სტუ-ის რექტორმა, პროექტის – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ ფარგლებში, საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ახალი საუნივერსიტეტო პროექტის – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ ფარგლებში, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, აბიტურიენტების, ასევე, დაინტერესებული პირების შეკითხვებს, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, ღიად, ლაივ რეჟიმში უპასუხა.

საზოგადოების წინაშე რექტორის პირველი ღია გამოსვლა, რომლის ტრანსლირება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან 67 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების ღირსსახსოვარ თარიღს, 16 იანვარს მიეძღვნა. რექტორმა საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ ინდივიდუალურად გაგზავნილ 49 შეკითხვას უპასუხა.

როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ღია გამოსვლის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პროექტი – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების მასშტაბურ შეფასება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.

„ღია ეთერში გამოსვლა, გაურკვეულწილად, იმპულსურობაზე, მოულოდნელობებზეა აგებული და გამომსვლელის მხრიდან დიდ მობილიზაციას მოითხოვს, რადგან არასოდეს იცი, როგორი შეკითხვა შეიძლება გამოგზავნონ სტუდენტებმა, ახალგაზრდებმა, თუნდაც ჩემმა კოლეგებმა – ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს საუნივერსიტეტო სივრციდან ან გარედან ადევნებს თვალს, ვგულშემატკივრობს, ან პირიქით, კრიტიკულად არის განწყობილი.  სასიხარულოა, რომ ჩვენმა ახალმა პროექტმა – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ – სოლიდური აუდიტორია მოიზიდა და შეკითხვებიც საკმაოდ მრავალფეროვანი შემოვიდა. უპირველეს ყოვლისა, პროექტი დაგვეხმარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე მდგარი გამოწვევები გაცილებით მასშტაბურად შევაფასოთ, გავაანალიზოთ და მათ დასაძლევად მოქნილი სამოქმედო გეგმა შევიმუშაოთ და მისი განხორციელება გონივრულ ვადებში შევძლოთ. გარკვეულ შეკითხვებზე პასუხით საშუალება მომეცა ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში დანერგილი სიახლეების, სამეცნიერო მიღწევების, სწავლა-სწავლების პროცესის, კვლევების ინტერნაციონალიზაციის, გაცვლითი პროგრამების, სასწავლო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, მიმდინარე რეფორმებისა თუ პრობლემური საკითხების შესახებ საზოგადოებისა და განსაკუთრებით, სამიზნე ჯგუფებისთვის ინფორმაცია მიმეწოდებინა. მოხარული ვარ, რომ ჩემი პირველი ღია გამოსვლა ჩვენი უნივერსიტეტის დაარსების დღის მიჯნაზე შედგა და ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს მიეძღვნა. ხვალ, 16 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 102 წლის ხდება და ამ თარიღს დიდი სიხარულითა და უდიდესი პასუხიმგებლობით ვხვდებით. წარმატებას ვუსურვებ უნივერსიტეტს, ჩვენს სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს, ყველას, ვინც ტექნიკურიუნივერსიტეტელის საპატიო სახელს ატარებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

პროექტის – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ – განხორციელების ინიციატივა აკადემიკოს დავით გურგენიძეს ეკუთვნის. რექტორისთვის განკუთვნილი შეკითხვების გაგზავნა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ანონიმურობის სრული დაცვით, შეეძლო მიმდინარე წლის 9 იანვრიდან 14 იანვრის 17:00 საათამდე, როგორც სპეციალურად შექმნილ ბმულზე, ასევე, ავტომატურ რეჟიმში, უნივერსიტეტის ცხელ ხაზზე – 2 771 111. გარდა ამისა, შეკითხვების გაგზავნა რექტორის ლაივ გამოსვლის პროცესშიც იყო შესაძლებელი.

პროექტი – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ – მომავალშიც გაგრძელდება. საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ღია სივრცეში ყოველ 15 იანვარს უპასუხებს.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუნესკოს კათედრას აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელი მიენიჭა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის – „ინფორმაციული საზოგადოება“ – დაარსებიდან 20 წლისთავი საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, იუნესკოს სათავო ოფისის UNESCO-ს კათედრების კოორდინატორი ინგა ნიჩანიანი (ონლაინ ჩართვით პარიზიდან), აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ოჯახი, მეგობრები, მოსწავლეები, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა მიწვეული სტუმრები.

იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის საიუბილეო ღონისძიება სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორი შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა, ისაუბრა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის იმ უდიდესი დამსახურების შესახებ, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე, როგორც გამორჩეულ მეცნიერს, ნოვატორსა და ყოფილ რექტორს, ასევე, ყურადღება გაამახვილა მის იმ ღვაწლზეც, რომელიც საერთაშორისო სივრცეში საქართველოს ცნობადობის გაზრდას უკავშირდება.  

ღონისძიებაზე დავით გურგენიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება,  იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრისთვის მისი დამაარსებლის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელის მინიჭების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე  აკადემიურ საბჭოს ინიციატივით რექტორმა მიმართა.  

„11 იანვარი არა მხოლოდ იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის დაარსების თარიღია, არამედ მისი დამაარსებლის, ჩვენი უნივერსიტეტის ღირსეული კურსდამთავრებულის, 1988-1994 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველი არჩეული რექტორის, ცნობილი მეცნიერის, დიდი ნოვატორის, გამორჩეული საზოგადო მოღვაწისა და დიდებული პიროვნების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დაბადების დღეც არის. მას 83 წელი შეუსრულდებოდა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი მშობლიური ალმა-მატერისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სახელიც, რომელსაც დღეს ჩვენი უნივერსიტეტი ატარებს, სწორედ გოჩა ჩოგოვაძეს უკავშირდება. 1971 წელს მისი თაოსნობით უნივერსიტეტში დაარსდა მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა. კათედრასა და მასთან არსებულ დარგობრივ კვლევით ლაბორატორიას ბატონი გოჩა ხელმძღვანელობდა. რექტორობამდე კი, 1981-1986 წლებში, მუშაობდა პარიზში, ხელმძღვანელობდა იუნესკოს განათლების სექტორის – „ინფორმატიკა განათლებაში“ – ინფორმატიკის განყოფილებას; წლების მანძილზე იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოში – მას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, ასევე, იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი და მისი ვიცე-პრეზიდენტი. გარდა ამისა, ხელმძღვანელობდა იუნესკოს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მისიას. აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე მუდმივად ზრუნავდა საერთაშორისო სივრცეში საქართველოს ცნობადობის ამაღლების, მისი მეცნიერებისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის. ბატონი გოჩა ჩოგოვაძის უდიდეს საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი რეკომენდაციით საქართველო ფრანკოფონიის წევრი ქვეყანა გახდა, ხოლო 2002 წელს საფუძველი ჩაეყარა ფრანგულ-ქართულ ინსტიტუტს, რომელიც ინფორმატიკისა და ეკონომიკის მიმართულებით ახალგაზრდებს ამზადებს. გამორჩეულია აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სამეცნიერო მოღვაწეობა – 20 მონოგრაფია, 6 გამოგონება, 100-ზე მეტი ნაშრომი და კვლევა. ის იყო ევროპის (ზალცბურგი) მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ნამდვილი წევრი, საერთაშორისო ტექნიკური ასოციაციებისა და ორგანიზაციების გაერთიანების (UATI) პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საინჟინრო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო საბჭოს (ICET) მმართველობის წევრი, საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი, ჩეხეთის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და მრავალი სხვა. აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, საფრანგეთის „აკადემიური პალმის კომანდორის“ ორდენით, გიორგი ნიკოლაძის მედლით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უდიდესი ღვაწლისა და დამსახურებისთვის, როგორც მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრას, რომელიც აკადემიკოსმა გოჩა ჩოგოვაძემ 20 წლის წინ დააარსა, დღეიდან მისი სახელი მიენიჭება“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა, დავით გურგენიძემ.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ღვაწლის, სტუ-ის იუნესკოს კათედრის საქმიანობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, იუნესკოს სათავო ოფისის UNESCO-ს კათედრების კოორდინატორმა, ინგა ნიჩანიანმა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანმა, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა.

აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ცხოვრებიდან ეპიზოდები გაიხსენეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, დიპლომატმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ნათელა ლაღიძემ, საქართველოს ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა და სტუ-ის ყოფილმა პრორექტორმა, მერაბ ადეიშვილმა, პროფესორებმა ალეკო ცინცაძემ და ვაჟა ოთარაშვილმა, ცნობილმა პოეტმა ლია სტურუამ, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მეგობრებმა, კოლეგებმა და მოსწავლეებმა.

აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მეუღლემ, მანანა ჯიბლაძემ, ოჯახის სახელით, მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ საბჭოსა და ღონისძიების მონაწილეებს, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრას კი, ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

ღონისძიების დასასრულს, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელი მიენიჭება.

 

სტუ-ის პროფესორები UNESCO-UIA-მ არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამების ვალიდაციის საბჭოს წევრად და კომისიის კორესპონდენტად აირჩია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთასორისო სკოლის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, საქართველოს საინჟინრო აკდემიის და არქიტექტორთა საერთაშორსო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გოჩა მიქიაშვილი იუნესკოსა და არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UNESCO-UIA) არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამების ვალიდაციის საბჭოს (
Architectural Study Programme Validation Council) წევრად, ხოლო სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, პროფესორი ნინო იმნაძე არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის არქიტექტურის განათლების კომისიის (EDUCOM – Architectural Education Commission) კორესპონდენტად აირჩიეს.

უნივერსიტეტმა აღნიშნულის შესახებ შეტყობინება არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (International Union of Architects – UIA) პარიზის ოფისიდან მიიღო. ახალი წევრები 3-წლიანი ვადით აირჩიეს.

სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, იუნესკოსა და არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის გადაწყვეტილება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქტიტექტურული სკოლის საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს.

„არქიტექტურაში განათლებისა და პოლიტიკის მიმართულებით საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის – UNESCO-UIA-ს გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორების, ცნობილი არქიტექტორების ამ ორგანიზაციაში, მნიშვნელოვან პოზიციებზე არჩევას, უდავოდ, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურული სკოლის საერთაშორისო აღიარება. UNESCO-UIA აქტიურად მუშაობს მსოფლიოში არქიტექტურული განათლებისა და არქიტექტურული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, ხელს უწყობს განათლების მაღალი ხარისხის სტანდარტების გლობალურად დანერგვას, ზრუნავს არქიტექტურაში განათლების საერთაშორისო ტრანსფერისა და მობილობის პროცესის გააქტიურებისთვის, აყალიბებს სახელმძღვანელო მითითებათა სერიებს, ადვოკატირებას უწევს, შეიმუშავებს წინადადებებსა და მოსაზრებებს, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდა არქიტექტორთა მომზადება, როგორც მაღალპროფესიულ დონეზე, ასევე, მათი მზაობა გლობალური სოციალური, ურბანული და კულტურული გამოწვევების დასაძლევად. ორგანიზაციის სპეციფიკისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, UNESCO-UIA-ს ახალ წევრებს – გოჩა მიქიაშვილსა და ნინო იმნაძეს საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაო ელით. ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს, მათ სტუდენტებს, დიზაინის საერთაშორისო სკოლასა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტს ამ მნიშვნელოვან წარმატებას“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

UNESCO-UIA-ს არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამების ვალიდაციის საბჭოსა და UIA-ს არქიტექტურის განათლების კომისიის დირექტორებთან ახლადარჩეული წევრების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების – გოჩა მიქიაშვილისა და ნინო იმნაძის პირველი შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება.

 

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს ახალ პროექტს – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“, რომლის ფარგლებშიც რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, აბიტურიენტების, ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირის და საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში მოქმედი ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ კერძო პირის შეკითხვებს, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, ღიად, ლაივ რეჟიმში უპასუხებს.

