სტუ-ის დარბაზის ფეხბურთის გუნდი საუნივერსიტეტო ლიგა I-დან უმაღლეს ლიგაში გადავიდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზის ფეხბურთის (ფუტსალი) გუნდი, დავით ყიფიანის, ნიკოლოზ ხარჩილავას, სანდრო თომაძის, გიგა უშვერიძის, ბექა ხაბულიანის, გუგა ბედოშვილის, ზუკა კარიაულის, კახი მიქელაძის, გიორგი ლიპარტელიანის, ოთო რეხვიაშვილის, ლუკა სოლომონიას, ლაშა კაკაჩიას, მამუკა ნაგერვაძის შემადგენლობით საუნივერსიტეტო ლიგა I – დან უმაღლეს ლიგაში გადავიდა.

უნივერსიადა – 2024 საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ფუტსალის გუნდებმა მიიღეს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი აცხადებს, დარბაზის ფეხბურთის გუნდი 2004 წლიდან მონაწილეობს ტურნირებში და 20 წლის განმავლობაში არაერთი გამარჯვება მოიპოვა.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა რეიტინგი გაიუმჯობესა და პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ახალგაზრდა სპორტსმენებს, ასევე, მათ მწვრთნელებს ლაშა ცნობილაძის და გოგა ხუროშვილის ვულოცავ მორიგ წარმატებას. გუნდმა პირველი ლიგის ბოლო თამაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან ჩაატარა და დამაჯერებლად მოიგო, თუმცა ამ შედეგამდე ჩვენს გუნდს უმაღლეს ლიგაში საგზური უკვე გარანტირებული ჰქონდა”, – აცხადებს არჩილ იოსელიანი.

სტუ-ში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე აღინიშნა, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით 2023 წელს დაწესდა და უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი აღნიშნავს. წელს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე მეორედ აღინიშნა.

ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი), პროფესორი ლავრენტი გუდავაძე, ვიცე-რექტორი პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, საუნივერსიტეტო საზოგადოება, კურსდამთავრებულები, სტუდენტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, გახსნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა. პროფესორმა თალიკო ჟვანიამ ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე.jpg

„წელს მეორედ აღვნიშნავთ “ფაკულტეტის დღეს”. ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის შესანიშნავი ინიციატივა, რომელიც საშუალებას გვაძლევს კოლეგებს, სტუმრებს, სტუდენტებს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ჩვენს მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიზანს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება წარმოადგენს. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ იულიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან, ხოლო სტუდენტები არაერთი პროექტის გამარჯვებულები არიან. ერთი წლის განმავლობაში ფაკულტეტის მეცნიერებმა ოთხი საერთაშორისო გრანტი მოიგეს. მადლობა მინდა გადავუხადო რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, რექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში, პროფესორ თამარ ლომინაძეს, მხარდაჭერისთვის. მადლობა სტუმრებს დაფასებისათვის და სტუდენტებს, რომელთა თითოეული წარმატებული ნაბიჯი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სახლის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება“, – განაცხადა დეკანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების ფარგლებში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-ტექნიკური და შემოქმედებითი მიღწევების გამოფენა-დათვალიერება გაიმართა. გამოფენაზე გამოტანილი იყო სამეცნიერო, საინჟინრო, ტექნოლოგიური მიღწევები, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა თვითშემოქმედება.

როგორც სტუ-ის რექტორმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემები ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სტუდენტებს ყველა საშუალება აქვთ შეისწავლონ ტექნოლოგიის უახლესი მიღწევები, ჩაატარონ ექსპერიმენტები, კვლევები. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, 1953 წელს, პროფესორ ნიკოლოზ გაბაშვილის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში გაიხსნა ახალი კათედრა – „საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია” და უკვე 71 წელია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფლაგმანია.

