სტუ-ის მეცნიერებმა, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან (CERN) კოლაბორაციის ფარგლებში, iRPC გაუმჯობესებული ტიპის კამერები დაამზადეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN), CMS ექსპერიმენტის მიონური სისტემის RPC ჯგუფთან კოლაბორაციის ფარგლებში, CMS ექსპერიმენტის მოდერნიზაციის გეგმით გათვალისწინებული 80 ერთეული iRPC გაუმჯობესებული ტიპის კამერების და მათთვის საჭირო სრულიად ახალი ტიპის ელექტრონიკის დამზადება დაასრულეს. 

iRPC გაუმჯობესებული ტიპის კამერების საბოლოო ტესტირება კოსმოსური მიონების დანადგარზე ჩატარდება, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერებმა იური ბაღათურიამ და ირაკლი ლომიძემ CERN-ის ნ904-ე ლაბორატორიაში ააწყვეს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, საქართველოსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა უკვე 30 წელზე მეტს ითვლის, რომლის ფარგლებში მრავალმა ქართველმა მეცნიერმა გააგრძელა კვლევითი საქმიანობა CERN-ში.

როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის ოთხი ძირითადი ექსპერიმენტიდან ორში – ATLAS და CMS ექსპერიმენტში, წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები.

1 (34).png

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრებმა და მეცნიერებმა ოთარ კემულარიამ, იური ბაღათურიამ, ირაკლი ლომიძემ გადამწყვეტი წვლილი შეიტანეს კამერების ახალი ელექტრონიკისათვის საჭირო გაცივების სისტემის შექმნაში. მათ შეიმუშავეს ამ სისტემის კონსტრუქცია. ასევე, დამზადდა პროტოტიპი, რომლის ტესტირების შედეგების გათვალისწინებით მომზადდა სამუშაო ნახაზები და დამზადდა 160 ერთეული გაცივების ფირფიტა და 80 ერთეული წყლის მიწოდების მილი, რომლებიც გაიგზავნა ცერნში და დაიწყო მათი დაყენება კამერებზე. 2025 წლის იანვარში დაიწყება ახალი RPC კამერების ჩაყენება CMS დანადგარზე და საბოლოო ტესტირების შემდეგ მათი ჩართვა ფიზიკური მონაცემების დაგროვების სისტემაში. ვულოცავ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევრებს მორიგ, დიდ წარმატებას“, – აცხადებს დავით გურგენიძე. 

ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ აკადემიკოსი დავით გურგენიძე ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ჟენევაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში რექტორი CERN-ის ერთ-ერთი უდიდესი CMS ექსპერიმენტის ლიდერს, ჯგუფის ხელმძღვანელ დოქტორ ლუკა მალგერის, CMS ექსპერიმენტის წამყვან მეცნიერს, პროფესორ ტიციანო კამპორეზის და RPC ჯგუფის ხელმძღვანელს, დოქტორ სალვატორე ბუენტემპოს შეხვდა.

CMS კოლაბორაციის წევრებთან აკადემიკოს დავით გურგენიძის შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ CERN-ი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CMS კოლაბორაციის კონკრეტული ამოცანების განსახორციელებლად, ფიზიკის თანამედროვე საუნივერსიტეტო ლაბორატორიის განახლება-მოწყობაში შეიტანს წვლილს და ამ მიზნით უნივერსიტეტს უახლეს ტექნიკას გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოსა და ფიზიკაში ელემენტარული ნაწილაკების მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია – CERN-ს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და CMS კოლაბორაციაში შეტანილი წვლილის, ასევე, პირადი საორგანიზაციო და სამეცნიერო მიღწევებისთვის, CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრია. 

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უნივერსიტეტი მიესალმება პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას, შეკრას საზოგადოება და განამტკიცოს ის დემოკრატიული სტანდარტები, რომელსაც ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს. 

„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე, უძველესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქვეყნის, საქართველოს, მოსახლეობა იმედით გიყურებთ, რომ ამ რთულ პროცესში, თქვენ, საქართველოს მხედართმთავარი, უდიდეს წვლილს შეიტანთ ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების, გამთლიანებისა და ეკონომიკური ზრდის პროცესში. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ერი მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ივლის. გილოცავთ და გისურვებთ ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს“, – აღნიშნულია დავით გურგენიძის განცხადებაში.

სტუ-ში CIF საგრანტო პროექტი ReInnova-ს შედეგების ინსტიტუციური მდგრადი განვითარება ხორციელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის – „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA” – ჯგუფის წევრები სამუშაო ვიზიტით კილის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) იმყოფებოდნენ. 

