სტუ-ის სტუდენტები კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტების სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები, დეკანები და პროფესორ-მასწავლებლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (KIT – Karlsruhe Institute of Technology) მეცნიერებს — დოქტორ ბირგიტ მიულერსა და ბერნდ აბერლის შეხვდნენ.

შეხვედრაში, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პარტნიორობით მიმდინარე საერთაშორისო პროექტის – DAMAST – ფარგლებში გაიმართა, მონაწილეობდნენ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის დირექტორი ჯონი ჭანია, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მონიტორინგის ჯგუფის უფროსი კობა გოგოხია, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის ახალგაზრდა მკვლევარი თომას ნეიდერჰუბერი, ასევე, სამთო-ჰიდროინჟინერიისა და სამთო-გეოლოგიის მიმართულების სპეციალისტები.

შეხვედრა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა გახსნა. დეკანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს შორის კოლაბორაცია 2020 წლიდან, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დაიწყო. ზურაბ გვიშიანის თქმით, KIT-თან პარტნიორობით ხორციელდება საერთაშორისო პროექტები – DAMAST-ი და DAAD-ი, რომელთა მიზანია თანამშრომლობის გაფართოება, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გერმანელი და ქართველი სტუდენტების ჩართულობით, რაც შედეგად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების გაძლიერებასა და ინტერნაციონალიზაციას უწყობს ხელს.

როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა,  პროექტი DAMAST-ი, რომლის ეგიდითაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა, ენგურის თაღოვან კაშხალზე მიმდინარე ძირითად პროცესებს და უსაფრთხოების პარამეტრებს იკვლევს, ასევე, კაშხლის ტრანსფერული მონიტორინგის კონცეფციებს შეიმუშავებს.

„ვსარგებლობთ შემთხვევით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის განათლებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროებს, მადლობას ვუხდით კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელობას – დოქტორ ფრანკ შილინგს  და  გერმანელ კოლეგებს ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტისთვის გაწეული სამუშაოებისთვის. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ პროექტ DAMAST-ის ხელმძღვანელის, დოქტორ ბირგიტ მიულერის ღვაწლი და ძალისხმევა, რამაც დიდად განაპირობა ამ უაღრესად აქტუალური პროექტის ფარგლებში მიღწეული წარმატებები. DAMAST-ის განხორციელება და მასში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი უნივერსიტეტის სამშენებლო და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტების ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად და მკვლევრებად ჩამოყალიბდნენ. რაც შეეხება ჰიდროინჟინერიას, ამ მიმართულებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ჩვენს ქვეყანაში ის ჰიდროენერგეტიკური სწავლებისა და კვლევების ძირითად ცენტრად მოიაზრება. სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გეგმავს მეტად გააღრმავოს და გააფართოოს კალსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა, რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს უნივერსიტეტსა და სტუდენტებს“, – განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მირიან ყალაბეგიშვილმა ინფორმაციით, DAMAST-ის ფარგლებში, უნივერსიტეტის გეოლოგიისა და ჰიდროინჟინერიის მიმართულების მაგისტრანტებმა, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ენგურჰესზე პრაქტიკები გაიარეს, დეტალურად შეისწავლეს ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ფუძის გეოლოგიურ-ტექნოლოგიური ციკლი, რაც მოიცავს კერნის ამოღებას, მათ დამუშავებასა და სკანირებას. ასევე, უახლესი დანადგარებისა და გამზომ მიწყობილობათა გამოყენებით, სხვადასხვა სახის ანალიზი ჩაატარეს. გარდა ამისა, სტუ-ის სტუდენტებმა, რომლებიც კვლევითი სამუშაოებით არიან დაკავებულნი, კალსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სსპეციალური ტრენინგები გაიარეს.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, პროექტ DAMAST-ის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენდაც ჰიდროენერგეტიკული რესურსებით მდიდარ საქართველოში ჰიდრორესურსების დაახლოებით 20-25%-ია ათვისებული, რაც სამომავლოდ, ქვეყნისთვის ფართო პერსპექტივებს სახავს.

