სტუ-ის ახლადგახსნილ სტროუ ლაბორატორიაში მეცნიერები, მსოფლიოში პირველად, ახალი თაობის სტროუ ტრეკულ მილებს დაამზადებენ
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს ჩაეყარა საფუძველი. ინოვაცია, რომელიც დაინერგა ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში და პირველად განხორციელდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც, დიდ მნიშვნელობას ატარებს როგორც სამეცნიერო, ისე ეროვნული თვალსაზრისით. ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილების წარმოების საპილოტე დანადგარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბირთვული და მაღალი ენერგიების ფიზიკის თანამედროვე კვლევების ეპიცენტრში აყენებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატება ჩვენი მეცნიერების, მკვლევრებისა და ინჟინრების მაღალი პროფესიონალიზმის დადასტურებაა. ის კარს გვიღებს მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებთან ახალი, უფრო მაღალკვალიფიციური კოლაბორაციისკენ“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტში, საქართველოში პირველად, ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილების საპილოტე წარმოების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
სტროუ ლაბორატორიის ბაზაზე, სტროუ ტრეკული მილების საპილოტე წარმოებისას, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა საინჟინრო ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები, მსოფლიოში პირველად, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, 5 მმ-იანი დიამეტრის სტროუ მილებს უკვე ალუმინიზირებული მაილარის 12 და 15-მიკრონიანი (µm) ლენტისგან დაამზადებენ.
ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილების საპილოტე წარმოება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორმა, სტუ-ის CERN-CMS ჯგუფის ხელმძღვანელმა, CERN-ში საქართველოს მtავრობის წარმომადგენელმა, პროფესორმა ზვიად წამალაიძემ ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში გახსნეს.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, პირველად მსოფლიოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემუშავებული უზუსტესი და დახვეწილი ულტრაბგერითი შედუღების ტექნოლოგიის მეშვეობით, ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილების დამზადება უკვე შესაძლებელია ალუმინიზირებული მაილარის 12 და 15-მიკრონიანი (µm) ლენტისგან. საპილოტე წარმოებაში მოხდება სტროუ ტრეკერებისთვის ახალი თხელკედლიანი სტროუ მილების გამოკვლევა, დამზადება, ტესტირება, მათი დეტექტორში ინსტალაცია და სისტემის მახასიათებლების ტესტირება.
დავით გურგენიძის განცხადებით, სტროუ მილები, გაზური გაძლიერების პრინციპზე მომუშავე ტრეკულ დეტექტორთა სისტემის მთავარი რგოლი და განუყოფელი ნაწილია, ხოლო ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ტრეკულ დეტექტორებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სტროუ კამერებმა (Straw chamber), რომლებსაც – დროითი, სივრცითი და ენერგეტიკული მახასიათებლების გამო – მსოფლიოში მიმდინარე უდიდეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში ტრეკულ დეტექტორებად იყენებენ.
როგორც რექტორმა განმარტა, სტროუ დეტექტორები, საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებისა და ხელმისაწვდომობის გამო, ფართოდ გამოიყენება ისეთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში, როგორიცაა: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN, შვეიცარია), ექსპერიმენტები: ATLAS, NA-62, SHIP (სამომავლოდ); იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაცია (KEK, იაპონია), J-PARC-ში მიმდინარე COMET ექსპერიმენტი; ფერმის ლაბორატორია (FERMILAB, აშშ), ექსპერიმენტები: DUNE, Mu2e.
„პირველად მსოფლიოში, უახლესი ტექნოლოგიით მიღებული 5 მმ დიამეტრის სტროუ მილები მზადდება ალუმინიზირებული მაილარის 12 და 15-მიკრონიანი ლენტისგან. მას, პირველად ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები უახლესი, ულტრაბგერითი შედუღების ტექნოლოგიის გამოყენებით დაამზადებენ. სწორედ ამ მიზნით, უნივერსიტეტში, სტროუ ლაბორატორიის ბაზაზე, გაიხსნა საპილოტე წარმოება, რაც ასევე პირველად მოხდა საქართველოში. უმნიშვნელოვანესია, რომ საუნივერსიტეტო ლაბორატორიაში ჩვენმა მეცნიერებმა გადაჭრეს აქამდე არსებული პრობლემა – სტაბილური, გრძელი სტროუ მილების დამზადება. კონკრეტულად, უნივერსიტეტში შექმნილ უახლეს დანადგარზე განხორციელდა 5 მეტრამდე სიგრძის მილების წარმოება. ადრინდელი დიზაინის ორმაგხვეული სტროუ მილისგან განსხვავებით, ახალი თაობის სტროუ მილების დამზადებაში არ გამოიყენება წებო. არაერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ორმაგხვეული მილების სუსტი მხარე ვაკუუმში მუშაობისას სწორედ შეწებების ადგილი იყო (მაგალითად, ტრეკული სისტემა Mu2e ექსპერიმენტში). უახლესი ულტრაბგერითი ტექნოლოგიის გამოყენებით, სტროუ მილს, მთელი ცილინდრის გასწვრივ, მხოლოდ შედუღების ადგილი აქვს განსხვავებული. მას უკვე, სპირალური ხვეულის გადაბმის ადგილის ნაცვლად, გააჩნია ერთი ზოლი, რომელიც ჯამურად უფრო ნაკლები სიგრძისაა, ვიდრე ხვეული სტროუს შემთხვევაში, რაც განაპირობებს გაზისთვის გაჟონვის მინიმალურ ფართს და, ასევე, საშუალებას გვაძლევს სტროუ მილები დავაფიქსიროთ დაჭიმულ მდგომარეობაში, ხანგრძლივი დროით“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
მსგავსი
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ - დაიწყო. პროექტის განხორციელების ინიციატორია ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი...
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 11 მაისს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება....
სტუ-ის რექტორი – შევთხოვოთ ღვთისმშობელს მოგვცეს ძალა, ჩვენი არჩევანი მომავალში სიკეთედ, მშვიდობად და განვითარების შესაძლებლობად იქცეს საქართველოსთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებსა და სტუდენტებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღეს ულოცავს....
სტუ-ის რექტორი – ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა, საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს და მართლმადიდებელ მრევლს ახალი მწყემსთმთავრის...
გურამ მახარაძე – 85
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიოს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, დაბადებიდან 85-ე წლისთავს ულოცავს ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორ გურამ მახარაძეს. „ბატონო...
სტუ-ის რექტორი ახალგაზრდა პედაგოგისა და მკვლევრის ლევან დუნდუას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სამართლის დოქტორის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული...