სტუ-ში მუსიკალურ-ვოკალური კონკურსის – „სტუ-STAR“ ნახევარფინალი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სტუ-ის ადმინისტრაციის, სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური კლუბების მხარდაჭერით, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო მუსიკალურ-ვოკალური კონკურსის – „სტუ-STAR“ – ნახევარფინალური ტური გაიმართა. 

„სტუ-STAR“-ის ნახევარფინალური ტურის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუდენტებს „სტუ-STAR“-ის საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნება მიულოცა.

„განახლებული „სტუ-STAR“ ახალი სახეებით, იდეებითა და მრავალფეროვნებით დაუბრუნდა საუნივერსიტეტო სივრცეს, გილოცავთ! ეს შესანიშნავი კონკურსი რამდენიმე წელი ობიექტური მიზეზებით იყო შეჩერებული. „შენი ხმა შენი შანსია, გახდი სტუდენტური ვარსკვლავი!“ – კონკურსის ამ სლოგანით იწყება თქვენი წარმატება და გრძელდება სცენაზე, სადაც გამოდიოდნენ ქართული ესტრადისა და საშემსრულებლო ხელოვნების ლეგენდები, როგორებიც არიან: გიული ჩოხელი, ოთარ ბზვანელი, სულიკო კოროშინაძე, გურამ ბაკურაძე, გია ჭირაქაძე, პაატა ბურჭულაძე, გია-ჯარჯი ასათიანი, თემურ თათარაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ბერიძე, გია მაჭარაშვილი, ასევე, ჯგუფები „ცისფერი ტრიო“, „ურსა“, „მგზავრები“ და სხვა. საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საესტრადო მუსიკისა და ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა ორკესტრმა და ვაჟთა კვარტეტმა; ათეული წლების განმავლობაში, სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრთან თანამშრომლობით, აქტიური საესტრადო კარიერა დაიწყო და საქვეყნო აღიარება მოიპოვა ძველი და ახალი თაობის თითქმის ყველა ცნობილმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და ინსტრუმენტალისტმა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე იყო. დღესაც, მრავალმხრივ წარმატებულია საუნივერსიტეტო ორკესტრი, ვაჟთა კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, სტუდენტური ბენდები. იმედი მაქვს, ძირითადი პროფესიის საფუძვლიანად შესწავლის პარალელურად, სცენაზეც ასახელებთ მშობლიურ უნივერსიტეტს, წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ. 

პროექტი „სტუ-STAR“ სამი ეტაპისა და ორი ტურისგან შედგება. შერჩევით ტურში მონაწილეობის სურვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოცდაათამდე სტუდენტმა გამოხატა. პირველი ტურის გამარჯვებულები და ნახევარფინალისტები გახდნენ:

  • ნუცა ხუჯაძე – საინჟინრო ეკონომიკა, მედიატექნოლოგიები და სოციალური მეცნიერებები;
  • გვანცა გიგაშვილი, ელენე ფარტენაძე, მარიამ ქსოვრელი და ანა გიგაშვილი – სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერია;
  • თამარ ტარუღიშვილი – სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ანამარია მუსელიანი – ინფორმატიკა და მართვის სისტემები;
  • საბა-გიორგი გახარია – სამთო-გეოლოგიური;
  • გიორგი ჟღენტი – აგრარული მეცნიერებები და ბიოსისტემების ინჟინერინგი;
  • დეა ფაჩულია – სამშენებლო. 

ნახევარფინალში ჟიურიმ – დავით ოქიტაშვილის (სტუ-ის რექტორის მრჩეველი), ქეთევან ოძელაშვილის (მუსიკოსი), ნუცა ჯანელიძის (მუსიკოსი), ნიკოლოზ ჩხარტიშვილის (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო) და ლიანა თარგამაძის (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი) შემადგენლობით, გამოავლინა კონკურსის 5 ფინალისტი: ანა გიგაშვილი, ნუცა ხუჯაძე, გვანცა გიგაშვილი, დეა ფაჩულია და ანამარია მუსელიანი. 

„სტუ – STAR“-ის ფინალი 2025 წლის იანვარში გაიმართება. „სტუ – STAR“-ი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდული პროექტია, რომლის მიზანი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ სტუდენტთა შორის საუკეთესო ვოკალური მონაცემების მქონე ახალგაზრდების გამოვლენა და მათთვის დიდი სცენისკენ გზის გაკვალვაა.

