცოდნით, მდიდარი გამოცდილებით და მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებებით დიდხანს იღვაწებთ ჩვენი უნივერსიტეტის, ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.

სტუ პროფესორებს – ქეთევან და რუსუდან ქუთათელაძეებს დედის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ენერგეტიკისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტები, სტუ-ის სამეცნიერო და აკადემიური წრეები სამძიმარს უცხადებენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ ქეთევან ქუთათელაძეს დედის, თინა მდინარაძე-ქუთათელაძის გარდაცვალების გამო. 

„გამოვთქვამთ ჩვენს წუხილს ქალბატონი თინას გარდაცვალების გამო. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ, ხოლო მის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უფალმა მომადლოს მშვიდობა”, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

სტუ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში არსებული უახლესი მოთხოვნების საგანმანათლებლო პროგრამებში ასახვის შესაძლებლობებზე დარგში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაფართოებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. 
 
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები – პროფესორები: თინათინ კაიშაური, ნონა ოთხოზორია, ლილი პეტრიაშვილი, ლევან იმნაიშვილი, მედეა თევდორაძე, ქეთევან კოტრიკაძე, ალექსანდრე შარმაზანაშვილი, ნინო ბერაია, მზია კიკნაძე, ბესარიონ შანშიაშვილი, ზაალ აზმაიფარაშვილი, ნუგზარ ამილახვარი და გია სურგულაძე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების კომპანიების – ORIS, საქართველოს ბანკი, IT Group Ltd, აუდიტორული კომპანია Ecovis Georgia, „ელექტრონიკს 07“, SOFTMASTER, AI Lab, Helio Al, „აპტოსი“, „ინტელკომი“, GEO IT, „გრინეტი“, CaucasPack, L+, „ახალი ქსელები“, „ფოპტნეტი“, „სტანდარტი“ – ხელმძღვანელ პირებსა და IT ანალიტიკოსებს შეხვდენენ. შეხვედრის მიზანი საგანამანთლებლო პროგრამების გაანალიზება და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მათი სრულყოფა იყო. 

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა სტუმრებს ფაკულტეტზე მოქმედი პროგრამების აღწერილობა და თანამედროვე მოთხოვნებიდან თუ საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი განვითარების მიმართულებები გააცნეს. 

როგორც შეხვედრაზე ფაკულტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კონკურენტუნარიანი და მაღალპროფესიონალი ახალგაზრდა კადრების მოსამზადებლად უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საგანმანათლებლო პროცესის მომავლის პერსპექტივიდან დანახვას, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამომავლო განვითარების მიმართულებების სამეცნიერო და პრაქტიკულ ჭრილში გაანალიზებას და სასწავლო პროგრამებისა და პროცესის სრულყოფილად აღჭურვას ახალი თეორიული ცოდნითა და ახალი პრაქტიკული შესაძლებლობებით.

Cover gtu (2).png

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, აღნიშნული გამოწვევის დაძლევას უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მოქმედ წამყვან ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს. 

„დღეს რთულია ფეხი აუბა ახალ ტექნოლოგიებს, რომელებიც მსოფლიოში ელვისებური სისწრაფით ვითარდება. ეს ეხება ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და ხელოვნურ ინტელექტსაც. შესაბამისად, პროფესორ-მასწავლებლებსაც და სტუდენტებსაც გვიწევს დიდი შრომა, რომ სასურველ შედეგებს მივაღწიოთ – მოვამზადოთ კონკურენტუნარიანი, მაღალპროფესიონალი ახალგაზრდა კადრები, რომელებიც თამამად უპასუხებენ დარგში არსებულ მოთხოვნებს. ეს ორმხრივი ინტერესია – როგორც უნივერსიტეტის, ასევე დარგში მოქმედი დამსაქმებელი კომპანიების. მიგვაჩნია, რომ ამის მიღწევა მხოლოდ ჩვენი ქმედითი კოოპერაციით არის შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცესი ასევე გააძლიერებს პარტნიორობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიას შორის. ეს შედეგად მოგვიტანს მოდიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება დღევანდელ თუ სამომავლო მოთხოვნებთან, მოგვცემს ინოვაციური მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობებს, მოქნილს გახდის სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკებს და სტაჟირების პროგრამებს, გააძლიერებს განათლების პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობას, ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას, ასევე, შექმნის ახალგაზრდების კარიერული განვითარების მყარ საფუძველს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სრული მხარდაჭერით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის მონაწილეებს ვთავაზობთ ღია თანამშრომლობას. დარწმუნებული ვართ, ერთად სასურველ შედეგებს მივაღწევთ და ხელს შევუწყობთ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის სწრაფ მოდერნიზებას,“ – აღნიშნა თალიკო ჟვანიამ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის წარმომადგენლები თავიანთ ხედვებსა და წინადადებს სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს წარუდგენენ, ხოლო მათი განხილვისა და მოსაზრებების შეჯერების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით მოეწყობა.

სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრებმა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის გრანტი მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევრების პროექტმა – „GE-2776: კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება დოპირებითა და მიკროსტრუქტურის მოდულაციით”, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის (ISTC) გრანტი მოიპოვა. 

პროექტში, რომლის თანამონაწილე ქვეყანაა სომხეთი, კოლაბორატორები კი – იაპონია და უნგრეთი, ქართული მხრიდან მონაწილეობენ პროექტის წამყვანი ორგანიზაციის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერები: ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ მარგიანი, დოქტორები გიორგი მუმლაძე, ვახტანგ ჟღამაძე, იამზე ქვარცხავა, მაია ბალახაშვილი და დოქტორანტი ნათია მარგიანი. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის კოჰერენტული ოპტიკისა და ელექტრონიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის, იამზე ქვარცხავას თქმით, პროფესორ ნიკოლოზ მარგიანის ხელმძღვანელობით, ინსტიტუტში დაფუძნდა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორია, სადაც ხორციელდება ახალი თაობის ოქსიდური თერმოელექტრული მასალების სინთეზი სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით, აგრეთვე, სინთეზირებული მასალების მახასიათებლების გაზომვა და მათი გაუმჯობესება.

კიბერნეტიკის ინსტიტუტში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ სათანადო დანამატებისა და ნანოტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია მოწინავე, მკვეთრად გაუმჯობესებული ფუნქციური პარამეტრების მქონე ოქსიდური თერმოელექტრიკების მიღება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლაბორატორიამ თერმოელექტრობის თემატიკით 5 საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, 14 საკონფერენციო თეზისი წარადგინა, გამოაქვეყნა 6 სტატია და 6 პატენტი მოიპოვა.

2 (14).png

„კიბერნეტიკის ინსტიტუტში მიღებულმა შედეგებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია უცხოელი კოლეგების მხრიდან. კერძოდ, ინსტიტუტში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდნენ ცნობილი იაპონელი, ბელორუსი და სომეხი პროფესორები. ისინი მონაწილეობენ ლაბორატორიის მიერ მოპოვებულ საგრანტო პროექტებში და არიან ქართული ჯგუფის მიერ კონფერენციებზე წარდგენილი პრეზენტაციებისა და სხვადასხვა ჟურნალებში დაბეჭდილი სტატიების თანაავტორები. აგრეთვე, ლაბორატორიას ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს შვედ, უნგრელ და ჩეხ კოლეგებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ლაბორატორიაში მიმდინარე პროექტებში კოლაბორატორისა თუ კონსულტანტის პოზიციებზე. ლაბორატორიამ გაიმარჯვა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის (ISTC) მიერ გამოცხადებულ პრესტიჟულ კონკურსში და წარმატებით ახორციელებს საგრანტო პროექტს – “GE-2776: კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება დოპირებითა და მიკროსტრუქტურის მოდულაციით”.

პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი კოლაბორატორია იაპონელი მეცნიერი, ნაგაოკას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი მასატოში ტაკედა. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა ცენტრმა დააფინანსა ტაკედას ვიზიტი საქართველოში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე GTUnano2024 დასასწრებად, სადაც მან წარადგინა პრეზენტაცია და, ამავე დროს, იყო ამ კონფერენციის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრი. იაპონელი კოლეგა ესტუმრა კიბერნეტიკის ინსტიტუტს და დაათვალიერა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორია. ამ ვიზიტის შედეგად, დაიგეგმა ქართულ-იაპონური სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯები, კერძოდ, ლაბორატორიაში სინთეზირებული, გაუმჯობესებული თერმოელექტრული ეფექტურობის მქონე ოქსიდური მასალების საფუძველზე თერმოელექტრული გენერატორების დამზადება. ამ მიზნის მიღწევით შესაძლებელი იქნება გარემოში ფუჭად გაფანტული სითბოს ნაწილის გარდაქმნა მცირე სიმძლავრის ელექტროენერგიად. ამ გზით გამომუშავებული ენერგიით შესაძლებელი იქნება ვკვებოთ უსაფრთხოების სენსორები ბირთვულ სადგურებში, მცირე სიმძლავრის ხელსაწყოები „სმარტ“ სახლებში, და, ზოგადად, საბაზისო წყაროებს მოშორებულ ადგილებში არსებული მცირე სიმძლავრის მოწყობილობები“, – აცხადებს იამზე ქვარცხავა. 

სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ზეგამტარი და თერმოელექტრული მასალების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის ნიკოლოზ მარგიანის თქმით, პროექტი მოიცავს მოწინავე, მკვეთრად გაუმჯობესებული ფუნქციური პარამეტრების მქონე ოქსიდური თერმოელექტრიკების მიღებასა და კვლევას, რომელიც ითვალისწინებს ოქსიდური თერმოელექტრიკების (კობალტიტების) თერმოელექტრული ეფექტურობის ამაღლებას სათანადო დანამატებისა და ნანოტექნოლოგიის გამოყენებით.

„ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში სინთეზირებული, გაუმჯობესებული თერმოელექტრული ეფექტურობის მქონე ოქსიდური მასალების საფუძველზე შესაძლებელია თერმოელექტრული გენერატორების დამზადება ფუჭად გაფანტული სითბოს ელექტროენერგიად გარდასაქმნელად. პროექტი გააღრმავებს წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნაგაოკას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის, რომლის ვიცე-პრეზიდენტი, პროექტში ჩართული კოლაბორატორი, პროფესორი მასატოში ტაკედა იმყოფებოდა სამეცნიერო ვიზიტით საქართველოში.

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის – ISTC-ის ოფისის ინიციატივითა და თხოვნით, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში, პროფესორ ტაკედასთან ერთად, მომზადდა პრეზენტაცია, რომლის ორენოვან, ინგლისურ და იაპონურ ვერსიებს ISTC-ი წარადგენს გლობალურ EXPO 2025-ზე, რომელიც მიმდინარე წლის 13 აპრილიდან 13 ოქტომბრამდე იაპონიაში, ოსაკაში ჩატარდება. ISTC-ის სურვილია, ოსაკას ექსპოზე წარსადგენი პრეზენტაციით ასახოს წარმატებული მეცნიერული თანამშრომლობა საქართველოსა და იაპონიას შორის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური მასალების ტექნოლოგიის დახვეწის მიზნით. EXPO 2025 დიდად შეუწყობს ხელს იაპონელ და ქართველ მეცნიერთა შორის კოლაბორაციის გაღრმავებას და ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალს თერმოელექტრული ტექნოლოგიის გამოწვევების მიმართულებით“, – აცხადებს ნიკოლოზ მარგიანი.

სტუ-სა და ტაშკენტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფესორი თამარ წერეთელი, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, რექტორის მრჩეველი კოტე ბასილაშვილი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, აზიზ აბდუვასიკოვს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრის მიზანს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენდა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივ სასწავლო აქტივობებს, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, სტუდენტთა, მეცნიერთა და პროფესორ-მასწავლებელთა და გაცვლით პროგრამებს.

„უზბეკური უნივერსიტეტი დაინტერესებულია ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აგრარული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი მიმართულებებით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი 2013 წელს ჩამოყალიბდა და დღეს აგროინჟინერიისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ეს ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, საბაკალავრო პროგრამები: აგრარული ტექნოლოგიები, მევენახეობა და ენოლოგია, მეცხოველეობა, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგრონომია და აგროინჟინერია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ფაკულტეტზე სამი, ორდიპლომიანი პროგრამა მოქმედებს და სასწავლო კურსს ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლები წარმართავენ.

სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ სტუდენტები ორ – ფრანგული უნივერსიტეტის რენ 1-ისა და სტუ-ის დიპლომს იღებენ. ფაკულტეტზე მოქმედებს მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა მილანის უნივერსიტეტთან ერთად. სამაგისტრო პროგრამა – მევენახეობა და მეღვინეობა გახდა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამის – EMAVE-ს კონსორციუმის წევრი. ფაკულტეტი საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისადაა აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო 32 ლაბორატორიითა და 28 აუდიტორიით. აქ ხორციელდება როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. ბაკალავრიატის რვა პროგრამა კი სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული. ფაკულტეტზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტ რენ 1-ის (Universite de RENNES 1) მონაწილეობით, ხორციელდება ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა – წარმოების მენეჯმენტი რძის მრეწველობაში. ჩვენ, წელსაც გადავეცით სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის 2023-2024 წლის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტ რენ 1-ის დიპლომები.

