სტუ-ში, თვითმფრინავ „მერკურის“ ბაზაზე, საავიაციო ინჟინერიის სასწავლო-პრაქტიკული ლაბორატორია მოეწყობა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, თავდაცვის ძალების კუთვნილი საავიაციო ტექნიკა – 4-ადგილიანი თვითმფრინავი „მერკური“ გადასცა.

4-ადგილიანი თვითმფრინავი „მერკური“ 2000-იანი წლების დასაწყისში ქუთაისის საავიაციო-ტექნიკურ ქარხანა „ავიატონში“ ქართველმა ავიაკონსტრუქტორებმა და ინჟინრებმა ააწყვეს. თვითმფრინავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი სასწავლო მიზნებისთვის, კერძოდ კი, საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის განვითარებისა და სტუდენტთა პრაქტიკული სწავლებისთვის გამოიყენებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გუგენიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული თვითმფრინავის ბაზაზე, საუნივერსიტეტო სივრცეში, უახლოეს მომავალში საავიაციო ინჟინერიის სასწავლო-პრაქტიკული ლაბორატორია მოეწყობა.  

„ეს კიდევ ერთი ისტორიული დღეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ძალისხმევითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვრის უშუალო ჩართულობით, გადმოგვეცა ქართული წარმოების მცირე ზომის, 4-ადგილიანი თვითმფრინავი „მერკური“, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებს. ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი ტრადიციები აქვს თვითმფრინავმშენებლობის მიმართულებით, ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ 31-ე ქარხანა, იგივე „თბილავიამშენი“, სადაც  ცნობილი ავიაკონსტრუქტორები და ავიაინჟინრები მუშაობენ. ბედნიერი ვარ, რადგან ვხედავ გახარებულ სტუდენტებს, ჩვენი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საავიაციო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ რამინ ზუკაკიშვილს, რომელმაც მთელი ცხოვრება თვითმფრინავმშენებლობას შეალია, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. თვითმფრინავი, რომელიც ჩვენმა კურსდამთავრებულმა ინჟინრებმა ააწყვეს, საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნდა. მის ბაზაზე  დაფუძნდება სასწავლო-პრაქტიკული ლაბორატორია, სადაც ახლად აკრედიტებული საავიაციო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები სპეციალურ სწავლებებს მიმდინარე სასწავლო წლიდან გაივლიან. მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საგანმანათლებლო მიზნებისთვის გადაეცემა სხვა საავიაციო ტექნიკაც, რომელიც, ასევე, გახდება უნივერსიტეტის საავიაციო ლაბორატორიის შემადგენელი ნაწილი. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, იგეგმება საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის შეტანა პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამათა ნუსხაში, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაზე სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ეს კი საშუალებას მოგვცემს, თვითმფრინავმშენებლობის დარგის განვითარების მიზნით, დაინტერესებული ნიჭიერი ახალგაზრდები მოვიზიდოთ და პროფესიონალ ავიაკონსტრუქტორთა და ავიაინჟინერთა ახალი თაობები აღვზარდოთ“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

4-ადგილიანი თვითმფრინავი „მერკური“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის შიდა ღია სივრცეში განთავსდა, საავიაციო ლაბორატორიის მოწყობის სამუშაოების განხორციელებას კი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიმდინარე წელსვე დაიწყებს.

საქართველოს და მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტების რექტორებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფ მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ვიორელ ბოსტანს შეხვდა.

რექტორებმა ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილეს. როგორც დავით გურგენიძემ და ვიორელ ბოსტანმა აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მოლდოვის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის კოლაბორაცია ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას გააღრმავებს და მხარეებს მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს.

დავით გურგენიძემ და ვიორელ ბოსტანმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მოლდოვის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმს მოაწერეს ხელი.

სტუ-ის რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით, ლიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მისი მეცნიერები კი ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს ახორციელებენ და აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებსა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი საინჟინრო სკოლაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჩვენი საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები აქტიურად თანამშრომლობენ ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის, მოლდოველ კოლეგებთან. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც გააღრმავებს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას, როგორც კვლევით, ასევე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ორი ქვეყნის ტექნიკური უნივერსიტეტების მეცნიერები, მკვლევრები და სტუდენტები ინოვაციების ერთობლივად დანერგვაზე ვიმუშავებთ, მითუმეტეს, რომ სტუ-ს გააჩნია ევროპული სტანდარტის შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ვიორელ ბოსტანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს გულთბილი შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, როგორც ორ უნივერსიტეტს, ასევე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გაცილებით მრავალმხრივს გახდის.

„მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტი არის მოლდოვის რესპუბლიკის ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო უმაღლესი დაწესებულება, რომელიც საერთაშორისო რეიტინგით პირველ ადგილს იკავებს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი უნივერსიტეტი არ არის ისეთი დიდი, როგორიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თუმცა, აქვს დიდი მიღწევები, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირებას თქვენთან პარტნიორობის ფარგლებში შევძლებთ. ვისარგებლებ შემთხვევით და გეპატიჟებით მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქში, ჩვენს უნივერსიტეტში. გვჯერა, რომ თანამშრომლობა დაგვეხმარება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში და ორმხრივად სარგებლიანი იქნება, როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ასევე, სტუდენტებისთვის. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება სტუდენტური სტაჟირება, ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამები, სასწავლო ვიზიტები, ტრენინგები. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას გულისხმიერებისა და გვერდში დგომისთვის“, – განაცხადა მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

შეხვედრის დასასრულს, მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ვიორელ ბოსტანმა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერა.

 

სტუ-ის დოქტორანტებმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დოქტორანტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის დოქტორანტთა კვლევითი გრანტების კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის დოქტორანტთა კვლევითი გრანტების კონკურსის გამარჯვებულები სტუ-ის მასალათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი სალომე გვაზავა და ქიმიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი თამარ ჯიბლაძე გახდნენ.

როგორც სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე აღნიშნავს, საგრანტო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტების მიერ მოპოვებული გამარჯვებით იზრდება არა მხოლოდ უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირების შესაძლებლობები, არამედ, იმ სამეცნიერო კვლევების ხარისხი, რომელიც სტუ-ში ხორციელდება.  

„სასიხარულოა, რომ ფაკულტეტის ორივე დოქტორანტმა რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსში მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო პროექტები წარადგინეს და გამარჯვება მოიპოვეს. ეს არის, როგორც ჩვენი ახალგაზრდების, ასევე, ჩვენი უნივერსიტეტის და მისი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მეცნიერთა წარმატება. მასალათმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტმა სალომე გვაზავამ, პროფესორ ნუგზარ ხიდაშელის ხელმძღვანელობით, წარადგინა საკონკურსო პროექტი – „კრიოგენური და თერმული დამუშავების კომბინირებული ზეგავლენა თუჯებში მაღალფუნქციური მულტიფაზური ბეინიტურ-მარტენსიტული სტრუქტურების ფორმირებაზე“, ხოლო ქიმიის პროგრამის დოქტორანტმა თამარ ჯიბლაძემ საკონკურსოდ წარადგინა აკადემიკოს რამაზ ქაცარავასა და ასოცირებული პროფესორის, თამარ ფალავანდიშვილის ხელმძღვანელობით შესრულებული პროექტი – „ეკომეგობრული ბიოდეგრადირებადი ფსევდოპროტეინების გამოყენება აგროპროდუქტების შენახვისთვის“. კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ყოველმხრივ უწყობს ხელს, აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში, რაც უნივერსიტეტში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ხარისხის ამაღლების, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მათი სრულფასოვნად ინტეგრირების აუცილებელი პირობაა. თავის მხრივ, ეს პროცესები ხელს უწყობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევისთვის სათანადო პირობების შექმნასა და სადოქტორო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ვულოცავთ ჩვენს დოქტორანტებს და კიდევ არაერთ წარმატებას ვუსურვებთ მათ“, – განაცხადა ლიანა თარგამაძემ.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

01.11.2023

„არემჯი ჯგუფმა“ სტუ-ის სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამის კონკურსი გამოაცხადა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

„არემჯი ჯგუფმა“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსი გამოაცხადა. პროექტის მიზანია ორიენტირებული, მოტივირებული საინჟინრო მიმართულებების სტუდენტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.

„არემჯი ჯგუფის“ სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების, მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის ბაკალავრებს, ასევე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, „არემჯი ჯგუფს“ სტუ-სთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს, კორპორაცია არის ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებელი, სადაც სტუდენტები გადიან სტაჟირებას.

