სტუ-მ საუნივერსიტეტო სივრცეში შემონახული რარიტეტების აღდგენა დაიწყო

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო სივრცეში შემონახული რარიტეტების აღდგენა დაიწყო.

პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ძველი ლამპიონების აღდგენითი სამუშაოები სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, სამსხმელო წარმოებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების ლაბორატორიაში მიმდინარეობს.

როგორც სამსხმელო წარმოების და ახალი ტექნოლოგიური პროცესების ლაბორატორიის წარმომადგენელი ზაზა ახვლედიანი აცხადებს, აღდგენილია და თავდაპირველი სახე მთლიანად აქვს შენარჩუნებული, გასული საუკუნის 50-იან წლებში ექსპლუატაციაში შესულ ლამპიონებს. 

“70 წლის წინ, პირველი კორპუსის წინ ორიგინალური კონსტრუქციის ლამპიონები დაიდგა. თავისთავად, ამ პერიოდში ისინი დაზიანდა. აღდგენის პროცესში 60-ზე მეტი დასახელების თუჯის დეტალი დამუშავდა. რექტორის ინიციატივით შედგენილი პროექტის მიხედვით, ამ უნიკალური, რომელსაც ანალოგი არა აქვს, ლამპიონებისთვის მაქსიმალურად უნდა შეგვენარჩუნებინა პირვანდელი სახე, ჩვენ ეს შევძელით. ლამპიონების დაზიანებული დეტალების ჩამოსხმის პროცესი უკვე, თითქმის, დასრულებულია. მალე აღდგენითი სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება”, – აცხადებს ზაზა ახვლედიანი.

სტუ-ის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი 1954 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ამავე წელს, მის გარე პერიმეტრზე, ლამპიონები დამონტაჟდა. პირველი კორპუსის არქიტექტორები არიან ნეპრინცევი და გლაზკოვი, რომელთა ხელმძღვანელობით იქნა ლამპიონები ჩამოსხმული. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, შემოქმედებითი საქმიანობის გარდა, მიხეილ ნეპრინცევი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი, 1919 – 1929 და 1959-1962 წლებში  საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ასწავლიდა. 

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ერთ-ერთი ძველი უმაღლესი სასწავლებელია და ამდენად, მისი ისტორიის თითოეული ფურცლის თუ კონსტრუქციის, რომელსაც ქართველი მამულიშვილები ქმნიდნენ, დაცვას მომავალი თაობებისთვის უდიდესი დატვირთვა აქვს. სწორედб ამ მიზნით დავიწყეთ რარიტეტების აღდგენის პროცესი, მით უმეტეს, რომ ლამპიონებს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს ანალოგი არ აქვს, ექსკლუზიურია. ჩემთვის, როგორც პედაგოგისა და რექტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რესტავრაციაში სტუდენტები მონაწილეობენ. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სამსხმელო წარმოებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების ლაბორატორია ერთადერთია, სადაც თუჯის მხატვრული ნიმუშების აღდგენითი სამუშაოების პროცესის ჩატარებაა შესაძლებელი”, – აცხადებს დავით გურგენიძე. 

ინფორმაციისთვის: სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე არსებული, სამსხმელო წარმოებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების ლაბორატორიაში, რომელიც სპეციფიკიდან გამომდინარე, ლითონის დნობისა და ნაკეთობების მისაღებად აღჭურვილია და გამართულია შესაბამისი დანადგარებით, ტარდება შემდეგი სამუშაოები: საყალიბე ქვიშების თვისებების განსაზღვრა; ქვიშის მარცვლების ზომების განსაზღვრა; საყალიბე ნარევის აირგამტარიანობის განსაზღვრა; საყალიბე ნარევის ტენიანობის განსაზღვრა; საყალიბე ნარევის სიმტკიცის განსაზღვრა; მოდელების ტიპები და მათი დამზადება; ყალიბის თბოგამტარობის გავლენა სხმულის გაცივების სიჩქარეზე; რუხი თუჯის დნობა ინდუქციურ ღუმელში; ნადნობის თხიერდენადობის განსაზღვრა; თუჯის მიკროსისალის გაზომვა; მაღალმტკიცე თუჯის გამოდნობა; მაღალმტკიცე თუჯის თერმული დამუშავება; სხვადასხვა პარამეტრების გავლენა ნადნობის თხიერდენადობაზე; თხევადი შუაგულის ფორმა და სიგრძე; ჩამოსხმის სიჩქარის გავლენა თხევადი შუაგულის სიგრძეზე. 

სტუ-ში, ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბის ეგიდით, მორიგი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის ეგიდით, პროექტის – „ლექტორის საათი“ ფარგლებში, რიგით მესამე ღონისძიება გაიმართა. 

პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს თემაზე – „კონტენტი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი თათა ღლონტი ესაუბრა. 

შეხვედრაზე, რომელიც ინტეაქციურ ფორმატში მიმდინარეობდა, თათა ღლონტმა ისაუბრა ციფრულ სივრცეში, შესაბამისი კონტექსტის გათვალისწინებით, კონტენტის არსსა და კრეატიულობაზე, მისი შიგთავსის – ტექსტის, გრაფიკის, მულტიმედიის, ასევე მისი არსებითი პარამეტრების – მოცულობის, რელევანტობისა და აქტუალობის შესახებ, სტუდენტებთან ერთად განიხილა მედიისა და კონტენტკრეატორის როლების მნიშვნელობა კონტენტის შექმნის, ასევე, სამიზნე აუდიტორიის გაფართოებისა და საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში. 

ლექტორის საათი.jpg

როგორც მენტორმა აღნიშნა, კონტენტი, რომლის ფორმა და სტრუქტურა სწრაფად ცვალებადი და მუდმივად განვითარებადია, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით ადამიანებამდე აღწევს და მათთან კონკრეტული სათქმელი მიაქვს. 

მისი თქმით, კონტენტი მოაზრება, როგორც აწმყოში ინტეგრირებული მომავალი, ხოლო კარგი კონტენტკრეატორი ქმნადობის პროცესში მოცემულ დროს უსწრებს და მომავლის გამოწვევებისკენ არის ორიენტირებული. 

შეხვედრის დასასრულს, მენტორმა და სტუდენტებმა თემის ირგვლივ დისკუსია გამართეს.

განვითარებადია.jpg

ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტის, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის, არჩილ გურგენიძის თქმით, ასისტენტ-პროფესორ თათა ღლონტთან შეხვედრა მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა.

„შეხვედრა, რომელიც ჩვენი კლუბის ეგიდით, „ლექტორის საათის“ ფარგლებში ჩატარდა, ძალიან საინტერესო და მრავლისმთქმელი გამოდგა. ქალბატონ თათა ღლონტს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა აუდიტორიასთან, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, კონტენტის არსის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიგვეღო. შედგა საინტერესო დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კონტენტ სტრატეგიის შემუშავება და content line-ების განსაზღვრა, ვისაუბრეთ ციფრულ სივრცეში ბრენდების ფორმირების სირთულეებზე და თავისებურებებზე. განსაკუთრებით საინტერესო იყო დისკუსია ციფრულ სივრცეში კონტენტკრეატორის ქცევის, საუბრის სტილის და მისი ღირებულებების შესახებ. მადლობას ვუხდი ჩვენი უნივერსიტეტის პედაგოგს და სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ღონისძიებაში. ვიმედოვნებ, რომ ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის სამომავლო პროექტებიც ისეთივე საინტერესო იქნება აუდიტორიისთვის, როგორც „ლექტორის საათია”, – ამბობს არჩილ გურგენიძე. 

„ლექტორის საათის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

სტუ-ის მაგისტრანტი პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, ბიოკონტროლის აგენტების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრანტი თამუნა მოდებაძე პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს.

სამაგისტრო ნაშრომის – „პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენება“, ხელმძღვანელია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი ლია ამირანაშვილი.

როგორც მაგისტრანტი აცხადებს, კვლევის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში დაავადებული და ვიზუალურად ჯანმრთელი პომიდვრის მცენარეები შეგროვდა, ლაბორატორიის ბაზაზე კი, კულტურის დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამოვლენა მოხდა, იდენტიფიკაცია და მათი სხვადასხვა მახასიათებლების შესწავლა.

„პომიდვრის ნიმუშებიდან ჩვენ მიერ გამოყოფილ იქნა მცენარისთვის სასარგებლო მიკროორგანიზმები. ურთიერთდამოკიდებულების შესწავლამ გვაჩვენა, რომ შესაძლებელია დაავადების გამოწვევის წინააღმდეგ სასარგებლო ბაქტერიების გამოყენება. გამოვავლინეთ ყველაზე მეტი დაზიანების გამომწვევი ათი სოკო და ლაბორატორიული ცდების საშუალებით მათ წინააღმდეგ 70-მდე ბაქტერია გამოვცადეთ.

