პროექტის მოკლე აღწერა
საქართველოში, როგორც იმპორტირებულ ენერგორესურსებზე ორიენტირებულ ქვეყანაში, ადგილობრივი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ეფექტურად გამოყენება, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ენერგოდამზოგი ღონისძიებების პრაქტიკული რეალიზება ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.
ადგილობრივი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების რიცხვს, რომელთა მარაგი ჩვენ ქვეყანაში საიმედო ენერგეტიკული ბაზის შექმნის საშუალებას იძლევა, მიეკუთვნება მცენარეული წარმოშობის ნარჩენი ბიომასა (სხვადასხვა ხილისა და ყურძნის გადამუშავების ნარჩენები, მზესუმზირის ჩენჩო, თხილის ნაჭუჭი და სხვა) და ტყის მერქნული რესურსები (სატყეო მეურნეობის ექსპლუატაციისა და ხეტყის ინდუსტრიის ნარჩენები), ტყიბული-შაორის საბადოს წვრილდისპერსიული მყარი სათბობი (ლიგნიტი).
ტყიბული-შაორის საბადოს წვრილფრაქციული მყარი სათბობის დადგენილი მარაგი 330 მლნ ტონას, ხოლო მცენარეული წარმოშობის ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი 1.1×106 მგვტ.სთ უტოლდება. მხოლოდ კახეთის ღვინის ქარხნებში ყურძნის გადამუშავების შემდეგ დარჩენილი მშრალი ბიომასა, ყოველწლიურად, 8000-9000 ტონას შეადგენს, რაც 4-4.5 მლნ მ3 ბუნებრივი აირის ექვივალენტურია.
მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენი ბიომასა ენერგიის განახლებადი წყაროა და გავრცელებულია ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, წიაღისეულ სათბობთან შედარებით იაფია და მნიშვნელოვნად ამცირებს „სათბური გაზების“ ემისიას ატმოსფეროში, დღეისათვის მისი გამოყენება შეზღუდულია შესაბამისი წვის ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების არარსებობის გამო. ამავე მიზეზითაა შეზღუდული ტყიბული-შაორის საბადოს დაბალკალორიული წვრილფრაქციული მყარი სათბობის გამოყენებაც.
ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების სამეცნიერო ცენტრში“, 2002-2016 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგად, პროფ. ნოდარ ქევხიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა „მაღალტემპერატურული მდუღარე შრის“ტექნოლოგიის განსახორციელებელი საცეცხლე მოწყობილობა (წვის კამერა), რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის მყარი წვრილფრაქციული საწვავის ეფექტურ წვას.
მყარი სათბობის „მაღალტემპერატურულ მდუღარე შრეში“ წვის ტექნოლოგიით მომუშავე ინოვაციური საცეცხლე მოწყობილობების შექმნა და დანერგვა საქართველოში საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად გამოვიყენოთ განახლებადი ბიომასისა და წვრილფრაქციული მყარი სათბობის ენერგეტიკული პოტენციალი და ადგილობრივი ენერგორესურსებით ჩავანაცვლოთ სამრეწველო და საყოფაცხოვრებო სექტორებში ფართოდ გამოყენებული ძვირადღირებული იმპორტირებული ბუნებრივი აირისა და საშეშე მერქნის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რაც ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად, ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის დასაშვებ ზღვრებში შენაჩუნებისა და ხეტყის უსისტემო და უკონტროლო ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაც იქნება.