„არემჯი ჯგუფთან“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ექვსწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ამ პერიოდში ერთ წლიანი სტიპენდია 80-მა სტუდენტმა მოიპოვა. პროექტი 2018 წელს სამთო-გეოლოგიურ დარგში წარმატებული და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით დაიწყო, დღეს კი კონკურსში მონაწილეობა ხუთი ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა შესაძლებელი. ექვსი წლის მანძილზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „არემჯის“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც სტუდენტების განვითარებაზე და მათ მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. მინდა, მადლობა გადავუხადო კორპორაციას თანამშრომლობისთვის და წარმატებები ვუსურვო სტუდენტებს“, – აცხადებს სტუ-ის რექტორი.

ინფორმაციისთვის – კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს და აპლიკანტებს დოკუმენტაციის (პირადი რეზიუმე; აკადემიური მოსწრების ბარათი; სამოტივაციო წერილი) გაგზავნა 13 ნოემბრამდე შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: scholarship@richmetalsgroup.com .

 

სტუ-ში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან და ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატთან სამუშაო შეხვედრა შედგა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი და სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს ბერგლიოტ ჰოვლანდს, ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) ხელმძღვანელს კჟეტილ ლუნდს და პერსონალურ ასისტენტს ანა ჰაალანდ აანოს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სტუ-ის და ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების საკითხები განიხილეს.

ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს ოთხი სამაგისტრო სტიპენდია შესთავაზა. ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში აქცენტი ორ ქართულ სახელმწიფო უნივერსიტეტზე გაკეთდა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც სამშენებლო, ასევე, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა – ბაკალავრებმა და მაგისტრებმა NTNU-ის ჰიდროენერგეტიკის განვითარების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და ნორვეგიის ცნობილ უნივერსიტეტში მეცნიერების მაგისტრის ხარისხის მოპოვების შესაძლებლობით ისარგებლეს.

„ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) ხელმძღვანელ კჟეტილ ლუნდსთან და მის პერსონალურ ასისტენტ ანა ჰაალანდ აანოსთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა ნორვეგიის ელჩი საქართველოში, მხარეებმა ვიმსჯელეთ ურთიერთთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ. სტუმრები უნივერსიტეტს ეწვივნენ, როგორც IN-program პროგრამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორს საქართველოში, რაც, შესაბამისად, გულისხმობს, რომ სტუ-ის სტუდენტებს აქვთ დიდი პოტენციალი, ამდენად, ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელება ეჭვს არ იწვევს, პირიქით, ნორვეგიის მხარე დაინტერესებულია თანამშრომლობით“, – აღნიშნავს ლენა შატაკიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებისა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატთან სტუ-ის თანამშრომლობის შეჯამებისას აცხადებს, რომ პროექტი, რომლითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებმა ისარგებლეს, წარმატებული იყო.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი ლიდერია სტუდენტთა უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში მობილობის კუთხით. ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულების პროექტში ჩართვა, რაც წარმატებით განხორციელდა. ჩვენი კურსდამთავრებულების ჩართულობა ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამაში, მიუთითებს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაძლებელია ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლების მიღება. მინდა, მადლობა გადავუხადო ნორვეგიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატს და დავადასტურო სტუ-ის მზაობა ურთიერთთანამშრომლობის გასაგრძელებლად“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

 

სტუ-სა და კურორტების განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი, პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სამეცნიერო კვლევების გააქტიურებას გეგმავს.

დოკუმენტს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განაცხადებით, მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, კურორტებისა და საკურორტო პოტენციალის შესახებ სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ერთობლივ სამეცნიერო ღონისძიებების გამართვას, ასევე, საკურორტო ადგილებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას გულისხმობს.

„ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ჩვენს უნივერსიტეტსა და კურორტების სააგენტოს შორის მყარი პარტნიორობის გარანტი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად ვიზრუნოთ ახალგაზრდა, კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობა საუნივერსიტეტო სივრცეში ახლად შექმნილ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტსა და კურორტების სააგენტოს შორის, რაც სამეცნიერო ღონისძიების ერთობლივად გამართვის შესაძლებლობას, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას და ერთგვარი კვლევითი პლატფორმის შექმნას გულისხმობს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

როგორც კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა აღნიშნა, სააგენტო იზიარებს მულტიდისციპლინური კვლევების მნიშვნელობას გამაჯანსაღებელ ტურიზმში. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულება პრიორიტეტულია და პასუხობს იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომელთა სწორ მართვასაც ტურიზმის სექტორი მდგრად განვითარებამდე მიჰყავს.

