„ინოვაციური კომპეტენციები: როგორ გავიუმჯობესოთ სამეწარმეო და ინოვაციური უნარები“ – ტრენინგ-კურსი სტუდენტებისათვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის LISS24 (Learn – Innovate – Sell – Succeed) „ისწავლე-გააუმჯობესე-გაყიდე-მიაღწიე წარმატებას“, ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის ეგიდით დაგეგმილი ტრენინგ-კურსი ’’ინოვაციური კომპეტენციები: როგორ გავიუმჯობესოთ სამეწარმეო და ინოვაციური უნარები“ ჩატარდა. 

კურსი მოიცავდა ინოვაციური და სამეწარმეო ბიზნეს იდეების გენერირების ტექნიკისა და ბიზნესის მოდელირების ძირითად თემებს, მეწარმეობის თეორიულ ჩარჩოებს და პრაქტიკული სავარჯიშოებს, რომლის ფარგლებშიც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მეწარმეობის მენეჯმენტის პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა და მოწვეულმა ტრენერებმა, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარეს სესიები თემებზე: მეწარმეობა გლობალურ გარემოში და თანამედროვე ტენდენციები; წარმატებული ინოვაციური ბიზნესების ქეისების შესწავლა; ბაზრის კვლევა და მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება; ინოვაციური კომპეტენციები და მისი გავლენა სამეწარმეო ბიზნესზე; კრეატიული იდეების გენერირების ტექნიკები – ბრეინშტორმინგი; სამეწარმეო პროექტების ბიუჯეტირება; პრობლემების გადასაწყვეტი ჯგუფური პროცედურა და დიზაინ აზროვნება; ბიზნეს მოდელის შემუშავება და ღირებულების წინადადების დახვეწა; პრეზენტაციის უნარები და კონკურსისთვის მომზადება.

Untitled design (25).png

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, ტრენინგ-პროგრამის მიმდინარეობისას სტუდენტებმა კანვას ბიზნესის მოდელზე დაყრდნობით იმუშავეს სხვადასხვა სამეწარმეო პროექტზე და ტრენინგების დასკვნით ეტაპზე წარმოადგინეს პროექტების პრეზენტაციები. 

„პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, ასევე დაგეგმილია მორიგი ტრენინგ-სემინარი თემაზე „B2B გაყიდვების მენეჯმენტი“ და ასევე ამავე წელს საქართველოში პირველად პროექტის ფარგლებში ჩატარდება “გაყიდვების ჩემპიონატი” (Sales Competition) რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს. პროექტი LISS24, წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. კერძოდ საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის, პროდუქციის ე.წ. „გაყიდვების“ (Sales) სწავლების კულტურის დანერგვას, B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით. LISS24 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის (Sales Lab) მოწყობა, რომელიც პროექტის ფარგლებში ამოქმედდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში”, – აცხადებს გითოლენდია.  

ტრენინგ-კურსის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაში მონაწილეობა შეეძლოთ სტუ-ის ნებისმიერ სტუდენტს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ ისინი რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტი შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ასევე განხორციელდება პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები, რაც ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის პროფესიული ზრდის დამატებით შესაძლებლობას იძლევა.  

პროექტი „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ დაფინანსებულია ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის KA 102 აქტივობის ფარგლებში და ის 2026 წელს დასრულდება.

„შუა საუკუნეების ქართული ოქრომქანდაკებლობა“ – საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნის, დოქტორ ნანა ბურჭულაძის საჯარო ლექცია – „შუა საუკუნეების ქართული ოქრომქანდაკებლობა“ გაიმართა. 

ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია. 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ივანე გიორგაძე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი თამარ ხოხობაშვილი, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და მოწვეული პირები. 

როგორც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტი – „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.