ვიზიტის მიზანი საუკეთესო ბრიტანულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციებისა და კვლევების პროგრამა ReINNOVA-ს მეორე ფაზის პროექტის შემდგომი დამოუკიდებელი იმპლემენტაციის მდგრადი განვითარების გეგმის მომზადება იყო. 

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ კილის უნივერსიტეტის ცენტრალური და საფაკულტეტო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გამართა, რომელსაც მოდერაციას კილის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ვიცე-კანცლერი, პროფესორი ანტონიუს რაგუბანისე უწევდა.

Untitled design.png (2).jpeg

როგორც დეკანი აცხადებს, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, შეხვედრები შედგა ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტენფორდშეარის მხარის სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრებთან. 

„კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეწარმეობის ცენტრის დირექტორის, დოქტორ კოლინ რიგბის მოდერაციითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის გუნდის წევრთა ჯგუფური მუშაობით, მომზადდა ინოვაციებისა და კვლევების პროგრამის მეორე ფაზის დამოუკიდებელი, პროექტის შემდგომი მდგრადი განვითარების გეგმა. მის შესრულებაზე, პროექტის სტრატეგიის მიხედვით, საფაკულტეტო შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, იზრუნებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი. შეხვედრების ერთ-ერთი მიზანი იყო საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკის გაზიარება და იმ ახალი ინიციატივებისა და უკვე განხორციელებული პროექტების გაცნობა, რომლებიც კილის უნივერსიტეტშია დანერგილი. იდეების გენერირების, ახალი ინიციატივების, ერთობლივი სამომავლო პროექტების და თანამშრომლობის წახალისების მიზნით, კილის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან საინტერესო შეხვედრები შედგა. უნივერსიტეტში წლის ბოლოსთვის დაგეგმილია პროექტის დასკვნითი კონფერენციის ჩატარება, რომელზეც, ბრიტანელ სტუმრებთან ერთად, წარმოდგენილ იქნება საბოლოო ანგარიში და მისი შედეგების მდგრადი განვითარების გეგმა“, – განაცხადა ბორის გითოლენდიამ. 

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ავტორობითა და უშუალო ხელმძღვანელობით წარდგენილმა პროექტმა – „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA” – 2023 წელს მსოფლიო ბანკის, საქართველოს I2Q ინოვაციის, ინკლუზიისა და ხარისხის პროექტის (CIF) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. 

ReINNOVA-ს მიზანი სტუ-სა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება, განათლების პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობის უზრუნველყოფა და სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესების გზით, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობაა.

პროექტი სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და სამშენებლო ფაკულტეტების 6 საგანმანათლებლო პროგრამაში ReINNOVA-ს პილოტირებას და საწარმოო პრაქტიკის სასწავლო მოდულის გაძლიერებას ითვალისწინებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას, კილის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ახორციელებს.

„მადლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქმიანი, მრავალმხრივ დატვირთული და თბილი შეხვედრებისთვის”, – EYE-ის პრეზიდენტი პაულ ჯენკინსონი

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან შეხვედრა ჩემთვის ნამდვილი პატივი იყო. მიუხედავად ხანმოკლე ვიზიტისა, მივხვდი, რომ ეს ქვეყანა, თავისი ხალხით, მდიდარი და ამაყია. მადლობა უნივერსიტეტს და საზოგადოებას საქმიანი, მრავალმხრივ დატვირთული და თბილი შეხვედრებისთვის, რომლებზეც წარვადგინე „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პლატფორმა, განვიხილეთ რეგიონში ახალგაზრდა ინჟინერთა სექტორის განვითარების გზები”, – ასე აფასებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ (the European Young Engineers – EYE) პრეზიდენტი პაულ ჯენკინსონი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტს. 

საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად იმყოფებოდა. პაულ ჯენკინსონი ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ ზურაბ გუდავაძეს შეხვდა. 

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში EYE-ის პრეზიდენტთან შეხვედრებს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) ორგანიზებით ჩატარდა, ესწრებოდნენ სტუ-ისა და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტები და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) პრეზიდენტი, მშენებელ ინჟინერთა მსოფლიო საბჭოს (WCCE) აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი აზიის კონტინენტზე, WCCE-ის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი საინჟინრო ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის (WFEO) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომიტეტში, დოქტორი იური სვანიძე. 

„ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება”- სტუ-ში სტუდენტთა და მოსწავლეთა მეორე ოლიმპიადა ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა და მოსწავლეთა მეორე ოლიმპიადა – „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება”   ჩატარდა. 