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, პროექტ DAMAST-ის ფარგლებში, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრის, ბერნდ აბერლის მენტორობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი-ვორქშოფი გაიხსნა. სასწავლო ღონისძიება, რომლის მიზანიც საინექციო-საცემენტაციო სამუშაოების სპეციფიკის შესახებ სტუდენტების ინფორმირებაა, 4 დღე გაგრძელდება და 15 მარტს დასრულდება. სემინარ-ვორქშოფის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია გასვლა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სადაც სტუ-ის სტუდენტები მტკვრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნობიან.

სტუ-ის რექტორი კოლეგა ქალბატონებსა და სტუდენტებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ დარგებში მოღვაწე ყველა ქალბატონს — ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და კურსდამთავრებულებს –  ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„ნებისმიერი ქვეყნის საყრდენი ძალა, კეთილდღეობისა თუ ძნელბედობის ჟამს, ქალები არიან. მშვიდობასა და ქვეყნის აღმშნებლობაშიც ქალების როლი ფასდაუდებელია, რადგან ქალებზე უკეთ არავინ იცის მშვიდობის ფასი და მათზე ზუსტად ვერავინ ჭვრეტს მოსალოდნელ საფრთხეებს. ქალები ზრდიან მომავალ თაობებს, რომელთათვისაც ფასეულია ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა, თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორობის პრინციპების ერთგულება. ეს კი ღირსეული, სამართლიანი, მშვიდობიანი და განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობაა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტეტში, ათეულობით წელია, ურთულეს საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სპეციალობებს, ვაჟებთან ერთად, სტუდენტი გოგონები ეუფლებიან, უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში, როგორც საინჟინრო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით, საპატიო ადგილს ქალები იკავებენ.

ჩვენს უნივერსიტეტში მოღვაწე ქალბატონების საქმიანობა კვლავაც ადასტურებს, რომ არ არსებობს პროფესიული დისკრიმინაცია. საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ის სივრცე, სადაც დაცულია ქალთა უფლებები, სადაც შექმნილია ყველა პირობა ქალ მეცნიერთა და პედაგოგთა განვითარებისთვის, კვლევების ინტერნაციონალიზაციისთვის. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სადაც მნიშვნელოვან თანამდებობებს ქალები იკავებენ, ყოველმხრივ ცდილობს ხელი შეუწყოს, როგორც გამოცდილ, ასევე ახალგაზრდა მკვლევარ ქალებს, სტუდენტ გოგონებს, რომელთა შორის არაერთი – იმედისმომცემი და პერსპექტიულია.

საქართველოს მომავალი დიდად არის დამოკიდებული სწორედ თქვენზე, ჩვენო სასიქადულო ქალბატონებო! გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში, სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობაში, თქვენი ოჯახების, უნივერსიტეტისა და საქართველოს საკეთილდღეოდ.“

სტუ-ში ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სტუ-ის ქალთა ასოციაციისა და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა.

დედის დღე სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიაში – „მოდინახე“ აღინიშნა. მოყვარული სტუდენტი მსახიობები მაყურებლის წინაშე ნოდარ დუმბაძის სპექტაკლით – „მე ვხედავ მზეს“, წარსდგნენ.

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნაზი კუციავამ, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლიანა თარგამაძემ, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ხათუნა ჟვანიამ და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ჭანტურიამ სამახსოვრო საჩუქრები იმ ღვაწლმოსილ მეცნიერ და პედაგოგ ქალებს გადასცეს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ.

ლიანა თარგამაძე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის უნივერსიტეტის რექტორს. მისი განცხადებით, ქართული განათლება, მეცნიერება, კულტურა თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებსა და ღირებულებებს ეყრდნობა, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერი და პედაგოგი ქალებისთვის მშობლიური და ძვირფასია.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთა ასოციაციამ და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტმა 3 მარტს, უნივერსიტეტის სახალხო-თეატრ სტუდიაში, მოვიწვიეთ მეცნიერი და პედაგოგი ქალები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. მათ წინაშე „მოდინახე“ შესანიშნავი სპექტაკლით წარსდგა. დღეს კი, ჩვენს ღვაწლმოსილ მეცნიერ ქალებს სამახსოვრო სასაჩუქრე პაკეტები გადავეცით. ვულოცავთ ამ ორ ღირსშესანიშნავ თარიღს ქალებს, ვუსურვებთ მათ წინსვლას და ბედნიერებას. მადლობას ვუხდით რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ყურადღებისთვის. ასევე, მადლობა უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციას, პროფესორ ნაზი კუციავას, საინტერესო, ასევე, სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული ღონისძიებების ორგანიზებისთვის“, – აცხადებს დეკანი.