3 (4).png

„ეს მორიგი შეხვედრაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში გაიმართა. კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართულ თვითმყოფადობას“ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ახალგაზრდებისათვის ჩვენი მდიდარი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გააზრებაში. ასეთი ლექციების საშუალებით, სტუდენტები იღებენ უნიკალურ ცოდნას საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიღწევების შესახებ, რაც აძლიერებს მათ ეროვნულ თვითშეგნებას. დოქტორ ნანა ბურჭულაძის ლექცია შუა საუკუნეების ქართული ოქრომქანდაკებლობის შესახებ უნიკალური შესაძლებლობა იყო, უკეთ გაგვეაზრებინა ჩვენი ხელოვნებისა და სულიერი ტრადიციების სიღრმე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც აღმოუჩინოს მხარდაჭერა ისეთ ინიციატივებს, რომლებიც, აკადემიური დიალოგის ფორმატში, ახალგაზრდა თაობაში გააღრმავებს როგორც კულტურულ ცნობიერებას, ასევე, ხელს შეუწყობს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპების გააზრებას, რომელთაც ეროვნული ფასეულობები განსაზღვრეს“, – აღნიშნა ივანე გიორგაძემ.

საჯარო ლექციის დასასრულს, ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძემ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ სტუდენტებს შუა საუკუნეების ქართული კულტურის, ხატწერისა და ოქრომქანდაკებლობის შესახებ დამატებითი ცნობები მიაწოდა.  

1 (33).png

ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები.

ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე.

სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობას კომპანია ,,ინჟინერიქსიც” მიიღებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებას, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, კომპანია „ინჟინერიქსში“ გაივლიან.

გარდა ამისა, კომპანია ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის განკუთვნილ საფაკულტეტო სივრცეებს ახალი თაობის ციფრული სტანდარტების შესაბამისად გადააიარაღებს. ამით კომპანია მზაობას გამოთქვამს, უნივერსიტეტთან ერთად, აქტიურად ჩაერთოს ახალგაზრდების კვალიფიციურ სპეციალისტებად და მკვლევრებად ჩამოყალიბების პროცესში.

აღნიშნულის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანია „ინჟინერიქსის“ დირექტორმა თორნიკე წიკლაურმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ასევე ერთობლივად იზრუნებენ სტუდენტთა პროფესიულ განვითარებაზე, საკადრო რეზერვის შექმნასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაზე, რაც ერთი მხრივ, გააუმჯობესებს სტუდენტთა პრაქტიკულ შესაძლებლობებს, მეორე მხრივ კი, გააძლიერებს კომპანიის კვლევით და პროფესიულ რესურსებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, მემორანდუმი უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. 

თამარ წერეთლის თქმით, საგულისხმოა, რომ ,,ინჟინერიქსთან“ პარტნიორობის ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, კონკრეტულად კი, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის შეიქმნება თანამედროვე სასწავლო გარემო, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ახალი თაობის ციფრულ სტანდარტებთან. კერძოდ, კომპანია უზრუნველყოფს სასწავლო სივრცეების რეაბილიტაციასა და მათ აღჭურვას ჭკვიანი ტექნოლოგიებით. 

გარდა ამისა, ფაკულტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ექნებათ კვლევით პროექტებში ჩართვისა და კომპანიაში პრაქტიკული ტრენინგებისა თუ ვორქშოფების გავლის შესაძლებლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკასთან დააკავშირონ და მიიღონ ის უნარები, რომლებიც წარმატებული კარიერისთვისაა აუცილებელი.

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, ეს უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის გაფორმებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ახალგაზრდებს, პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, ახალი პროფესიული ურთიერთობებისა და კავშირების ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს და ამასთან, მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს. 

კალათბურთში საუნივერსიტეტო ტურნირის თასი სამშენებლო ფაკულტეტის ვაჟთა გუნდმა მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ვაჟთა გუნდი კალათბურთში საუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებული და თასის მფლობელია. ტურნირი, რომელშიც უკლებლივ ყველა ფაკულტეტის სტუდენტური გუნდები მონაწილეობდნენ, წარმატებით დასრულდა. 

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „სამშენებლოს“ და „მედიატექნოლოგიების“ გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირზე მეორე ადგილი საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის გუნდი გავიდა. 

1 (32).png

სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ტურნირები დასრულებულია ბილიარდში (pool), ბოულინგსა და კალათბურთში. უახლოეს მომავალში ტურნირები გაიმართება მაგიდის ჩოგბურთში, ფუტსალში, ფრენბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში.

საუნივერსიტეტო ტურნირების ორგანიზატორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, საუნივერსიტეტო ტურნირებში გამარჯვებული სტუდენტები და გუნდები, სამომავლოდ, სხვადასხვა გარე ტურნირებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებენ, მათ შორის უნივერსიადასა და ახალგაზრდულ ფესტივალზე.

