სტუ-ში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

14 აპრილს, 15:00 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსის შეხვედრების ოთახში, გაიმართება დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება — „ქართული და აფხაზური ენებით, კულტურებითა და ტრადიციებით მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველოთი ევროპისკენ“  ანუ სტუ „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ დაფუძნების მიზნები, ამოცანები, მნიშვნელობები.

მომხსენებელი: სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრი, სტუ-ის  ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დირექტორი კონსტანტინე ფხაკაძე.

„სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად აუღოს ალღო სამართალმცოდნეობას”

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჩემი ცხოვრების 10 წელზე მეტი მაკავშირებს. ამ პერიოდში მონაწილეობა მივიღე არაერთ პროექტსა და კონფერენციაში. ფაკულტეტის მხარდაჭერითა და რეკომენდაციით, კარიერული განვითარება დავიწყე თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის, წინა სასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, შემდეგ კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლაშა ძაგანიშვილი აცხადებს.

ლაშა ძაგანიშვილმა წარმატებით დაასრულა სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, 2020 წლიდან კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობს.

„დღეის მდგომარეობით, ვფლობ სამ პროფესიას და მათგან, სწორედ სამართალია ის სფერო, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჩემზე. იმისთვის, რომ იაზროვნო სამართლებრივად, მარტივი სულაც არ არის, მაგრამ ბევრი შრომა და საკუთარ თავთან მუშაობა ყველა წარმატებას ეტაპობრივად მოიტანს. ზოგადი განათლებიდან გზა კვალიფიციურ იურისტობამდე ათასი „თავსატეხითაა“ სავსე, შესაბამისად, მხოლოდ დაუღალავი შრომა არაფერს მოგიტანს, თუ არ გეყოლება მაღალი დონის მასწავლებელი, ამიტომ ზუსტად უნდა იცოდე, სად მიიღო ცოდნა, სად დაგხვდება კვალიფიციურ იურისტთა გუნდი, რომლებიც შეეცდებიან გაქციონ მაღალი დონის იურისტად. სად, თუ არა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

სტუდენტი, რომელიც პირველ ნაბიჯს გადადგამს იმ რთული და მეტად მნიშვნელოვანი პროფესიისკენ, რასაც იურისტობა ჰქვია, თავდაპირველად ძალიან გაუჭირდება იმის გაცნობიერება, თუ „სად მოხვდა“, სწორედ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მისცემს შესაძლებლობას მარტივად აუღოს ალღო სამართალმცოდნეობას, წაიღოს უდიდესი ცოდნა და გამოცდილება უნივერსიტეტიდან, ვინაიდან ამ ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობენ მაღალი დონის იურისტები, რომლებიც იკავებენ ან იკავებდნენ საკმაოდ მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორში, მაგალითად: სამივე ინსტანციის მოსამართლეები, პროკურორები, ნოტარიუსები, ადვოკატები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერები.

იმისთვის, რომ იაზროვნო სამართლებრივად, აუცილებელია ბევრი სამეცნიერო ნაშრომის, სასამართლო გადაწყვეტილებისა და სხვადასხვა სტატიების გაცნობა, მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად დაუღალავად მუშაობა. ამ ყველაფერს კი დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით გასცემენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

ეს, ის გარემოა, სადაც არ იკარგება კარგი სტუდენტი, შესაბამისად, ფაკულტეტი აქტიურად ზრუნავს კურსდამთავრებულთა დასაქმებაზეც. ფაკულტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან ყოველთვის მქონდა ხელშეწყობა მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში, გამევლო სტაჟირებები, წამეკითხა საჯარო ლექციები და დავსაქმებულიყავი სასურველ პოზიციაზე. აღსანიშნავია, რომ ჩემ თვალწინ არაერთმა სტუდენტმა დაიკავა მენეჯერული თანამდებობა სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სექტორში და ამავე ფაკულტეტზეც დაიწყეს სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, რაც უპირობოდ ფაკულტეტის დამსახურებაა. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ის უდიდესი სკოლაა, სადაც ყველაფერია იმისათვის, რომ პირველკურსელი სტუდენტი, ოთხ წელიწადში კარგ იურისტად ჩამოყალიბდეს. მადლობა ჩემს ალმა მატერს“, – აცხადებს ლაშა ძაგანიშვილი.