„ვიზიარებთ მულტიდისციპლინური კვლევების მნიშვნელობას, როგორც ჯანმრთელობის, ასევე, გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებაში, რასაც შეუძლია ახალი სიცოცხლე მისცეს ჩვენი ქვეყნის კურორტებს. აკადემიურ წრეებთან პარტნიორობით, თავს მოვუყრით სამეცნიერო ინფორმაციას, რაც დარგის ეფექტური განვითარების წინაპირობა გახდება. ჩვენი ინიციატივაა, რომ  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივად გავუწიოთ ორგანიზება და ტრადიციული ხასიათი შევძინოთ სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების ჩატარებას, ბუნებრივი რესურსების ეფექტურ მართვაში სამეცნიერო წრეების ჩართულობას, ვიზრუნოთ ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადებაზე და ამით ხელი შევუწყოთ საქართველოს კურორტების მდგრად განვითარებას”, – აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები“ – ფარგლებში. კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების, მთის მდგრადი განვითარების და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების, გრიგოლ რობაქიძისა და პორტუგალიის ტექნიკური უნივერსიტეტების, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის დაარსებიდან 40 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, კურსდამთავრებულები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, გახსნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, მოწვეულ სტუმრებს და აღნიშნა, რომ საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების ისტორია 1983 წლიდან იწყება, როდესაც, პროფესორი ოთარ ხომერიკის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების კათედრა. Ბატონი ოთარის დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელა პროფესორმა რაულ კუპრავამ და, შედეგად, უკვე 40 წელია, ყოველწლიურად,  საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულების კვალიფიციური კადრებით ივსება. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის  ბაზაზე შეიქმნა სხვადასხვა მიმართულების სამედიცინო აპარატების და სისტემები, როგორიცაა, მაგალითად: კომპიუტერული სამედიცინო ხელსაწყო – “კომპიუტერული პერიმეტრი”; კორონარული ანგიოგრაფიის სასწავლო სისტემა; ვენის აღმომჩენი მობილური ტრანსილუმინატორული მოწყობილობა და სხვა.

„ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა არის პირველი STEM პროგრამა სტუ-ში, რომელმაც „ოქროს სტანდარტი ჩააბარა“ და მიიღო ABET-ის, ამერიკის საინჟინრო და ტექნოლოგიური სააკრედიტაციო კომისიის აკრედიტაცია. ABET აკრედიტაცია ეს არის ხარისხის საერთაშორისო ნიშანი, რომელიც არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამის, არამედ მისი განმახორციელებელი ინსტიტუციის მაღალ დონეს ადასტურებს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ ის, რომ ამ პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი დავით გურგენიძის დამსახურებაა. Იმ კოლოსალური შრომის სულისჩამდგმელი და მთავარი ინსპირატორი, რომელიც ჩატარდა, სწორედ ბატონი დავითი იყო. მისი მუდმივი ინტერესი სამუშაო პროცესის მიმართ, მხარდაჭერა პროგრამის მომზადების ყველა ეტაპზე – ყველაზე უმნიშვნელო დეტალიდან, განსაკუთრებული ღირებულების მქონე გადაწყვეტილებამდე – იყო უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის წარმატების ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი. მისი ჩვეული ოპტიმიზმით, ბატონ დავითს არც ერთი წუთით არ შეჰპარვია ეჭვი იმაში რომ ჩვენ შევძლებდით ამ დიდი გამოწვევის წარმატებით დაძლევას. მისი რწმენა ჩვენს შესაძლებლობებში იყო ჩვენი მთავარი მოტივაცია ამ ურთულეს გზაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ასწლოვან ისტორიას ითვლის, გავა კიდევ მრავალი 100 წელი და ყველა თაობა სიამაყით განაცხადებს –  2023 წელს ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ – „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო სრული აკრედიტაცია მოიპოვა. მადლობა ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს ასეთი თავდადებისთვის“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში პროფესორმა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირინე გოცირიძემ მადლობა გადაუხადა რექტორს, აკადემიურ პერსონალს, ფაკულტეტს, სტუდენტებს მხარდაჭერისთვის.