საუნივერსიტეტო სპორტული ღონისძიებების ჩატარების მიზანია სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე, ახალგაზრდებს შორის მეგობრობის გაღრმავება, გუნდური უნარების განვითარება და საუკეთესო პიროვნული თვისებების გამოვლენა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტურნირების მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებებს უსურვებს და სტუდენტებს მოუწოდებს, შეუერთდნენ სპორტულ აქტივობებს, უქომაგონ თავიანთ გუნდებს და მათთან ერთად გაიზიარონ გამარჯვების სიხარული. 

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ მორიგი საგაზაფხულო სესია დაიწყო

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი წარმატებით ახორციელებს ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის პროექტს, რომელიც უკვე შვიდი წელია, ეხმარება მოსწავლეებს ბიზნესის საფუძვლების შესწავლაში. ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ ახალგაზრდებს მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, მივცეთ საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება“, – ამის შესახებ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გუგული ყურაშვილმა „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. 

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დაიწყო, რომელშიც თბილისისა და რუსთავის 13 საჯარო და კერძო სკოლის 70-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა მადლობა გადაუხადა წარმატებული პროექტის ავტორებს. როგორც გუგული ყურაშვილმა განაცხადა, პროექტი და შესაბამისად პროგრამა, რომლის მიხედვითაც მომავალი სტუდენტები ბიზნესის საფუძვლებს სწავლობენ, სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო ფაკულტეტის ყოფილი დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის და პროფესორ მერაბ მიქელაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, 2017 წელს, შემუშავდა.

„7 წლის განმავლობაში 450-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო სერტიფიკატი და პროექტი იქცა სკოლასა და უნივერსიტეტს შორის დამაკავშირებელ ხიდად, რომელიც ახალ თაობას მომავლის წარმატებისთვის ამზადებს. მოხარულები ვართ, რომ წელს 60-ზე მეტი მოსწავლე შემოგვიერთდა. ახალგაზრდებო, ერთად შევისწავლოთ ბიზნესის სამყარო, განვავითაროთ კრეატიული იდეები და შევქმნათ მტკიცე საფუძველი წარმატებისთვის!“, – აღნიშნა დეკანმა. 

შაბლონი-ფოტო-ახალი-11.png

სესიის მიმდინარეობისას სკოლის მოსწავლეებს ლექციებს ფაკულტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები წაუკითხავენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
მეწარმეობისა და ბიზნესის არსი;
ანტრეპრენერობის არსი;
სად ვეძებოთ ბიზნესიდეა;
მენეჯმენტი იგავებში და არა მარტო…;
ლიდერი და ლიდერობა;
მარკეტინგი, როგორც გაყიდვების ხელოვნება და კრეატიული აზროვნება; კრიტიკული აზროვნება;
ემოციური ინტელექტი;
ჩემი ადგილი პროფესიების სამყაროში;
ტურიზმი, როგორც მეწარმეობა;
დროის მენეჯმენტი;
ფინანსური აზროვნება – ფულის რაობა და საკუთარი ფინანსების მართვა; ბიზნესის მორალი და საქმიანი ეტიკეტი;
პიროვნების დიზაინი – 21-ე საუკუნის უნარები და ა.შ.

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ხელმძღვანელის, პროფესორ მერაბ მიქელაშვილის თქმით, სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეხუთე აბიტურიენტი სწავლის გაგრძელებას ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით გეგმავს.

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ამოცანაა, მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მომავალ პროფესიაზე. ჩვენ მათ ამომწურავი პასუხები გავეცით კითხვებზე: რა არის ბიზნესი და ეკონომიკა, რა არის მენეჯმენტი და მარკეტინგი, ემოციური ინტელექტი და ლოგიკური აზროვნება, ლიდერობა და ბიზნესეტიკეტი. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლითაც სკოლის მოსწავლეს, მთლიანობაში, წარმოდგენა ექმნება თავის მომავალ პროფესიაზე. მოსწავლეებს ლექციებს უკითხავენ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში, სწავლების კუთხით, ჩვენი დოქტორანტებიც მონაწილეობენ“, – განაცხადა მერაბ მიქელაშვილმა.

ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამის მაღალრეიტინგული სტუდენტები „მედიქლაბჯორჯიას“ სტიპენდიას მიიღებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის ორი გამორჩეული სტუდენტი სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიას” (MediClubGeorgia) სტიპენდიატი გახდება. 

აღნიშნული ინიციატივა გასაჯაროვდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტში სტუდენტებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიას“ გენერალური დირექტორი დიმიტრი მახათაძე და „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ თანადამფუძნებელი ანდრო ათოშვილი.

შეხვედრას მასპინძლობა გაუწიეს სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელმა, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირინე გოცირიძემ და დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა მარინა მესხიამ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივები, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მათი სამომავლო დასაქმების მიმართულებით.  

Untitled design (23).png

დიმიტრი მახათაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამის მაღალრეიტინგული სტუდენტებისთვის „მედიქლაბჯორჯიასგან“ სტიპენდიის დაწესება მიზნად ისახავს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების მხარდაჭერას პროფესიონალებად ჩამოყალიბების გზაზე.

როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო ცენტრი მრავალპროფილურ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომლებსაც აწარმოებს ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა: Siemens, Dräger, Fresenius, Philips, Schiller, Storz და სხვა.

დიმიტრი მახათაძემ ისაუბრა ბიოსამედიცინო ინჟინრების როლზე თანამედროვე ჯანდაცვაში, “მედიქლაბჯორჯიაში” სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე, ასევე, ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიმართულებით კლინიკური ინჟინერიის სამსახურის მნიშვნელობის შესახებ. 

„მედიქლაბჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ინიციატივას მიესალმა სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე. 

„ახალი სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამედიცინო ინდუსტრიაში მოქმედ ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. საგულისხმოა, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამა ფლობს საერთაშორისო ABET აკრედიტაციას. ასევე, საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად ემზადება ამავე დასახელების ქართულენოვანი პროგრამაც, რაც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა მდგრადი კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად ძლიერი მხარდაჭერაა. სტიპენდიების დაწესება კი ნიჭიერ სტუდენტებს უქმნის ძლიერ მოტივაციას, რომ მეტი იშრომონ, წარმატებას მიაღწიონ სწავლაში და მზარდი კარიერა შეიქმნან ბიოსამედიცინო ინჟინერიის სფეროში“, – აღნიშნა ირინე გოცირიძემ.

შეხვედრის დასასრულს, პარტნიორობის ნიშნად, „მედიქლაბჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს საჩუქრად ფერწერული ტილო გადასცა. ხელოვნების ნიმუში განთავსდება დეპარტამენტის ინტერიერში, რომელიც „ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ მხარდაჭერით მთლიანად განახლებული და აღჭურვილია. 

ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის საუკეთესო სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების ინიციატივას მნიშვნელოვანი უწოდა და მრავალმხრივი შეფასება მისცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. 

„პარტნიორობა უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის არა მხოლოდ აძლიერებს კავშირს განათლებას, მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის, არამედ მრავალი მიმართულებით უზრუნველყოფს სტუდენტების მხარდაჭერას და რაც ასე მნიშვნელოვანია, მათი შრომის დაფასებას. მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ მსგავსი ახალი ინიციატივები ხელს შეუწყობს ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარებას საქართველოში.

სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა სტუდენტებს უბიძგებს, მეტი შეიმეცნონ, მეტი ინოვაცია და სამეცნიერო კვლევა განახორციელონ. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ინდუსტრიებთან პარტნიორობით ვიზრუნოთ ისეთი ეკოსისტემის შექმნაზე, სადაც ახალგაზრდა თაობის ინჟინრები დაფასებულად იგრძნობენ თავს და მეტად იმუშავებენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე. 

მადლობას ვუხდით როგორც „მედიქლაბჯორჯიას“ – სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების ინიციატივისთვის, ასევე, „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდს“ – ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის საუნივერსიტეტო სივრცის განახლებისა და კეთილმოწყობისთვის. ეს კონკრეტული მხარდაჭერები და საუნივერსიტეტო პროცესებში ჩართულობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერია სულ უფრო აქტუალური ხდება და აღიქმება, როგორც სამედიცინო პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ვიმედოვნებთ, მსგავსი ინიციატივები სხვა ინდუსტრიებსაც მისცემს ბიძგს, მხარი დაუჭირონ განათლებას, მეცნიერებას და განახორციელონ ინვესტიცია ნიჭიერი სტუდენტების განვითარებაში”, – აღნიშნავს დავით გურგენიძე. 