სტუ-ის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუდენტებმა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

Untitled design (28).png

„36 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც საბჭოთა ჯარებმა უკიდურესი სისასტიკით, ძალადობრივად დაშალეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მრავალათასიანი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მშვიდობიანი დემონსტრაცია. იმ ავბედითმა მოვლენებმა ოცდაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი – დაშავდა. დაღუპულთა შორის იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. სწორედ მათმა შეუპოვრობამ და სიმამაცემ ჩაუყარა საფუძველი ისტორიულ გარდატეხას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 

დღეს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას – ჩვენს შვილებს, დებს, ძმებს, მეგობრებს. სამარადჟამოა მათი გმირობა – გმირობა, რომელმაც შეარყია საბჭოთა იმპერია, გამოაფხიზლა ეროვნული თვითშეგნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.

ამ თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ორმაგი დატვირთვა აქვს და, უსაზღვრო სევდასთან ერთად, უსაზღვრო სიხარულით აღსავსე დღეა – თავისუფლებისთვის დაღვრილმა სისხლმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოსცა. საქართველოს კონსტიტუციაში კი ჩაიწერა: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“. 

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცემიდან 34-ე წლისთავს ვულოცავთ მთელ საქართველოს! ჩვენ ერთად ვაგრძელებთ სამართლიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს შენებას. წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს მომავალ თაობას! დიდება 9 აპრილის გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ცნობისათვის, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთაგან ხუთი – ნატო გიორგაძე, გია ქარსელაძე, ნინო თოიძე, აზა ადამია და მანანა მელქაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ.

ევროსტუდენტი 2025

ევროსტუდენტი ტრანსნაციონალური სამეცნიერო კვლევითი პროექტია. მისი მიზანია ევროპის 30-მდე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სივრცეში სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა.

კვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამის მახასიათებლები, ბიუჯეტი და დასაქმება, შემოსავალი და ხარჯები, საცხოვრებელი პირობები და საერთაშორისო მობილობა.

ევროსტუდენტის კვლევის მონაცემების საფუძველზე ქვეყნები უკეთ გეგმავენ ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკას და პროგრამებს.

საქართველო 2014 წლიდან მონაწილეობს კვლევაში. წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები კვლევაში 15 აპრილიდან ელექტრონულად ჩაერთვებიან. კვლევის მე-9 ციკლს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი უძღვება.

2025 წელს კვლევაში მონაწილე სტუდენტების წახალისების მიზნით საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი გათამაშებას გეგმავს. გათამაშების ფარგლებში კვლევის მონაწილეთაგან შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 15 სტუდენტი ტექნიკის 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.

დამატებითი ინფორმაცია ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.

კითხვებით დაუკავშირდით საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: eurostudent@ncer.gov.ge.

„უნივერსიტეტმა მხოლოდ ქიმია კი არ მასწავლა, ჩემი მიზნის უკეთ გაცნობიერებაში დამეხმარა“, – სტუ-ის კურსდამთავრებული

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მხოლოდ ქიმია კი არ მასწავლა, ჩემი მიზნის უკეთ გაცნობიერებაში დამეხმარა. უნივერსიტეტმა მაჩვენა, რომ მაღალკვალიფიციური ცოდნითა და მიზანდასახულობით ჩვენ, მომავალ ინჟინრებს ან მეცნიერებს, შეგვიძლია გავხდეთ ეროვნული წინსვლის არქიტექტორები. მადლიერი ვარ იმ მყარი საფუძვლისთვის, რომელიც უნივერსიტეტმა მომცა და მზად ვარ, ჩემი ცოდნა ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ზრდის სამსახურში ჩავაყენო“, – აცხადებს სტუ-ის კურსდამთავრებული ვახტანგ ცინცაძე. 

