არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტმა კურსდამთავრებულების გაცილება ღონისძიებით აღნიშნა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა არქიტექტურის, მოდის დიზაინის ტექნოლოგიების და არქიტექტურათმცონეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს გაცილების ღონისძიება მოუწყვეს. 

2023-2024 სასწავლო წელს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ბაკალავრიატის 123-მა, მაგისტრატურის 50-მა და დოქტორანტურის 6-მა სტუდენტმა დაასრულა.

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება, პედაგოგებთან ერთად, დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ მიულოცა.

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, მოგმართავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ფაკულტეტის სახელით. გვინდა მოგილოცოთ ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასრულება.

უკვე მოგმართავთ როგორც ახალგაზრდა კოლეგებს, პროფესიონალებს, ჩვენს იმედს და ხვალინდელ დღეს! საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თქვენ დაეუფლეთ ისეთ მნიშვნელოვან სპეციალობებს, რომლებზეც ბევრად არის დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის ყოფა-ცხოვრება, ჩვენი ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მომავალი სწორი ურბანული განვითარება.

სწორედ თქვენი შემოქმედებითობა, ფართო თვალსაწიერი, სივრცითი თუ დიზაინ აზროვნება, ერგონომიკული გათვლები განაპირობებს მოქალაქეთა ყოფიერების სიმსუბუქეს და სილაღეს, მათი დასვენებისა და კომფორტის შესაძლებლობებს, ხშირად, ჯანმრთელობასაც კი. ეს საპასუხისმგებლო პროფესიებია და გვჯერა, სიცოცხლის ბოლომდე დარჩებით მათი ერთგული და კარიერულ გზაზე სვლისას მუდამ დაიცავთ ღირსებას, მოუფრთხილდებით თქვენს სახელს და ამასთან ერთად, დაიცავთ თქვენი უნივერსიტეტის ღირსებასა და პრესტიჟს.

გვჯერა, რომ კარიერული წინსვლისას მუდმივად გაიღრმავებთ ცოდნას, შეიძენთ ახალ პროფესიულ უნარებს და არ დასჯერდებით მიღწეულს. გახსოვდეთ, ალმა-მატერის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის – თქვენი წარმატება ჩვენი სიხარული და წარმატებაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თქვენ გვერდითაა – პედაგოგებთან ერთად, შეძლებთ ნებისმიერ საკითხზე მსჯელობას, პრობლემების გაზიარებას, ჩვენ მუდამ მხარს დაგიჭერთ გამოწვევების დაძლევაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა ნინო იმნაძემ. 

001-INN (1).png

ახალგაზრდებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადასცა ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა. 

„მაქვს პატივი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით მოგილოცოთ სტუდენტობის წარმატებით დასრულება, გისურვოთ ჯანმრთელობა და არჩეულ პროფესიაში წინსვლა. დიდი სურვილი მაქვს გაგაცნოთ რექტორის მიმართვა: „სტუდენტობის დაუვიწყარი წლები, აღსავსე შემეცნებითა და თავდაუზოგავი შრომით, დღეიდან თქვენივე მომავალს განაპირობებს.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, უნარები და გამოცდილება გადამწყვეტ როლს შეასრულებს თქვენს საქმიანობაში, დაგეხმარებათ დაძლიოთ გამოწვევები, იყოთ ინოვაციური და პროგრესული, პატივი სცეთ დემოკრატიულ ფასეულობებს, მიაღწიოთ წარმატებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. ვისურვებდი, მომავლის გზაზე ყოფილიყავით ცნობისმოყვარე, მიზანსწრაფული და ღია შემეცნებისთვის, ეძიებდეთ ახალ ცოდნას, გამოცდილებას და არასოდეს შეგეწყვიტოთ სრულყოფისკენ სწრაფვა. გთხოვთ, მჭიდრო კავშირი შეინარჩუნოთ თქვენს ალმა-მატერთან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი ის დიდი რესურსია, რომლის მხარდაჭერის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ.

გახსოვდეთ, მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენ გვერდით თქვენი უნივერსიტეტია, რომელმაც საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი გამოჩენილი მეცნიერი, არქიტექტორი, ინჟინერ-ტექნოლოგი და მკვლევარი აღზარდა, რომელიც თავის მოვალეობად თვლის, მიზნების აღსრულებაში გზა გაგიკვლიოთ, ინოვაციური იდეების განხორციელებაში ხელი შეგიწყოთ და თქვენი წარმატებითაც იამაყოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ მსოფლიო მიღწევებს, ნაყოფიერ და ბედნიერ წლებს! გახსოვდეთ, ცოდნა ძალაა და თქვენშია ის კოდი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს!”, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიების მუსიკალური მხარდამჭერი იყო საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფი – „ნექსთ სთეიშენ“, რომლის წევრებიც ფაკულტეტის სტუდენტები არიან. 

ინფორმაციისთვის: არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიაზაინის ფაკულტეტი ერთ-ერთი უძველესია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა არქიტექტურული პროცესების რეალურ ცხოვრებასთან დაახლოებას.

ფაკულტეტის ისტორია 1922 წლიდან იწყება, 1928 წელს კი, პირველი კურსდამთავრებულები იყვნენ საქვეყნოდ ცნობილი არქიტექტორები: არჩილ ქურდიანი, ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი, მიხეილ შავიშვილი, ბორის გოქაძე, სანდრო თევზაძე და მიხეილ ჩხიკვაძე.

სხვადასხვა დროს ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა შორის არიან გამოჩენილ არქიტექტორთა შესანიშნავი კოჰორტა, რომელთაც შექმნეს ქართული არქიტექტურისა და ხუროთმოძღვრების შედევრები და რომელთა შემოქმედებაც ფართოდ არის ცნობილი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, შვიდი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის...

სიახლეები

აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

მოგვწერეთ