სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრებმა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის გრანტი მოიპოვეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევრების პროექტმა – „GE-2776: კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება დოპირებითა და მიკროსტრუქტურის მოდულაციით”, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის (ISTC) გრანტი მოიპოვა.
პროექტში, რომლის თანამონაწილე ქვეყანაა სომხეთი, კოლაბორატორები კი – იაპონია და უნგრეთი, ქართული მხრიდან მონაწილეობენ პროექტის წამყვანი ორგანიზაციის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერები: ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ მარგიანი, დოქტორები გიორგი მუმლაძე, ვახტანგ ჟღამაძე, იამზე ქვარცხავა, მაია ბალახაშვილი და დოქტორანტი ნათია მარგიანი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის კოჰერენტული ოპტიკისა და ელექტრონიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის, იამზე ქვარცხავას თქმით, პროფესორ ნიკოლოზ მარგიანის ხელმძღვანელობით, ინსტიტუტში დაფუძნდა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორია, სადაც ხორციელდება ახალი თაობის ოქსიდური თერმოელექტრული მასალების სინთეზი სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით, აგრეთვე, სინთეზირებული მასალების მახასიათებლების გაზომვა და მათი გაუმჯობესება.
კიბერნეტიკის ინსტიტუტში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ სათანადო დანამატებისა და ნანოტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია მოწინავე, მკვეთრად გაუმჯობესებული ფუნქციური პარამეტრების მქონე ოქსიდური თერმოელექტრიკების მიღება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლაბორატორიამ თერმოელექტრობის თემატიკით 5 საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, 14 საკონფერენციო თეზისი წარადგინა, გამოაქვეყნა 6 სტატია და 6 პატენტი მოიპოვა.

„კიბერნეტიკის ინსტიტუტში მიღებულმა შედეგებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია უცხოელი კოლეგების მხრიდან. კერძოდ, ინსტიტუტში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდნენ ცნობილი იაპონელი, ბელორუსი და სომეხი პროფესორები. ისინი მონაწილეობენ ლაბორატორიის მიერ მოპოვებულ საგრანტო პროექტებში და არიან ქართული ჯგუფის მიერ კონფერენციებზე წარდგენილი პრეზენტაციებისა და სხვადასხვა ჟურნალებში დაბეჭდილი სტატიების თანაავტორები. აგრეთვე, ლაბორატორიას ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს შვედ, უნგრელ და ჩეხ კოლეგებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ლაბორატორიაში მიმდინარე პროექტებში კოლაბორატორისა თუ კონსულტანტის პოზიციებზე. ლაბორატორიამ გაიმარჯვა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის (ISTC) მიერ გამოცხადებულ პრესტიჟულ კონკურსში და წარმატებით ახორციელებს საგრანტო პროექტს – “GE-2776: კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება დოპირებითა და მიკროსტრუქტურის მოდულაციით”.
პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი კოლაბორატორია იაპონელი მეცნიერი, ნაგაოკას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი მასატოში ტაკედა. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა ცენტრმა დააფინანსა ტაკედას ვიზიტი საქართველოში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე GTUnano2024 დასასწრებად, სადაც მან წარადგინა პრეზენტაცია და, ამავე დროს, იყო ამ კონფერენციის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრი. იაპონელი კოლეგა ესტუმრა კიბერნეტიკის ინსტიტუტს და დაათვალიერა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორია. ამ ვიზიტის შედეგად, დაიგეგმა ქართულ-იაპონური სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯები, კერძოდ, ლაბორატორიაში სინთეზირებული, გაუმჯობესებული თერმოელექტრული ეფექტურობის მქონე ოქსიდური მასალების საფუძველზე თერმოელექტრული გენერატორების დამზადება. ამ მიზნის მიღწევით შესაძლებელი იქნება გარემოში ფუჭად გაფანტული სითბოს ნაწილის გარდაქმნა მცირე სიმძლავრის ელექტროენერგიად. ამ გზით გამომუშავებული ენერგიით შესაძლებელი იქნება ვკვებოთ უსაფრთხოების სენსორები ბირთვულ სადგურებში, მცირე სიმძლავრის ხელსაწყოები „სმარტ“ სახლებში, და, ზოგადად, საბაზისო წყაროებს მოშორებულ ადგილებში არსებული მცირე სიმძლავრის მოწყობილობები“, – აცხადებს იამზე ქვარცხავა.
სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ზეგამტარი და თერმოელექტრული მასალების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის ნიკოლოზ მარგიანის თქმით, პროექტი მოიცავს მოწინავე, მკვეთრად გაუმჯობესებული ფუნქციური პარამეტრების მქონე ოქსიდური თერმოელექტრიკების მიღებასა და კვლევას, რომელიც ითვალისწინებს ოქსიდური თერმოელექტრიკების (კობალტიტების) თერმოელექტრული ეფექტურობის ამაღლებას სათანადო დანამატებისა და ნანოტექნოლოგიის გამოყენებით.
„ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში სინთეზირებული, გაუმჯობესებული თერმოელექტრული ეფექტურობის მქონე ოქსიდური მასალების საფუძველზე შესაძლებელია თერმოელექტრული გენერატორების დამზადება ფუჭად გაფანტული სითბოს ელექტროენერგიად გარდასაქმნელად. პროექტი გააღრმავებს წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნაგაოკას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის, რომლის ვიცე-პრეზიდენტი, პროექტში ჩართული კოლაბორატორი, პროფესორი მასატოში ტაკედა იმყოფებოდა სამეცნიერო ვიზიტით საქართველოში.
საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის – ISTC-ის ოფისის ინიციატივითა და თხოვნით, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში, პროფესორ ტაკედასთან ერთად, მომზადდა პრეზენტაცია, რომლის ორენოვან, ინგლისურ და იაპონურ ვერსიებს ISTC-ი წარადგენს გლობალურ EXPO 2025-ზე, რომელიც მიმდინარე წლის 13 აპრილიდან 13 ოქტომბრამდე იაპონიაში, ოსაკაში ჩატარდება. ISTC-ის სურვილია, ოსაკას ექსპოზე წარსადგენი პრეზენტაციით ასახოს წარმატებული მეცნიერული თანამშრომლობა საქართველოსა და იაპონიას შორის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური მასალების ტექნოლოგიის დახვეწის მიზნით. EXPO 2025 დიდად შეუწყობს ხელს იაპონელ და ქართველ მეცნიერთა შორის კოლაბორაციის გაღრმავებას და ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალს თერმოელექტრული ტექნოლოგიის გამოწვევების მიმართულებით“, – აცხადებს ნიკოლოზ მარგიანი.
Related
V. Chavchanidze Institute of Cybernetics announces a competition for scientific positions
The Scientific Council of the Vladimer Chavchanidze Institute of Cybernetics of the Georgian Technical University announces an open competition for...
Georgian State Electrosystem invites students and graduates of the Power engineering to an open day
On May 21st, at 12:00, the Georgian State Electrosystem invites students and graduates of the Faculty of Power Engineering to...
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...
GTU Rector – Let us ask the Virgin Mary to give us strength, so that our choice in the future will become a source of goodness, peace, and development for Georgia
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates his colleagues and students on the Day of the...
GTU Rector – May God bless Your Holiness, the Georgian Church, and all of Georgia
On behalf of the university community, Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates the Georgian Orthodox Church,...