ვახტანგ ცინცაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიაში მთავარი ინჟინრის პოზიციაზე მუშაობს. 

როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი თქმით, გარდა სამეცნიერო და ტექნიკური უნარების გაძლიერებისა, უნივერსიტეტმა აქტიური პრაქტიკისა და რეალურ პროექტებში მონაწილეობის მიღების კარგი შესაძლებლობა მისცა, რაც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარა. 

„როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი აკადემიური გზა ორგანული და პეტროქიმიური სინთეზის საბაზისო ტექნოლოგიების სფეროში იყო ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და პრაქტიკულმა უნარებმა, არამარტო პროფესიონალად ჩამომაყალიბა, არამედ ღრმად გამააზრებინა დარგის გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის.

სასწავლო პროცესში გავეცანი ნახშირწყალბადების, კატალიზატორებისა და რეაქციის მექანიზმების კომპლექსურ სამყაროს, რაც პეტროქიმიური პროცესების საფუძველია. ლექციების, ლაბორატორიული სამუშაოებისა და კვლევითი პროექტების მეშვეობით, მივიღე ცოდნა აუცილებელი ორგანული ნაერთების სინთეზში, პოლიმერებიდან და საწვავებიდან დაწყებული, გამხსნელებითა და ფარმაცევტული პროდუქტებით დამთავრებული. პროგრამა რთული იყო და მომცა კრიტიკულად აზროვნების უნარი, რთული ინდუსტრიული პრობლემების გადაჭრისა და მდგრადი ინოვაციების განვითარების მიმართულებით.

რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, იყო ის, თუ რამდენად მჭიდროდაა ეს დარგი დაკავშირებული საქართველოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ წინსვლასთან. პეტროქიმიური სინთეზი მხოლოდ ქიმია არ არის. ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მაღალი ღირებულების ქიმიურ პროდუქტებად გარდაქმნით, შეგვიძლია შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება, წავახალისოთ ადგილობრივი მრეწველობა და შევქმნათ ექსპორტის ახალი შესაძლებლობები. გარდა ამისა, ამ სფეროში ჩემი კომპეტენცია საშუალებას მაძლევს მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო ეკოლოგიურად პასუხისმგებლობიან ინოვაციებში, რაც დღევანდელ რეალობაში სულ უფრო აქტუალური ხდება. მადლობა უნივერსიტეტს“, – აცხადებს ვახტანგ ცინცაძე. 

სტუ-ში რევაზ მიშველაძის დაბადებიდან 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს სახალხო მწერლის, ნოველისტის, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის, რევაზ მიშველაძის დაბადებიდან 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღონისძიება, რომელსაც უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეები, სტუდენტები, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, პოეტები და მწერლები ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რევაზ მიშველაძემ, არაერთი გამორჩეული ნოველის ავტორმა და მრავალი პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატმა, თავისი შემოქმედებაში ქართველი ერის სული და ეროვნული ღირსება ასახა.

რექტორის თქმით, რევაზ მიშველაძე დღემდე აგრძელებს ლიტერატურულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოჩენილი მწერლის – ადამიანის, რომლის წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მაგალითია როგორც მისი, ისე ახალი თაობისთვის – რევაზ მიშველაძის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბატონი რევაზის პირადი ცხოვრება სავსეა დიდი ტკივილითა და გმირული თავგანწირვით. ჩვენ ქედს ვიხრით მისი ერთადერთი შვილის, არჩილ მიშველაძის ხსოვნის წინაშე, რომელიც გმირულად დაეცა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. ეს უმძიმესი ტვირთი, ბატონმა რევაზმა ღირსებით ატარა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის სულიერ ძლიერებას და ქვეყნისთვის თავგანწირვას. დღეს, 85 წლის ასაკშიც, ბატონი რევაზი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ამჯერად, მომავალი თაობის აღზრდით. ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, უდიდესი პატივია, რომ ის ჩვენი პროფესორია. რევაზ მიშველაძე სტუდენტებს უზიარებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ სულიერ სიმდიდრეს, კულტურულ მემკვიდრეობას. 