სასარგებლო მიკროორგანიზმების მიერ პათოგენური სოკოს დათრგუნვის პროცენტი სხვადასხვაა და ის მერყეობდა 15%-დან 70%-მდე. შეირჩა ათამდე ბაქტერია, რომლებმაც სოკოს დათრგუნვის ყველაზე მაღალი ეფექტი გამოავლინა და მექანიზმის შესასწავლად მათზე კვლევები გაგრძელდა. ლაბორატორიაში ჩატარებული ცდების პოზიტიურმა შედეგებმა განაპირობა გასული წლის გაზაფხულზე მცენარეთა ველის ცდის ჩატარება. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდა გეგმა, მცენარეებზე ცდები მიმდინარებდა 6 სხვადასხვა ვარიანტში. ცდებმა გვიჩვენა სასარგებლო ბაქტერიებისა და სოკოების პოტენციალი ბიოლოგიურ დაცვაში. სასურველია, პრეპარატის ტექნოლოგიის უკეთ დახვეწა, რათა მისი გამოყენება უფრო ფართო მასშტაბითაც მოხდეს. ამ მიმართულებით, ლაბორატორიულ პირობებში ცდები დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.“ – აცხადებს თამუნა მოდებაძე.

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორის ლია ამირანაშვილის თქმით, კვლევა, რომელსაც მაგისტრანტი თამუნა მოდებაძე ატარებს, მნიშვნელოვანი და აქტუალურია, იმდენად, რამდენადაც, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებები უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს, რაც ხაზს უსვამს მასზე მაღალ მოთხოვნას.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე პესტიციდების მოხმარების გავლენის ზრდამ გამოიწვია ქიმიური პრეპარატებისადმი დამოკიდებულების შემცირება. ბიოლოგიური კონტროლი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მიდგომაა მავნებლების მართვის სქემაში. ეს მეთოდი განიხილება, როგორც ქიმიური ბრძოლის ალტერნატივა, რომელიც მავნებლის პოპულაციის დაბალანსებასა და ეკოსისტემის დაცვას მოიაზრებს. აქედან გამომდინარე, მეთოდის აქტუალობა სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდია. ბიოლოგიურ დაცვაში სასარგებლო მწერების გამოყენებას დიდი ისტორია აქვს, თუმცა დაავადების გამომწვევი პათოგენური სოკოების წინააღმდეგ მეთოდი კვლავ განიცდის ცვლილებებს უფრო მაღალი ეფექტურობისათვის.

მაგისტრანტის თემის გაცნობის შემდეგ დაინტერესებულ პირებს შეექმნებათ წარმოდგენა მცენარეთა ენდოფიტური მიკრო ორგანიზმების შესახებ, რომლებიც არამარტო საზიანო შეიძლება იყვნენ, არამედ მათ განკურნებაშიც დაგვეხმარონ. გაეცნობიან იმ მექანიზმებს, რომლითაც ხდება ბიოლოგიური მტრების საშუალებით, ქიმიური პრეპარატების გარეშე, სხვადასხვა დაავადების გამომწვევებთან ბრძოლა. თემაში განხილულია ყველა ის მეთოდი და ვარიანტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ“, – აცხადებს ლია ამირანაშვილი.

სტუ-ში სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიების განახლების პროცესი გრძელდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტზე, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის განახლების პროცესი გრძელდება. 

გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრი ოთხი დასახელების სინთეზური მინერალების სადიაგნოსტიკო ხელსაწყო-მოწყობილობებით აღიჭურვა.

გარდა ამისა, ცენტრმა  ბრილიანტების,  ძვირფასი ქვების კოლექციები და საიუველირო ნაკეთობები შეიძინა.  ასევე, გადაიარაღდა ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობების მოსამზადებელი სასწავლო კურსების აღჭურვილობა და კოლექციები.

სტუ-ის  გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ  ნოდარ ფოფორაძის განცხადებით, გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის ტექნიკური გადაიარაღების ფარგლებში, ცენტრს, „არემჯი ჯგუფმა“ გრუნტებისა და ქანების ფიზიკური და მექანიკური პარამეტრების კვლევის ISO 9001:2008, ASTME, EN სტანდარტის შესაბამისი 57 დასახელების ხელსაწყო-მოწყობილობა გადასცა.

„ცენტრს „არემჯი ჯგუფმა“ გადმოსცა ატომურ-აბსორბციული ანალიზატორი, ქანების, მინერალებისა და მადნების სახრესი და სამტვრეველა, რომელთა განთავსება დაგეგმილია ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიასა და საპრეპარაციო ლაბორატორიაში. ხელსაწყო-მოწყობილობების ნაწილი განკუთვნილია სასწავლო პროცესისათვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევითი კომპონენტის შესასრულებლად, სასწავლო პროცესში მრავალი სასწავლო კურსის სილაბუსებით გათვალისწინებული ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად, სამეცნიერო კონფერენციების, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების შესასრულებლად. გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის მთავარი მიზანია, ლაბორატორიაში  კვლევის ყველა მეთოდი და სფერო იყოს საერთაშორისო სტანდარტების (ISO, ASTME, EN) შესაბამისი და ჩატარებული ანალიზები არა მარტო მაღალი სანდოობის, არამედ, საერთაშორისო სტანდარტებით იყოს შესრულებული. მომავალი წლიდან ვგეგმავთ აკრედიტებული სფეროების დამატებას და გეოტექნიკის ლაბორატორიის ამუშავებას,“ – აცხადებს ნოდარ ფოფორაძე.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ განმეორებითი აკრედიტაცია 2022 წელს წარმატებით გაიარა.

