სტუ-ში ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი შეხვედრებს მართავს

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში, ვიზიტით მყოფი ოსტრავას (ჩეხეთი) ტექნიკური უნივერსიტეტის (VŠB – Technical University of Ostrava) ინჟინერიის ფაკულტეტის   დეკანი, პროფესორი ჯირი პოკორნი, ამავე ფაკულტეტის პროფესორ-ასისტენტი მარეკ სმეტანა და პროფესორი ვერონიკა მეკა, სტუ-ის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მეცნიერების დარგში  ნინა მაისურაძეს და შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ნინო რატიანს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანზორ აფშილავა, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები მარიკა ზვიადაძე და ნინო ჟიჟილაშვილი, ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის   წარმომადგენლებმა ოთხი პრეზენტაცია – „კრიზისების მართვა“, „სახანძრო უსაფრთხოება“, ‘სამოქალაქო თავდაცვა“, „ვირტუალური რეალობა და მოდელირება უსაფრთხოებაში“, წარადგინეს.

სამთო-გეოლოგიური  ფაკულტეტის პროფესორმა ომარ ლანჩავამ განსახილველად წარადგინა პრეზენტაცია თემაზე – ‘’გვირაბის ხანძრის დროს ჩახშობის ეფექტის შესწავლა’’.

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ ნინა მაისურაძის თქმით, ჩეხ კოლეგებთან შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. სტუმრებმა კოლეგები ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიწვიეს.

ვიზიტის ფარგლებში, ჩეხმა სტუმრებმა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო ლაბორატორიები და მუზეუმები დაათვალიერეს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს და ტექნიკურ უნივერსიტეტებთან,  ჩეხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტთან, ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტსა და ბრნოს მენდელის უნივერსიტეტთან.

სტუ-ში შუალედური გამოცდები იწყება

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

სტუ- ში შუალედური გამოცდები 20 ნოემბრიდან დაიწყება.

გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე – https://elearning.gtu.ge

საგამოცდო ცხრილებში მითითებულია სასწავლო კურსის დასახელება, გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო.

ტესტების ფორმით ჩასაბარებელი საგნების საგამოცდო ნიმუშები განთავსებულია Testing.gtu.ge – ზე.

საგამოცდო და ელექტრონულ სასწავლო რესურსების ცენტრში გამოცდებზე დასასწრებად, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

სტუ-ის სტუდენტებს პროექტის – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, ფარგლებში ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი შეხვდა

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, გრძელდება უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრები კურსდამთავრებულებთან ახალი პროექტის – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“ – ფარგლებში.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტებს, ამავე ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებული,  ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი შეხვდა.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილის განცხადებით, შეხვედრამ, მომავალ ჟურნალისტებსა და არა მხოლოდ მათ შორის, დიდი ინტერესი გამოიწვია. დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს პროექტის მხარდაჭერისთვის, ხოლო სტუდენტური სერვისების ცენტრს წარმატებები უსურვა.

„სტუდენტური სერვისების ცენტრის გუნდი ძალიან ბევრ კარგ პროექტს სთავაზობს ახალგაზრდებს. მიუხედავად იმისა, „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულას“ ფარგლებში ამ ეტაპისთვის მხოლოდ ოთხი შეხვედრა გაიმართა, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ პოპულარულია.  სტუდენტებს უშუალოდ პირველ წყაროდან შეუძლიათ გაიგონ ამა თუ იმ დარგში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც მათ უკვე პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესში ძალიან გამოადგებათ. წარმატებები მინდა ვუსურვო პროექტის ავტორებს და მონაწილეებს“, – განაცხადა დეკანმა.

ჟურნალისტ ეკა სეხნიაშვილის თქმით, მისთვის პატივია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა.