„პირველ რიგში, მადლობა რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს, კანცლერს, ბატონ კარლო კოპალიანს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თითოეულ წევრს, ფაკულტეტის დეკანსა და ადმინისტრაციას, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს – თქვენ რომ არა, დღეს ვერ ვიამაყებდით ამერიკის საინჟინრო სააკრედიტაციო კომისიის სრული და უპირობო ABET აკრედიტაციით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანს ჰალილ გიუვენს და მის შესანიშნავ გუნდს. MCC-საქართველოს, რომლის ფინანსური ხელშეწყობითაც ხორციელდება პროგრამების კონსულტირება. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ჯო ტერნერს, რომლის მხარდაჭერაც შეუფასებელი იყო აკრედიტაციის მიღების მთელს პროცესში.  ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამას „ისწავლე საქართველოში“ ABET აკრედიტაციის პროცესის ფინანსური მხარდაჭერისთვის. ყველას დიდი მადლობა სიყვარულისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ირინე გოცირიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ფაკულტეტის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და კურსდამთავრებულებს ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის დაარსებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ დეპარტამენტმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  მაღალი საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტის იდეის გამარჯვებას.

„მადლობას გიხდით ყველას ერთად დგომისთვის, მხარდაჭერისთვის, დაუღალავი შრომისთვის – ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! მწამს, რომ ის პიროვნული თვისებები და ღირებულებები, რომელიც თითოეულ თქვენგანს აქვს, წარმატების გზებზე გვატარებს. დღევანდელი დღე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კალენდარში საერთაშორისო საგანმანათლებლო მაღალი სტანდარტის გამარჯვების ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღე, ეს არის იდეის გამარჯვების ზეიმი. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს! დღეს არ შემიძლია არ გავიხსენო დარგის დამფუძნებელი მამები, ქვეყნის პატრიოტები ოთარ ხომერიკი და რაულ კუპრავა. სწორედ Ბატონი ოთარი იყო ის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს სჭირდება ახალი დარგი – ბიოსამედიცინო ინჟინერია და, წინააღმდეგობის მიუხედავად, უზარმაზარი შრომის შედეგად დაფუძნდა კათედრა, რომელიც უკვე 40 წლის მანძილზე, ამ გადაწყვეტილების სისწორეს ამტკიცებს. 40 წელია ბიოსამედიცინო ინჟინერიის კურსდამთავრებულების დიდი კოჰორტა დგას ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმის ავანგარდში, ეს არის მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, ამ დარგში უმაღლესი დონის ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვა. აქ არიან ღვაწლმოსილი პედაგოგები, ჩვენი კურსდამთავრებულები, საქართველოში უდიდესი სამედიცინო ტექნოლოგიური ცენტრების დამფუძნებლები, ჩვენი მუდმივი პარტნიორები, და, რაც მთავარია, ჩვენი სტუდენტები – მთავარი ძალა განუწყვეტელი წინსვლისთვის. ეს არის ერთიანობის სულისკვეთების გამოხატულება – ბიოსამედიცინო ინჟინერიის დიდი ოჯახი. წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის სტუდენტების პროექტების გამოფენა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცესკო-ს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა პროექტის – „არჩევნების მოდერნიზება – მოემზადე არჩევნებისთვის, გაიგე როგორ მუშაობს ელექტრონული აპარატები“- ფარგლებში, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნატო ქათამაძემ გახსნა. როგორც  მან აღნიშნა, მსოფლიოს ციფრულ ტრანსფორმაციასთან ერთად, საარჩევნო პროცესში, არაერთმა სახელმწიფომ ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრა აღიქმება, როგორც დემოკრატიის განვითარების, საარჩევნო პროცესისადმი ნდობის განმტკიცების, არჩევნების შედეგების სამართლიანი ასახვის, კონფიდენციალურობის დაცვისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრების გამართვა. ცესკო-სთან კომუნიკაციით გადავწყვიტეთ, რომ მასშტაბური კამპანია, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაგვეტარებინა. 2024 წელს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ამდენად, სტუდენტებმა, რომელთა ნაწილი 2024 წელს პირველად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღონ. მადლობას მოვახსენებ ცესკოს წარმომადგენლებს საინტერესო შეხვედრისთვის“, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

დამსწრე საზოგადოებას 2024 წელს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ცესკო-ს წარმომადგენელმა, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორმა, გიორგი ზირაქაშვილმა გააცნო.

უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების ფარგლებში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით  საარჩევნო პროცესის იმიტაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მიიღეს.

სტუ-ის სტუდენტებს უცხოელმა პროფესორებმა სალექციო კურსები ჩაუტარეს

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაზის უნივერსიტეტის (ანკარა, თურქეთი) პროფესორმა ჰაკან ატეშმა და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ზაბრჟე, პოლონეთი) ასისტენტ-პროფესორმა იოლანტა ბარანმა სალექციო კურსები ჩაატარეს.

უცხოელი მეცნიერები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში ეწვივნენ.

პროფესორები ჰაკან ატეში და იოლანტა ბარანი, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში, ასევე შეხვდნენ სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ ლიანა თარგამაძეს, ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალს, რომელთაც თავიანთი უნივერსიტეტები წარუდგინეს და პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებები გააცნეს. სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კვლევითი მიმართულებების შესახებ მოხსენება ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ ლოლაძემ გააკეთა.

როგორც ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორ ლიანა თარგამაძემ აღნიშნა, სილეზიის ტექნოლოგიური და გაზის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთობლივი საგანმანათლებლო- სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

„ვიმსჯელეთ აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობაზე, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო პროექტების განხორციელებაზე, ასევე, ვისაუბრეთ სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობის პროცესის გააქტიურებისა და უცხოელ კოლეგებთან პარტნიორობით, კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე. ვფიქრობთ, სამივე უნივერსიტეტისთვის ყველა ეს კომპონენტი, სასწავლო პროცესის მდგრადობის მხრივ, უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს  ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე.

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს გაზის და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების პროფესორებმა, ჰაკან ატეშმა და იოლანტა ბარანმა 5-დღიანი სალექციო კურსები მასალათმცოდნეობისა და გარემოსდაცვითი ინჟინერიის მიმართულებით ჩაუტარეს.

სტუ-ის „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მზის ელექტროსადგურის მშენებლობა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა დაათვალიერა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის – სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  საქართველოში მატუშ ბუშოვსკიმ დაათვალიერა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ვახტანგ გვიშიანი, პროფესორები – გიორგი გიგინეიშვილი და ევტიხი მაჭავარიანი. ასევე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი ზუზანა პალოშოვა,  SlovakAid-ის  ფინანსური მენეჯერები საბინა ბურეშოვა და ანა-მარია ბენკოვა, სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ჯუმა ჰაიდარი, ELVOSOLAR-ის გაყიდვების დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი რადოვან ანჩიჩი.

საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, სლოვაკეთის მთავრობის გრანტით სტუ-ის სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარეობს  20 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა და ასევე, არაპირდაპირი გათბობის ციკლით და კონტროლის სისტემით, 1000 ლიტრი ცხელი წყლის ტევადობით, თერმული მზის სისტემის  მონტაჟი.

„21-ე საუკუნეში შეუძლებელია პროგრესი არსებობდეს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღების გარეშე. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ თანამედროვე თბური და ფოტოელექტრული სადგურები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საიმედოობით, უახლეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით და გრძელვადიანი ექსპლუატაციის ვადით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოწვევებს სათანადოდ პასუხობს და ამის ერთ-ერთი დასტურია „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობა, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოებს ახორციელებს  Viessmann-ის ფირმა, რომელიც  გათბობის/გაგრილების სისტემების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. პროექტის ფარგლებში „ანალიზხელსაწყოში“ მოეწყობა ლაბორატორია და ტრეინინგცენტრი, სადაც მოწვეული იქნებიან  როგორც ადგილობრივი, ისე სლოვაკეთის წამყვანი სპეციალისტები, რათა მათ მოამზადონ და გადაამზადონ განახლებადი ენერგიის  სფეროში მომუშავე პერსონალი. ასევე, ეს ჩვენი მოკლევადიანი პროფესიული პროგრამების მსენელებისათვის იქნება ახალი შესაძლებლობა, ადგილზე შეისწავლონ და გაეცნონ განახლებად ენერგიებში არსებული  თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი განახლებადი ენერგიების ათვისების გზაზე საქართველოში“, – აცხადებს ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობა 2024 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?