სტუ-ის მევენახეობა-ენოლოგიის მიმართულების წარმატებული კურსდამთავრებულები სტუდენტებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის ორგანიზებით, ამავე ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები, გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო პროექტების გაცნობის მიზნით, ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებს შეხვდნენ. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც, თავიანთი პროფესიით, სახელმწიფო თუ კერძო სექტორში საქმიანობენ, ასევე, მილანის, გეიზენჰაიმისა და პალერმოს უნივერსიტეტების კურსდამთავრებული მევენახე-ენოლოგები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგი, პალერმოს უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი ნინო ადამაშვილი. 

ღონისძიება სტუ-ის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გახსნა. პროფესორმა ნინო ჩხარტიშვილმა ყურადღება გაამახვილა ფაკულტეტსა და დეპარტამენტში განხორციელებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებსა და აქტივობებზე, რომლებიც საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს მომავალი მაღალკვალიფიციური მევენახეებისა და მეღვინეების ჩამოყალიბებას. 

1 (37).png

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით, 2014 წლის 13 მაისს შეიქმნა მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. 2017 წლის ნოემბერში, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე შეიქმნა მევენახეობა-ენოლოგიის დეპარტამენტი, რომელიც აერთიანებს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში კვლევისა და სასწავლო მიმართულებებს. დღეს ჩვენი კურსდამთავრებულები წამყვან პოზიციებს იკავებენ ისეთ საწარმოებში, როგორიცაა: „მეღვინეობა ხარება“, „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ბოლერო“, „მგალობლიშვილის ღვინო“ და სხვა. ფაკულტეტზე, ასევე, ფუნქციონირებს მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა მილანის უნივერსიტეტთან. სტუდენტმა 60 კრედიტი უნდა გაიაროს იტალიაში, რომ მიიღოს ორი დიპლომი. ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა. 2021 წლიდან სტუ-ის მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამის – EMAVE-ს კონსორციუმის წევრი გახდა. კონსორციუმის შემადგენლობაში არიან საფრანგეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის და შვეიცარიის უნივერსიტეტები. პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური საშუალება ორი, ქართულ-ფრანგული დიპლომი მოიპოვონ. სტუდენტები ერთი წლით მიდიან კონსორციუმის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ევროპული განათლება მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში და მოამზადონ სამაგისტრო ნაშრომი. ჩვენი ღონისძიების მიზანია სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც ისარგებლეს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით, თავიანთი გამოცდილება პირველ და მეორეკურსელებს გაუზიარონ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს“, – აღნიშნა ნინო ჩხარტიშვილმა თავის გამოსვლაში. 

შეხვედრაზე კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს იმ შესაძლებლობებსა და შეთავაზებებზე, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალ მევენახეებსა და მეღვინეებს სთავაზობს.

სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარა ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა ნიკოლოზ კირვალიძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, გერმანიაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორ გეიზენჰაიმის უნივერსიტეტში სამაგისტრო ნაშრომი წარმატებით დაიცვა. თავის გამოცდილებაზე ისაუბრა სტუდენტმა მერაბ დვალიშვილმა, რომელიც, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, სწავლას საფრანგეთში აგრძელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგმა, პალერმოს უნივერსიტეტის მკვლევარმა ნინო ადამაშვილმა მევენახეობა-ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, პროფესიის დაუფლების პროცესში, იტალიური ენის შესწავლის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„სასიხარულოა, რომ ასეთი შეხვედრები ეწყობა უნივერსიტეტში, რადგან სტუდენტებს თავიანთივე თანატოლებისგან მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ რამდენად ღირებული გამოცდილებაა ERASMUS+ პროგრამებში მონაწილეობა, საზღვარგარეთ სასწავლო თუ კვლევითი პერიოდის გატარება, რამდენად ახდენს ეს გავლენას პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე. მინდა ხაზი გავუსვა ფაქტს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე მოქმედებს ორი ორმაგი ხარისხის პროგრამა იტალიასა და საფრანგეთში. ასევე, სასწავლო პროცესში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ და შეისწავლონ იტალიური ენა, რაც, სამომავლოდ, მათ გაცვლით პროგრამებში ჩართვას გაუმარტივებს“, – განაცხადა ნინო ადამაშვილმა. 

