სტუ-ის მევენახეობა-ენოლოგიის მიმართულების წარმატებული კურსდამთავრებულები სტუდენტებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის ორგანიზებით, ამავე ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები, გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო პროექტების გაცნობის მიზნით, ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც, თავიანთი პროფესიით, სახელმწიფო თუ კერძო სექტორში საქმიანობენ, ასევე, მილანის, გეიზენჰაიმისა და პალერმოს უნივერსიტეტების კურსდამთავრებული მევენახე-ენოლოგები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგი, პალერმოს უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი ნინო ადამაშვილი.
ღონისძიება სტუ-ის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გახსნა. პროფესორმა ნინო ჩხარტიშვილმა ყურადღება გაამახვილა ფაკულტეტსა და დეპარტამენტში განხორციელებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებსა და აქტივობებზე, რომლებიც საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს მომავალი მაღალკვალიფიციური მევენახეებისა და მეღვინეების ჩამოყალიბებას.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით, 2014 წლის 13 მაისს შეიქმნა მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. 2017 წლის ნოემბერში, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე შეიქმნა მევენახეობა-ენოლოგიის დეპარტამენტი, რომელიც აერთიანებს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში კვლევისა და სასწავლო მიმართულებებს. დღეს ჩვენი კურსდამთავრებულები წამყვან პოზიციებს იკავებენ ისეთ საწარმოებში, როგორიცაა: „მეღვინეობა ხარება“, „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ბოლერო“, „მგალობლიშვილის ღვინო“ და სხვა. ფაკულტეტზე, ასევე, ფუნქციონირებს მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა მილანის უნივერსიტეტთან. სტუდენტმა 60 კრედიტი უნდა გაიაროს იტალიაში, რომ მიიღოს ორი დიპლომი. ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა. 2021 წლიდან სტუ-ის მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამის – EMAVE-ს კონსორციუმის წევრი გახდა. კონსორციუმის შემადგენლობაში არიან საფრანგეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის და შვეიცარიის უნივერსიტეტები. პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური საშუალება ორი, ქართულ-ფრანგული დიპლომი მოიპოვონ. სტუდენტები ერთი წლით მიდიან კონსორციუმის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ევროპული განათლება მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში და მოამზადონ სამაგისტრო ნაშრომი. ჩვენი ღონისძიების მიზანია სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც ისარგებლეს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით, თავიანთი გამოცდილება პირველ და მეორეკურსელებს გაუზიარონ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს“, – აღნიშნა ნინო ჩხარტიშვილმა თავის გამოსვლაში.
შეხვედრაზე კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს იმ შესაძლებლობებსა და შეთავაზებებზე, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალ მევენახეებსა და მეღვინეებს სთავაზობს.
სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარა ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა ნიკოლოზ კირვალიძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, გერმანიაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორ გეიზენჰაიმის უნივერსიტეტში სამაგისტრო ნაშრომი წარმატებით დაიცვა. თავის გამოცდილებაზე ისაუბრა სტუდენტმა მერაბ დვალიშვილმა, რომელიც, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, სწავლას საფრანგეთში აგრძელებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგმა, პალერმოს უნივერსიტეტის მკვლევარმა ნინო ადამაშვილმა მევენახეობა-ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, პროფესიის დაუფლების პროცესში, იტალიური ენის შესწავლის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„სასიხარულოა, რომ ასეთი შეხვედრები ეწყობა უნივერსიტეტში, რადგან სტუდენტებს თავიანთივე თანატოლებისგან მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ რამდენად ღირებული გამოცდილებაა ERASMUS+ პროგრამებში მონაწილეობა, საზღვარგარეთ სასწავლო თუ კვლევითი პერიოდის გატარება, რამდენად ახდენს ეს გავლენას პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე. მინდა ხაზი გავუსვა ფაქტს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე მოქმედებს ორი ორმაგი ხარისხის პროგრამა იტალიასა და საფრანგეთში. ასევე, სასწავლო პროცესში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ და შეისწავლონ იტალიური ენა, რაც, სამომავლოდ, მათ გაცვლით პროგრამებში ჩართვას გაუმარტივებს“, – განაცხადა ნინო ადამაშვილმა.
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი დაარსებიდან 11 წელს ითვლის და, საერთო ჯამში, 26 საგანმანათლებლო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამას ახორციელებს, მათ შორის რვა საბაკალავრო პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება.
Related
GTU Rector expresses condolences over the death of prominent Georgian architect Vakhtang Davitaia
The Rector of the Georgian Technical University, Chairman of the Standing Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia,...
Rector of the Georgian Technical University expresses condolences to the family and relatives over the death of Associate Professor Natia Maisuradze
Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow over the...
GTU Rector, Academician David Gurgenidze, Wishes Success to the Entrants
Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, Chairman of the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions...
Working Visit of the GTU Delegation to Hamburg University of Applied Sciences
From June 22–26, an international workshop and a series of working meetings were held at Hamburg University of Applied Sciences...
The Scientific Council of the GTU Institute of Mathematics Announces a Competition for Scientific Positions
The Scientific Council of the Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics of the Georgian Technical University announces an open competition...
Memorandum Signed Between GTU and “Global Cell”
The Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli, and the Director of “Global Cell LLC”, Giorgi Maduashvili, signed...