უახლოეს მომავალში ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების შესახებ ინიციატივა ურთიერთგაგების მემორანდუმით გამყარდება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიას” გენერალური დირექტორი მოაწერენ ხელს.

სტუ-ში ახალი სტუდენტური პროექტი – „ქალაქი და კულტურა“ დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური პროექტი – „ქალაქი და კულტურა“, დაიწყო. პროექტს მხარს უჭერს სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ხოლო ახორციელებს ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბი.

პროექტის ფარგლებში ნოდარ ტაბიძის კლუბის წევრები და სტუდენტები საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვივნენ. როგორც კლუბის ხელმძღვანელი აცხადებს, პროექტის მიზანია სტუდენტებს გააცნონ თბილისის ღირსშესანიშნაობები.

არჩილ გურგენიძის თქმით, კლუბი მიზნად ისახავს ცოდნის, ცნობისმოყვარეობისა და აკადემიური წარმატების ხელშეწყობას, სტუდენტისთვის წარმატებისკენ მიმავალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა კი ბიბლიოთეკაა – ცოდნისა და აღმოჩენების კარიბჭე.

11.png

„ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების საცავი არ არის, არც წიგნების კოლექცია, ბიბლიოთეკა არის შეუცვლელი რესურსი. კლუბის წევრებისა და სტუდენტების ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვიზიტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ დაუფასებელი ინტელექტუალური საგანძურის შესახებ, რომელიც ბიბლიოთეკაშია დაცული. ბიბლიოთეკა აძლიერებს კრიტიკულ აზროვნებას, ავითარებს კვლევით უნარებს და ამდიდრებს აკადემიურ გამოცდილებას. ბიბლიოთეკაში მიღებული ცოდნა და უნარები გვაძლევს შესაძლებლობას, მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს და მნიშვნელოვნად შევიტანოთ წვლილი სხვადასსვა სფეროში. ჩვენ ვცდილობთ ცოდნისა და აღმოჩენების გზით, ერთად შევქმნათ ნათელი მომავალი. ცოდნა წარმატების საფუძველია, ხოლო ბიბლიოთეკა არის გასაღები, რომელიც მომავლის კარს ხსნის. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა არის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნსაცავი, სადაც ჩვენ ვნახეთ პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი, 1629 წელს რომში დაბეჭდილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ვახტანგისეულ სტამბაში 1709 წელს დაბეჭდილი სახარება და დავითნი, ერეკლე II-ის სტამბის წიგნები.

გავეცანით ცალკე დარბაზში წარმოდგენილ „ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეულ გამოცემას, მისი შექმნის ისტორიას. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ვეფხისტყაოსნის“ 50 ენაზე თარგმნილი გამოცემა ინახება. ნოდარ ტაბიძის კლუბის სახელით მადლობას ვუხდით ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას ამ შესაძლებლობისთვის და „წიგნის მუზეუმის“ თანამშრომელს ქალბატონ ნინო ხვედელიძეს“, – აცხადებს არჩილ გურგენიძე. 

ახალი საუნივერსიტეტო პროექტი ერთწლიანია. 

სტუ-სა და უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი კარლო კოპალიანი და სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებს ზუმრატ გაიბნაზაროვას და დილნოზა იულდოშევას შეხვდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრის მიზანს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენდა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის თქმით, ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივ სასწავლო აქტივობებს, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, სტუდენტთა, მეცნიერთა და პროფესორ-მასწავლებელთა და გაცვლით პროგრამებს.

1 (31).png

„უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაინტერესებულია ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საინჟინრო და ჰუმანიტარული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი მიმართულებებით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის უზბეკ კოლეგებთან.

ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია.  ვფიქრობთ, ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები ერთობლივად არაერთ სამეცნიერო პროექტზე ვიმუშავებთ და მოხარული ვიქნებით, თუ სამეცნიერო ბაზა ამ პროექტებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება”, – განაცხადა კარლო კოპალიანმა. 