ქალთა დღეების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციამ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, კიდევ რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება გამართა.

 

„ჟიული შარტავას სახელი იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში“ — სტუ-ის რექტორმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამეცნიერო-აკადემიურმა წრეებმა და სტუდენტებმა საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პარლამენტის ყოფილი წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად, მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს – 7 მარტს ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა.

საუნივერსიტეტო საზოგადოებამ — რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ტერიტორიაზე,  ეროვნული გმირის ბიუსტი ასევე ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საუნივერსიტეტო სივრცეში ჟიული შარტავას სახელი სამუდამოდ არის უკვდავყოფილი.

„შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას გმირობა, რომელიც მთელი სიმძაფრით გვახსენებს სოხუმის დაცემას, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ ვაჟკაცებს, ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილ გმირებს – გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელს, საქართველოს სიყვარულით გულანთებულ ახალგაზრდების დიდ არმიას. შეუძლებელია, არ გხიბლავდეს ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რისი შენარჩუნებაც მან სიცოცხლის ბოლო წუთებამდე შეძლო.

ჩვენთვის რთულია, ემოციების გარეშე ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც თავისი ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლო და შემდეგ, განგების ძალით, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული გმირი გახდა. მისი ხსოვნა საუნივერსიტეტო სივრცეში სამუდამოდ არის უკვდავყოფილი – ჟიული შარტავას სახელს ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ის მრავალი პარამეტრით უნიკალური და მასშტაბური სამეცნიერო-სასწავლო და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი ატარებს, რომლის ანალოგიც არ არსებობს სამხრეთ კავკასიაში. ლაბორატორიული კომპლექსი სწორედ იმ ფაკულტეტზე მოქმედებს, რომლის კურდამთავრებულიც ეროვნული გმირი ჟიული შარტავაა.

დღეს მისი სახელი საქართველოს ისტორიის კუთვნილებაა, იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში. გმირის ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ ემსახურო, უერთგულო მას და ამაღლდე უკვდავებამდე! და შეუძლებელია, არ გქონდეს იმედი იმისა, რომ აფხაზეთი მალე მშვიდობით დაუბრუნდება დედა-სამშობლოს“, — განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

იმავე დღესვე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პირველი ეროვნული გმირის, საკანონმდებლო ხელისუფლების ყოფილი წევრის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესადმი  მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც პარლამენტის სასახლეში, შოთა რუსთაველის დარბაზში, საქართველოს პარლამენტისა და „ეროვნული ერთიანობის ცენტრი — ჟიული შარტავას საზოგადოების“ ორგანიზებით გაიმართა.

სტუ-ში პროექტის — „ქალთა ტექ ჰაბი“ წარდგენა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering  – The Women’s Tech Hub) საჯარო წარდგენა გაიმართა.

პროექტის წარდგენის ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, მონაწილეობდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები – სახალხო დიპლომატიის განყოფილების უფროსი ალექსანდერ დენიელსი და საჯარო დიპლომატიის განყოფილების საგრანტო პროექტებისა და უმაღლესი განათლების პროგრამების ხელმძღვანელი სოფო ბზიშვილი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, „ქალთა ტექ ჰაბის“ პროექტის საოპერაციო გუნდის წევრები: სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი და ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები, უნივერსიტეტის ინჟინერ-მკვლევარი ქალები, სტუდენტები და სხვა მიწვეული სტუმრები.

რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შემუშავებულმა პროექტმა – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ – დაფინანსება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა. რექტორმა ყურადღება პროექტის კონცეფციასა და მიზნებზე გაამახვილა, ასევე, ინჟინერიისა და ტექმეწარმეობის სფეროში ქალის როლის გაძლიერების შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად შეიქმნა „ქალთა ტექ ჰაბი“, რომელიც პროაქტიულად განახორციელებს ინჟინერიასა და ტექნიკურ მეწარმეობაში ქალთა როლის გაძლიერებას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროექტის საოპერაციო გუნდის წევრებთან ერთად, იზრუნებს მაქსიმალურად წაახალისოს ქალები, რომლებიც სწავლობენ ან აპირებენ დასაქმდნენ საინჟინრო ინდუსტრიაში, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სამეწარმეო იდეები. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი საინჟინრო სფეროში უნივერსიტეტის სტუდენტ და კურსდამთავრებულ ქალთა კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის  შესანიშნავ შესაძლებლობებს შექმნის ისეთი მხარდამჭერი ინსტრუმენტებით, როგორიცაა სემინარები, ბიზნესსექტორთან კოოპერაცია და სხვადასხვა ინოვაციური მექანიზმები. ვფიქრობთ, პროექტი სასურველ შედეგებს მოგვიტანს, რაც გულისხმობს იმას, რომ საინჟინრო დარგების სპეციალისტი ქალები, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის სინთეზის გზით, აიმაღლებენ ცოდნას, განივითარებენ უნარებს და შეძლებენ თავიანთი ბიზნესინიციატივების შემუშავება-მართვას. გარდა ამისა, „ქალთა ტექ ჰაბი“ ეფექტურად იზრუნებს, სტუდენტ გოგონებსა და ქალებში გააღვივოს ინტერესი საინჟინრო და ტექმეწარმეობის დარგების მიმართ, რათა მათ შეძლონ კარიერის დაგეგმვა და განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამოყენება. საბოლოო ჯამში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეს პროექტი, სხვა საუნივერსიტეტო პროექტებთან ერთად, ეხმიანება ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებს და ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ და კონკურენტუნარიან სპეციალისტთა მომზადებას, გარდა ამისა, გაზრდის მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებს“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.  

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ და საუნივერსიტეტო სივრცეში პროექტის განხორციელების მნიშვნელობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ისაუბრეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა – ალექსანდერ დენიელსმა და სოფო ბზიშვილმა.

სტუ-ის პროექტის – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ – საოპერაციო გუნდის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს პროექტის სტრატეგიული მიზნების, სამოქმედო გეგმისა და განსახორციელებელი აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია პრეზენტაციის სახით მიაწოდეს. როგორც მათ აღნიშნეს, უახლოეს მომავალში, პროექტის ეგიდით შეიქმნება კარიერული  პლატფორმა, რომელიც საინჟინრო დარგებიდან ვაკანსიების მოზიდვაზე, ქალ ინჟინერთა დასაქმებასა და მათ კარიერულ განვითარებაზე იზრუნებს. 

პროექტს – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering  – The Women’s Tech Hub), რომელიც 11 თვის მანძილზე გაგრძელდება, კოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უწევს. პროექტმა დაფინანსება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების 2023 წლის პროგრამის ფარგლებში მოიპოვა.

სტუ-ში, პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში, კონფერენცია/ვორკშოფი — „ბიზნესთან თანამშრომლობა“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA“ – ფარგლებში, კონფერენცია/ვორკშოფი – „ბიზნესთან თანამშრომლობა“ გაიმართა.  

კონფერენცია/ვორქშოფის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტის – კილის ბიზნესის სკოლის (დიდი ბრიტანეთი) მეწარმეობის დირექტორი, დოქტორი კოლინ რიგბი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ReINNOVA-ს ოპერაციული მენეჯერი, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ბორის გითოლენდია, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, პროექტის მენეჯერები და სტუდენტები, ასევე, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