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი დაარსებიდან 11 წელს ითვლის და, საერთო ჯამში, 26 საგანმანათლებლო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამას ახორციელებს, მათ შორის რვა საბაკალავრო პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. 

“მედიის როლი საქართველოში” – ჟურნალისტ ვახო ხუზმიაშვილის საჯარო ლექცია სტუ-ში

20 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა  ვახო ხუზმიაშვილმა საჯარო ლექცია “მედიის როლი საქართველოში” ჩაუტარა. 

შეხვედრა სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და “ქრისტიანული კულტურის კვლევითი ლაბორატორიის” ორგანიზებით გაიმართა. პრაქტიკოსმა ჟურნალისტმა  სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება და ღირებული რჩევები გაუზიარა, თუ როგორ უნდა დარჩეს ჟურნალისტი მთავარი ღირებულებების ერთგული, რომელთაგან უპირველესი სიმართლის მსახურებაა. 

როგორც ვახო ხუზმიაშვილმა აღნიშნა, ჟურნალისტის პროფესია არ არის მარტივი, ხშირ შემთხვევაში,  ადამიანისგან თავდადებას მოითხოვს. მისი თქმით,  პიროვნება, რომელიც ჟურნალისტის პროფესიას აირჩევს, ამისთვის უნდა იყოს მოწოდებული. გარდა ამისა, მან, ასევე, ისაუბრა პროფესიონალიზმის მნიშვნელობაზე, რომ ჟურნალისტი რესპონდენტთან შეხვედრისას, უნდა იყოს ძალიან მომზადებული, ის ზედმიწევნით უნდა იცნობდეს თემას, რომელზედაც საუბრობს გადაცემაში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საჯარო ლექციის დასასრულს, ვახო ხუზმიაშვილმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს. მომხსენებელმა მათ შესთავაზა, ტელევიზიაში გადაცემის მსვლელობას დაესწრონ, რაც სტუდენტებისთვის დიდი მოტივაცია გახდა. 

ცნობისათვის: ვახო ხუზმიაშვილმა დაამთავრა საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელეკომპანია “იბერიაში” ჟურნალისტად; იყო არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი; ასევე მუშაობდა პირველ არხზე “მოამბის” პროდიუსერად ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციის” პროდიუსერად; თოქშოუ “თავისუფალი სივრცის” ავტორი და წამყვანი; ტელეკომპანია მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერად. 

ამჟამად, ვახო ხუზმიაშვილი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, ამავე არხზე იყო დირექტორის პირველი მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი. 2017 წელს მიღებული აქვს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრიზი – “ოქროს ფრთა”.

სტუ-ის რექტორი ღვაწლმოსილ არქიტექტორსა და პედაგოგს, ბატონ ვახტანგ დავითაიას 90 წლის იუბილეს ულოცავს

ღრმად პატივცემულო ბატონო ვახტანგ!

მადლიერი შთამომავლობა უდიდეს პატივს მოგაგებთ თქვენ, გამოჩენილ ქართველ არქიტექტორს, ქართული არქიტექტურული სკოლის ღირსეულ წარმომადგენელს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, საქართველოს საინჟინრო და ფაზისის აკადემიების აკადემიკოსს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ახალგაზრდობის მრავალი თაობის ღირსეულ აღმზრდელს, საქმის დიდ პროფესიონალს, უღალატო მეგობარს, განათლებულ მამულიშვილს და გილოცავთ დაბადებიდან 90-ე წლისთავს.

საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, საინჟინრო განათლების ამ დიდ ტაძარში, თქვენ ეზიარეთ არქიტექტორის ურთულეს და ქვეყნისათვის მეტად საჭირო დარგს.

თქვენი ბიოგრაფია, მაღალი მეცნიერული ავტორიტეტი, საყოველთაო საზოგადოებრივი აღიარება, ქვეყნისა და ხალხისათვის გაწეული უდიდესი ღვაწლი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჭეშმარიტად დიდი პედაგოგი და მეცნიერი ბრძანდებით. ბატონო ვახტანგ, დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწიეთ დიდ წარმატებებს და საყოველთაო აღიარებას. 

