პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, პროფესიული კურსების საუკეთესო მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების – „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება“, „ჭაბურღილების ბურღვა“ და „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარე (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟი)“ – წარმატებულ მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასო ქარსელაძემ გადასცეს.
პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში ხორციელდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსების წარმატებულ მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში საუნივერსიტეტო პროექტის მენეჯერი, დოქტორი რატი გურგენიძე და ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მუნიციპალური პროგრამის ეფექტიანობა და შედეგები შეაჯამეს, ასევე, მისი განხორციელების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
როგორც საუნივერსიტეტო პროექტის მენეჯერმა რატი გურგენიძემ აღინიშნა, მოცემულ ეტაპზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული კურსი წარმატებით გაიარა თბილისში რეგისტრირებულმა 40 მოქალაქემ, „ჭაბურღილების ბურღვის“ სრული კურსი 15-მა, ხოლო „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარის“ სრული კურსი, ასევე, 15-მა მოქალაქემ.
პროგრამის მონაწილეებს კურსების წარმატებით დასრულება მიულოცა და უახლოეს მომავალში ღირსეულად დასაქმება უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა. კარლო კოპალიანმა უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის საგანმანათლებლო სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ სამომავლო სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების გავლის შედეგად, წარმატებული მსმენელები სამომავლო დასაქმებისა და კარიერული ზრდის თვალსაზრისით მიიღებენ.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისის მერიასთან პარტნიორობით, მუნიციპალური პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, საშუალება ეძლევა მოქალაქეებს შესთავაზოს მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებული და შრომის ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი პროფესიული კურსები, რომლებსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან. სასიხარულოა, რომ პროექტის ეს ეტაპი კარგი შედეგით დასრულდა – სერტიფიკატები გადაეცა სამი კურსის 70 წარმატებულ მსმენელს. დარწმუნებული ვართ, ისინი ღირსეულად დასაქმდებიან კერძო თუ სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში, სხვადასხვა პროფილის საწარმოში, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოქალაქეების მხრიდან მაღალი აქტიურობაა და მომდევნო ეტაპებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსების გავლის სურვილი 600-ზე მეტმა თბილისელმა გამოთქვა. საგულისხმოა ისიც, რომ „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში რეგისტრაცია შეუძლია სრულწლოვან ნებისმიერ მოქალაქეს, ზედა ასაკობრივი ზღვარი კი შეზღუდული არ არის. თბილისის მერიასთან პარტნიორობით, გავაგრძელებთ პროექტის განხორციელებას და ვიმედოვნებთ, ამ შესაძლებლობას თბილისელები, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდები ეფექტიანად გამოიყენებენ, წარმატებით დასაქმდებიან და ყველა მათგანი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებ პროექტის მონაწილეებს”, – აღნიშნა კარლო კოპალიანმა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასო ქარსელაძის თქმით, პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ – ამოქმედებით, თბილისის მერია მიზნად ისახავს დედაქალაქში რეგისტრირებული, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების შესწავლას და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას.
როგორც ვასო ქარსელაძემ აღნიშნა, თბილისის მერია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას პროგრამის მომდევნო ეტაპებზეც აქტიურად გააგრძელებს.
„ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, გვაქვს სრული ინფორმაცია იმ სფეროების შესახებ, სადაც კადრების ნაკლებობაა. პროგრამა – „ისწავლე და დასაქმდი“ საუკეთესო საშუალებაა ყველა იმ თბილისელისთვის, ვისაც სურვილი აქვს, უნივერსიტეტში შეისწავლოს მოთხოვნადი პროფესიები, გადამზადდეს და აიმაღლოს კვალიფიკაცია. სამუშაო ადგილების მოძიებაში მათ თბილისის მერიისგან მხარდაჭერა ექნებათ“, – განაცხადა ვასო ქარსელაძემ.
ცნობისათვის, თბილისის მერიის მუნიციპალური პროგრამა – „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში – მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, ტრანსპორტის, საფინანსო, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროებში. პროგრამის მიზანი სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობაა.
მსგავსი
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ - დაიწყო. პროექტის განხორციელების ინიციატორია ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი...
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 11 მაისს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება....
სტუ-ის რექტორი – შევთხოვოთ ღვთისმშობელს მოგვცეს ძალა, ჩვენი არჩევანი მომავალში სიკეთედ, მშვიდობად და განვითარების შესაძლებლობად იქცეს საქართველოსთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებსა და სტუდენტებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღეს ულოცავს....
სტუ-ის რექტორი – ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა, საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს და მართლმადიდებელ მრევლს ახალი მწყემსთმთავრის...
გურამ მახარაძე – 85
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიოს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, დაბადებიდან 85-ე წლისთავს ულოცავს ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორ გურამ მახარაძეს. „ბატონო...
სტუ-ის რექტორი ახალგაზრდა პედაგოგისა და მკვლევრის ლევან დუნდუას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სამართლის დოქტორის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული...