სტუ-ის რექტორმა, პროექტის – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ ფარგლებში, საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ახალი საუნივერსიტეტო პროექტის – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ ფარგლებში, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, აბიტურიენტების, ასევე, დაინტერესებული პირების შეკითხვებს, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, ღიად, ლაივ რეჟიმში უპასუხა.

საზოგადოების წინაშე რექტორის პირველი ღია გამოსვლა, რომლის ტრანსლირება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან 67 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების ღირსსახსოვარ თარიღს, 16 იანვარს მიეძღვნა. რექტორმა საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ ინდივიდუალურად გაგზავნილ 49 შეკითხვას უპასუხა.

როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ღია გამოსვლის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პროექტი – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების მასშტაბურ შეფასება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.

„ღია ეთერში გამოსვლა, გაურკვეულწილად, იმპულსურობაზე, მოულოდნელობებზეა აგებული და გამომსვლელის მხრიდან დიდ მობილიზაციას მოითხოვს, რადგან არასოდეს იცი, როგორი შეკითხვა შეიძლება გამოგზავნონ სტუდენტებმა, ახალგაზრდებმა, თუნდაც ჩემმა კოლეგებმა – ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს საუნივერსიტეტო სივრციდან ან გარედან ადევნებს თვალს, ვგულშემატკივრობს, ან პირიქით, კრიტიკულად არის განწყობილი.  სასიხარულოა, რომ ჩვენმა ახალმა პროექტმა – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ – სოლიდური აუდიტორია მოიზიდა და შეკითხვებიც საკმაოდ მრავალფეროვანი შემოვიდა. უპირველეს ყოვლისა, პროექტი დაგვეხმარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე მდგარი გამოწვევები გაცილებით მასშტაბურად შევაფასოთ, გავაანალიზოთ და მათ დასაძლევად მოქნილი სამოქმედო გეგმა შევიმუშაოთ და მისი განხორციელება გონივრულ ვადებში შევძლოთ. გარკვეულ შეკითხვებზე პასუხით საშუალება მომეცა ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში დანერგილი სიახლეების, სამეცნიერო მიღწევების, სწავლა-სწავლების პროცესის, კვლევების ინტერნაციონალიზაციის, გაცვლითი პროგრამების, სასწავლო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, მიმდინარე რეფორმებისა თუ პრობლემური საკითხების შესახებ საზოგადოებისა და განსაკუთრებით, სამიზნე ჯგუფებისთვის ინფორმაცია მიმეწოდებინა. მოხარული ვარ, რომ ჩემი პირველი ღია გამოსვლა ჩვენი უნივერსიტეტის დაარსების დღის მიჯნაზე შედგა და ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს მიეძღვნა. ხვალ, 16 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 102 წლის ხდება და ამ თარიღს დიდი სიხარულითა და უდიდესი პასუხიმგებლობით ვხვდებით. წარმატებას ვუსურვებ უნივერსიტეტს, ჩვენს სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს, ყველას, ვინც ტექნიკურიუნივერსიტეტელის საპატიო სახელს ატარებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

პროექტის – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ – განხორციელების ინიციატივა აკადემიკოს დავით გურგენიძეს ეკუთვნის. რექტორისთვის განკუთვნილი შეკითხვების გაგზავნა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ანონიმურობის სრული დაცვით, შეეძლო მიმდინარე წლის 9 იანვრიდან 14 იანვრის 17:00 საათამდე, როგორც სპეციალურად შექმნილ ბმულზე, ასევე, ავტომატურ რეჟიმში, უნივერსიტეტის ცხელ ხაზზე – 2 771 111. გარდა ამისა, შეკითხვების გაგზავნა რექტორის ლაივ გამოსვლის პროცესშიც იყო შესაძლებელი.

პროექტი – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ – მომავალშიც გაგრძელდება. საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ღია სივრცეში ყოველ 15 იანვარს უპასუხებს.

 


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?