მემორანდუმის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის და უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, უახლოესი მომავლიდან, საქართველოსა და უზბეკეთის განათლების სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი შესაძლებლობა მიეცემათ, რომელიც არა მხოლოდ სასწავლო, არამედ კვლევით პროცესებსაც მოიცავს.

პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, პროფესიული კურსების საუკეთესო მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების –  „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება“, „ჭაბურღილების ბურღვა“ და „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარე (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟი)“ – წარმატებულ მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასო ქარსელაძემ გადასცეს. 

პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში ხორციელდება. 

Untitled design (21).png

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსების წარმატებულ მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში საუნივერსიტეტო პროექტის მენეჯერი, დოქტორი რატი გურგენიძე და ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მუნიციპალური პროგრამის ეფექტიანობა და შედეგები შეაჯამეს, ასევე, მისი განხორციელების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც საუნივერსიტეტო პროექტის მენეჯერმა რატი გურგენიძემ აღინიშნა, მოცემულ ეტაპზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული კურსი წარმატებით გაიარა თბილისში რეგისტრირებულმა 40 მოქალაქემ, „ჭაბურღილების ბურღვის“ სრული კურსი 15-მა, ხოლო „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარის“ სრული კურსი, ასევე, 15-მა მოქალაქემ. 

პროგრამის მონაწილეებს კურსების წარმატებით დასრულება მიულოცა და უახლოეს მომავალში ღირსეულად დასაქმება უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა. კარლო კოპალიანმა უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის საგანმანათლებლო სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ სამომავლო სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების გავლის შედეგად, წარმატებული მსმენელები სამომავლო დასაქმებისა და კარიერული ზრდის თვალსაზრისით მიიღებენ. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისის მერიასთან პარტნიორობით, მუნიციპალური პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, საშუალება ეძლევა მოქალაქეებს შესთავაზოს მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებული და შრომის ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი პროფესიული კურსები, რომლებსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან. სასიხარულოა, რომ პროექტის ეს ეტაპი კარგი შედეგით დასრულდა – სერტიფიკატები გადაეცა სამი კურსის 70 წარმატებულ მსმენელს. დარწმუნებული ვართ, ისინი ღირსეულად დასაქმდებიან კერძო თუ სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში, სხვადასხვა პროფილის საწარმოში, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოქალაქეების მხრიდან მაღალი აქტიურობაა და მომდევნო ეტაპებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსების გავლის სურვილი 600-ზე მეტმა თბილისელმა გამოთქვა. საგულისხმოა ისიც, რომ „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში რეგისტრაცია შეუძლია სრულწლოვან ნებისმიერ მოქალაქეს, ზედა ასაკობრივი ზღვარი კი შეზღუდული არ არის. თბილისის მერიასთან პარტნიორობით, გავაგრძელებთ პროექტის განხორციელებას და ვიმედოვნებთ, ამ შესაძლებლობას თბილისელები, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდები ეფექტიანად გამოიყენებენ, წარმატებით დასაქმდებიან და ყველა მათგანი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებ პროექტის მონაწილეებს”, – აღნიშნა კარლო კოპალიანმა. 

Untitled design (20).png

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასო ქარსელაძის თქმით, პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ – ამოქმედებით, თბილისის მერია მიზნად ისახავს დედაქალაქში რეგისტრირებული, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების შესწავლას და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას.

როგორც ვასო ქარსელაძემ აღნიშნა, თბილისის მერია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას პროგრამის მომდევნო ეტაპებზეც აქტიურად გააგრძელებს. 

„ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, გვაქვს სრული ინფორმაცია იმ სფეროების შესახებ, სადაც კადრების ნაკლებობაა. პროგრამა – „ისწავლე და დასაქმდი“ საუკეთესო საშუალებაა ყველა იმ თბილისელისთვის, ვისაც სურვილი აქვს, უნივერსიტეტში შეისწავლოს მოთხოვნადი პროფესიები, გადამზადდეს და აიმაღლოს კვალიფიკაცია. სამუშაო ადგილების მოძიებაში მათ თბილისის მერიისგან მხარდაჭერა ექნებათ“, – განაცხადა ვასო ქარსელაძემ. 

ცნობისათვის, თბილისის მერიის მუნიციპალური პროგრამა – „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში – მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, ტრანსპორტის, საფინანსო, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროებში. პროგრამის მიზანი სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობაა. 

ოთხმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდია მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი ფაკულტეტის აკადემიური მოსწრების მხრივ უმაღლესი რეიტინგის მქონე ოთხმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდია მოიპოვა. 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ოთხივე სტიპენდიატს საგანმანათლებლო ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს. 

მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ბაკალავრიატის უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტსაც აქვს.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება, უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან შეთანხმებით, საგანმანათლებლო ფონდის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თამაზ ბექაიამ და ფონდის დირექტორმა ლევან ბექაიამ მიიღეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიატები გახდნენ მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: სამშენებლო ფაკულტეტიდან – მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გეგა ჯერენაშვილი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან – არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი მარი მირიანაშვილი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან – მეცხოველეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გიგა გიგილაშვილი და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტიდან – მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი მარიამ ბაქრაძე.

Untitled design (18).png

საქართველოში აკრედიტებული ექვსი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, შერჩეულ 21 სტიპენდიატ სტუდენტს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია, ფონდის პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი და კომუნიკაციების ხელმძღვანელი მარიამ ცანდიშვილი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმის სივრცეში შეხვდნენ, სტიპენდიის მოპოვება მიულოცეს, ასევე, სტიპენდიატობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. როგორც მათ აღნიშნეს, თითოეული წარჩინებული ახალგაზრდა სემესტრის მანძილზე, ფონდისგან ყოველთვიურ სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით მიიღებს.

სტიპენდიატებთან ერთად, შეხვედრას ფონდის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გია ნაცვლიშვილი, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გია ჭიჭინაძე და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი თამარ ქობლიანიძე.

დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდიატმა სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს. „გულწრფელი მადლობა ფონდს – ჩვენი შრომისა და წარმატების დაფასებისთვის. ჩვენთვის სტიპენდიის მოპოვება არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერაა, არამედ დიდი მოტივაციაც მეტი მიღწევებისთვის. მადლობას ვუხდით ჩვენს უნივერსიტეტს, რომელიც გვთავაზობს მყარ საგანმანათლებლო საფუძველს და უწყვეტ მხარდაჭერას”.

სტუ-ის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სწავლის წახალისებისა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მადლობა გადაუხადა და სტიპენდიატებს წარმატებები უსურვა. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აკადემიური წარმატების ხელშეწყობას და სტუდენტების წახალისებას, რათა მათ მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. მადლობას ვუხდით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. სასიხარულოა, რომ ფონდი მუდმივად აფართოებს სასტიპენდიო პროგრამას. მიმდინარე სემესტრიდან სტიპენდიატების რიგები ჩვენი უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტითაც შეივსო. ეს არა მხოლოდ ნიჭიერი ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერაა, არამედ სერიოზული სტიმულიც სწავლისა და პროფესიული განვითარებისთვის. ფონდის სასტიპენდიო პროგრამა ნათლად მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის თანამშრომლობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც პატივს სცემენ და ღრმად აცნობიერებენ ქვეყნის აღმავლობაში განათლებისა და მეცნიერების განსაკუთრებულ როლს. განათლებაში ინვესტირება ნიშნავს არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობის პიროვნული განვითარების მხარდაჭერას, არამედ მათგან მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და მკვლევრების ჩამოყალიბებას, რომლებიც, უდავოდ, დადებით გავლენას მოახდენენ თავიანთ სფეროებზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, ვულოცავთ ჩვენს სტიპენდიატებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. სასიხარულოა, რომ მათი შრომა, მიზანდასახულობა და მონდომება ფასდება. ისინი სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფონდიდანაც დაფინანსდებიან და მეტი მონდომებით გააგრძელებენ შემეცნებისა და ახლის ძიების პროცესს. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით საგანმანათლებლო ფონდს პარტნიორობისთვის. ვიმედოვნებთ, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ცოდნის მაძიებელთა მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება”, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.

ცნობისათვის, დაარსებიდან დღემდე თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს 145 სტიპენდიატი და 27 პრემიის მფლობელი ჰყავს, მათ შორის 25 ახალგაზრდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებულია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და 6 პარტნიორ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, ყოველსემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს. 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?