ძვირფასო ბატონო რევაზ, მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გილოცავთ იუბილეს. მადლობას გიხდით საქმედ ქცეული სიტყვის ძალისა და იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რასაც თქვენ ყოველდღიურად დებთ განათლებისა და ლიტერატურის განვითარებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და მრავალ ბედნიერ წელს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა.

1 (35).png

საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, ხოლო სტუ-ის ქრისტიანული კვლევების ლაბორატორიის წევრმა სტუდენტმა შალვა ხეტიაშვილმა რევაზ მიშველაძისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაიკითხა.

როგორც შალვა ხეტიაშვილმა აღნიშნა, რევაზ მიშველაძე ახალ თაობებს თავისი სალექციო კურსითა და შემოქმედებით ასწავლის, რომ ცოდნა მხოლოდ ფაქტების თავმოყრა არ არის, არამედ ცნობიერების გაღვიძება, რომ ლიტერატურა არა მხოლოდ ხელოვნებაა, არამედ მოწოდება, პასუხისმგებლობა და გზა ეროვნული თვითმყოფადობისკენ.

„უდიდესი პატივით და სითბოთი სავსე ემოციებით ვდგავარ თქვენ წინაშე დღეს, რათა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით, მოგილოცოთ ეს განსაკუთრებული დღე – თქვენი იუბილე. თქვენი სახელი, ბატონო რევაზ, ოქროს ასოებით არის დაწერილი არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის ისტორიაში, არამედ იმ თაობათა გონებასი, თქვენს შემოქმედებაზე რომ იზრდებოდა და ინსპირაციას იღებდა. თქვენს ტექსტებში ასახულია ერის ტკივილი, სიამაყე, ძლიერება, იმედი, რაც ქართველ ხალხს ყოველთვის თან სდევდა, მაგრამ თქვენი ღვაწლი მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოებებით არ შემოიფარგლება. თქვენი ურყევი ერთგულება ქართული ენის, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აისახება ჩვენზე, თქვენი შემოქმედება გვახსენებს ფესვებიდან აღმოცენებული ცხოვრების ძალას, იმ ღირსებას, რაც საკუთარი ქვეყნის სიყვარული და ცოდნაა. გისურვებთ ჯანმრთელობას, მრავალჟამიერ!“, – აღნიშნა შალვა ხეტიაშვილმა. 

ღონისძიების დასასარულს, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა იუბილარს ილია ჭავჭავაძის ოქროს მედალი გადასცა. 

ცნობისათვის, მწერალ რევაზ მიშველაძეს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის, სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, მემედ აბაშიძის, ავეთიკ ისააკიანის და სხვა პრემიები; არის ღირსების ორდენის, ივანე ჯავახიშვილის მედლის, სტუ-ის ოქროს მედლის კავალერი; მინიჭებული აქვს ქართული კულტურის ამაგდარისა და ქართული პროზის რაინდის წოდებები.

„მტკიცე საგანმანათლებლო ბაზა აუცილებელია, მაგრამ მუდმივი სწავლა – კიდევ უფრო მნიშვნელოვანი“

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ აკადემიური განათლებით არ შემოიფარგლება, ის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ ინოვაციურ იდეებზე და კრიტიკულად შეაფასონ საინჟინრო გადაწყვეტილებები. პროფესორების მხარდაჭერა, რომლებიც თავადაც გამოცდილი სპეციალისტები არიან, მუდამ მაძლევდა მოტივაციას, გამომეცადა საკუთარი შესაძლებლობები“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული აზა ჩხარჩხალია აცხადებს.

აზა ჩხარჩხალიამ 2017 წელს სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაასრულა, 2019 წელს – მაგისტრატურა, 2022 წელს კი – დოქტორანტურა. დღეს ის წამყვან საპროექტო ორგანიზაციაში ინჟინრად მუშაობს და ინოვაციური, მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნაში მონაწილეობს.

