სტუ-ში ადამიანის გონებისა და AI-ს ხედვის დიალოგს უნიკალური ინტელექტუალური სპარინგი მიეძღვნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ქვეყნის სამეცნიერო სივრცეში პირველად, უნიკალური ინტელექტუალური სპარინგი გაიმართა, რომელიც ადამიანის გონებისა და ემოციური ინტუიციის, ასევე, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმული ხედვის დიალოგს მიეძღვნა.
სამეცნიერო სპარინგის თემა იყო მწერალ კახა დევდარიანის ფილოსოფიური ესეების კრებულის – „ღამის მბეჭდავი“, პარალელური ინტერპრეტაციები ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის დიალოგში.
სამეცნიერო ღონისძიება, რომლის ინიციატივა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტსა და მის ხელმძღვანელს, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის ეკუთვნის, ამავე ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტების, ასევე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტების ჩართულობითა და ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ინტელექტუალურ სპარინგში ასევე მონაწილეობდნენ მწერალი კახა დევდარიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეები, სტუდენტები და მოწვეული პირები.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდნენ ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი.
ინტელექტუალურ სპარინგზე ორგანიზატორებმა და სტუდენტებმა, მწერალ კახა დევდარიანის ფილოსოფიური ესეების კრებულის, „ღამის მბეჭდავის“ მიხედვით, წარმოადგინეს ჰიპოთეზა ფილოსოფიური საზრისის შესახებ და აუდიტორიას შესთავაზეს ორი ალტერნატიული ინტერპრეტაცია, რომელთაგან ერთი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ალგორითმული ვერსია იყო, მეორე კი სტუ-ის დოქტორანტის მიერ იყო ფორმულირებული.
სპარინგის მონაწილეებს ინდივიდუალურად მიეცათ საშუალება, ამოეცნოთ და ფარულად, QR კოდის მეშვეობით, დაეფიქსირებინათ მოსაზრება, თუ რომელი ინტერპრეტაცია ეკუთვნოდა ადამიანს და რომელი – ხელოვნურ ინტელექტს, ასევე, შეეფასებინათ, რომელ ინტერპრეტაციაში იყო უფრო ღრმად გააზრებული ავტორისეული ჩანაფიქრი.
ინტელექტუალურ სპარინგზე გამოტანილმა ექსპერიმენტმა აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია, დაფიქსირებული პოზიციების ანალიტიკა კი მოულოდნელი აღმოჩნდა.
როგორც ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ისევე როგორც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, მუშაობს და ატარებს კვლევებს იმ მიმართულებით, თუ რამდენად შესაძლებელია საზოგადოებისთვის სასიკეთოდ წარიმართოს ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება და შემოჭრა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თამარ ლომინაძის თქმით, კონკრეტული ინტელექტუალური სპარინგის მიზანია, საჯაროდ დააკვირდეს, თუ როგორ განიცდის ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ემოციურ განზომილებას, იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს.
„ეს ინტელექტუალური სპარინგის რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით გაიმართა. სამეცნიერო სპარინგის ფორმატის შექმნის ინიციატივა საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტსა და მისი ხელმძღვანელს, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილს ეკუთვნის. ის ფაქტი, რომ სპარინგმა ამდენად დიდი დაინტერესება გამოიწვია, არ არის შემთხვევითი, რადგან ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის დამეგობრება, ჩვენს მოკავშირედ მისი ქცევა. პროცესი ითვალისწინებს მოსაზრებების გაზიარებას იმ ადამიანებს შორის, რომლებისთვისაც ხელოვნური ინტელექტი უკვე ყოველდღიურ ინსტრუმენტად იქცა – ეს ეხება როგორც პედაგოგებს და მკვლევრებს, ისე სტუდენტებს. არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არამედ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიც ატარებენ კვლევებს ამ გლობალური გამოწვევის თაობაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი საზოგადოებისთვის სასიკეთოდ წარიმართოს ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება და შემოჭრა ყოველდღიურ ცხოვრებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, სადაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე დაკვირვებისა და კვლევის პროცესში სამეცნიერო სპარინგის ფორმატი დაინერგა. ამ კონკრეტული ღონისძიების მიზანია დავაკვირდეთ, როგორ განიცდის ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ემოციურ განზომილებას, შეუძლია თუ არა მას იგრძნოს მხატვრულ-ფილოსოფიური ტექსტი, შეუძლია თუ არა კრიტიკული აზროვნება, ცხოვრებისეულ პრობლემებზე დაფიქრება, თუ მხოლოდ ზედაპირულად გარდაქმნის ლიტერატურულ ტექსტებს. ჩვენი მიზანია დავადგინოთ, რა შეიძლება იყოს საერთო ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ნააზრევსა და მიდგომებს შორის და რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ განსჯის შედეგად“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.
პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის თქმით, ინტელექტუალური სპარინგის ფორმატი თანამშრომლობისა და პარალელური ფიქრის სივრცეა, სადაც, ამჯერად, მწერალ კახა დევდარიანის ფილოსოფიური ესეების კრებული – „ღამის მბეჭდავი“ ადამიანისა და OpenAI-ის ერთობლივი ინტერპრეტაციის საგნად იქცა.
„ეს უნიკალური ინტელექტუალური სპარინგია, რომელიც ადამიანის გონებისა და ემოციური ინტუიციის, ასევე, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმული ხედვის დიალოგს მიეძღვნა. სასიხარულოა, რომ ინტელექტუალურ სპარინგში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი სტუდენტები. ეს არ არის შეჯიბრება – ეს არის თანამშრომლობისა და პარალელური ფიქრის სივრცე, სადაც მწერალ კახა დევდარიანის ფილოსოფიური ნაწარმოები ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ინტერპრეტაციის საგნად ვაქციეთ. სპარინგზე წარმოდგენილი იყო ჰიპოთეზა ტექსტის ფილოსოფიური საზრისის შესახებ – „სულიერი წონასწორობის ძიება“. ჩვენი ექსპერიმენტი არ არის უბრალოდ შედარება, არამედ შინაარსის ერთდროული წარმოსახვაა ორ განსხვავებულ სისტემაში – ადამიანსა და ალგორითმში. ეს არის ექსპერიმენტი, რომელშიც მწერლობას დიალოგი აქვს ალგორითმთან, ადამიანის ემოციას – კოდთან, ტრადიციას – ინოვაციასთან“, – განაცხადა მარიამ ცაცანაშვილმა.
ინტელექტუალური სპარინგის ფარგლებში, ორგანიზატორებმა აუდიტორიას ასევე წარუდგინეს ხელოვნური ინტელექტის მიერ მულტიმედიურ ფორმატში გაცოცხლებული „ღამის მბეჭდავი“, სადაც ავტორისეული ტექსტი მუსიკად იყო გარდაქმნილი, სიუჟეტი და ემოცია კი – ფერწერად.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...