ლაბორატორიის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის მოთხოვნებთან და სამუშაოებს 14-ზე მეტ აკრედიტებულ სფეროში ახორციელებს. ლაბორატორია აღჭურვილია შესაბამისი ხელსაწყო-მოწყობილობებით. უნივერსიტეტი  ლაბორატორიული სივრცისა და აღჭურვილობის განახლებასა და მოდერნიზებაზე მუდმივად ზრუნავს.

ლაბორატორიის აკრედიტებული საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ოქრო-ვერცხლის შენადნობები, მათ შორის: საიუველირო, ოქრო-პალადიუმ-პლატინის და  ბადე კატალიზატორი პლატინის შენადნობები.ფერადი ლითონები, რკინა და მათი შენადნობები. ძვირფასი ლითონების შემცველი მასალები და ჯართი, კერამიკა.  არაორგანული ნარჩენები – გეოლოგიური, მეტალურგიული, სამთო და სამშენებლო.

ასევე, საღებავების ნაწარმი,  სამხატვრო საღებავები, პლასტილინი, პლასტმასის სათამაშოები,  პლასტმასები, მათი ნაწარმი, მათი ნარჩენები, პოლიმერული ნაწარმი, მათი ნარჩენები.  ოქროს შემცველი მადანი, სპილენძის მადანი, სპილენძის კონცენტრატი, ბარიტ-პოლიმეტალური მადანი, მანგანუმის მადანი და კონცენტრატი.  ძვირფასი (საიუველირო) და სანახელავო მინერალები (ქვები); მაგმური ქანები: მეტამორფული ქანები; დანალექი ქანები; ქანმაშენი მინერალები; მადნეული მინერალები; ნიადაგების ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა და ა.შ. 

სტუ-ის სტუდენტები, ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, „რუსთავის აზოტს“ ეწვივნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების სტუდენტები, ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოს – „რუსთავი აზოტი ინდორამას“ ეწვივნენ. 

ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და საწარმოში მიმდინარე მნიშვნელოვან ქიმიურ პროცესებს გაეცნენ.

stu-is studentebi rustavis azotshi

მომავალ ქიმიკოსებს პროფესიული დღე Indorama Caucasus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ და „რუსთავი აზოტი ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ მიულოცეს. 

ლევან ბურდილაძე ახალგაზრდებს საწარმოს წინაშე მდგარი გამოწვევებისა თუ ახალი წამოწყებების შესახებ ესაუბრა, კომპანია Indorama-ს შესახებ კი ინფორმაცია მათ ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ გააცნო. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელებსა და სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადასცა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლიანა თარგამაძემ. მან ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტსა და „რუსთავის აზოტს“ შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც სათავეს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იღებს. 
 
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, „რუსთავის აზოტის“ მმართველ გუნდსა და სპეციალისტებს – ჩვენი ქვეყნის ამ ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს, სადაც 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვულოცავთ ქიმიკოსის პროფესიულ დღეს და გვსურს გადავცეთ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის გულთბილი მილოცვა და საუკეთესო სურვილები. „რუსთავის აზოტის“ თანამშრომელთა დიდი უმრავლესობა ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია – წარმატებებს ვუსურვებთ მათ! საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დღეს კიდევ უფრო მეტად არის დაინტერესებული „რუსთავის აზოტთან“ თანამშრომლობის გაფართოებითა და გაღრმავებით. დარწმუნებული ვართ, ეს საწარმოსთვისაც პრიორიტეტულია.

lika targamadze
 
გარდა ქიმიური ტექნოლოგიისა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულების ყველა ფაკულტეტი და საგანმანათლებლო პროგრამები. მიგვაჩნია, რომ მათი ერთობლივად განვითარება დადებითი შედეგის მომტანი იქნება როგორც უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტებისთვის, ასევე „რუსთავის აზოტისთვის“ და საერთო ჯამში – ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი სურვილი გვაქვს, მეტად გავააქტიუროთ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამები დარგობრივი კუთხით, ავამოქმედოთ ინოვაციური კვლევითი პროექტები ჩვენი სტუდენტების, მკვლევრების და საწარმოს სპეციალისტთა ჩართულობით. ეს ხელს შეუწყობს პროფესიონალთა ახალი თაობის ფორმირებას, რომლებიც უნივერსიტეტიდან წარმოებაში გადაინაცვლებენ და სამომავლოდ, დარგის განვითარებაში თავიანთ სოლიდურ წვლილს შეიტანენ“, – განაცხადა ლიანა თარგამაძემ.