როგორც აზა ჩხარჩხალია ამბობს, სამშენებლო ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი გამოირჩეოდა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზით, კონსტრუქციული ანალიზის უნარის განვითარებით, სამშენებლო მასალებსა და სეისმურ ინჟინერიაში ცოდნის გაღრმავებით, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოებით, რაც სტუდენტებს რეალური საინჟინრო ამოცანების გადაჭრაში ეხმარება.

„ერთ-ერთ საპროექტო ორგანიზაციაში ინჟინრად ვმუშაობ. როდესაც სტუდენტობის პერიოდს ვაანალიზებ, ვრწმუნდები, რომ უნივერსიტეტში გატარებული წლები გადამწყვეტი იყო ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ლექტორებმა ძალიან დიდი გავლენა იქონიეს ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. მიღებული ცოდნის წყალობით, სწრაფად მოვერგე პროფესიის მოთხოვნებს – კონსტრუქციების ანალიზის უნარი, საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება და საინჟინრო პროგრამებთან ეფექტური მუშაობა დიდი უპირატესობა აღმოჩნდა ჩემს კარიერულ ზრდაში. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამშენებლო ინჟინრის კარიერას გეგმავენ, ვურჩევდი, რომ მტკიცე საგანმანათლებლო ბაზა აუცილებელია, მაგრამ მუდმივი სწავლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს დარგი გამუდმებით ვითარდება და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების ცოდნა გადამწყვეტი ფაქტორია წარმატებისთვის. მადლობელი ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რომელმაც მომცა ცოდნა, უნარები და თავდაჯერებულობა, რომ წარმატებით დავმკვიდრებულიყავი ამ დინამიკურ სფეროში“, – აცხადებს სტუ-ის კურსდამთავრებული. 

ესპანური კომპანია СYPE-ის სპეციალისტების მასტერკლასი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე ცნობილი ესპანური კომპანია СYPE-ის სპეციალისტებმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე მასტერკლასი გამართეს. 

5-დღიან მასტერკლასს, რომელიც BIM ტექნოლოგიებში ჩატარდა, მენტორობას პროფესორი დევიდ დე დიოსი უწევდა. სამშენებლო ფაკულტეტზე მასტერკლასს კომპანია СYPE-ის წარმომადგენელი დინა პევნევა ესწრებოდა. 

როგორც სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საგანმანათლებლო პროცესის აღჭურვას ახალი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული შესაძლებლობებით.

შესაბამისად, ესპანურ კომპანიასთან პარტნიორობის ფარგლებში, სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვან საკითხებში ახალგაზრდა სპეციალისტების მოსამზადებლად, მასტერკლასების ჩატარებას უწევს ორგანიზებას. 

ზურაბ გვიშიანის განცხადებით, კომპანია СYPE-მა, რომელიც სპეციალისტებს სთავაზობს პროგრამულ გადაწყვეტილებებს არქიტექტურის, კონსტრუქციების, მექანიკის, სანტექნიკის, ვენტილაციის თუ ენერგეტიკული პროექტების მართვისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სასწავლო და პრაქტიკული დანიშნულებით, სამშენებლო სექტორისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის 200 ლიცენზია საჩუქრად გადასცა.  

„СYPE გამოცდილი კომპანიაა და მის პროგრამებს, მათ შორის — BIM ტექნოლოგიების პლატფორმას, ინჟინრები მსოფლიო მასშტაბით იყენებენ. სამშენებლო სექტორისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის 200 ლიცენზიის ჩვენი უნივერსიტეტისთვის გადაცემის შემდეგ, კომპანიის სპეციალისტები სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სპეციალურ მასტერკლასებს უტარებენ BIM ტექნოლოგიებისა და პროგრამის პრაქტიკული გამოყენების თაობაზე. დაინტერესებულ სტუდენტებს და პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად გაეცნონ პროგრამას და მიიღონ ყველა საჭირო კონსულტაცია მისი პრაქტიკული გამოყენების კუთხით. მასტერკლასების დასრულების შემდეგ კომპანია СYPE-ის მიერ შემუშავებული პროგრამა, განახლების ფუნქციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე დაინერგება და მისი გამოყენება სასწავლო პროცესსა და საპროექტო სამუშაოებში მოხდება“, – აღნიშნავს ზურაბ გვიშიანი. 

