სტუ-ის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუდენტებმა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
„36 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც საბჭოთა ჯარებმა უკიდურესი სისასტიკით, ძალადობრივად დაშალეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მრავალათასიანი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მშვიდობიანი დემონსტრაცია. იმ ავბედითმა მოვლენებმა ოცდაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი – დაშავდა. დაღუპულთა შორის იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. სწორედ მათმა შეუპოვრობამ და სიმამაცემ ჩაუყარა საფუძველი ისტორიულ გარდატეხას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
დღეს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას – ჩვენს შვილებს, დებს, ძმებს, მეგობრებს. სამარადჟამოა მათი გმირობა – გმირობა, რომელმაც შეარყია საბჭოთა იმპერია, გამოაფხიზლა ეროვნული თვითშეგნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.
ამ თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ორმაგი დატვირთვა აქვს და, უსაზღვრო სევდასთან ერთად, უსაზღვრო სიხარულით აღსავსე დღეა – თავისუფლებისთვის დაღვრილმა სისხლმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოსცა. საქართველოს კონსტიტუციაში კი ჩაიწერა: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცემიდან 34-ე წლისთავს ვულოცავთ მთელ საქართველოს! ჩვენ ერთად ვაგრძელებთ სამართლიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს შენებას. წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს მომავალ თაობას! დიდება 9 აპრილის გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
ცნობისათვის, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთაგან ხუთი – ნატო გიორგაძე, გია ქარსელაძე, ნინო თოიძე, აზა ადამია და მანანა მელქაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ელენე აბაშიძის გარდაცვალების გამო, ოჯახს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის - ელენე...
სტუ-ის რექტორმა თერთმეტ პროფესორს უნივერსიტეტის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს...
„ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში” – ტრენინგი საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე დასრულდა ტრენინგი - „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში”. აღსანიშნავია, რომ ტრენინგში,...
სტუ-სა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების,...
სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცივილიზაციათა დიალოგი, პრობლემები და გამოწვევები“ გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუ-სა და ჩინეთის ლანჯოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (Lanzhou University of Technology) შორის...
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...