შეხვედრის შემდეგ, სტუდენტები „რუსთავის აზოტში“ მიმდინარე მნიშვნელოვან ქიმიურ პროცესებს ადგილზე გაეცნენ და მათ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც საწარმოს ხელმძღვანელი პირებისა და სპეციალისტებისგან, ასევე უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისგან. 

სტუდენტები სხვადასხვა საამქროში დააკვირდნენ ამიაკის სინთეზის, ამიაკის წყლის, ნატრიუმის ციანიდის, აზოტმჟავას და გოგირდმჟავას, ასევე, მინერალური სასუქების წარმოების პროცესებს, რომლებიც საწარმოში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ახალგაზრდებმა საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს, „რუსთავის აზოტის“ ისტორიას გაეცნენ და საწარმოს სპეციალისტებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღეს.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე ექვსი სექცია მუშაობდა. მათ შორის, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის, მასალათმცოდნეობა და მეტალურგია, ფარმაცია, ქიმია, სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერია და გარემოსდაცვითი ინჟინერია და ეკოლოგია.

***

ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მიმართულებების სექციაში მონაწილეობა მიიღო ხუთმა სტუდენტმა. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ბაკალავრიატი: I ადგილი – აიდან ფაშაევა. მაგისტრატურა: I ადგილი – მარიამ გურაშიძე; II ადგილი – ელენე ჩიხლაძე; III ადგილი – ნანა ბუკია. დოქტურანტურა: I ადგილი – გიორგი ანდრიაძე.

***

მეტალურგია-მასალათმცოდნეობის  სექციაში მონაწილეობა მიიღო 7-მა სტუდენტმა.  კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ბაკალავრიატი: I ადგილი – მარიამ თუმანიშვილი; II ადგილი –  ნინო კაპანაძე, გიორგი სამხარაძე; III ადგილი – ნიკოლოზ კირვალიძე.

***

ფარმაციის სექციაში მონაწილეობა მიიღეს ფარმაციის დეპარტამენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის – ,,ფარმაცია“ 14-მა  სტუდენტმა. გამარჯვებულები არიან:

ბაკალავრიატი: I ადგილი- ია გზირიშვილი, მანანა სამსონაშვილი; II ადგილი – ილახა ალეკბეროვა, გიუნელ კარაევა; III ადგილი – გიორგი მაისურაძე.

მაგისტრატურა, I ადგილი- კორკოტაშვილი მარიამი; II ადგილი – ნიკურაძე ნინო; III ადგილი – ხუსკივაძე თათია

***

ქიმიის სექციაში მონაწილეობა მიიღეს სწავლების სამივე საფეხურის – ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებმა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

ბაკალავრიატი: I ადგილი – თამარ ჩაგუნავა; II ადგილი – გიორგი გაჩეჩილაძე, სალომე შავაძე; III ადგილი – ილონა შეყილაძე, მზია გოგიაშვილი.

მაგისტრატურა: I ადგილი – ლუკა გოგიჩაშვილი; II ადგილი – ნინო დავითაშვილი; III ადგილი – რუსუდან ზედგინიძე. დოქტორანტურა: I ადგილი – თამარ კენჭოშვილი

აღსანიშნავია, რომ სექციის მუშაობაში, მოწვეული სტუმრების სახით, მონაწილეობა მიიღეს კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლის და ქუთაისის 5-ე საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, რომლებმაც  ძალიან საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს. სტუმრებს საპატიო სიგელები გადაეცათ.

***

სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერიის სექციაში მონაწილეობა მიიღო ბაკალვრიატის ექვსმა სტუდენტმა, გამარჯვებულები გახდნენ: I ადგილი – ქეთევან კეკელია; II ადგილი – მაკა ტკაჩენკო; III ადგილი – ქეთევან კიკოლაშვილი.

***

გარემოსდაცვითი ინჟინერიის სექციაში, საკონკურსო სამუშაო სხდომაზე მოისმინეს ბაკალავრიატის საფეხურის ხუთი სტუდენტის საპრეზენტაციო მოხსენებები, ავტორთა მიერ შერჩეული თემატიკის ირგვლივ. სტუდენტები წარმოადგენდნენ სტუ-ის 4 სხვადასხვა ფაკულტეტს: მთის მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, სამშენებლო და ქიმიური ტენოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტებს. სტუდენტთა მიერ მომზადებული ყველა საპრეზენტაციო ნამუშევრის მოსმენის შემდეგ, სექციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ჯიმშერ ქერქაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო 5 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო ჟიურის მიერ მიღებული შემაჯამებელი საბოლოო შედეგები:

I ადგილი მიეკუთვნა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტ ანა შაორშაძეს, თანამედროვე ყოფით პრობლემატიკაზე გათვლილი მეტად აქტუალური ნაშრომისათვის ”ბიოდეგრადირებადი პლასტმასები”;

II ადგილი დაიკავა ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ნიკოლოზ ნემსიწვერიძემ, რომლის ნაშრომი ”ომი და გარემო” სხვებისაგან თემატური ორიგინალობით იყო გამორჩეული.