„მე ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმ პერიოდში, როცა რეფორმა დაიწყო და ტექნიკურ მიმართულებების უნივერსიტეტს ჰუმანიტარული დარგები დაემატა. ამ ფაკულტეტის პირველი ნაკადის კურსდამთავრებული ვარ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო პერიოდი, როცა სტუდენტები და პროფესორები ერთად ვაშენებდით ფაკულტეტს, ერთად ვქმნიდით მომავალს. ბატონი თემურ ჯაგოდნიშვილის ინიციატივით და მხარდაჭერით, ჩვენი რეპორტაჟები და სტატიები ერთ-ერთ წამყვან გამოცემაში იბეჭდებოდა. ეს პირველკურსელებისთვის დიდი მოტივაცია იყო. პრაქტიკული და თეორიული განვითარების ყველა შესაძლებლობა გვქონდა და მინდა თამამად განვაცხადო, რომ აქ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბევრმა კარგმა ჟურნალისტმა მიიღო მაღალკვალიფიციური განათლება. სასიხარულოა, რომ დღეს ფაკულტეტი უფრო მეტ შესაძლებლობლებს აძლევს მომავალ ჟურნალისტებს, წარმატებები მინდა ვუსურვო მათ. მადლობა ფაკულტეტს, სტუდენტური სერვისების ცენტრს პროექტისთვის – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, – განაცხადა ეკა სეხნიაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ მადლობა გადაუხადა რექტორს, დავით გურგენიძეს მხარდაჭერისათვის და ეკა სეხნიაშვილს სტუმრობისთვის.

პროექტი – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, რომლის არსი ცალკეული ფაკულტეტების წარმატებული კურსდამთავრებულების სტუდენტებთან შეხვედრაში მდგომარეობს, თოთხმეტივე ფაკულტეტზე განხორციელდება.

 

სტუ-ში სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია-ევროპა-ამერიკა“ გაიმართა

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კავკასია – ევროპა – ამერიკა“ გაიმართა.

სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-კავკასიური თანამშრომლობის ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პროექტის კოორდინატორმა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა,  სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ ფაჟავამ და კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნუგზარ ბარდაველიძემ.

როგორც პროექტის კოორდინატორი, პროფესორი ემზარ ფაჟავა აღნიშნავს, კონფერენციის თემატური მიმართულებები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებია, მიზანი კი  სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებში ევრო-ატლანტიკური კვლევების მხარდაჭერაა. 

„მოხარული ვარ, რომ კონფერენცია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენას – ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გაცემას დაემთხვა. მსურს ყველას მივულოცო ეს დიდი წარმატება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეს სამეცნიერო კონფერენციაც ევროინტეგრაციული კვლევების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა. ხელშეწყობისთვის გულწრფელი მადლობა უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კონფერენციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს. ვიმედოვნებთ, რომ  მსგავსი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, – აცხადებს ემზარ ფაჟავა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის მკვლევრები, დოქტორანტები და მაგისტრანტები მონაწილეობდნენ. საკონფერენციო ნაშრომები გამოქვეყნდება მოხსენებათა კრებულში – „ევროპული კვლევები“, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება პროექტის ვებგვერდზე: http://jeanmonnet.gtu.ge

 
For English Click Here

სტუ-ში, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდა

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის, ასევე, დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის მონაწილეობით, უნივერსიტეტში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ორსექციანი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების პირველ სექციაში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პოლენცოს უნივერსიტეტის პროფესორმა მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკომ საჯარო ლექცია გამართა, ხოლო მეორე სექციაში დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის მიერ კონკურსში –  „Opere di Pasta – 2023“ (მაკარონის ხელნაკეთობები), გამარჯვებულები დააჯილდოვეს. 

სტუ-ში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებები, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, გახსნა სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დევი ხვედელიანმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოში იტალიის საელჩოს უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. როგორც დევი ხვედელიანმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იტალიის წამყვან უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კატანიის, რომის (“Tor Vergata”),  მილანის უნივერსიტეტებთან,  მილანისა და ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტებთან, ფოჯის, ლ’აქუილის უნივერსიტეტებთან,  ხმელთაშუა ზღვის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტთან, უდინეს, პალერმოს, ტუშის, ვენეციისა და  რომის საპიენცის უნივერსიტეტებთან, ასევე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კვლევით ცენტრთან ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში – მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკოს საჯარო ლექცია, რომელიც აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტარდება. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში იტალიის ელჩს მხარდაჭერისთვის, ელჩის მოადგილეს სტუმრობისთვის, პროფესორ მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკოს, სტუმრებს და წარმატებები ვუსურვო აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დევი ხვედელიანმა.

საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილემ, ფაბიოლა ალბანეზემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანს, სტუდენტებსა და დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის პრეზიდენტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა მათ.

სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის  პრეზიდენტის, ნინო ცერცვაძის განცხადებით, წელს იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული, იტალიის მთავრობის ორგანიზებით, მერვედ ტარდება, საქართველოში კი – მეხუთედ.  

„იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამეცნიერო მიმართულებით აღნიშნავს. დანტე ალიგიერის საზოგადოებამ კი ჩაატარა კონკურსი – “Opere di Pasta – 2023“ (მაკარონის ხელნაკეთობები). ჩვენ გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ. თუკი გამოფენაზე შეიძლება ნახატების, ნაძერწის წარმოდგენა, რატომ არა უმი მაკარონის ნაკეთობები?! კონკურსში სხვადასხვა ასაკის 53-მა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. როგორც წესი, გამარჯვებული მხოლოდ პირველი სამი ადგილია, მაგრამ ერთ-ერთმა ნამუშევარმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, დავაწესეთ სპეციალური პრიზი. ასე  რომ, წელს ოთხი გამარჯვებული გვყავს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში იტალიის საელჩოს, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომლის მხარდაჭერით უნივერსიტეტში იტალიური ენის შემსწავლელი პროგრამა ხორციელდება“, – განაცხადა ნინო ცერცვაძემ.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის თქმით, ფაკულტეტი თანამშრომლობის არეალს აფართოებს და პოლენცოს უნივერსიტეტის პროფესორის, მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკოს საჯარო ლექცია ერთ-ერთი პირველი ღონისძიებაა ფაკულტეტისა და იტალიის წამყვანი უნივერსიტეტების მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

სტუ-ის სტუდენტებს სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის პროფესორმა სალექციო კურსი ჩაუტარა

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ფარმაციისა და ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორმა ბურაკ ტუზუნმა წამალთა ტექნოლოგიის შესახებ სალექციო კურსი ჩაუტარა.

თურქი მეცნიერი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში ეწვია.

პროფესორი ბურაკ ტუზუნი Erasmus+ მობილობის კვირეულის ფარგლებში, შეხვდა სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ ლიანა თარგამაძეს, ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალს, რომელთაც პრეზენტაციის სახით, სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი წარუდგინა და იქ მიმდინარე პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებები გააცნო.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა თურქ კოლეგას უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის  კვლევითი მიმართულებები რამდენიმე მოხსენებით გააცნეს.

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ ლიანა თარგამაძის განცხადებით, სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთობლივი საგანმანათლებლო- სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს პროფესორმა ბურაკ ტუზუნმა წამალთა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ საინტერესო და ინფორმატიული სალექციო კურსი ჩაუტარა. თურქ გარდა ამისა, თურქ კოლეგასთან რამდენიმე შეხვედრა შედგა. განვიხილეთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხები, დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება და სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლით პროგრამებში უფრო აქტიურად ჩართვა. ასევე, ვისაუბრეთ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნების შესაძლებლობის შესახებ“, – აღნიშნავს ლიანა თარგამაძე.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ფარმაციისა და ქიმიის პროგრამების მაგისტრანტები და ბაკალავრები სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის პროფესორის 3-დღიან სალექციო კურსზე გაეცნენ პროფესიულ ინფორმაციას წამალთა ტექნოლოგიებში უახლესი მიღწევების, თანამედროვე მიდგომებისა და მოთხოვნების შესახებ, ასევე, ტექნოლოგიური პროცესების იმ თავისებურებებს, რომლებიც ბიოლოგიური ღირებულების მქონე მზა პროდუქტის – წამლის წარმოებასთან, ასევე, თანამედროვე მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის მუშაობის პრინციპებთან არის დაკავშირებული.

სტუ-ის სტუდენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საინჟინრო განყოფილების უფროსი შეხვდა

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, გრძელდება უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრები კურსდამთავრებულებთან ახალი პროექტის – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“ – ფარგლებში.

