სტუ-სა და იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების ახალ მემორანდუმს მოეწერა ხელი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაცია – KEK-ს (the High Energy Accelerator Research Organization) შორის ურთიერთგაგების ახალი, მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უნივერსიტეტის სამეცნიერო კოლაბორაციას KEK-თან, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექს J-PARC-თან (Japan Proton Accelerator Research Complex), ასევე, იაპონიის ერთ-ერთ წამყვან, SOKENDAI-ის უნივერსიტეტთან არა მხოლოდ გააღრმავებს, არამედ, ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი COMET ექსპერიმენტის მენეჯერმა, იაპონიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მრჩეველმა, პროფესორმა სატოში მიჰარამ მოაწერეს ხელი, მრავალმხრივ მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსა და იაპონიის, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცისთვის.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება იშიძუკა ჰიდეკი, საელჩოს წარმომადგენლები, სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი და უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერი CERN-სა და KEK-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ამავე ინსტიტუტის მეცნიერები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკის, ხოლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობისთვის, სტუ-ის მეცნიერთა და ინჟინერთა ინტელექტუალური შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებისა და მეგობრობისთვის – KEK-ის მეცნიერს, პროფესორ სატოში მიჰარას.

როგორც რექტორმა აღნიშნა, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ქართულ უნივერსიტეტებს, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის მეცნიერებს საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს არსებითი და მუდმივი მხარდაჭერა აქვთ.
„ახალი მემორანდუმის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და KEK-ის ერთობლივი, შორსმიმავალი გეგმების განხორციელებას არა მხოლოდ COMET ექსპერიმენტის ფარგლებში, არამედ ფუნდამენტური და გამოყენებითი ფიზიკის სხვადასხვა მიმართულებით. KEK-სა და JPARC-ში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი კვლევები, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული, სამომავლოდ გაცილებით ინტენსიური, ხოლო მათ რეალიზებაში უნივერსიტეტის მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა და სტუდენტთა წვლილი გაცილებით მასშტაბური იქნება“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა.
დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზეც, რაც ასევე გაწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმში და ითვალისწინებს, საერთაშორისო ფონდებში წარდგენის მიზნით, იაპონელ კოლეგებთან ერთად კვლევითი პროექტების შემუშავებას, ასევე, ფართო აკადემიურ და სამეცნიერო კავშირებს იაპონიის ერთ-ერთ წამყვან, SOKENDAI-ის უნივერსიტეტთან, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრები – მაგისტრანტები და დოქტორანტები ცოდნის გაღრმავებას, ამასთან ერთად, სტუ-სა და SOKENDAI-ის დიპლომების ერთდროულად მოპოვებას შეძლებენ.
რექტორის შეფასებით, მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთგაგების მემორანდუმების ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ახალგაზრდა თაობის ნიჭიერი მკვლევრებისთვის, რომლებიც საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში წარმატების მიღწევას და საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენას შეუწყობენ ხელს.
როგორც პროფესორმა სატოში მიჰარამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ გლობალურ კვლევით პროცესებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და მის მეცნიერთა ჯგუფებს ანგარიშგასაწევი სამეცნიერო წვლილი შეაქვთ. მისი თქმით: „სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და ინჟინრები აქტიურ მონაწილეობას იღებენ KEK-სა და J-PARC-ში მიმდინარე COMET ექსპერიმენტში და რთულ სამუშაოებს, იაპონელ მეცნიერებთან ერთად, მაღალ დონეზე ასრულებენ. სწორედ ამან განაპირობა KEK-ის მენეჯმენტის დიდი სურვილი და სრული მზაობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების შესახებ“.
ცნობისათვის, იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციასთან (KEK – the High Energy Accelerator Research Organization) ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ხანგრძლივი თანამშრომლობის შესახებ ორი ახალი, ასევე უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN – the European Organization for Nuclear Research) გააფორმა.
მსგავსი
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...
სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...
„საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველმა კურსდამთავრებულებმა სადიპლომო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი,...
სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...
სტუ-ის რექტორი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს დაბადების დღეს ულოცავს
ქალბატონო რუსუდან, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად და დიდი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!...