III ადგილზე გავიდა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტი ნინო ტერაშვილი ნაშრომით ”გაუჩინარებული მტკნარი წყლის საძებნელად” რომელშიც ინფორმაციული ხასიათის არაერთი ტექნოლოგიური სიახლე იყო წარმოდგენილი.

***

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში  უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. კონფერენციამ 56 სექციას მოიცვა, მათ შორის: 

  • სამშენებლო ფაკულტეტზე — 4 სექცია, 25 სტუდენტი; 

  • ენერგეტიკის ფაკულტეტზე — 8 სექცია, 67 სტუდენტი; 

  • სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე — 2 სექცია, 41 სტუდენტი; 

  • ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე — 6 სექცია, 62 სტუდენტი; 

  • სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე — 6 სექცია, 54 სტუდენტი; 

  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე — 2 სექცია, 18 სტუდენტი; 

  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე —  1 სექცია, 21 სტუდენტი; 

  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე —  23 სტუდენტი;

  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე —  8 სექცია, 90 სტუდენტი; 

  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა — 1 სექცია, 3 სტუდენტი; 

  • აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე — 5 სექცია, 45 სტუდენტი; 

  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე —  4 სექცია, 23 სტუდენტი;

  • საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე — 7 სექცია, 30 სტუდენტი; 

  • მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე — 1 სექცია, 21 სტუდენტი.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება.

სტუ-ის დელეგაციამ პროექტ LISS24-ის კონსორციუმის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია, ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ პროექტის — „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (LISS24, Learn – Innovate – Sell – Succeed) ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ფინეთში, ტურკუს და ჰააგა-ჰელიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებში იმყოფებოდა.

LISS24-ი Erasmus+ პროგრამის KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია, რომლის მიზანი საინჟინრო განათლებაში ინოვაციური კომპეტენციის ამაღლებაა.

როგორც სტუ-ის დელეგაციის წევრი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აღნიშნავს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, მონაწილეობა მიიღეს LISS24-ის კონსორციუმის შეხვედრებსა და სასწავლო-პრაქტიკულ ღონისძიებებში, რომლებსაც ტურკუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, სტუ-ის დელეგაცია, ევროპის 10 ქვეყნის 26 უნივერსიტეტის დელეგაციებთან ერთად, შემფასებლის სტატუსით, მონაწილეობდა ჰელსინკიში, ჰააგა-ჰელიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გამართულ „ევროპული სეილების კონკურსში“, რაც უნიკალური გამოცდილებაა სამომავლოდ, პროექტის ეგიდით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანი ინპლემენტაციისთვის.

„LISS24-ი  ითვალისწინებს საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისთვის B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებას და პროდუქციის „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას. ფინეთის უნივერსიტეტებში მიღებული გამოცდილება დიდად დაგვეხმარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებაში. ეს კი გულისხმობს აკადემიური პერსონალის გადამზადებას ტრენინგებისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით; სერვისებისა და პროცესების განვითარებას; სასწავლო კურსების დანერგვასა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის Sales Lab-ის ამოქმედებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური, პირდაპირი და ონლაინ გაყიდვების გამოცდილების ჩართვას სასწავლო პროცესში. LISS24-ის შედეგების პირველადი პილოტირება და პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებების სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე განხორციელდება, რაც ჩვენს სტუდენტებს პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. გარდა ამისა, LISS24-ის ეგიდით, საქართველოში პირველად გაიმართება „სეილების სტუდენტური კონკურსი“, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს. აუცილებლად უნდა აღინისშნოს ის ფაქტიც, რომ LISS24-ის პროექტის კონსორციუმში, განათლების უმაღლესი დონის ექსპერტის სტატუსით, მიწვეულია რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის შედეგების ინსტიტუციონალიზაციისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს მეტად ზრდის“, – აღნიშნავს ბორის გითოლენდია.

პროექტი – „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (LISS24), რომელიც 2026 წელს დასრულდება, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის KA 102 აქტივობის ფარგლებში ფინანსდება. პროექტის კონსორციუმის წევრები არიან უნივერსიტეტები, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის: საქართველოდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და სომხეთიდან. საქართველოში LISS24-ის ეროვნული კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროექტის პარტნიორი კი — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში LISS24-ის ინსტიტუციურ კოორდინაციას ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ახორციელებს.