შეუფასებელია თქვენი ნაყოფიერი მოღვაწეობა ახალგაზრდა სპეციალისტებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების აღზრდის საქმეში. განუზომელი წვლილი შეიტანეთ ქართული არქიტექტურის განვითარებასა და არქიტექტურული სკოლის აღმავლობაში. საქმისადმი ერთგულებითა და თავდაუზოგავი შრომით შეძელით მნიშვნელოვანი ადგილი დაგემკვიდრებინათ ქართული არქიტექტურის ისტორიაში. 

გამოქვეყნებული გაქვთ მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და ბრძანდებით 250-მდე პროექტის ავტორი, მათ შორის: საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი „მზიური ველი“ ბაკურიანში, ბიზნეს ცენტრი „მთაწმინდა“ თბილისში, საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში, მემორიალებისა: კავკასიის დამცველთა მემორიალი ყარაჩაევო-ჩერქეზეთში, „ალგეთის ბაზილიკა“ სოფელ ტბისში, მეზღვაურთა მემორიალი ფოთში, დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში, „კოლხეთის დედა“ და ცოტნე დადიანის ძეგლი ფოთში და მრავალი სხვა.

თქვენი, როგორც მეცნიერებისა და საინჟინრო საქმის დიდი ორგანიზატორის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა დამსახურებულად არის დაჯილდოებული ქვეყნის ორდენებითა და მედლებით. დაჯილდოებული ხართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი გიორგი ნიკოლაძის მედლით.

ბატონო ვახტანგ, თქვენ ბრძანდებით უაღრესად კაცთმოყვარე პიროვნება. ქართულმა სიდარბაისლემ, სულიერმა სისპეტაკემ, ადამიანურმა სიბრძნემ, ხელმძღვანელობის იშვიათმა უნარმა, ფენომენალურმა მეხსიერებამ, გულწრფელმა თავმდაბლობამ და საქმის ერთგულებამ მოგიპოვათ საზოგადოების ჭეშმარიტი პატივისცემა და სიყვარული.

ბატონო ვახტანგ! კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ გამორჩეულ საიუბილეო თარიღს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ცოდნით, მდიდარი გამოცდილებით და მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებებით თქვენ კიდევ დიდხანს იღვაწებთ ჩვენი უნივერსიტეტის, ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი,

აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 ფაკულტეტზე 2024 წლის 20 დეკემბრის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნები და დაადგინა:

მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგი 11 ფაკულტეტის: სამშენებლო; ენერგეტიკის; სამთო-გეოლოგიური; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის; ბიზნესტექნოლოგიების; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების; აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შედეგები დამტკიცდეს თანდართული შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად.

სამართლისა და სერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მიემართოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო დებულების 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოქმედ სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობას.    

შემაჯამებელი ოქმი.

სტუ-ში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დღე აღინიშნა. 

ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სწავლულმა მდივანმა პროფესორმა იაშა კუტუბიძემ გახსნა. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას ფაკულტეტის დღე მიულოცა და ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა. მან იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს.

„ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ერთადერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელია ქვეყანაში, რომელიც უკვე 103 წელია ამზადებს სპეციალისტებს ქიმიური და მეტალურგიული ტექნოლოგიების მიმართულებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 2024/2025 სასწავლო წელი ფაკულტეტმა წარმატებით დაიწყო. ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით და ევროპული სტანდარტის შესაბამისი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით შეხვდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით კი სრული შევსებაა. სასიხარულოა, რომ საჯარო სკოლებში ქიმიის მიმართულებით სწავლება-სწავლის პროცესი ამაღლდა, დაინტერესება გაიზარდა, შედეგიც სახეზეა. ვფიქრობ, რომ ამ შედეგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილიცაა, რამეთუ უკვე რამდენიმე წელია სტუ აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ, უფასო ონლაინ კურსებს სთავაზობს. კურსები მიზნად ისახავს, აბიტურიენტების ორი მოდულის მიხედვით – „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“ მომზადებას. ესაა უპრეცედენტო პროექტი და ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა, თუმცა მასთან ერთად სტუ აბიტურიენტებს STEM-ის კიდევ ერთი საგნის, ფიზიკის ან ქიმიის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. წელს მესამედ აღვნიშნავთ ფაკულტეტის დღეს, ეს არის ძალიან კარგი ტრადიცია, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ჩაუყარა საფუძველი. ვულოცავ ფაკულტეტს, დეკანს, თითოეულ მეცნიერსა და მკვლევარს, სტუდენტებს ფაკულტეტის დღეს და წარმატებებს ვუსურვებ”, – აღნიშნა იაშა კუტუბიძემ. 