კონფერენცია/ვორკშოფი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროექტ ReINNOVA-ს ინსტიტუციურმა კოორდინატორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორი ღონისძიების მონაწილეებს პროექტის იდეისა და კონცეფციის შესახებ ესაუბრა და ReINNOVA-ს მენეჯმენტს, პროექტის ეგიდით განსახორციელებელი აქტივობების უზრუნველსაყოფად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„მივესალმები პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში შეკრებილ ჩვენს სტუმრებს, კონფერენცია/ვორკშოფის – „ბიზნესთან თანამშრომლობა“ – მონაწილეებს. მოგეხსენებათ, რამდენად რთულია ფეხი აუბა იმ ტექნოლოგიებს, რომელებიც მსოფლიოში ელვისებური სისწრაფით ვითარდება. შესაბამისად, სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებსაც უწევთ დიდი შრომა, რომ განვითარების სასურველ შედეგებს მიაღწიონ. ეს კი შეუძლებელია დამსაქმებელი ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე. სწორედ ამიტომ, პროექტ ReINNOVA-ს დონორების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გიორგი ამილახვარისა და მისი მოადგილეების უშუალო ჩართულობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ძალისხმევით, მივდივართ საერთო მიზნისკენ, რაც მოიაზრებს ჩვენს უნივერსიტეტსა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას. პროექტმა, სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესებით, უნდა უზრუნველყოს უმაღლესი განათლების სექტორში დამსაქმებელთა ჩართულობის გაძლიერება და ხელი შეუწყოს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებას. ჩვენი მიზანია, კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით, შეიქმნას ახალგაზრდების კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის ქმედითი შესაძლებლობები, რაც მოითხოვს სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის აქტიურად ასახვას ტრენინგების, სემინარების, ერთობლივი კვლევითი აქტივობებისა და სხვა ინოვაციური მექანიზმების გზით. ამ პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, კონკრეტული ბიზნესპრობლემების გადაჭრაც მოხდეს და ეს პროცესი დამსაქმებელი კომპანიების, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ერთობლივი კოოპერაციით წარიმართოს. ამისათვის მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ და გავაუმჯობესოთ კავშირები დამსაქმებელს, სტუდენტებსა და  კურსდამთავრებულებს შორის. ამ მიზნით, ბიზნესსექტორს ღია თანამშრომლობას ვთავაზობთ. გვაქვს სრული მზაობა, განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობას გააუმჯობესებს. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით სასურველ შედეგებს მივაღწევთ და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებით, ხელს შევუწყობთ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის სწრაფ მოდერნიზაციას, ახალგაზრდა, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებასა და რაც ასევე მთავარია, სწავლების შედეგებსა და შრომის ბაზრის მოლოდინებს შორის განსხვავების მაქსიმალურად შემცირებას“, – განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში გამართულ კონფერენცია/ვორქშოფზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „გრინვეი საქართველოს“ შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და კომპანიის დირექტორმა, ვახტანგ ებიტაშვილმა მოაწერეს ხელი.

„მინდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები, დამსაქმებლებთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებენ იმ მიზნით, რომ მოტივირებული ახალგაზრდები, ჩვენი მომავალი თაობა ძლიერ პროფესიონალებად და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

როგორც „გრინვეი საქართველოს“ დირექტორმა, ვახტანგ ებიტაშვილმა განაცხადა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გამყარება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ტექნიკურ-ტექნოლოგიური მიმართულების ფლაგმან უნივერსიტეტთან, რაც მხარეებისთვის საერთო მიზნების განხორციელების მყარ საფუძველს შექმნის. 

„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა ნაყოფიერი იქნება. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტების განვითარების პროცესში ბიზნესის ჩართულობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმატებული ბიზნესი არის გარანტი, რომ სამომავლოდ, ახალგაზრდები თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით დასაქმდნენ და დარგის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. „გრინვეიში“ სტაჟირების პროცესში, რაც კომპანიის ინფრასტრუქტურისა და ტექინსპექტირების ცენტრების ბაზაზე ჩატარდება, დაინტერესებული სტუდენტები საფუძვლიანად შეისწავლიან ტექინსპექტირების პროცესს. საუკეთესო შედეგების მქონე ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა „გრინვეიში“ დასაქმდნენ. ჩვენი მხრიდან ველით, რომ თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს“, – აღნიშნა ვახტანგ ებიტაშვილმა.

