სტუ-ის 9 სამეცნიერო პროექტი ფუნდამენტურ კვლევებში რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა მიერ შემუშავებული 9 სამეცნიერო-კვლევითი პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
ფუნდამენტური კვლევებისთვის რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ წლევანდელ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევართა პროექტი – „საქართველოს მთიანი რეგიონების ღვარცოფული კერების საინჟინრო კვლევა“ – ერთ-ერთია, რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასება – უმაღლესი 50 ქულიდან 46 ქულა მოიპოვა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში სტუ-ის მკვლევართა გამარჯვება ხელს უწყობს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას, კვლევების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციების გაღრმავებას.
როგორც რექტორი აღნიშნავს, უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფების მიერ კონკურსებში მოპოვებული ყოველი გამარჯვება ზრდის, როგორც მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირების შესაძლებლობებს, ასევე, განაპირობებს სამეცნიერო კვლევებში სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა აქტიურ ჩართულობას.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია საინჟინრო-ტექნოლოგიურ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარულ დარგებში ახალი სამეცნიერო იდეებისა და კონცეფციების გენერირება, ახალი მოვლენების, გარემოებებისა და საჭიროებების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს სწავლა-სწავლების პროცესის მაღალ დონეზე განვითარებას, მკვლევართა ახალი თაობის ფორმირებას, სამეცნიერო კვლევებში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას. ყოველივე ერთად ქმნის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩვენს მეცნიერთა აქტიური ინტეგრირების საუკეთესო შესაძლებლობებს და ასევე, აჩქარებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პროგრესს. მისასალმებელია, რომ ფუნდამენტურ კვლევებში რუსთაველის ფონდის წლევანდელ კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა ცხრა პროექტმა გაიმარჯვა და მაღალი შეფასება მიიღო. ყურადღებას გავამახვილებ სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფის საკონკურსო პროექტზე, რომელიც გამარჯვებულ პროექტებს შორის ერთ-ერთია მოპოვებული ყველაზე მაღალი ქულით. ნებისმიერი სამეცნიერო კონკურსი ავითარებს კონკურენტულ კვლევით გარემოს, აუმჯობესებს კვლევების ხარისხს და მაქსიმალურად აახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც მთავარია, ხელს უწყობს კვლევითი კომპონენტის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. ვულოცავთ ჩვენს მეცნიერებს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ მათ“, – აცხადებს დავით გურგენიძე.
როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი აღნიშნავს, ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევართა მიერ საკონკურსოდ წარდგენილი და გამარჯვებული პროექტის კვლევის მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ღვარცოფული აუზების ბუნებრივ-კლიმატური პირობებისა და ღვარცოფწარმოქმნის მექანიზმის კომპლექსური შესწავლა, კვლევის ახალი მიდგომების შემუშავება და მიღებული შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრაციაა. კვლევაზე სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი ირმა ინაშვილი, ასოცირებული პროფესორები: ზაალ ცინაძე, კონსტანტინე ბზიავა და დოქტორანტი დემეტრე ჯანჯალაშვილი მუშაობდნენ. დეკანის თქმით, აღნიშნული საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები არა მხოლოდ საფუძვლად დაედება ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების სარეგულაციო-დამცავი ღონისძიებების საპროექტო ნორმებსა და საინჟინრო ამოცანების ოპტიმალურ გადაწყვეტას, არამედ სამომავლო კვლევებში დიდ დახმარებას გაუწევს წყლის ინჟინერიისა და ჰიდროტექნიკური მელიორაციის, საინჟინრო ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის, ღვარცოფმცოდნეობისა და ჰიდროგეოლოგია-ჰიდრავლიკის და სხვა მომიჯნავე დარგებში მომუშავე მეცნიერებსა და პრაქტიკოს ინჟინრებს.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვება, ასევე, მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა შემდეგმა პროექტებმა: „ძველი და ახალი ქვევრების ნედლეულისა და დამზადების ტექნოლოგიის კვლევა“ (44 ქულა); „პოტენციალთა მეთოდის გამოყენება შერეული და ბზარის ტიპის დინამიკის ამოცანებში ერთგვაროვანი, არაერთგვაროვანი და კომპოზიტური დრეკადი სტრუქტურებისთვის“ (44 ქულა); „სილიკატური ნედლეულიდან LECA-ს სინთეზში, დანამატ-მოდიფიკატორთა როლის შესწავლა“ (42 ქულა); „საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის რეგიონების ადგილობრივი დუღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება: კოლექციის შექმნა და მათი მეტაბოლური პოტენციალის შესწავლა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე რეგიონული ღვინოების ფორმირებისთვის“ (39 ქულა); ისტორიულ-არქიტექტორული მემკვიდრეობის გრძელვადიანი დაცვის შენარჩუნების მექანიზმების მეთოდოლოგიის შემუშავება კლიმატის ცვლილების პირობებში“ (თსუ-სთან პარტნიორობით, 42 ქულა); „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოსისტემების და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურებისა და სტიქიური მოვლენების რისკების მინიმიზაცია ნიადაგის დეგრადაციის შემცირების მიზნით“ (42 ქულა); „ვირუსული ნაწილაკების ოპტიკური სპექტრების განსაზღვრის ეფექტური მეთოდის შემუშავება“ (42 ქულა); „მაგნიტური ნანონაწილაკების შემცველი მულტიფუნქციური ბიოთავსებადი პოლიმერული ნანოკომპოზიტური ბოჭკოების ელექტროსპინინგით მიღება და კვლევა“ (41 ქულა).
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...