“დღეს, თანამედროვე პროგრესის ეპოქაში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემებს წამყვანი ადგილი უკავია. უკვე 71 წელია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფლაგმანია, როგორც სწავლა-სწავლების, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით. მეამაყება თითოეული სტუდენტი, თითოეული მეცნიერი, რომლებმაც საქართველო მსოფლიოს გააცნეს. ფაკულტეტზე მოქმედებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია, საუნივერსიტეტო საინჟინრო ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორია, ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრი, სადაც ტარდება პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები. ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ ფაკულტეტის კიდევ მეტად განსავითარებლად. გილოცავთ ფაკულტეტის დღეს და გისურვებთ წარმატებებს. და, ბოლოს აღვნიშნავ – დღეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მოღვაწეობს ადამიანი, რომელმაც ძნელბედობის ჟამს დიდი შრომა ჩადო კოლეგებისა და სწავლა-სწავლების პროცესის გადასარჩენად. მინდა განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო ბატონ ალიკო ცინცაძეს მამულიშვილური საქმიანობისთვის და ფაკულტეტს ვთხოვო აკადემიურ საბჭოს წარუდგინოს ბატონი ალიკოს კანდიდატურა უნივერსიტეტის ოქროს მედლის ნომინაციაზე “, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

იმს ფაკულტეტის დღე.jpg

სტუ-ის ინფორმაციით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა პროფესორი დავით ნატროშვილი, ხოლო საპატიო დიპლომები და მადლობის სიგელები გადასცა პროფესორებს – დავით სონღულაშვილს და თეიმურაზ ჩიჩუას.  ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, წარმატებულ სტუდენტ სპორტსმენებს,  სტუდენტური პროექტების ავტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მადლობის სიგელები გადასცა. მათ შორის:  STEM მიმართულების პოპულარიზაციისთვის – დოქტორანტებს: მარეხ მაზანაშვილს და ტოლია კილასონიას; ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისათვის – პროფესორებს: მზია კიკნაძეს, ზურაბ ბოსიკაშვილს და ალექსანდრე შარმაზანაშვილს; ახალგაზრდა მეცნიერებს – ბექნუ ფარჯიანს და თორნიკე ცერცვაძეს;  სტუდენტური პროექტების მენტორს, გოჩა ზედგინიძეს;  პროგრამირების საერთაშორისო ოლიმპიადის გუნდის მომზადებისთვის – დოქტორანტ თორნიკე ჯაფარიძეს; საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისთვის – სტუდენტ მიქაელ მალანიას; საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის – სტუდენტებს: ნოდარ და გიორგი ალექსაშვილებს, შალვა დავითაშვილს, ლუკა იაკობაძეს;   “Codehide  ჰაკათონი 2024”-ის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის – მირანდა ღვალაძეს, ნიკა კაკურიძეს და ეკატერინე პაპავას; “Codehide  ჰაკათონი 2024”-ის გრანპრის მფლობელ გუნდს – CodeDiff -ის წევრებს: შაკო ბაიდოშვილს, ალი რაჰიმს და ნიკა ეჯიბიას; პირველ ადგილზე გასულ გუნდ Data Stars-ის წევრებს: დავით ტაკიძეს და თამარ ხოჭოლავას;  მე-2 ადგილზე გასულ ჯგუფ GrownOuts-ის წევრს,  თორნიკე თაბაგარს; ასევე, მსოფლიო ჩემპიონს მკლავჭიდში, ლუკა ცინაძეს,  ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონს ძიუდოში, ზაურ დვალაშვილს და უნივერსიტეტის მაგიდის ჩოგბურთის გამარჯვებულს,  მარიამ მიქიაშვილს;   „ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის –  ბაკურიანი 2025“ – IT სამსახურის უფროსს, ზურაბ ტუსკიას; ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლებს: ლევან ლაზარაშვილს, ზურაბ ათოშვილს, ანდრო ათოშვილს, მამუკა ლოლაძეს და დავით აბდუშელიშვილს და სხვა.

ღონისძიების დასასრულს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა ფაკულტეტის სახელით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს სამახსოვრო საჩუქარი –  სტუდენტების მიერ დამზადებული უნივერსიტეტის ელექტრონული ლოგო გადასცა.

სტუ-ის გუნდი თბილისის შვიდკაცა რაგბის ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდი, თემურ  ცხოვრებაძის, ბექა ჯინჭველაძის, ერეკლე თათარაშვილის, არჩილ იაშაღაშვილის, ლეგური ჭიჭინაძის, ნიკა შველიძის, დავით ბოჭორიძის, ნიკა ტაბატაძის, ირაკლი ტაბატაძის, ნიკა გოგლიძის, მიშო მალაციძის და ნიკა გოდერიძის შემადგენლობით, თბილისის საუნივერსიტეტო შვიდკაცა რაგბის ტურნირის გამარჯვებულია. 

ტურნირი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები მონაწილეობდნენ. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი აცხადებს, შვიდკაცა რაგბის გუნდი 2002 წლიდან მონაწილეობს ტურნირებში და 22 წლის განმავლობაში მან არაერთი გამარჯვება მოიპოვა.