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტზე თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“, ფარგლებში პირველი ნაკადის მომზადება დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე პროექტის — „ისწავლე და დასაქმდი“, ელექტრიკოსის პროგრამის პროფესიულ კურსზე, პირველი ნაკადის მომზადების სასწავლო პროცესი დაიწყო.

პროექტი „ისწავლე და დასაქმდი“ თბილისის მერიის მიერაა დაფინანსებული და მისი მიზანია მსმენელს, ელექტროობის მიმართულებით, შეასწავლოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, მისცეს სპეციალური ცოდნა შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები.

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლენა შატაკიშვილის თქმით, პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სახანძრო უსაფრთხოება, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა; სამუშაოს ორგანიზება; დამიწების დაყენება გამანაწილებელ მოწყობილობებსა და საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებზე; ქუჩის განათების ქსელის მომსახურება; სამუშაოები მეგაომმეტრით; ხარაჩოებზე, ფიცარნაგებზე, კონსტრუქციებზე და მოწყობილობებზე ასვლასთან დაკავშირებული სამუშაოები; ელექტრომომარაგება და ელექტრული ქსელები; სადიაგნოსტიკო და სამონტაჟო ხელსაწყოების გამოყენება; ელექტრო-ტექნიკური ნახაზების კითხვა; პრინციპული ნახაზების შედგენა; საჭირო მასალების შერჩევა; ელექტრო-ტექნიკური ნახაზების მიხედვით განათებისა და გამნათებელი მოწყობილობების (მრიცხველი, გამანაწილებელი ფარი, ელ. ავტომატი, ჩამრთველი, როზეტი, გამანაწილებელი კოლოფი, სანათი საშუალებები, წრედების დაცვის ელემენტები და რევერსული ჩამრთველები), განათებისა და გამნათებელი ქსელის არმატურის მონტაჟი და წრედის აწყობა და წრედის დატვირთვის გამოანგარიშება.

“პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პროგრამამ დიდი ინტერესი გამოიწვია, 60-ზე მეტი განაცხადი იყო შემოსული. იმდენად, რამდენადაც პროგრამას აფინანსებს თბილისის მერია, მასში ჩართვის მიზნით, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო თბილისში რეგისტრაცია. მსურველებმა გაიარეს გასაუბრების ეტაპი. ჯგუფში 25 მსმენელია. სწავლების პროცესი სამი თვით გაგრძელდება. მსმენელები კურსის დასრულების შემდეგ დასაქმდებიან ნებისმიერი სახელმწიფო ან კერძო კომპანიაში, როგორიცაა: სამშენებლო-სარემონტო კომპანიები, დარგის მიმართულების ორგანიზაციები, სამრეწველო ობიექტები, ინდივიდუალურ მშენებლობებზე და მუნიციპალური სისტემების მომსახურებაზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობების შიდა ელექტროგაყვანილობების ქსელების მონტაჟთან”, — აცხადებს ლენა შატაკიშვილი.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წელს ამოქმედდა. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით სწავლება და დასაქმება.

სტუ-ში ამერიკელმა მეცნიერებმა საჯარო ლექცია-სემინარი გამართეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, ამერიკელმა მეცნიერებმა გამართეს საჯარო ლექცია-სემინარი თემაზე — „კარიერული შესაძლებლობების კვლევა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე: წარმატებული კარიერა ინჟინერიაში” (Exploring AI-Powered Careers: Preparing for Success in the field of Engineering).

საჯარო ლექციას, რომელიც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის (იმს) ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტისა და სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, უძღვებოდნენ მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან: მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის — კემბრიჯის მობილური ტელემატიკის (Cambridge Mobile Telematics) ინჟინერი, დოქტორი ჩი ჯოზეფ კიაო (Dr. Chi Joseph Qiao), ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი ვენგონგ უილიამ ჯინი (Wengong William Jin) და უენტვორთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი ჯილ ანეტ მაკო (Jill Annette Macko).

ამერიკელ მეცნიერთა საჯარო ლექცია-სემინარში, რომელსაც ინტერაქციულ ფორმატში მოდერაციას უწევდა პროფესორი ჯილ ანეტ მაკო, ჩართულნი იყვნენ სტუ-ის საინჟინრო მიმართულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრად მყოფი აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT), ბოსტონის, ჩრდილო-აღმოსავლეთის და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტების და ბოსტონის კოლეჯის  მაგისტრანტები და დოქტორანტები. 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის დირექტორი, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე, იმს ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი თალიკო ჟვანია, საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების დეპარტამენტების პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და თავისუფალი მსმენელები.