ოლიმპიადაში, რომელიც ონლაინ ფორმატში 4-11 დეკემბერს ჩატარდა,  მონაწილეობა მიიღო საჯარო სკოლების 32-მა მოსწავლემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 23-მა სტუდენტმა. 

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლეებს მიეცათ დავალება, კომისიისთვის წარედგინათ საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ – ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო ბროშურების მიხედვით მომზადებული 20  შეკითხვის  ტესტის პასუხები და 10-ქულიანი ესე, ხოლო სტუდენტებისთვის 50-ქულიანი ტესტური დავალება იყო შემუშავებული. 

2 (27).png

„ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება მნიშვნელოვანი ელემენტია როგორც კატასტროფების მართვისთვის, ისე მდგრადი განვითარებისთვის. დღეს, მსოფლიოში, განსხვავებით ადრეული წლებისა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კატასტროფებისადმი მზადყოფნას. მეცნიერები არ დავობენ, რომ კატასტროფების რისკების შემცირება შესაძლებელია – სწორედ ეს ძირითადი ნიუანსები იყო ოლიმპიადის ჩატარების ძირითადი მოტივი. წარმატებებს ვუსურვებ გამარჯვებულებს”, – განაცხადა ნოე ხოზრევანიძემ. 

სტუდენტთა და მოსწავლეთა მეორე ოლიმპიადის – „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება” – საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

მოსწავლეთა შორის:

  • I ადგილი – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის საჯარო სკოლის მოსწავლე მურმან ნაფეტვარიძე – 28 ქულით;
  • II ადგილი – წალკის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე  თაკო გაბროშვილი – 27 ქულით;
  • III ადგილი – წალკის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები – ტატიანა ბერიდუ და ლანა კახაძე – 23 ქულით;

სტუდენტებს შორის:

  • I ადგილი –  მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ ბაქრაძე – 40 ქულით;
  • II ადგილი – მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი ვახტანგ ნაზღაიძე – 39 ქულით;
  • III ადგილი – სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ღამბაშიძე და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები – ანა დოლიძე, ბაჩა თაბაგარი – 38 ქულით.

დასკვნით ღონისძიებაზე მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ოლიმპიადის მონაწილეებს სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს სიგელები  გადასცა.

სტუ-ის მეცნიერებმა იაპონიაში, ოსაკას საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერებმა, პაატა კერვალიშვილმა და თამარ ბერბერაშვილმა, იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე (World Expo 2024 in Osaka, Japan) სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და ვიზიტორებს სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა მიერ განხორციელებული უნიკალური, მაღალტექნოლოგიური კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. 

ოსაკას მსოფლიო ექსპოზე, რომელიც თანამედროვე ენერგეტიკული ტექნოლოგიების განვითარებასა და „მწვანე ტრანსფორმაციასთან“ დაკავშირებულ ინოვაციურ გადაწყვეტილებათა წარმოჩენას ეძღვნებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერები გამოფენის ორგანიზატორთა სპეციალური მიწვევით იმყოფებოდნენ. 

როგორც სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ოსაკას გამოფენაზე წარსდგა უნიკალური კვლევებით, რომლებიც მოიცავს ლაზერულ-პლაზმურ მეთოდზე დაფუძნებული მზის ელემენტების მიღების ტექნოლოგიებს, ლაზერულ-ბირთვული სინთეზის (პროტონ-ბორი) მნიშვნელოვანი ელემენტების შექმნას, სპინტრონული და სპინქუბიტური ელემენტების წარმოებასა და ოპტიკური (ლაზერული) სპექტრომეტრიის ვიბრაციულ-რეზონანსული მეთოდების გამოყენება-განვითარებას ბიოსამედიცინო მიმართულებით. 

„აღსანიშნავია, რომ ოსაკას მსოფლიო გამოფენაზე, იაპონიის სამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღჭურვილი იყო სპეციალური საგამოფენო სივრცით. სამი დღის განმავლობაში, პროფესორ თამარ ბერბერაშვილთან ერთად, შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით მეცნიერებს, ექსპერტებს, ბიზნესსექტორისა და სამედიცინო დარგის წარმომადგენლებს, ჩაგვეტარებინა საინტერესო პრეზენტაციები და საუბრები იმ უნიკალური და მაღალტექნოლოგიური კვლევების შესახებ, რომლებსაც ჩვენს უნივერსიტეტში საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფი ვახორციელებთ. კერძოდ, ყურადღება გავამახვილეთ ლაზერული გამოსხივებით ინდუცირებული პლაზმის მეშვეობით სილიციუმ-გრაფენის და სხვა ნანოსისტემებისა და ნანომოწყობილობების მიღების კონცეფციებსა და ტექნოლოგიებზე. ასევე, დამთვალიერებელს გავაცანით ჩვენ მიერ თანამედროვე ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებით შექმნილი ბიონანოსისტემების კვლევის ლაზერულ-რეზონანსული მეთოდები და ვიბრაციული სპექტროსკოპიის მულტიდისციპლინური დამუშავებები.