სტუ რაგბის გამარჯვებული.jpg

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდის გამარჯვება მწვრთნელების ირაკლი გიორხელიძის, დიმიტრი კალანდაძის და სტუდენტების დაუღალავი შრომის შედეგია. მათი წარმატება კი პირდაპირ უკავშირდება რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სურვილს, – ააღორძინოს უნივერსიტეტის სპორტული ტრადიციები, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებს და შედეგებიც სახეზეა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მიზანია საქართველოში რაგბის პოპულარიზაცია. ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და რაგბი ჩვენი თამაშია. მადლობა მინდა გადავუხადო ტურნირის ორგანიზატორებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და შვიდკაცა რაგბის გუნდის მთელ შემადგენლობას. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს“, – აცხადებს არჩილ იოსელიანი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის შვიდკაცა რაგბის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სტუ-ის შვიდკაცა რაგბის გუნდის მოთამაშე ნიკა შველიძე დასახელდა. 

სტუ-ში, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ, სტუდენტურმა კამპანიამ სტარტი აიღო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში, სტუდენტურმა კამპანიამ – „ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს“ – სტარტი აიღო. 

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე, მიშელ მუსხელის, ნიკო ნიკოლაძისა და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბების ორგანიზებით, UEFA Euro 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ღია სივრცე სტუდენტებისთვის სპეციალურად მოეწყო. 

ევროპის ქვეყნების ნაკრებებს შორის უეფას რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ისტორიული მატჩის გერმანიიდან ტრანსლირებას საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტები დაესწრებიან.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ღია სივრცე საგულშემატკივროდ კომფორტულად არის აღჭურვილი – საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფონზე დამონტაჟებულია დიდი ეკრანები და ხმის გამაძლიერებლები, სტუდენტებისთვის განთავსებულია პუფები და მაგიდები.

ორგანიზატორთა თქმით, „საუნივერსიტეტო სივრცეში შეკრებილი სტუდენტები ერთად ვუგულშემატკივრებთ, Euro 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ ისტორიულ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვართ, პირველი გამარჯვების სიხარულს ერთად გავიზიარებთ“. 

უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის საყურებლად, უახლოეს მომავალშიც, 22 ივნისს – 16:00 საათზე და 26 ივნისს – 22:00 საათზე, შეიკრიბებიან. 

სტუ-ის სტუდენტებმა ეროვნული სამოსის თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრები წარმოადგინეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქრისტიანული კულტურის კვლევის საუნივერსიტეტო ლაბორატორიისა და მიშელ მუსხელის, ნიკო ნიკოლაძისა და ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბების თანაორგანიზებით, ქართული ეროვნული სამოსის თემატიკაზე შექმნილი სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 

მხატვრული ნამუშევრები, რომლებიც სტუ-ის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში გამოიფინა, უმეტესწილად, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა მიერ არის შესრულებული.

ექსპოზიციაზე, ასევე, არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამისა და დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრთა მიერ სხვადასხვა მასალაში შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. 

სტუდენტური გამოფენა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

photo-output (9).jpg

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, საუნივერსიტეტო ღონისძიების მიზანი, სტუდენტებში ეროვნული სულისკვეთების გაძლიერება და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

თამარ წერეთლის თქმით, სტუდენტურ ნამუშევრებში ნათლად ჩანს, რამდენად საფუძვლიანად შეისწავლეს ახალგაზრდებმა ქართული ტრადიციული სამოსი და ის ატრიბუტიკა, რომელსაც ჩვენი წინაპრები ყოფითი თუ სარიტუალო დანიშნულებით იყენებდნენ.

