სტუ-ის რექტიორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ „ტვ-პირველს“ და „ნოდარ მელაძის შაბათს“ სასამართლო დავა მოუგო

სიახლეები

„ნოდარ მელაძეს დაევალა, უარყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებები, კერძოდ: „მილიონები, რომელიც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ხალხის კუთვნილი ქონების რეალიზებით მიიღო, უნდა მოხმარებოდა ინსტიტუტის ახალი შენობის აშენებას, და იქ ლაბორატორიების გამართვას, თუმცა ეს ასე არ მოხდა… მეცნიერები ერთ პატარა ოთახში შეასახლეს… უნივერსიტეტის რექტორი, პარალელურად იმისა, რომ უნივერსიტეტის ქონება მცირდება, მისი (დავით გურგენიძის) ქონება იზრდება…“, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ქეთევან კურცხალიამ აღნიშნა 2026 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომლითაც სრულიად დააკმაყოფილა სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სარჩელი.

2025 წლის 25 ნოემბერს აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა და ტელეკომპანიისაგან გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა.

სტუ-ის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მოსამართლე ქეთევან კურცხალიამ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მედიაპასუხისმგებლობასა და საჯარო პირის რეპუტაციის დაცვას ეხება. დავით ხვედელიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფაქტს, რომ მედიის თავისუფლება ვერ იქნება გამოყენებული ცრუ და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების საფუძვლად და რომ საჯარო პირის მიმართ გავრცელებული ბრალდებები უნდა ეფუძნებოდეს გადამოწმებულ ფაქტებსა და ობიექტურ მტკიცებულებებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ აქტს, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს მედიაპასუხისმგებლობის ფარგლებს და საჯარო პირის რეპუტაციის დაცვის სამართლებრივ სტანდარტებს. სასამართლომ დასაბუთებულად დაადგინა, რომ ტვ პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებული კონკრეტული განცხადებები არ ეფუძნებოდა გადამოწმებულ ფაქტობრივ გარემოებებს და, შესაბამისად, შეიცავდა ცილისწამების ნიშნებს. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, არ არის აბსოლუტური და არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პირის პატივისა და ღირსების შელახვის ხარჯზე. სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სამართლებრივი პოზიცია სრულ თანხვედრაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციურ ჩარჩოსთან, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, რომელიც საჯარო პირის მიმართ კრიტიკის დასაშვებ ზღვარს ფაქტობრივი სიზუსტისა და საზოგადოებრივი ინტერესის კრიტერიუმებით განსაზღვრავს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის სწორ განაწილებაზე და დაადგინა, რომ მედიის მიერ გავრცელებული ბრალდებები უნდა იყოს გამყარებული სანდო წყაროებითა და ობიექტური მტკიცებულებებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის მნიშვნელოვან სამართლებრივ პრეცედენტს, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული ჟურნალისტური სტანდარტების განმტკიცებას, ისე საჯარო ინსტიტუტებისა და მათი ხელმძღვანელი პირების რეპუტაციის არგუმენტირებულ სამართლებრივ დაცვას“, – აცხადებს დავით ხვედელიძე.

სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თამაზ ურთმელიძის განცხადებით, „ტვ-პირველის“ ეთერში 2025 წლის 22 ნოემბერს გავიდა გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“, სადაც გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ და ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართ მიზანმიმართულად დეზინფორმაცია გაავრცელეს. მისივე თქმით, სიუჟეტი ეხებოდა სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის შენობის გასხვისებას და აღნიშნულ ფაქტთან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის პირდაპირ თუ ირიბ კავშირზე დაუსაბუთებელ მინიშნებებს.

„გადაცემა ისე იყო აგებული და ჟურნალისტები მტკიცებით ფორმაში ისეთ ფაქტებზე მიუთითებდნენ, რომ მაყურებელს დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ დავით გურგენიძემ სპეციალურად გაყიდა უნივერსიტეტის ქონება, არ აპირებს შესაბამისი ლაბორატორიის შენობის აშენებას და ეს მილიონები გამოიყენა საკუთარი ქონების გაზრდისა და გამდიდრებისთვის. სასამართლომ დაავალა მოპასუხეს ამ ცრუ ინფორმაციის უარყოფა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ის გავრცელდა. ეს გადაწყვეტილება არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ნებისმიერი მცდელობა, დეზინფორმაციით ჩრდილი მიადგეს საგანმანათლებლო ინსტიტუციის საქმიანობას, ყოველთვის მიიღებს შესაბამის სამართლებრივ პასუხს”, – აცხადებს თამაზ ურთმელიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ქეთევან კურცხალიას გადაწყვეტილებით, მაკა ჩიხლაძეს დაევალა, რომ უარყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის – დავით გურგენიძის მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებები; მოპასუხეებს დაეკისრათ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, შაბათ დღეს, 20:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიმდინარეობისას უარყოს გავრცელებული ინფორმაცია, ასევე, მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ სიმბოლური თანხის – 1 ლარის გადახდა.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