პარტნიორობის ფარგლებში, СYPE-ის ტექნიკურმა დირექტორმა, კარლოს ფერნანდესმა პროგრამული უზრუნველყოფის 200 ლიცენზია სასწავლო და პრაქტიკული დანიშნულებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიმდინარე წლის თებერვალში გადასცა.  

„უნივერსიტეტის მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობები, ჩემთვის შეუფასებელი გამოცდილება აღმოჩნდა“- სტუ-ის კურსდამთავრებული

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობები, გაცვლითი პროგრამები და საქართველოს წამყვან კომპანიებში სტაჟირება ჩემთვის შეუფასებელი გამოცდილება აღმოჩნდა“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ჩახვაშვილი აცხადებს.

გიორგი ჩახვაშვილმა სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრიატი 2017 წელს დაასრულა, ხოლო მაგისტრატურა – 2019 წელს; მუშაობა დაიწყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე, სადაც არქიტექტურული პროექტის სამგანზომილებიანი ციფრული ვიზუალიზაციის მიმართულებით ლექციებს კითხულობდა. ამჟამად, გიორგი ჩახვაშვილი არქიტექტურული ვიზუალიზაციის „სტუდია პარალელში“ 3D არტისტად მუშაობს.

როგორც სტუ-ის კურსდამთავრებული ამბობს, დიზაინის საერთაშორისო სკოლაში მიღებულმა განათლებამ, მიდგომებმა და იმ მეთოდებმა, რომელიც ლექტორებმა გაუზიარეს, მის კარიერულ ზრდას მრავალმხრივ შეუწყო ხელი. 

„ჩემი გზა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში იყო გარდამტეხი პერიოდი ჩემი, როგორც პროფესიონალის ჩამოყალიბების მიმართულებით. თავიდანვე მომხიბლა პროფესორ-მასწავლებლების უნიკალურმა მიდგომამ, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, ტექნოლოგიასა და ინოვაციურ დიზაინს. დიზაინის საერთაშორისო სკოლა არის ადგილი, სადაც კრეატიულობა და პრაქტიკულობა ერწყმის ერთმანეთს, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, წარმატებულად იმუშაონ თანამედროვე დიზაინის სფეროში. ფაკულტეტის მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობები, გაცვლითი პროგრამები და საქართველოს წამყვან კომპანიებში სტაჟირება შეუფასებელი გამოცდილება აღმოჩნდა. ეს შესაძლებლობები არა მხოლოდ პროფესიული უნარების განვითარებაში დამეხმარა, არამედ გამხადა უფრო მოქნილი და თანამედროვე დიზაინის ტენდენციებთან ადაპტირებული. შემიძლია ვთქვა, რომ აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წარმატებაში. ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია და დიზაინის ღრმა გაგება მაძლევს შესაძლებლობას, კონკურენტუნარიანი ვიყო და მუდმივად ვქმნიდე ახალს,”- აცხადებს გიორგი ჩახვაშვილი. 

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია „ნუტრიმაქსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ჩართულობით, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის ვეტერინარიისა და მეცხოველეობის სპეციალობების სტუდენტები კომპანია „ნუტრი მაქსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, კომპანიას ბაზარზე 18 წლიანი გამოცდილება აქვს და მათი პროდუქცია გარდა შიდა ბაზრისა უცხოურ ბაზარზეც კონკურენტუნარიანია. 

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სტუდენტებს დავეხმაროთ მათი პროფილის დამსაქმებლებთან შეხვედრაში. დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ეს იყო და თუ სტუდენტების აქტივობას შევაფასებთ, ვფიქრობთ, რომ შედეგი მიღწეულია“, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ინფორმაციისთვის, კომპანია “ნუტრიმაქსი” აწარმოებს ცხოველთა კვების პროდუქტებს და აქვთ ორი დიდი წარმოება თბილისში. სტუ-ში ეს იყო მათი მეორე ვიზიტი.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?