photo-output (6) (1).jpg

„სასიხარულოა, რომ ჩვენმა სტუდენტებმა შესანიშნავად გაართვეს თავი რთულ ამოცანას — ეროვნული სამოსის კონცეფციის საფუძველზე შეექმნათ ისეთი კოსტიუმების ესკიზები, რომლებსაც სიამოვნებით და სიამაყით ატარებს თანამედროვე ქართველი. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ქალისა და მამაკაცის კოსტიუმების ესკიზები გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, გასაოცარი ფერებითა და ორიგინალურობით.ჩვენმა სტუდენტებმა შეძლეს გადმოეცათ უნიკალურობა, თვითმყოფადობა და მრავალფეროვნება ეროვნული სამოსისა, თავსაბურავებისა, სარტყლებისა და მათთან დაკავშირებული ატრიბუტიკისა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და ასევე, იცვლებოდა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. სტუდენტების ნამუშევრებში ყურადღებას იქცევს ფერთა შეხამება, მათში იკვეთება ისტორიული ქართული ქსოვილის ხარისხიც და უნიკალური ორნამენტები, საქართველოს მთასა და ბარში, დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში მცხოვრები ჩვენი წინაპრების ჩაცმულობის განსხვავებული სტილი, რაც მთლიანად არის მორგებული თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებზე როგორც ყოფით ცხოვრებაში, ასევე განსაკუთრებულ თუ სადღესასწაულო შემთხვევებზე. მინდა რექტორის, ბატონი დავით გურგენიძის სახელით, პირველი სერიოზული წარმატება მივულოცო ჩვენს ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებსა და მათ პედაგოგებს“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გამოფენის მონაწილე სტუდენტებს სამახსოვრო დიპლომები გადასცა.

პროექტი „ქალთა ტექ ჰაბი“ აქტიურად გრძელდება

პროექტი „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ კულმინაციას უახლოვდება. თუმცა, უახლოეს დღეებში დაგეგმილია ორი მთავარი ღონისძიება. 

პროექტით გათვალისწინებული აქტივობების საშუალებით, ჩვენი სტუდენტები გულმოდგინედ სწავლობდნენ და ივითარებდნენ უნარებს ხუთ ძირითად სფეროში. კერძოდ: მეწარმეობა, მენეჯმენტი, Web ტექნოლოგიები, გრაფიკული დიზაინი და მარკეტინგი. კურსებმა სტუდენტები ცოდნითა და თავდაჯერებულობით აღჭურვა, რათამომავალში სიახლეები დანერგონ და წარმატებას მიაღწიონ ტექსამყაროში.

მეწარმეობის დღე – 19 ივნისი

შემოგვიერთდით 19 ივნისს, მეწარმეობის დღის ღონისძიებაზე, რომელიც ჩვენი სტუდენტების კრეატიულობის, ინოვაციურობისა და სამეწარმეო ენთუზიაზმის ნათელი დემონსტრაცია იქნება. ამ ღონისძიებაზე წარდგებიან მომხსენებლები, გაიმართება ინტერაქტიური სემინარი (კანვას ბიზნესმოდელზე სამუშაოდ), პანელური დისკუსიები სამეწარმეო სფეროს ქალ წარმომადგენელთან და გაიცემა, ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი, სერტიფიკატები. ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა ჩვენი მონაწილეებისთვის, წარმოაჩინონ ის, რაც ისწავლეს და დაუკავშირდნენ ამ სფეროს წარმომადგენელს. 

ინოვაციური იდეების კონკურსი – 21 ივნისი

21 ივნისს Women’s Tech Hub-ი „ინოვაციური იდეების კონკურსს“ უმასპინძლებს. ჩვენი ახალგაზრდა ნოვატორები თავიანთ ინოვაციურ იდეებს ჟიურის წინაშე წარადგენენ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ. 

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, შესაბამისად, 300, 200 და 100-დოლარიანი სიმბოლური ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ეს კონკურსი არ არის ბრძოლა გამარჯვებისთვის, არამედ ჩვენი მომავალი ლიდერების ინოვაციური პოტენციალისა და შემოქმედებითი აზროვნების დემონსტრირებაა.

ორივე ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 19 ივნისს 10:00 საათამდე. 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 02 12 04 – თორნიკე

აქვე აღვნიშნავთ, რომ „ინოვაციური იდეების კონკურსში“ მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში „მეწარმეობის დღე 2024“-ში მონაწილეობა სავალდებულოა. 

ერთად ვადევნოთ თვალი ჩვენი სტუდენტების პირველ ნაბიჯებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენისაკენ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“, დაფინანსებულია და  ხორციელდება აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის 2023 წლის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში. პროექტს კოორდინაციას უწევს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი.

სტუ-ში ინტელექტუალური საკუთრების მართვის აქტუალობის შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, უნივერსიტეტების ინტელექტუალური საკუთრების მართვის აქტუალობის შესახებ, პანელურ დისკუსიას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მინდია ოკუჯავამ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა, სტუ-ის კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელმა პირებმა და ფაკულტეტების დეკანებმა.