კონფერენცია/ვორქშოფზე კილის ბიზნესის სკოლის (დიდი ბრიტანეთი) მეწარმეობის დირექტორმა, დოქტორმა კოლინ რიგბიმ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის განხორციელების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ReINNOVA-ს ოპერაციულმა მენეჯერმა, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ბორის გითოლენდიამ, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, ზურაბ გვიშიანმა, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ და პროექტის მენეჯერებმა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს, ასევე, დამსაქმებელი კომპანიების – „გრინვეი საქართველო“, „ლაიონ ტრანსი“, „ავტობანი“, „თეგეტა“, „მშენებელი 50“, „ჰაიდელბერგცემენტი“, „ფორსი“ – წარმომადგენლებს სტუ-ის კვლევებისა და ინოვაციების მხარდამჭერი პროექტის სტრატეგიული მიზნებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. გარდა ამისა, ვორკშოპზე, პრეზენტაციის სახით, წარმოდგენილ იქნა ReINNOVA-ს ფარგლებში ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგები.

პროექტმა – „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA”, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ავტორობით იქნა წარდგენილი, 2023 წელს მსოფლიო ბანკის, საქართველოს I2Q ინოვაციის, ინკლუზიისა და ხარისხის პროექტის (CIF) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვება მოიპოვა. ReINNOVAს მიზანი, სტუ-სა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება, განათლების პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობის უზრუნველყოფა და სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესების გზით შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობაა.

ReINNOVA საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და სამშენებლო ფაკულტეტების 6 საგანმანათლებლო პროგრამაში პროექტის პილოტირებასა და საწარმოო პრაქტიკის სასწავლო მოდულის გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) პარტნიორობით, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ახორციელებს.

სტუ-მ ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით, კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ. საკონკურსო პირობები უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ბრძანების შესაბამისად განისაზღვრა.

კონკურსი ღია და ანონიმურია. კონკურსანტებმა საკონკურსო მასალები 2024 წლის 20 მარტის ჩათვლით, 18.00 საათამდე უნდა წარადგინონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცელარიაში,  მისამართზე: თბილისი, მერაბ კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული შენობა, 1-ლი სართული.

რექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო ჟიური გამოავლენს ერთ გამარჯვებულ პროექტს, რომლის ავტორს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯილდოს სახით, 2000 (ორი ათასი) ლარი გადაეცემა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარადგინონ მსუბუქი მასალისგან დამზადებულ A2 ვერტიკალურ პლანშეტზე ნაბეჭდი პროექტის სახით, ასევე,  ელექტრონულ ვერსიაში (CD/DVD). საკონკურსო წინადადებას აუცილებლად უნდა ახლდეს ამობეჭდილი განმარტებითი ბარათი (A4 ზომის ფორმატი, N 12 შრიფტი), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს და მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ესკიზის კონცეფცია, ასევე, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა, მასალაში შესრულების შემთხვევაში.

კონკურსანტების მიერ წარდგენილ თითოეულ საკონკურსო მასალას, პროექტის იდენტიფიცირებისა და ავტორთა ანონიმურობის დაცვის მიზნით, სარეგისტრაციო კოდი მიენიჭება. შესაბამისად, საკონკურსო პროექტების ავტორის ან ავტორთა ჯგუფის ვინაობა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დალუქული კონვერტების გახსნისას გახდება ცნობილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონკურსო ჟიური 2024 წლის 21 მარტის ჩათვლით იმუშავებს. კონკურსის შედეგები მიმდინარე წლის 22 მარტს, 14:00 საათზე გამოცხადდება.

საკონკურსო პროექტების გამოფენა გაიხსნება 2024 წლის 22 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 სართულის ფოიეში.

სტუ აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ უფასო ონლაინ კურსებს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ, უფასო ონლაინ კურსებს სთავაზობს. აღნიშნული კურსები მიზნად ისახავს, აბიტურიენტების ორი მოდულის მიხედვით – „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“ მომზადებას.

ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა, თუმცა მასთან ერთად სტუ აბიტურიენტებს STEM-ის კიდევ ერთი საგნის, ფიზიკის ან ქიმიის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ამ ორი დამატებითი საგანიდან, რომელს შეისწავლის აბიტურიენტი, მის არჩევანზეა დამოკიდებული.

