პროექტის მოკლე აღწერა
საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა თანადროულ კულტურულ ცენტრებში, აქატ-ქალცედონის ჯგუფის მინერალის ფართო ექსპლუატაცია ძვ. წ. III ათასწლეულიდან იწყება და მისი პოპულარობა ინდოეთში ჰარაპას ცივილიზაციის წარმოშობასთან არის დაკავშირებული. მძივები სამთავროს სამაროვანზე კვარცის ჯგუფის სახესხვაობებითაა წარმოდგენილი, როგორებიცაა: სარდიონი, ქალცედონი, აქატი, იასპისი.
სარდიონი აქატ-ქალცედონის ჯგუფის სხვადასხვა ელფერის მქონე მკვრივი, ნახევრად გამჭვირვალე ან შუქგამტარი მინერალია. მას საკმაოდ დიდი გავრცელება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე, ეს მინერალი გამოირჩევა ვიზუალით, მაღალდეკორატიული იერით და კარგი ფიზიკური თვისებებით: საკმაოდ მაღალი სიმაგრით და მდგრადობით გარემო პირობების მიმართ, ასევე მიმზიდველი ფერით.
აქატ-ქალცედონის ჯგუფის მინერალების მოპოვება და გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დაიწყო სხვადასხვა დანიშნულებით, რაზეც მოწმობს სამაროვნებზე აღმოჩენილი მათგან დამზადებული უამრავი სამკაული.