პანელურ დისკუსიაში ონლაინ ჩაერთო როჩესტერის უნივერსიტეტის (აშშ) მედიცინის დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორი გუვენ იალჩინტასი (Guven Yalcintas).

სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე პანელური დისკუსიის მონაწილეებს მიესალმა და ნაყოფიერი თანამშრომლობა უსურვა. როგორც მან აღნიშნა, პანელის დანიშნულება უნივერსიტეტის კვლევებისა და მათი კომერციალიზების დროს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობის გაანალიზება და საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენაა.

unnamed (2).jpg

„უნივერსიტეტების ინტელექტუალური საკუთრების მართვა და ამ ფორმატში პანელური შეხვედრა – მეცნიერება, კვლევა და ინოვაცია, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება უფლებების დაცვას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები წამყვანი მიმართულებებით პროგრესულ, ინოვაციურ კვლევებში არიან ჩართულნი. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია. საუნივერსიტეტო კვლევებს, როგორც ქვეყნების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს, დიდი ყურადღება ექცევა. კვლევები წარმოადგენს უნივერსიტეტების და მეცნიერ-მკვლევართა დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს. საკითხი მნიშვნელოვანია როგორც ქართული უნივერსიტეტებისათვის, ისე საერთაშორისო მასშტაბით. წინამდებარე პანელური დისკუსია საშუალებას მოგვცემს საუნივერსიტეტო კვლევების პრობლემის აქტუალობა შეფასდეს საქართველოს სინამდვილეში, ასევე საშუალება გვექნება მოვისმინოთ როჩესტერის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორს, ფილოსოფიის დოქტორს გუვენ იალჩინტასის მოსაზრება უცხოური საუკეთესო გამოცდილების შესახებ. მადლობას მოვახსენებ დისკუსიის მონაწილეებს და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

პანელის მოდერატორის, სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის, პატენტრწმუნებულისა და ადვოკატის თამაზ ურთმელიძის თქმით, საუნივერსიტეტო კვლევის პროცესში უაღრესად აქტუალურია მიღებულ ინტელექტუალური საკუთრებაზე (ინოვაციაზე) უფლებების დაცვა.

unnamed (3).jpg

„ინტელექტუალური საკუთრების პრობლემა თავს იჩენს ჯერ კიდევ კვლევების დაწყებამდე, რა დროსაც უნდა დადგინდეს უნივერსიტეტსა და მკვლევარს შორის უფლება-მოვალეობები, გაირკვეს დონორის წილი კვლევების დაფინანსებაში და სხვა არსებითი საკითხები. კვლევის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წელი, ხოლო მისი ხარჯები შეიძლება მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებად გადაიქცეს. დონორი ორგანიზაციები, საუნივერსიტეტო ფონდები, ისევე როგორც კერძო ბიზნესი, რომელიც კაპიტალს აბანდებს ახალ კვლევებში, გარანტირებული უნდა იყოს, რომ მათი ხარჯები გამართლებული იქნება და ვერავინ შეძლებს კვლევის შედეგების მითვისებას. ამ მომენტში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარანტი“, – აღნიშნა თამაზ ურთმელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინტელექტუალური საკუთრების დაცვა გარანტირებულია წესდებით, სადაც ქვეთავში – “მისია” ვკითხულობთ: “მოქალაქეობრივი ცნობიერების, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, კვლევების, განათლების და ტექნოლოგიების ახალი შესაძლებლობების შეთავაზება, ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ეკოსისტემაში ინტეგრირებისათვის ინოვაციური საქმიანობის წარმართვა“, ხოლო, უნივერსიტეტის 2022-28წლების სტრატეგიაში აღნიშნულია: „პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სინთეზი, სადაც ხარისხიანი პროფესიული და აკადემიური უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს. ხოლო, აღნიშნული კომპონენტები უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, გლობალური კონკურენტუნარიანობისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობის საქმეში“.

სტუ-ში სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

„სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, მდგრად და მშვიდობიან მომავალს. ჩვენი, ამ საოცრად  მოტივირებული, განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდების პედაგოგების საერთო პასუხისმგებლობაა, გავამართლოთ მათი მოლოდინი”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა დევი ხვედელიანმა განაცხადა სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე, რომელიც  ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” ეგიდით გაიმართა.

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით მიმდინარეობს. კვირეული, რომლის მიზანიც ახალგაზრდა მკვლევართა პოპულარიზაცია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება და სტუდენტთა მეცნიერებით დაინტერესებაა, პოზიციონირებს ლოგოთი, რომლის ავტორიც, ჩატარებული კონკურსის საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტი ნიკა ცეცხლაძეა.   

logos konkursis gamarjvebuli.jpg

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდა სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 56 სექციას მოიცავდა:

  • სამშენებლო ფაკულტეტზე 4 სექციაზე ნაშრომი წარადგინა 25-მა სტუდენტმა;
  • ენერგეტიკის ფაკულტეტზე 8 სექციაზე – 63-მა სტუდენტმა;
  • სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე 2 სექციაზე – 39-მა სტუდენტმა;
  • ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე 6-მა სექციამ იმუშავა და 54-მა სტუდენტმა წარადგინა ნაშრომი;
  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექციაზე, 22-მა სტუდენტმა;
  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე 1 სექციაზე, 22-მა სტუდენტმა;
  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 22-მა სტუდენტმა;
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე 8 სექციაზე, 84-მა სტუდენტმა;
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექციაზე 3-მა სტუდენტმა;
  • აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე 5 სექციაზე 47-მა სტუდენტმა;
  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 4 სექციაზე 24-მა სტუდენტმა;
  • საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 7 სექციაზე 24-მა სტუდენტმა;
  • მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე 1 სექციაზე 21-მა სტუდენტმა.

სტუდენტთა 88-ე საერთაშორისო კონფერენცია gtu.jpg

როგორც დევი ხვედელიანმა განაცხადა, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების საუკეთესო სტუდენტებმა 500-მდე ნაშრომი წარადგინეს.

“კონფერენციაში, რომლის ორგანიზებაში ფაკულტეტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იყო ჩართული, მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, წარმოდგენილი იყო 500-ამდე ნაშრომი და კვლევა. კონფერენციის მუშაობა წარიმართა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ისეთ თემებზე, როგორიცაა: საინჟინრო მექანიკა; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა; ჰიდროინჟინერია; თბო და ჰიდროენერგეტიკა; ელექტროენერგეტიკა, ელექტრონიკა და ელექტრომექანიკა; საინჟინრო გეოდეზია; სამთო ტექნოლოგია; გეოლოგია; ნავთობის და გაზის ტექნოლოგია; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგია; მეტალურგია, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავება; არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობა (ურბანისტიკა); კომპიუტერული ინჟინერია; საინჟინრო კიბერნეტიკა; ფიზიკა; მათემატიკა; მანქანათმშენებლობა, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებებით – უცხო ენები და კომუნიკაცია; ეკონომიკა და ბიზნესის მართვა; სამართალი; თეოლოგია და სხვა. ამ მიმართულებებით სტუდენტების წარმოდგენილი მაღალკვალიფიციური თემები და კვლევები განთავსდება ნაშრომთა კრებულში.

ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია.jpg

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ, წარმოდგენილი 500-მდე ნაშრომიდან 120 ნაშრომი საუკეთესოდ მიიჩნია და, შესაბამისად, მათი ავტორები სამი საპრიზო ადგილიდან, პირველ ადგილზე გავიდნენ. გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

Სტუ-ის კანცლერი აკადემიური საბჭოსა და სენატის წინაშე 2023 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშით წარდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის აკადემიური საბჭოს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, სტუ-ის სენატის და ფაკულტეტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარდგა.

კანცლერმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო გასული 2023 წლის განმავლობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და ასევე, სამომავლო გეგმები. მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ უნივერსიტეტს, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გახდეს ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტი ინოვაციების მიმართულებით. შესაბამისად, მისთვის უმნიშვნელოვანესია იმ ძირითადი პრინციპების განხორციელება, რომელსაც ევროპის ინოვატორი უნივერსიტეტები ნერგავენ. მათ შორის უმთავრესია: სწავლა-სწავლებისა და კვლევის ერთიანობა; შედეგებზე და შესაძლებლობებზე ორიენტირებული რესურსების განაწილება, რომელიც კვლევებს დამატებით მოტივაციას და შესაძლებლობებს შეუქმნის დაფინანსებისათვის, როგორც შიდა, ისე საერთაშორისოდ აღიარებული დონორების მხრიდან და მმართველობის დაბალანსებული სტრუქტურის შექმნა.