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, სტუდენტებს კი, წარმატებები უსურვა. 

1 (36).png

„ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ გიორგი ნიკოლაძე, რუსუდან ნიკოლაძე, დიმიტრი ერისთავი, ნიკოლოზ ლანდია, ვასილ კაკაბაძე, რაფიელ აგლაძე, კალისტრატე ქუთათელაძე, გივი ცინცაძე და დარგის სხვა ღვაწლმოსილი მეცნიერები, რომელთა მემკვიდრეობა ფასდაუდებელია. ფაკულტეტის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის აწგანსვენებულ, ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ნუგზარ წერეთელს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეული ლაბორატორია წარმატებით მუშაობს. რექტორის მხარდაჭერით, ფაკულტეტზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება თეატრ-სტუდია „მოდინახეს“. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც დარგის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვისაა აუცილებელი. დიდი მადლობა აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის“, – განაცხადა პროფესორმა ლიანა თარგამაძემ.

ინფორმაციისთვის, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე სწავლება ხორციელდება 8 საბაკალავრო, 6 სამაგისტრო და 4 სადოქტორო პროგრამებზე.

საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით ფაკულტეტი მალე განახორციელებს მიღებას “მეტალურგიისა” და “ფარმაციის” ინგლისურენოვან პროგრამებზეც. ფაკულტეტზე მოღვაწეობს 116 აკადემიური პერსონალი, მათ შორის: 43 პროფესორი, 51 ასოცირებული პროფესორი, 20 ასისტენტ-პროფესორი და 2 ასისტენტი.

ფაკულტეტზე მოღვაწე აკადემიური პერსონალის სამეცნიერო თემატიკა ეფუძნება, როგორც ფუნდამენტურ მეცნიერულ კვლევებს, ასევე გამოყენებითი მეცნიერების წინაშე მდგარ რეალურ პრობლემებს.

სტუ-ის სტუდენტები, ანაზღაურებად სტაჟირებას, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტში გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, კომპანია „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტში გაივლიან, რომელიც შიდა ქართლის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, კასკადური ტიპის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ითვალისწინებს. 

აღნიშნულის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის დირექტორმა გოჩა მუსელიანმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის ხელმოწერის ღონისძიება, რომელსაც სტუ-ის ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის დამფუძნებელი კოკა კოკოლაშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციისა და კომპანიის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. 

3 (10).png

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების გადაწყვეტილება მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარების, ასევე, უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის ეფექტიანი პარტნიორული ურთიერთობების ფორმირების გათვალისწინებით მიიღეს. 

რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ენ-სი ჯგუფი 2022“-ს შორის მყარი პარტნიორობის ჩამოყალიბება საშუალებას იძლევა, მხარეებმა ერთობლივად იზრუნონ ახალგაზრდა, კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებასა და მათ სამომავლო დასაქმებაზე.

„თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ენ სი ჯგუფს“ შორის იქნება კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შედგეს ეფექტიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის. დოკუმენტი, რომლის ხელმოწერაც შედგა, ითვალისწინებს უნივერსიტეტის მხრიდან სრულ ჩართულობას – ქვეყანაში მიმდინარე ამ მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის დაგეგმვასა და რეალიზებაში თითქმის ყველა ფაკულტეტის სტუდენტები, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან. პროექტი ითვალისწინებს კასკადური ჰესების მშენებლობას შიდა ქართლის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა და უნარები გამოიყენონ იმ ტიპის ენერგეტიკული და სამშენებლო პროექტის რეალიზაციაში, რომელსაც მრავალმხრივი და კომპლექსური გამოწვევები აქვს დასაძლევი სამშენებლო მიმართულებით, მრავალკომპონენტიანი ამოცანები აქვს გადასაჭრელი არქიტექტურული თუ გეოლოგიური კუთხით, დასაგეგმი აქვს სარეკრეაციო და ტურისტული ზონები, აუცილებლად დასჭირდება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და შესაბამისი სპეციალისტების გამოყენება, პროექტში ჩაერთვებიან მთის მდგრადი განვითარების, ასევე, აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტები და მკვლევრები. გარდა ამისა, პროექტი ითხოვს საკანონმდებლო უზრუნველყოფასაც, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალგაზრდები და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი, დასაქმების თვალსაზრისითაც, მრავალმხრივ მიმზიდველია ჩვენი სტუდენტებისთვის. პირველ ეტაპზე, კომპანიაში საქმიანობას 350 სტუდენტი სტაჟირებით დაიწყებს, შემდეგ კი, ახალგაზრდებს, თავიანთი ნიჭისა და გამოვლენილი უნარების შესაბამისად, შესაძლებლობა მიეცემათ პროექტის განმახორციელებელი გუნდის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. სწორედ ეს მემორანდუმი იქნება მყარი გარანტი იმისა, რომ სამომავლოდ, ქვეყანას არაერთი გამოცდილი ახალგაზრდა სპეციალისტი შევძინოთ, რომელსაც გარანტირებულად ექნება დასაქმების გრძელვადიანი პერსპექტივა. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს, მათ პედაგოგებს და კომპანიას დასახული მიზნების განხორციელებაში“, – განაცხადა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