დარგი, რომლის განვითარებისთვის პროფესიონალ კადრს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ზრდის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ხელისუფლება ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესებს დიდ ყურადღებას უთმობს. ვფიქრობ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტაშკენტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება, მით უფრო, რომ აგრარული მიმართულებით უზბეკური უნივერსიტეტი 95 წელია ამზადებს კვალიფიციურ კადრებს“, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

მემორანდუმის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და იმ სტუდენტებს, რომლებიც აგრარულ მეცნიერებებს ეუფლებიან, უახლოესი მომავლიდან, უზბეკეთის განათლების სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი შესაძლებლობა მიეცემათ. თანამშრომლობა არა მხოლოდ სასწავლო, არამედ კვლევით პროცესებსაც მოიცავს.

ევროკავშირის საგრანტო პროექტის ფარგლებში „გაყიდვების ლაბორატორია“ ამოქმედდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ საგრანტო პროექტის – „LISS24 – ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (Learn – Innovate – Sell – Succeed) ფარგლებში, ე.წ. გაყიდვების ლაბორატორია (Sales Lab) ამოქმედდება. 

ლაბორატორიის გახსნამდე, მოსამზადებელ პერიოდში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ ვიენერ ნოირშტადტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ავსტრია) „გაყიდვების ლაბორატორიის“ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის და მუშაობის პრინციპის გაცნობის მიზნით ჩატარებულ სასწავლო ტურში მონაწილეობა მიიღო. სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, სასწავლო ვიზიტის მიზანს პროექტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული „გაყიდვების ლაბორატორიის” მუშაობის, პრინციპებისა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენების გაცნობა წარმოადგენდა.
 
„აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი ბიუჯეტით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე შეძენილია თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალური ლაბორატორიული მოწყობილობები. ამჟამად კი, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პირველ სასწავლო კორპუსში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მიმდინარეობს ლაბორატორიის სამუშაო სივრცის სარემონტო სამუშაოები. ლაბორატორია ხელს შეუწყობს საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისთვის, პროდუქციის, ე.წ. „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას, B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით. LISS24 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგებისა და სწავლების სხვა მეთოდებით შესაბამისი აკადემიური პერსონალის გადამზადება, სერვისებისა და პროცესების განვითარება, სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული „გაყიდვების ლაბორატორიის“ – Sales Lab-ის ჩართვა რეალურ სწავლებაში. კერძოდ, იგეგმება ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური გაყიდვების გამოცდილების ჩართვა სწავლებაში, როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ გაყიდვების გზით. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩატარდება ე.წ. „გაყიდვების სტუდენტური შეჯიბრება“, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს. საბოლო ჯამში, პროექტი ითვალისწინებს ბენეფიციარ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამეწარმეო და ინოვაციური კომპეტენციების განვითარებისთვის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას“, – ამბობს ბორის გითოლენდია.

2 (13).png

მსგავსი ლაბორატორია საქართველოში პირველია და სტუდენტების ჩართულობით, ის ხელს შეუწყობს ბიზნესსექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, როგორც ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. ლაბორატორია იძლევა შესაძლებლობას, ბიზნესსექტორს შესთავაზოს სხვადასხვა კვლევები მათი გაყიდვების შესაძლებლობების სტიმულირებისა და კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.  

ცნობისათვის, „LISS24 – ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (Learn – Innovate – Sell – Succeed) დაფინანსებულია ევროკავშირის „ერაზმუს+“ პროგრამის KA102 აქტივობის ფარგლებში და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება და პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები ხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, რაც სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთათვის პროფესიული ზრდის დამატებით შესაძლებლობას იძლევა.

პროექტი 2026 წელს დასრულდება. პროექტის კოორდინატორია ტურკუს გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ფინეთი). პროექტის კონსორციუმის წევრები არიან: უნივერსიტეტები და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები ფინეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან სომხეთიდან და საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პროექტის ეროვნული კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი კი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა.

Support

Why are you writing to us?