„სწრაფვა ხარისხისაკენ და მუდმივი ძიება მართვის პროცესების გაუმჯობესებისათვის, სიახლეს არ წარმოადგენს. უნივერსიტეტისათვის, როგორც თავისუფალი აკადემიური სივრცისათვის, აუცილებელი კომპონენტია სწავლის, სწავლებისა და კვლევის ერთიანობა, რაც გულისხმობს სწავლისა და სწავლების პროცესში უახლესი კვლევის შედეგების გათვალისწინებას, სტუდენტის ჩართულობას კვლევის პროცესების გაანალიზებაში. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევის შედეგების ნაყოფიერ გამოყენებას საზოგადოებრივი დანიშნულებით და მათ ადაპტაციას სასწავლო პროგრამაში დასანერგად. სწორედ, ამ მიზნებს ემსახურებოდა 2023 წლის ბიუჯეტი.

აკადემიური საბჭოს სხდომა სტუ-ში.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2022-2028 წწ. განვითარების სტრატეგია შვიდი მიმართულებით ხორციელდება, რომელიც ასახულია უნივერსიტეტის 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის სხვადასხვა პროგრამებში. იგი ითვალისწინებს სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას და მოიცავს ძირითადი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებს. უნივერსიტეტის განვითარების 2022-2028 წწ. სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას უკავია, რაშიც დიდ მხარდაჭერას გვიცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უნივერსიტეტი დიდ სამუშაოს ეწევა საბაკალავრო STEM პროგრამების საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი 5 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამიდან ერთს „ბიოსამედიცინო ინჟინერია Biomedical Engineering” ABET ორგანიზაციის მიერ მიენიჭა აკრედიტაცია. დანარჩენი პროგრამების აკრედიტაციისათვის პროექტი გაგრძელდება 2024 წელს”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში კანცლერმა.

როგორც კანცლერმა განაცხადა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ზრუნავს თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც და ამ მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა კორპორაციული დაზღვევის ხარჯები. უნივერსიტეტის მიზანია მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის გზით უზრუნველყოს სტუდენტების კონკურენტუნარიან, მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბება და მათი ჩართულობის გაზრდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. სტუდენტთა ხელშეწყობა გამოიხატება წარჩინებული სტუდენტებისათვის სახელმწიფო თუ საფაკულტეტო სტიპენდიებით უზრუნველყოფაში, სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული შეღავათების დაწესებაში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. მისი თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი კურიკულუმს გარე აქტივობების ორგანიზებასა და დაფინანსებაში, მუდმივად ზრუნავენ სპორტისა და კულტურის პოპულარიზაციაზე, სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, უზრუნველყოფენ ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენას და მათ მონაწილეობას მსოფლიო და ეროვნულ უნივერსიადებში. პროგრამა მოიცავს ქვეპროგრამებს და ითვალისწინებს აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეთა ხელშეწყობას.

„2023 წლის განმავლობაში აკრედიტაცია გაიარა 23 ახალმა პროგრამამ, რეკომენდაციების შესრულების ანგარიში-8 პროგრამამ, ხოლო აკრედიტაციის პირობების შემოწმება-4 პროგრამამ. პროცესი მოიცავს, როგორც პროგრამის მდგრადობის, ასევე ფინანსური მხარდაჭერის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საბიბლიოთეკო ფონდის განახლების მონიტორინგს, რასაც უნივერსიტეტმა წარმატებით გაართვა თავი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი-ს წევრი, რომელიც თავის მხრივ არის საერთაშორისო ორგანიზაციის (ბიბლიოთეკების ეროვნული კონსორციუმების კონსორციუმის) eIFL.net-ის წევრი. კონსორციუმი საშუალებას აძლევს ბიბლიოთეკებს, შეღავათიან ფასად ინტერნეტის საშუალებით ისარგებლონ მსოფლიოს მრავალი ცნობილი გამომცემლობების ჟურნალებით, ელექტრონული წიგნებითა და სხვა მრავალი მონაცემთა ბაზებით. 2023 წლის განმავლობაში უნივერსიტეტი აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში, ასევე მონაწილეობდა ეროვნული ფედერაციების მიერ მოწყობილ ჩემპიონატებზე, კერძოდ, 2023 წლის საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებმა I საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო ქვიშის ფრენბურთში უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდების მიერ პირველი და მესამე ადგილები მოიპოვეს. უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი დაუმარცხებლად ატარებდა შეხვედრებს სტუდენტური A ლიგაში, ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (კალათბურთი U 22), უნივერსიტეტის ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები გუნდი წარმატებით ასპარეზობდა საქართველოს ხელბურთის 34-ე ეროვნულ ჩემპიონატში. მთელი წლის განმავლობაში ფაკულტეტებს შორის მიმდინარეობდა სპორტული ოლიმპიადა სხვადასხვა სპორტის სახეობებში.