„ენ-სი ჯგუფი 2022“-ის დირექტორმა უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გოჩა მუსელიანის თქმით, კომპანიის გამართული მუშაობა დიდწილადაა დამოკიდებული კადრების მაღალკვალიფიციურობაზე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ენ-სი ჯგუფი 2022“-ი პროექტის განხორციელებას ადგილობრივი ძალებით გეგმავს, შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიისთვის განსაკუთრებულად ღირებულია იმ ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვის მხრივ, რომლებიც განათლებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეუფლებიან.

როგორც მან აღნიშნა, განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან, რის შემდგომაც გამორჩეული ახალგაზრდები გრძელვადიანი პერსპექტივით დასაქმდებიან. 

სტუ-ში საგრანტო პროექტების მართვისა და მონიტორინგის პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა ფაკულტეტების დეკანების, მეცნიერებსა და მკვლევრებისთვის „საგრანტო პროექტების მართვისა და მონიტორინგის პორტალის” პრეზენტაცია გამართა. 

პრეზენტაციებზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით სტუ-ის ვიცე-რექტორმა მიმართა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, ახალი ინტერაქტიური პორტალი მეცნიერებსა და მკვლევრებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ფონდების მიერ გამოცხადებული საგრანტო პროექტების შესახებ.

2 (29).png

„პორტალზე, რომელიც არის უნიკალური პლატფორმა, მარტივად აღსაქმელი ფორმით თავმოყრილია ყველა ინფორმაცია, რომელიც მეცნიერსა და მკვლევარს ადგილობრივი თუ საერთაშორისო საგრანტო პროექტების შესახებ სჭირდება. გარდა ამისა, პორტალზე თავმოყრილია მიმდინარე პროექტების შესრულების შესახებ მონაცემები, რაც ერთგვარი მონიტორინგის საშუალებას გვაძლევს. ეს თავის მხრივ მეცნიერსა და მკვლევარს, ხარვეზის შემთხვევაში, უადვილებს სამუშაო პროცესს, რადგან უნივერსიტეტი მისგან დამოუკიდებლად და შემდგომ ჩართულობით იწყებს ხარვეზის აღმოფხვრაზე ზრუნვას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პორტალი შექმნილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლის ამირან ქიმაძის მიერ, ამავე სამსახურის ხელმძღვანელის, დოქტორ დავით კაპანაძის და პროფესორ ზაზა ცირამუას მხარდაჭერით. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც უკვე მოქმედებს საგრანტო პროექტების მართვისა და მონიტორინგის პორტალი”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.

საგრანტო პროექტების მართვისა და მონიტორინგის პორტალის ამოქმედებას დადებითი შეფასება მისცეს კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორმა, პროფესორი კოლინ რიგბიმ და ამავე უნივერსიტეტის ციფრულ და კრეატიულ ინდუსტრიებთან პარტნიორობის განვითარების სპეციალისტმა ემმა ბონფილიომ, ასევე, თავიანთი აზრი გამოთქვეს კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა და უნივერსიტეტის მკვლევრებმა.

სტუდენტთა საყურადღებოდ – სტუ-ის თვითმმართველობის არჩევნები

.table1 table, th, td {
border: 1px solid;
}

20 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. 