სასიხარულოა, რომ ოსაკას ექსპოზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პავილიონის ვიზიტორები დიდი ინტერესით გაეცნენ ინფორმაციას უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთა ბოლოდროინდელ მიღწევებზე, ასევე, ჩვენი ქვეყნის მრავალმხრივ ინოვაციურ პოტენციალზე, განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების სფეროში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ იაპონურ-ქართული კონფერენციების ციკლის მოწყობას და გარდა ამისა, იაპონელ კოლეგებთან კოლაბორაციით, ერთობლივი კვლევითი პროექტების შექმნაზე დავიწყებთ მუშაობას“, – ამბობს პაატა კერვალიშვილი. 

ცნობისათვის, იაპონიაში, ოსაკას ექსპოზე, მსოფლიო მასშტაბით, წარმოდგენილი იყო 1200-ზე მეტი მოწინავე და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევა, რომელიც 20 ათასზე მეტმა ვიზიტორმა დაათვალიერა.

სტუ-ში წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციათა ციკლი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციათა ციკლი დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება გორის ხანდაზმულთა სახლში – „შენი თბილი კერა“, გაიმართა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ქალთა საბჭოს თავმჯდომარემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ადეიშვილმა გორის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს პირველადი დახმარების საგნები და პროდუქტი გადასცეს. 

IMG_3394.png

როგორც სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, ასოციაცია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, მთელი წლის განმავლობაში მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის, ასევე, დევნილი და ლტოლვილი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს.

„ჩვენი ორგანიზაცია მთელი წლის განმავლობაში ატარებს ღონისძიებებს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ წელს, ისევე როგორც შარშან, საახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებათა ციკლი დეკემბრის დადგომისთანავე დავიწყეთ. პირველი ღონისძიება გორის ხანდაზმულთა სახლში გავმართეთ. ყველაზე საყვარელ ხალხს, ჩვენს მოხუცებს, განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომას ესაჭიროებათ. ამ შეხვედრით ყველა ერთნაირად ბედნიერი იყო, ყველას სიხარულით, სიკეთითა და მადლიერებით სავსე თვალები ჰქონდა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანს – ყველას, ვინც ქალთა ასოციაციას ამ კეთილ საქმეში გვერდში დაუდგა”, – განაცხადა ნაზი კუციავამ.

ხანდაზმულთა სახლის – „შენი თბილი კერა“ – ხელმძღვანელმა ჟუჟუნა წერეთელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ქალთა ასოციაციას, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის და სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტებს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ფილოსოფია და საზოგადოება” – პროფესორ ვანო ჭიაურელის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვანო ჭიაურელმა საჯარო ლექცია – „ფილოსოფია და საზოგადოება”, გამართა. 

ღონისძიება ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტმა, სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სპორტის მინისტრმა, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა გახსნა. 

არჩილ გურგენიძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, ღონისძიების ორგანიზებისთვის კი – სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს.

მისი თქმით, საჯარო ლექციის ორგანიზების მიზანია ფილოსოფიური განათლების პოპულარიზაცია, საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებზე დისკუსია და შემოქმედებითი გარემოს შექმნის ხელშეწყობაა.

111111.png

„ღონისძიებას ფრენსის ბეკონის სიტყვებით გავხსნიდი – „ზერელედ მიწოდებული ფილოსოფია გვაშორებს რელიგიას, სიღრმისეული ფილოსოფია კი გვაბრუნებს მის წიაღში“. ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანია, განვიხილოთ საზოგადოების, ასევე, პიროვნების ღირსების საკითხი თანამედროვე ფილოსოფიურ, ეთიკურ, სამართლებრივ ჩარჩოში. ვფიქრობ, ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, დამსწრე საზოგადოებაში დიდ ინტერესს გამოიწვევს. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ყველას – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ წრეებს, ვინც მხარი დაუჭირა სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ინიციატივას, უნივერსიტეტში ეს აქტუალური თემა განგვეხილა. მადლობა პროფესორ ვანო ჭიაურელს”, – განაცხადა თავის გამოსვლაში არჩილ გურგენიძემ.