საზოგადოების წინაშე რექტორის ღია გამოსვლა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღის, 16 იანვრის წინა დღეს გაიმართება, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს უნივერსიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების მასშტაბურ შეფასება-გაანალიზებას, ასევე, საუნივერსიტეტო სივრცეში დანერგილი სიახლეების, სამეცნიერო მიღწევების, სწავლა-სწავლების პროცესის, კვლევების ინტერნაციონალიზაციის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მობილობის პროცესისა და გაცვლითი პროგრამების, სასწავლო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, ჩატარებული და დაგეგმილი რეფორმებისა და სხვადასხვა მიმდინარე თუ პრობლემური საკითხების შესახებ საზოგადოების და განსაკუთრებით, სამიზნე ჯგუფების ინფორმირებას ინტერაქციურ, კითხვა-პასუხის რეჟიმში.

როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აცხადებენ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს, წინასწარ გაუგზავნოს შეკითხვა სტუ-ის რექტორს. აკადემიკოსი დავით გურგენიძე ყველა შეკითხვას 15 იანვარს, 13:00 საათიდან, უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/gtu.ge ლაივ რეჟიმში, საათნახევრის განმავლობაში უპასუხებს.

პროექტში – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ – მონაწილეობის მსურველები, მიმდინარე წლის 9 იანვრიდან 14 იანვრის 17:00 საათამდე, შეკითხვების გაგზავნას, ანონიმურობის დაცვით, შეძლებენ ბმულზე: http://bit.ly/47st8Wf

ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 10 იანვრიდან 14 იანვრის 17:00 საათამდე, შეუძლია დაუკავშირდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცხელ ხაზს 2 771 111 და ავტომატურ რეჟიმში დატოვოს შეკითხვა. გარდა ამისა, შეკითხვების გაგზავნა 15 იანვარს, რექტორის ლაივ გამოსვლის პროცესშიც იქნება შესაძლებელი.

რექტორის გამოსვლა, რომელზეც ის საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების საზეიმო თარიღს ეძღვნება და ის მომავალშიც ყოველ 15 იანვარს გაიმართება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91-ე დაბადების დღეს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლს, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის, სიკეთისა და მიმტევებლობის უდიდეს მაგალითს თითოეული ჩვენგანისთვის.  ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია მრავალ განსაცდელს უკავშირდება და ყველა ძნელბედობის ჟამს თქვენ მუდამ ედექით გვერდში ერსა და განსაკუთრებით, მომავალ თაობას. თქვენი ლოცვა-კურთხევით გვეძლევა ძალა, ვიცხოვროთ სწორად, გავხდეთ უკეთესნი, წრფელი სიყვარულით გვიყვარდეს სამშობლო და ერთმანეთი. მადლობას გიხდით ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, სიყვარულისა და ზრუნვისთვის.

თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. მრავალჟამიერ საქართველოს საკეთილდღეოდ!“ – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

 

საშობაო უქმე დღეები

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის #500 დადგენილების 1-ელი და მე-2 მუხლების საფუძველზე:

1) სტუ-ის ყველა თანამშრომლისთვის 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვროს უქმე დღეებად;
2) სტუ-ში რექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული არჩევნების პროცედურის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ამ ბრძანების 1-ელი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სტუ-ის საარჩევნო კომისიაზე, რომელიც მუშაობას განაახლებს 2024 წლის 3 იანვრიდან.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოებას, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს და სტუდენტებს შობა-ახალ წელს ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოებას, სტუდენტებს, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერებს, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებსა და მათ წევრებს შობა-ახალ წელს ულოცავს.

„მსურს, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოგილოცოთ მომავლის უდიდესი იმედებით აღსავსე დღესასწაული – შობა-ახალი წელი!