კატეგორია „აბიტურიენტში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოიაზრებს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების სკოლების დამამთავრებელი (მე-11 და მე-12) კლასის მოსწავლეებს. ასევე, 20 წლის ჩათვლით სკოლადამთავრებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ სწავლობენ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში.

STEM კურსებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://abiturienti.gtu.ge/

კურსებზე სწავლა 20 მარტიდან დაიწყება.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, ჯემალ გახოკიძეს, ხუთშაბათს, 7 მარტს დაკრძალავენ

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი, გენერალ-ლეიტენანტი ჯემალ გახოკიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, 2010 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე.

პანაშვიდები: 5-6 მარტი | მისამართი: კაკლების დასახლება, მიხეილ ქორქიას ქ. 10

გამოსვენება: 7 მარტი, 14:00 საათი | მისამართი: კაკლების დასახლება, მიხეილ ქორქიას ქ. 10

დაკრძალვა: ვერის საქალაქო სასაფლაო | მისამართი: გურამ რჩეულიშვილის ქ. 12, მთაწმინდა, თბილისი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გულისტკივილით ემშვიდობება ძვირფას კოლეგას, პროფესორ ჯემალ გახოკიძეს; სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მის აღზრდილებს.

რატომ სტუ?

  • ფაკულტეტების მრავალფეროვანი არჩევანი
  • სტუ-ში დღეისათვის 13 ფაკულტეტი, 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და 1 ცენტრი ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს რომ აბიტურიენტს ფაკულტეტების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, როგორც საინჟინრო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით.

  • განათლების მიღების ხელმისაწვდომობა
    1. სტუ-ში მოქმედებს უფასო პროგრამები, რომლებიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.
    2. სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთათვის, ომის ვეტერანების შვილებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულთათვის.
    3. სტუ-ის სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო გრანტს ვერ მიიღებს, სწავლის საფასურის გადახდას  ინდივიდუალური გრაფიკით შეძლებს.  ამ შემთხვევაში მან განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის მენეჯერს. 
    4. წარჩინებულ სტუდენტებს უნივერსიტეტი სახელობით სტიპენდიას უნიშნავს. 
  • გაცვლითი პროგრამები

სტუ-ის მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ევროპის 17 ქვეყნის 68 უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტებს  შეუძლიათ განახორციელონ  მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და ამავე პროგრამის დაფინანსებით. ასეთი ქვეყნებია იტალია, ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, შვედეთი, საბერძნეთი და სხვა.

  • დასაქმება
  • სტუ ორიენტირებულია როგორც სტუდენტთა განათლებაზე, ისე მათ კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაზე. ამისთვის, უნივერსიტეტში შექმნილია კარიერული განვითარების სამსახური, რომელსაც საქართველოში არსებულ თითქმის ყველა წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

    სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება (ხშირ შემთხვევაში ანაზღაურებადი) პარტნიორ ორგანიზაციებში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა. სწავლის დასრულების შემდეგ კი, ისინი კარიერას ხშირ შემთხვევაში სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციებში განაგრძობენ.

  • სტუდენტური ცხოვრება

    სწავლის პარალელურად, სტუ-ის სტუდენტები ჩართულები არიან მრავალ სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებაში.

    უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს რაგბის, ფეხბურთის, ძიუდოს, ქართული ჭიდაობის, ბილიარდის, ჭადრაკის, შაშის, სამბოს, ბოულინგის, ფრენბურთის,  თოვლისა და ქვიშის ფრენბურთის სპორტული გუნდები და კალათბურთის ნაკრები. სტუ-ის სპორტის ამ სახეობებში, არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მოპოვებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

    სახელგანთქმულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრი „მოდინახე“, ვაჟთა კაპელა,  „გპეის ჯაზ ოერკესტრი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, სტუდენტ გოგონათა ანსამბლი „ქალდეა“ და სხვა  მუსიკალური ჯგუფები.

  • ინფრასტრუქტურა

    სტუ-ის ლაბორატორიები აღჭურვილია ევროპის ხარისხის შესაბამისი, მსოფლიოს ლიდერი ბრენდების ტექნოლოგიებით, რაც სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მიიღოს და 700-ზე მეტი ლაბორატორიული სამუშაო ჩაატაროს.

Support

Why are you writing to us?