პროფესორ ვანო ჭიაურელის საჯარო ლექცია – „ფილოსოფია და საზოგადოება” – დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ, როგორც სტუდენტები და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის წევრები, ასევე, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები. 

საჯარო ლექციის დასასრულს, ახალგაზრდებმა აქტუალურ თემებზე მსგავს ფორმატში შეხვედრების გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. 

კარაბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ კარაბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თურქეთი) დელეგაციას შეხვდნენ. 

შეხვედრა, რომელსაც კარაბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ფათიჰ კირიშიკი, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი ადნან უკური, ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების პროფესორი მეჰმეთ ედენი და მანქანათმშენებლობის მიმართულების დოქტორანტები – ბაჰადირ კინაჩი და ეიუპ ტაშკაია ესწრებოდნენ, სტუ-ის ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს თურქეთის რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, კარაბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კი მრავალწლიანი საერთო სამუშაო ინტერესი აკავშირებს. 

22222.png

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმებული აქვს 29 თურქულ უნივერსიტეტთან. მათგან 21 უნივერსიტეტთან კი გაფორმებულია ერაზმუს+ ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებები, რომელთა ფარგლებშიც აქტიურად მიმდინარეობს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობა. ჩვენსა და კარაბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს Erasmus+ გაცვლით პროგრამებში სტუდენტთა და მეცნიერ-თანამშრომელთა მონაწილეობას, სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ინტეგრირებას, სტუდენტების განათლების ახალი საზრისისა და დანიშნულების განსაზღვრასა და არსებული მდგომარეობის ანალიზს. ჩვენს უნივერსიტეტში თურქი კოლეგების ვიზიტი უკავშირდება ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვას, რომელიც ეხება სოციალური მეცნიერებებისა და, ასევე, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებებით ფესტივალის დაგეგმვისა და მასში მონაწილეობის კუთხით თანამშრომლობას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიესალმება კარაბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალი ტიპის თანამშრომლობას, რაც, ვფიქრობ, ორივე მხარის წარმომადგენლებისთვის, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, აკადემიური პერსონალისთვის ახალი წარმატებული პროექტების განხორციელების საწინდარი იქნება”, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ინფორმაციისთვის, კარაბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანადოლუს უნივერსიტეტის შემდეგ, თურქეთში მეორე უნივერსიტეტია საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის მიხედვით.

უნივერსიტეტი 2007 წელს დაარსდა და ამჟამად მის შემადგენლობაშია 16 ფაკულტეტი, 2 ინსტიტუტი, 5 კოლეჯი, 9 უმაღლესი სკოლა და 15 კვლევითი ინსტიტუტი.

უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობა ფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა არქიტექტურა, ინჟინერია, მენეჯმენტი, ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ფილოლოგია, ხელოვნება, ეკონომიკა, მედიცინა, თეოლოგია.

კარაბუკის უნივერსიტეტი შედის თურქეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების საუკეთესო ათეულში, ხოლო Times Higher Education-ის (THE) რანჟირების სისტემაში იკავებს 1001–1200 პოზიციას და 251-300 ადგილს – მსოფლიოს საუკეთესო ახალ უნივერსიტეტებში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კარაბუკის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი 13 დეკემბერს დასრულდება. 

სტუ ცნობილი მეცნიერის, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, პროფესორ რაიჩო ლაზაროვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, მათემატიკოსის, ემერიტუს რაიჩო ლაზაროვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიას და ტეხასის უნივერსიტეტს (Texas A&M University, აშშ).

რაიჩო ლაზაროვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის ნაყოფიერი წლები აკავშირებს. მან საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა, როგორც დიდბუნებოვანმა ადამიანმა, შესანიშნავმა მეცნიერმა, კოლეგამ და პედაგოგმა. 

„81 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი მეცნიერი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების დარგში, რაიჩო ლაზაროვი. 

შესანიშნავი მკვლევარი, პედაგოგი, მეგობარი და კოლეგა – ასეთი დარჩება რაიჩო ლაზაროვი ჩვენს მეხსიერებაში. ის იყო მეცნიერი, რომელმაც თანამედროვე განვითარებამდე მიიყვანა სამეცნიერო კვლევები რიცხვითი მეთოდებისა და ალგორითმების სფეროში. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პროფესორ რაიჩო ლაზაროვის გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. უფალმა გაუნათლოს ცათა სასუფეველი”, – აღნიშნულია სტუ-ის რექტორის სამძიმარში.

Support

Why are you writing to us?