თითოეული ჩვენგანისთვის – იქნება ეს მეცნიერი, პედაგოგი, სტუდენტი – მომავალი საუკეთესო მოლოდინთან ასოცირდება, თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ მომავალი წელი გაცილებით მეტი სიხარულისა და წარმატების მომტანი, ასევე, ძლიერი ევროპული პერსპექტივის წელი იქნება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რომელმაც გასულ წელს ახალი ასწლეულის ათვლა დაიწყო, საუკეთესო მომავალი მეცნიერებასა და ტექნოლოგიურ პროგრესს უკავშირდება. გულით გვახარებს, რომ ჩვენი საუნივერსიტეტო სივრცე გასული წლის სამეცნიერო-აკადემიურმა მიღწევებმა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა. განათლებისა და მეცნიერების სფეროში არაერთი  ნიჭიერი ახალგაზრდის წარმატების მომსწრენი გავხდით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, სტუდენტებს. სწორედ თქვენ ქმნით ძლიერ მოტივაციას, რომ 2024 წელს, ერთობლივი ძალებით, ყოველდღიური დაუღალავი შრომით,  ცოდნის გაზიარებითა და შემეცნებით გაცილებით მეტს მივაღწევთ და ქვეყანას უკეთეს ხვალინდელ დღეს, საუცხოო მომავალს შევუქმნით. ახალ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს იმ სტუდენტებსა და მეცნიერებს, რომლებიც ამჟამად, საქართველოს ფარგლებს გარეთ ცოდნას ეუფლებიან, სამეცნიერო კვლევებსა და გლობალურ ექსპერიმენტებში არიან ჩართულნი, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ტურნირებში ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებენ, კულტურულ ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ და მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის სახელი შორს გააქვთ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, შობა-ახალ წელს ვულოცავთ ყველა ახალგაზრდას, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სკოლების რექტორებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს,  მათ ნამდვილ წევრებს – ღვაწლმოსილ აკადემიკოსებს – ყველას ვუსურვებთ მშვიდობას, დღეგრძელობას,  წარმატებას, ვუსურვებთ ძლიერ და პროგრესულ საქართველოს, სადაც  ყველანი ერთად და ლაღად ვიცხოვრებთ!“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

სტუ-ის რექტორმა უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის რვა მეცნიერ-მკვლევარი ოქროს მედლითა და საპატიო სიგელით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ოქროს მედლითა და საპატიო სიგელით დააჯილდოვა რვა მეცნიერ-მკვლევარი, ხოლო ორ ახალგაზრდა მკვლევარს საპატიო დიპლომები გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის სტუ-ის აკადემიური საბჭოს ბოლო სხდომაზე გაიმართა. დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხარს უჭერს უმაღლესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის მეცნიერებსა და მკვლევრებს, ქმნის ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის სათანადო პირობებს, ამასთანავე, უნივერსიტეტი ავითარებს ჰუმანიტარულ დარგებს, როგორიცაა: ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, სამართალი, ეკონომიკა და ა.შ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, ბიოსამედიცინო ინჟინერიის კათედრის დაარსებისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, გარდაცვალების შემდეგ, სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა პროფესორები: ოთარ ხომერიკი და რაულ კუპრავა. ჯილდო გადაეცათ ოთარ ხომერიკის შვილს, ირინა ხომერიკს და რაულ კუპრავას მეუღლეს, ლალი კუპრავას. 

რექტორმა, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე ABET აკრედიტაციის მიღებისთვის,სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ ირინე გოცირიძეს და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თამარ ლომინაძეს. 