სამშენებლო ფაკულტეტზე, ამავე ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებული, თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საინჟინრო განყოფილების უფროსი ირაკლი სალაძე, სტუდენტებს შეხვდა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლა იმ პერიოდში მომიწია, როცა საქართველო და შესაბამისად, უნივერსიტეტი გადარჩენისთვის იბრძოდა. ეს იყო ურთულესი დრო, თუმცა, თითოეული სტუდენტი და პედაგოგი, ვცდილობდით, მოცემულობის მიუხედავად, სწავლა-სწავლების პროცესი არ ჩაგვეგდო და საინტერესო გაგვეხადა. გავიდა წლები და დღეს სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლა პრესტიჟული, საინტერესო და რაც მთავარია ევროპული სტანდარტების შესაბამისია. დღეს სტუდენტს მრავალი შესაძლებლობა აქვს თავისი ცოდნა გააფართოოს, ჩაერთოს პროექტებში, რის შესაძლებლობასაც იძლევა უნივერსიტეტი. ბედნიერი ვარ, რომ ვსწავლობდი აქ და სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის პრესტიჟი ძალიან გაზრდილია. მადლობა ჩემს პედაგოგებს, უნივერსიტეტს და იმ სტუდენტებს, რომელთაც დღეს კიდევ ერთხელ დამაბრუნეს მშობლიურ სივრცეში“, – განაცხადა ირაკლი სალარიძემ.

შეხვედრის დასასრულს, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ მადლობა გადაუხადა რექტორს, დავით გურგენიძეს მხარდაჭერისათვის და ირაკლი სალაძეს სტუმრობისთვის.

პროექტი – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, რომლის არსი ცალკეული ფაკულტეტების წარმატებული კურსდამთავრებულების სტუდენტებთან შეხვედრაში მდგომარეობს, თოთხმეტივე ფაკულტეტზე განხორციელდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „მთავარი არხის“ სიუჟეტს ეხმიანება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში – „მთავარი შაბათს“ გასულ სიუჟეტს ეხმიანება.

ჟურნალისტების მხრიდან ადგილი ჰქონდა უსუსურ მცდელობას, საზოგადოების სამსჯავროზე უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა გამოეტანათ და საზოგადოების აგრესია იმ დოქტორანტებისკენ მიემართათ, ვინც აღნიშნულ პროგრამაზე სწავლასა და კვლევებს აგრძელებს, შედეგად კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დისკრედიტაცია მოეხდინათ.

„ჟურნალისტების – გადაცემა „მთავარი შაბათს“  წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის მცდელობამ – პირდაპირი თუ ირიბი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, უსუსური და ცილისმწამებლური ბრალდებებით, ობიექტურობას ამოფარებული დეზინფორმაციული ხრიკებით შეელახათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელი, გამიზნულად მოეხდინათ კონკრეტულ სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესის დისკრედიტაცია – რბილად რომ ვთქვათ, მოულოდნელი კომიკური ელფერი შესძინა სიუჟეტს, რაც საზოგადოების ობიექტურად განწყობილ და ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილში სიუჟეტის ავტორების მიმართ მხოლოდ ირონიას თუ აღძრავს.

ღიმილს იწვევს გამოცდილი ჟურნალისტების ბრალდება და შეფარული აქცენტები თუნდაც იმის შესახებ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და პროგრამაზე ჩაბარების მსურველები მრავლად არიან, რაც ობიექტურად, აღნიშნული სადოქტორო პროგრამის დიდი წარმატებაა. სიუჟეტი გადატვირთულია მსგავსად კომიკური და ყურით მოთრეული არაერთი ბრალდებით, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, იმ დოქტორანტების მიმართ, რომლებიც საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობენ, რაც უნებურად, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თითქმის 9-წუთიანი სიუჟეტი მხოლოდ საეთერო სივრცის შევსების მიზნით მომზადდა, რადგან გადაცემა სერიოზული თემების ნაკლებობას განიცდიდა.

რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პლურალიზმის პრინციპების გათვალისწინებით, მისი კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი მოქალაქისთვის, ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის – განურჩევლად ეროვნებისა, მრწამსისა ან პარტიული მიკუთვნებისა – ვისაც სურს ცოდნა გაიღრმაოს, პრაქტიკული უნარები განივითაროს, პროფესიონალად ჩამოყალიბდეს და მეცნიერებას ეზიაროს.

გარდა
ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპების
სრული დაცვით, მზად არის, დაინტერესებული მედიასაშუალებები, წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე,
საუნივერსიტეტო სივრცეში სადოქტორო პროგრამებზე მისაღებ გამოცდებს დაასწროს, ასევე,
საგამოცდო კომისიების მუშაობის მონიტორინგის შესაძლებლობა მისცეს“, – აღნიშნულია საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.

სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას გიორგი ნიკოლაძის არითმომეტრის ზუსტი ასლი გადასცა

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველსა და მეცნიერებათა აკადემიას გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონების – “პირდაპირი გამრავლებისა და გაყოფის ელექტრული არითმომეტრის” რეკონსტრუირებული მოწყობილობა გადასცა.

გიორგი ნიკოლაძის არითმომეტრის ზუსტი ასლი სტუ-ის რექტორმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს აკადემიაში მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, ნიკოლაძისეული არითმომეტრი, რომელმაც ფაქტობრივად, საქართველოში, ინფორმატიკასა და გამოთვლით ტექნიკას დაუდო სათავე, რეკონსტრუირებულ იქნა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ, პროფესორ ლევან იმნაიშვილის ხელმძღვანელობით.

როგორც რექტორმა აღნიშნა, „პირდაპირი გამრავლებისა და გაყოფის ელექტრული არითმომეტრის“ ნიკოლაძისეული მოდელი გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიკარგა, რეკონსტრუირებული საანგარიშოს უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მისი ზუსტი ასლი პარიზში დაცული აღწერილობის მიხედვით შექმნეს.

რექტორის განცხადებით, გიორგი ნიკოლაძის გამოგონების აღდგენამ, სათანადო, დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებამ, რაც განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაძლებელია შეცვალოს ქართული კომპიუტერული ინჟინერიის ისტორია.

„მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პატივი გვაქვს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და მის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს გადავცეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შექმნილი გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონების – არითმომეტრის ზუსტი ასლი. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელი გადასახადიდან, გიორგი ნიკოლაძის არითმომეტრი იმ დროისათვის გარღვევა იყო გამოთვლით ტექნიკაში, რამდენადაც იყო პირველი ელექტრული მოწყობილობა, რომელიც პირდაპირი გამრავლებისა და გაყოფის ოპერაციებს ასრულებდა. პირდაპირი გამრავლების იდეა კი დღესაც ერთ-ერთი აქტუალური საკითხია”, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ქართველი მეცნიერები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები, საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

კომუნიკაციების კომისიის ეგიდით, მედიაწიგნიერების კონკურსი – „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ჩატარდება

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

სტუდენტებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისია უკვე მეათედ ატარებს მედიაწიგნიერების კონკურსს – „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელშიც მონაწილეობა ბაკალავრიატის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

კომუნიკაციების კომისია, რომელსაც 2018  წლიდან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, მედიაწიგნიერების განვითარების ფუნქცია ეკისრება, კონკურსის ჩატარებით მიზნად ისახავს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას სკოლის მოსწავლეებში, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალში.

კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში გავრცელებული აქამდე დაუდასტურებელი ყალბი ინფორმაცია და შემოქმედებითი გზით წარმოადგინონ ამბის აღმოჩენისა და გადამოწმების მეთოდები, გამოყენებული წყაროები და რეალური ფაქტები.

ნამუშევრების წარდგენა სტუდენტებს მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს კი კომუნიკაციების კომისია ულტრათანამედროვე პრიზებით დააჯილდოებს. გარდა ამისა, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გაუზიარონ.

გარდა ამისა, 13 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრას, რათა მათ კონკურსში მონაწილეობის პირობები და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად გააცნონ.

საინფორმაციო შეხვედრის ჩატარების თარიღი და დრო დაინტერესებულ სტუდენტებს წინასწარ ეცნობებათ.

 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?