არჩევნებზე ხმის მიცემის მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო უბანზე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე მიბრძანდნენ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები


20 დეკემბერი 2024 წელი



ფაკულტეტი


საარჩევნო უბნის მისამართი

1.

სამშენებლო ფაკულტეტი

მ. კოსტავას ქ. 68, V სართული, ოთახი 508, ბიბლიოთეკა

2.

ენერგეტიკის ფაკულტეტი

მ. კოსტავას ქ. 75, I სართული, სააქტო დარბაზი

3.

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი

მ. კოსტავას ქ. 77, II სართული, ოთახი 209

4.

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი

მ. კოსტავას ქ. 69, II სართული, ოთახი 206

5.

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი

მ. კოსტავას ქ. 68, V სართული, ოთახი 538

6.

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი

მ. კოსტავას ქ. 68,

IV სართული, ფოიე

7.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

მ. კოსტავას ქ. 77,

IX სართული, ოთახი 915

8.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

მ. კოსტავას ქ. 77,

III სართული, ოთახი 330

9.

დიზაინის საერთაშორისო სკოლა

მ. კოსტავას ქ. 75, II სართული, აუდიტორია 13

10.

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

დ. გურამიშვილის გამზირი №17,

I სართული, ოთახი 107

11.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

მ. კოსტავას ქ. 77,

VII სართული, ოთახი 702

12.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მ. კოსტავას ქ. 77,

VIII სართული, ოთახი 812

სტუ-ში ReINNOVA-ს შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში, „ფიქრის ლაბორატორია“ დაფუძნდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA“ – ფარგლებში, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა. როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, ReINNOVA საგრანტო განაცხადის საფუძველზე დაფინანსებული პროექტია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველო კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო პროექტის პარტნიორია კილის უნივერსიტეტი. 

ვიცე-რექტორის თქმით, პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება და განათლებაში დამსაქმებლების მონაწილეობის უზრუნველყოფა, მეორე მხრივ კი, სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესებით, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა.

Cover gtu (4).png

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ავტორობითა და უშუალო ხელმძღვანელობით იქნა წარდგენილი და რომელმაც 2023 წელს მსოფლიო ბანკის, საქართველოს I2Q ინოვაციის, ინკლუზიისა და ხარისხის პროექტის (CIF) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. პროექტი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და სამშენებლო ფაკულტეტების 6 საგანმანათლებლო პროგრამაში ReINNOVA-ს პილოტირებას და საწარმოო პრაქტიკის სასწავლო მოდულის გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს ვულოცავ მორიგ გამარჯვებას და კონფერენციის მონაწილეებს წარმატებებს ვუსურვებ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ვიცე-რექტორმა. 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის – კილის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მეწარმეობის დირექტორი. პროფესორმა კოლინ რიგბიმ კონფერენციის მონაწილეებს პროექტის ეგიდით მომზადებული სამომავლო მდგრადი განვითარების გეგმა გააცნო და ისაუბრა პროექტის მნიშვნელობასა და მსგავსი პროექტების მართვაში კილის უნივერსიტეტის გამოცდილებაზე. 

პროფესორ რიგბის განცხადებით, პროექტის ძირითადი არსი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბრიტანული პრაქტიკის აპრობირებაა, რაც ინოვაციური პლატფორმის გამოყენებით, ბიზნესთან თანამშრომლობის პრაქტიკის სტიმულირებას, ასევე, მდგრადი მიზნების მისაღწევად აღნიშნული მეთოდიკის ინსტიტუციონალიზაციას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, დაგეგმილია აქტიური თანამშრომლობა სასწავლო და კვლევითი მიმართულებით. 

კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე პროექტის გუნდის წევრებმა საანგარიშო პრეზენტაცია წარმოადგინეს, ასევე, საზოგადოებას პროექტის შედეგები და პროექტის ეგიდით შექმნილი ვებპლატფორმა გააცნეს. 

პროექტ ReINNOVA-ს შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში, „ფიქრის ლაბორატორია“ დაფუძნდა. კონფერენციის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორი, პროფესორი კოლინ რიგბი და კილის უნივერსიტეტის ციფრულ და კრეატიულ ინდუსტრიებთან პარტნიორობის განვითარების სპეციალისტი ემმა ბონფილიო.

Support

Why are you writing to us?