ასევე, სტუ-ის ოქროს მედალი, გიორგი ნიკოლაძის ელექტრონული გამოთვლითი მანქანის, არითრომეტრის რეკონსტრუქციისთვის, გადაეცათ პროფესორებს: ლევან იმნაიშვილს, გელა გოდერძიშვილს და მაგული ბედინეიშვილს, ხოლო, გიორგი ნიკოლაძის ელექტრონული გამოთვლითი მანქანის, არითრომეტრის რეკონსტრუქციაში აქტიური მონაწილეობისათვის საპატიო დიპლომები გადაეცათ გოჩა ზედგენიძეს და თამარ ხინთიბიძეს. სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ქართული ფილოლოგიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა პროფესორ თემურ ჯაგოდნიშვილს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ – „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო სრული აკრედიტაცია მოიპოვა. ეს არის წარმატება, რომელშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის  სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ ირინე გოცირიძეს და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თამარ ლომინაძეს. საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების ისტორია, 40 წლის წინ, 1983 წლიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დაიწყო. იმჟამინდელ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ამ მეტად მნიშვნელოვან და საჭირო დარგს საფუძველი ჩაუყარა პროფესორმა ოთარ ხომერიკმა. ხოლო, კათედრას მთელი 13 წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი რაულ კუპრავა. ეს ადამიანები ქმნიდნენ და შემდგომ კი მათი აღზრდილები ავითარებენ დარგს. მადლობა მინდა მოვახსენო აკადემიური საბჭოს წევრებს ჩვენი სახელოვანი მეცნიერების დაჯილდოებისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონების – არითმომეტრის ზუსტი ასლი. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელი გადასახადიდან, გიორგი ნიკოლაძის არითმომეტრი იმ დროისათვის გარღვევა იყო გამოთვლით ტექნიკაში, რამდენადაც იყო პირველი ელექტრული მოწყობილობა, რომელიც პირდაპირი გამრავლებისა და გაყოფის ოპერაციებს ასრულებდა. ამ ისტორიული გამოგონების აღდგენა, ჩვენი მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა, მათი დაჯილდოება ჩვენთვის სასიხარულოა. წარმატებები მეცნიერთა ჯგუფს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლი ქართული ფილოლოგიის განვითარების საქმეში. სასიხარულოა, რომ დარგის ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი, პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენს. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ თემურს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს ოთარ ხომერიკის და რაულ კუპრავას ოჯახის წევრებმა. ასევე, ირინე გოცირიძემ, თამარ ლომინაძემ, ლევან იმნაიშვილმა, გელა გოდერძიშვილმა და სხვებმა. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი საინჟინრო სკოლა და ამ უნივერსიტეტში გატარებული თითოეული დღე მათთვის დიდი ბედნიერების მომტანია.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სემეკის გუნდის წევრს, გია იოსებაშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე,  უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სამშენებლო ფაკულტეტის სახელით, სტუ-ის კურსდამთავრებულს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომელს, გია იოსებაშვილს 70  წლის იუბილეს ულოცავს

„ბატონო გია, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს – 70 წლის იუბილეს. თქვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ საუკეთესო კურსდამთავრებულ ინჟინერ-მშენებელთა შორის ხართ, რომელსაც არასოდეს შეუწყვეტია კავშირი თავის ალმა-მატერთან და მისი წარმატება მუდამ ახარებს. თქვენ დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გუნდის წევრი ხართ და ღირსეული წვლილი შეგაქვთ ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობისთვის აუცილებელი ფუნდამენტური დარგების განვითარებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო გია, დღეგრძელობა და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური!“, – აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მილოცვაში.  

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და სენატმა კარლო კოპალიანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მეორე ვადით არჩეულ იქნა პროფესორი კარლო კოპალიანი.

კარლო კოპალიანი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, ხმათა სრული უმრავლესობით –  39 მომხრე არცერთი მოწინააღმდეგე, აირჩია და არჩევნების შედეგები დასამტკიცებლად სტუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს (სენატი) გადაუგზავნა. თავის მხრივ, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ფარული კენჭისყრის შედეგად, კანცლერის თანამდებობაზე დამტკიცებულ იქნა პროფესორი კარლო კოპალიანი.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სენატის წევრების საერთო რაოდენობის 86%-მა – 86 წევრიდან 76-მა, კანცლერის პოზიციაზე კარლო კოპალიანის დამტკიცებას ხმა 75-მა წევრმა მისცა, ერთი ბიულეტენი გაუქმდა ტექნიკური ხარვეზის გამო.

სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების დანიშვნის შესახებ აკადემიურმა საბჭომ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2023 წლის 11 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. არჩევნების დღედ კი – 25 დეკემბერი. ვაკანსიაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, მოქმედმა კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა წარადგინა, რომელის სამოქმედო გეგმას, აკადემიური საბჭო და სენატი 22 დეკემბერს გაეცნო.

ინფორმაციისთვის, კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე პირველი ვადით სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ და სენატმა 2020 წელს აირჩია.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?