ლექცია-სემინარზე პროფესორებმა ვენგონგ უილიამ ჯინმა და ჯილ ანეტ მაკომ, ასევე, დოქტორმა ჩი იოსეფ კიაომ მიმოიხილეს ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობები და მისი ზეგავლენა ინჟინერიის დარგებსა და მიმართულებებზე; პრაქტიკულ ქეისებზე დაყრდნობით, ისაუბრეს ინჟინერიის განვითარებასა და მომავალ პერსპექტივებზე, ასევე, სტუდენტებს გააცნეს წარმატებული კარიერული წინსვლის შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. გარდა ამისა, აღნიშნულ ჭრილში, მენტორებმა ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებთან იმსჯელეს სწრაფად ცვლადი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პირობებში პროფესიული კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აღნიშნავენ, ამერიკელ მეცნიერთა საჯარო ლექცია-სემინარი მრავალმხრივ საინტერესო და აქტუალურია ნებისმიერი ქვეყნის იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალ პროფესიად ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს მოიაზრებენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, ხელოვნური ინტელექტი, თავისი უსასრულო შესაძლებლობებით, მძლავრად იჭრება საინჟინრო დარგებში და მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ შემდგომ განვითარებას. მათი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკისა და უახლესი სამეცნიერო მიდგომების შესახებ საჯარო ლექცია-სემინარზე წარმოდგენილი მასალა, მომავალ ინჟინრებს ხელოვნური ინტელექტისა და საინჟინრო დარგების ურთიერთ-ადაპტაციის პროცესის გააზრებაში კარგ მეგზურობას გაუწევს.

საჯარო ლექცია-სემინარის დასრულების შემდეგ აშშ-ის უნივერსიტეტების სტუდენტები სტუ-ის რექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში, პროფესორ თამარ ლომინაძესა და საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორს, პროფესორ ირინე გოცირიძეს შეხვდნენ. სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა კი ამერიკელ თანატოლებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტებზე მოქმედი სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიები გააცნეს, მათ შორის: იმს ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების უნიკალური ლაბორატორიული კომპლექსი და საინჟინრო ფიზიკის ლაბორატორია, სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო ინჟინერიის, ჰიდროინჟინერიისა და მექანიკის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, ენერგეტიკის ფაკულტეტის უახლესი ლაბორატორიული ბაზა და სხვ. აშშ-ის უნივერსიტეტების სტუდენტებმა ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის რარიტეტული გამოცემებიც დაათვალიერეს.

ჯომარდობა არაგვის ხეობაში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2024“ გაიმართა.

„ჯომარდობა-2024“-ში მონაწილეობა 13 ფაკულტეტის ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს. სპორტული ღონისძიება სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

როგორც ჯომარდობის მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, ანა არჩვაძე აღნიშნავს, საუნივერსიტეტო სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა ნებისმიერი სტუდენტისთვის წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე იყო შესაძლებელი. მისი თქმით, ჯომარდობა-2024-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტის 110 სტუდენტი იყო ჩართული.

„წლევანდელი ჯომარდობისთვის ბანაკი დაბა ფასანაურში გავმართეთ. ტურნირის  მარშრუტიც, რომელიც საშუალო სირთულის იყო, ფასანაურიდან დაიწყო. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის იმ სტუდენტებმა, რომლებიც აქტიური ცხოვრების, რისკისა და თავგადასავლების მოყვარულები არიან. 13-მა საფაკულტეტო გუნდმა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, მდინარე არაგვის ულამაზეს ხეობაში ვიჯომარდეთ. უნდა აღვნიშნო, რომ  მონაწილეთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო დაცული – თითოეული ჩვენგანი აღჭურვილი იყო სამაშველო ჟილეტითა და ჩაფხუტით, ჯომარდობა კი პროფესიონალი ინსტრუქტორების ზედამხედველობით მიმდინარეობდა. ვფიქრობთ, სპორტულმა აქტივობამ შესანიშნავად ჩაიარა – არაგვის ხეობის ულამაზეს ბუნებას ვეზიარეთ, დაუვიწყარი ემოციებითა და თავგადასავლებით დავიმუხტეთ, ამასთან ერთად, სტუდენტებმა ახალი გამოცდილებაც მივიღეთ, ერთმანეთიც უკეთ გავიცანით და ახალი მეგობრებიც შევიძინეთ. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტურ თვითმმართველობას და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციას“, – ამბობს ანა არჩვაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჯომარდობის მოყვარული სტუდენტებისთვის სპორტულ აქტივობებს ყოველწლიურად მართავს.

Support

Why are you writing to us?