სტუ, ADA უნივერსიტეტთან პარტნიორობით, BSES-ის მასპინძლობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამი დღის განმავლობაში „ბაქოს ენერგეტიკის საზაფხულო სკოლა 2024“-ის (Baku Summer Energy School (BSES) 2024) დასკვნით ნაწილს მასპინძლობს.
რიგით მე-18 BSES-ი ADA უნივერსიტეტის, ADA-სთან პარტნიორობის ფონდის, bp აზერბაიჯანის, აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის, GL-ის, KOLIN-აზერბაიჯანის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობითა და ორგანიზებით ბაქოსა და თბილისში ტარდება.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ბაქოს ენერგეტიკის საზაფხულო სკოლა 2024“-ის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, სტუ-ის ადმინისტრაციის, ADA უნივერსიტეტისა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური და სამეცნიერო წრეები, სტუდენტები და საზაფხულო სკოლის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან.
BSES-ის დასკვნითი ნაწილი გახსნა, მონაწილეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით მიესალმა და წარმატებები უსურვა რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში.
თამარ ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბაქოს დიპლომატიურ აკადემიას შორის (ADA) თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე საგანმანათლებლო-სამეცნიერო კოლაბორაციასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, ასევე, ბაქოს ენერგეტიკის საზაფხულო სკოლის მისიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უკვე ორი წელია გრძელდება ADA-ს უნივერსიტეტთან ჩვენი თანამშრომლობა, რასაც სათავეში უდგანან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პროფესორი ჰაფიზ ფაშაევი.
ჩვენი სურვილია, პარტნიორობა გაცილებით მჭიდრო გახდეს. საზაფხულო სკოლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა ერთ-ერთი ნაბიჯია ამ მიმართულებით, მით უფრო, რომ აზერბაიჯანთან თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. BSES-ის სასერტიფიკატო პროგრამა აერთიანებს მსოფლიოში ცნობილ მეცნიერებს, პრაქტიკოსებს, ენერგეტიკის პოლიტიკის შემქმნელებს, რათა უკეთ მოხდეს გლობალური და კასპიის აუზის ქვეყნების ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ მიმართულებით, დღეს, საგანმანათლებლო ბაზარზე, შეიძლება ითქვას, მონოპოლისტია, რადგან მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტს აქვს წლების განმავლობაში შექმნილი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიული ბაზა როგორც ტრადიციული, ასევე, განახლებადი და ალტერნატიული ენერგეტიკის მიმართულებით.
გარდა ამისა, გვყავს პროფესიონალები, რომელთაც ენერგეტიკის დარგში დიდი გამოცდილება აქვთ. უნივერსიტეტი ამზადებს ახალ თაობებს ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის, საინჟინრო მენეჯმენტის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, ასევე, ტექნოლოგიური პროექტების მენეჯმენტისა და ენერგეტიკის ინდუსტრიული პოლიტიკის, ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის სპეციალობებში, როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მიმართულებით.
ენერგეტიკის საზაფხულო სკოლა, რომელიც ADA-ს უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება, ჩვენი პირველი მასშტაბური ერთობლივი პროექტია. სამომავლოდ ვგეგმავთ საგანმანათლებლო პროფესიული ტრენინგების, ვორქშოფებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას, რაშიც აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები.
ვფიქრობთ, კოოპერაციით ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნების სამეცნიერო-აკადემიური სივრცეების დაახლოებას და თანამშრომლობის განვითარებას. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, BSES-ის მონაწილეებს წარმატებებს ვუსურვებთ“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.
როგორც სტუ-ის რექტორის მოადგილემ განაცხადა, BSES-ში მონაწილეობს 11 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, ჩეხეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, სამხრეთ არაბეთის ქვეყნები. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, BSES-ის ფარგლებში, სტუმრობენ წამყვანი მეცნიერები, პრაქტიკოსები, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნული ქვეყნებიდან.
BSES-ის მონაწილეებს მიესალმნენ ADA უნივერსიტეტის განათლების, განვითარებისა და დიპლომატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, პროფესორი ნარგიზ ისმაილოვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარგალიტა არაბიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი რამიზ ჰაჯიზადა.
BSES-ის სექციებზე, რომელიც ორი დღის განმავლობაში წარიმართება, იმსჯელებენ საკითხთა ისეთ ფართო სპექტრზე, როგორიცაა: ჰოლისტიკური გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიდგომა ტრანსკასპიის რეგიონში, კასპია-ევროკავშირის მწვანე ენერგიის დერეფანი, მწვანე ენერგიის შესაძლებლობები რეგიონში, რეგიონული მილსადენისა და ენერგოუსაფრთხოების განვითარება, ენერგეტიკული კანონი და ენერგეტიკის ეკონომიკა, გარემოს დაცვის საკითხები, კლიმატის ცვლილება, მწვანე ენერგეტიკული ინიციატივები და COP29-სთან დაკავშირებული მოლოდინები, SOCAR-ისა და bp-ის სტრატეგიული პერსპექტივები და სხვა.
მოხსენებელთა შორის არიან პრინსტონის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი მაიკლ რეინოლდსი, ADA უნივერსიტეტის პროფესორი დამჯან კრნჯევიჩი;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროენერგეტიკისა და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის პროფესორი მაკა ჯიშკარიანი, ამერიკული კომპანია Deloitte-ის წარმომადგენელი ერიკ ვიალა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი სალომე ჯანელიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მონაწილეები.
„ბაქოს ენერგეტიკის საზაფხულო სკოლა 2024“-ის დასკვნითი ნაწილის ფარგლებში, BSES-ის მონაწილეები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, მოინახულებენ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში აშენებულ ქარის პირველ კომერციულ ტურბინებს – „ქართლის ქარის ელექტროსადგურს“.
Related
Public Lecture at GTU – “Registration, Transformation, and Analysis of Single-Phase Short-Circuit Signals”
Associate Professor Malkhaz Kvrivishvili delivered a public lecture titled “Registration, Transformation, and Analysis of Single-Phase Short-Circuit Signals” for students and...
V. Chavchanidze Institute of Cybernetics announces a competition for scientific positions
The Scientific Council of the Vladimer Chavchanidze Institute of Cybernetics of the Georgian Technical University announces an open competition for...
Georgian State Electrosystem invites students and graduates of the Power engineering to an open day
On May 21st, at 12:00, the Georgian State Electrosystem invites students and graduates of the Faculty of Power Engineering to...
Workshop on writing HORIZON EUROPE and ERASMUS+ projects held at GTU
On May 15, a workshop was held at the Georgian Technical University, organized by the Technology and Grant Projects Office,...
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...