საქართველოს კუთხეების უკეთ გაცნობის მიზნით, ეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისათვის, რაც ხელს უწყობს მათ დაახლოებას და შესაბამისად, ინტერნაციონალიზაციის გაღრმავებას. სტუდენტების მიერ ეწყობა ბევრი საინტერესო შეხვედრა, დისკუსია, პერსონალური გამოფენები უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში „გალერი“ და ასე შემდეგ”, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

სტუ-ის მეცნიერის მოხსენება EMCEI 2024-ზე წარდგენილ საუკეთესო კვლევებს შორის დასახელდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგარარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორმა, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ტალღის“ ხელმძღვანელმა მედეა ბურჯანაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში — ევრო-ხმელთაშუაზღვის მე-6 კონფერენცია გარემოსდაცვითი ინტეგრაციისთვის (The 6th Euro-Mediterranean Conference for Environmental Integration – EMCEI-24).

საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაზე, რომელიც მარაკეშში, კადი აიადის უნივერსიტეტში (მაროკო) ჩატარდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრის სამეცნიერო მოხსენება — „ბოვერ-ჯი: მიკოპესტიციდი სასოფლო-სამეურნეო და ტყის მავნე მწერების კონტროლისთვის“ — სამეცნიერო კომიტეტმა გარემოს მენეჯმენტის ბიოტექნოლოგიის სექციის გამარჯვებულად დაასახელა.

როგორც სტუ-ის პროფესორი მედეა ბურჯანაძე აღნიშნავს, EMCEI 2024-ის მიზანია, თავი მოუყაროს გარემოსდაცვითი მიმართულებით ჩატარებულ უახლეს კვლევებს და ხელი შეუწყოს, ერთი მხრივ, გლობალური გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელებას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მდგრადი გარემოს შექმნაში.

 „EMCEI 2024-ის 18 სექციაში მსჯელობა და პანელური დისკუსიები წარიმართა გარემოს მზარდ დეგრადაციაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კრიტიკულ საკითხებზე, სასოფლო-სამეურნეო პრობლემატიკაზე, გარემოსდაცვითი ცნობიერების, კრიზისების შეფასებისა და მართვის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე, უახლესი გარემოსდაცვითი მიდგომებისა და სამეცნიერო კვლევების ინტეგრირების შესაძლებლობებზე.

კონფერენციის სექციებში მონაწილეობდა 400-მდე მეცნიერი 70-ზე მეტი ქვეყნიდან. ჩემ მიერ გარემოს მენეჯმენტის ბიოტექნოლოგიის სექციაში წარდგენილი სამეცნიერო მოხსენება ეხება პირველ ქართულ მიკოპესტიციდს, რომელიც დამზადებულია და რეგისტრირებულია საქართველოში, სამარკო ნიშნით „ბოვერ-ჯი“.

მიკოპესტიციდის შესაქმნელად კვლევებს ვატარებდით გერმანიაში, ამერიკის შეეტრთებულ შტატებსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სასიხარულოა, რომ მოხსენებას EMCEI 2024-ის სამეცნიერო კომიტეტმა მაღალი შეფასება მისცა და სექციის გამარჯვებულად აღიარა.

ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებაა. სამეცნიერო კვლევებში უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და კოლეგებს. აქვე აღვნიშნავ, რომ მოხსენება, EMCEI 2024-ზე წარდგენილ სხვა კვლევებთან ერთად, გამოქვეყნდება იმპაქტფაქტორიან „შპრინგელის“ სამეცნიერო გამოცემებში“, — აცხადებს მედეა ბურჯანაძე.

სტუ-ის მეცნიერის ინფორმაციით, EMCEI 2024-ის ფარგლებში, კონფერენციის ორგანიზატორთა ინიციატივით შედგა შეხვედრები, რომელზეც განიხილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები სამეცნიერო მიმართულებით, ასევე, იმსჯელეს კონფერენციის გამართვის შესაძლებლობის თაობაზე საქართველოში, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.  

Support

Why are you writing to us?