პროექტის მოკლე აღწერა
ბექთაქარის ოქრო-პოლიმეტალური მადნის ნატეხებში სასარგებლო მინერალები (ოქრო, ტყვია, თუთია) წარმოდგენილია წვრილი და არათანაბარი ზომის მარცვლებით. ასეთი მადნების ეფექტური გამდიდრებისათვის მოხდა მისი წინასწარი დამუშავება გარკვეული რაოდენობის ფუჭი ქანის გამოყოფის მიზნით. მასალის გამდიდებისათვის წინასწარი მომზადების თვალსაზრისით განხორციელდა დამსხვრევა-დაქუცმაცება იმ ზომამდე, რომელმაც უზრუნველყო სასარგებლო და ფუჭი მინერალების მაქსიმალური გახსნა და, შედეგად, გამდიდრების პროდუქტში სასარგებლო კომპონენტის მაქსიმალურ ამოკრეფის მიღება. გამდიდრებადობაზე ჩატარებული კვლევები ითვალისწინებდა დამსხვრევის და დალექვის ოპერაციებს. დიაფრაგმულ სალექ მანქანაზე გამდიდრებისას შესაძლებელი გახდა ფუჭი ქანის დიდი რაოდენობით მოცილება, კონცენტრატში სასარგებლო კომპონენტების შემცველობის გაზრდა და დანაკარგების შემცირება. დამსხვრეულ პროდუქტში მიღებული იქნა გარკვეული რაოდენობის უწვრილესი კლასი (მტვერის სახით). მათ ამოსაკრეფად გამოყენებული იქნა გამოტუტვის მეთოდი. აგრეთვე, დაფქვისას, კლასიფიკატორთან ჩაკეტილ ციკლში, ცირკულაციურ დატვირთვაში თავისუფალი სახით მიღებული ოქროს შემცველი ნაწილაკების ამოკრეფა განხორციელდა ხრახნული სეპარაციის პროცესით. კვლევები განხორციელდა სილების და შლამების სელექციური და კოლექტიური ფლატაციური მეთოდებით გამდიდრებაზე, რომლის შედეგადაც მიღებული იქნა მაღალხარისხოვანი ტყვიისა და თუთიის კონცენტრატები და ოქროს შემცველი პროდუქტი. ძირითადი პროცესების ავტომატიზაციის მიზნით ჩატარებული კვლევის პერიოდში მიღებული ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე აიგო მმართველ ზემოქმედებებსა და გამდიდრების მაჩვენებლებს შორის წყვილი და მრავლობითი დამოკიდებულებები; შეირჩა გაზომვის საშუალებები; აიგო პროცესების მათემატიკური მოდელები, რომელთა საფუძველზეცდამუშავდამართვის ხერხები. მიღებული კვლევების შედეგად დამუშავებულია გამდიდრების ოპტიმალური ტექნოლოგიური თვისებით-რაოდენობითი სქემა. კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგები იძლევა საშუალებას გავზარდოთ ტყვია-თუთიის კონცენტრატების და ოქროს შემცველი პროდუქტების ამოკრეფა 3%-მდე. პროექტში მიღებული გამოცდილების გამოყენება შესაძლებელია სხვა ძნელადგასამდიდრებელი წვრილად ჩაწინწკლული მადნების გამდიდრების დროს.