ლიზა ბუნდელიჰი – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს დიდი პოტენციალი აქვთ“

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ დიდი პოტენციალი. ჩვენ გვაქვს სურვილი, Erasmus+ დადგენილი კვოტის გარდა წარმატებულ სტუდენტებს დავუნიშნოთ სტიპენდია“, – ამის შესახებ დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლიზა ბუნდელიჰმა განაცხადა.

დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მკვლევრებმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – „ICT in Life 2024“.
ორდღიანი კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტიცაა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე გაიმართა. 

„წელს დისერტაციას ვიცავ და ამდენად, ჩემთვის კონფერენციაში მონაწილეობას დიდი დატვირთვა ჰქონდა. პირველ რიგში მაინტერესებდა ჩემ მიერ წარდგენილი ნაშრომი რამდენად საინტერესო იქნებოდა, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მეცნიერების, მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის.

Cover gtu (14).jpg

კონფერენციამ მომცა შესაძლებლობა ახალი კონტაქტები დამემყარებინა. მისასალმებელია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს გვაძლევს საშუალებას მონაწილეობა მივიღოთ საერთაშორისო კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში. ეს მოტივაციას გვიმაღლებს, გამოცდილებას გვმატებს და გვაძლევს საშუალებას უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა გავუზიაროთ ჩვენს უცხოელ თანატოლებს”, – ასე აფასებს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი ნინო ღუდუშაური სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას. 

სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – „ICT in Life 2024“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის 80-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის შედეგები, ინტერდისციპლინური კვლევები და ინოვაციური იდეები. 

დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენლის ლიზა ბუნდელიჰის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტის განათლებას აძლევს. 

„ვიცოდი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი დიდი უნივერსიტეტი, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის საერთაშორისო დონის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ მიიღონ განათლება და გახდნენ მაღალი დონის პროფესიონალები.

ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს სტუდენტებს შორის, რომელთაც კონფერენციაზე წარმოადგინეს ძალიან საინტერესო თემები, რაც მათი ხანგრძლივი მუშაობის შედეგია. ჩვენ გვაქვს სურვილი, Erasmus+ დადგენილი კვოტის გარდა, წარმატებულ სტუდენტებს დავუნიშნოთ სტიპენდია.

მოხარული ვარ თანამშრომლობით, რომელიც მოიცავს გაცვლით პროგრამებს, კვლევებს, სხვადასხვა ღონისძიებას. კონფერენციამ ასევე მოგვცა საშუალება, გაგვეცნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და მკვლევრების მოღვაწეობა“, – განაცხადა დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლიზა ბუნდელიჰმა. 

ინფორმაციისთვის: სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციის – „ICT in Life 2024“, მიზანს წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კვლევებისა და ინოვაციური იდეების რეალიზაციისათვის მოტივაციის შექმნა და მათი ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობა. კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

”ჰორიზონტი ევროპის” ეროვნული ოფისი საინფორმაციო შეხვედრების ციკლს იწყებს – პირველი შეხვედრა სტუ-ში იმართება

23 ოქტომბერს, 11:30 საათზე, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისისა და ”ჰორიზონტი ევროპის” ეროვნული ოფისის ერთობლივი ორგანიზებით ვიწვევთ დოქტორანტებს, პოსტდოქტორანტებს და ახალგაზრდა მეცნიერებს საინფორმაციო შეხვედრებზე. 
 
აღსანიშნავია, რომ “ჰორიზონტ ევროპის” ეროვნული ოფისის წარმომადგენლები, ოქტომბერში გეგმავენ საინფორმაციო შეხვედრების ციკლს, სადაც დაინტერესებულ პირებს ყველა იმ შესაძლებლობას გააცნობენ, რომელთაც “ჰორიზონტი ევროპა” და  COST-ი ახალგაზრდა მეცნიერებს სთავაზობს. 

საგულისხმოა, რომ პირველი ასეთი შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის, ადმინისტრაციულ კორპუსის, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართება. 

სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა პოლონელ მეცნიერებთან შეხვედრები ჩაატარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (WUST, პოლონეთი) კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორებთან – ჰალინა კვაშნიცკასა და ურშულა მარკოვსკა-კაჩმართან შეხვედრები ჩაატარეს. 

პოლონელი მეცნიერები უნივერსიტეტში ვიზიტისას შეხვდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თალიკო ჟვანიას, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებსა და სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს, რომელთაც ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი წარუდგინეს, ესაუბრნენ კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და მიმდინარე კვლევების შესახებ. შეხვედრებზე მათ ყურადღება გაამახვილეს WUST-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის სამეცნიერო შესაძლებლობებზე და კოლეგებსა და სტუდენტებს მისი პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებები გააცნეს. 

Cover gtu.png (28).jpg

თავის მხრივ, პოლონელ კოლეგებს სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის 67-წლიანი ისტორიის, სამეცნიერო გამოცდილების, კვლევითი მიმართულებების და საერთაშორისო პროექტების შესახებ ესაუბრნენ და მდიდარი ვიზუალური მასალა წარუდგინეს ფაკულტეტის დეკანმა, დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა და მკვლევრებმა.

როგორც სტუ-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჩხაიძე აღნიშნავს, ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეცნიერთა ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტთან, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტთან სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას უკავშირდება. 

„WUST-ის ცნობილ მეცნიერთა ვიზიტი ჩვენს უნივერსიტეტში ნაკარნახევია სურვილით, გააძლიერონ და გაცილებით მასშტაბური გახადონ სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტთან. პროფესორები ჰალინა კვაშნიცკა და ურშულა მარკოვსკა-კაჩმარი განსაკუთრებით არიან დაინტერესებული კვლევითი კოლაბორაციით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტთან.

ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი სწორედ პროფესორმა კვაშნიცკამ დააარსა 2004 წელს და მას 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი საერთაშორისო და ევროკავშირის კვლევითი პროექტი ხელოვნური ინტელექტის მეთოდების გამოყენებაზე მედიცინაში, გამოსახულების ანალიზსა და ბუნებრივი ენის დამუშავებაში. პროფესორ მარკოვსკა-კაჩმარის კვლევითი ინტერესები კი მოიცავს ხელოვნური ინტელექტის მიმართებას ღრმა ნერვულ ქსელებთან და მათი აპლიკაციების შემუშავებას. ორივე მეცნიერი არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელი და მრავალი ნაშრომის ავტორია. 

პოლონელი მეცნიერები შეხვდნენ და ესაუბრნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტისა და მისი მომიჯნავე დეპარტამენტების მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, სტუდენტებს.

აღსანიშნავია, რომ მათ მაღალი შეფასება მისცეს როგორც ჩვენი ფაკულტეტის სასწავლო-კვლევით ინფრასტრუქტურას, ასევე, ინტელექტუალურ-სამეცნიერო პოტენციალს.

შედგა არაერთი საინტერესო შეხვედრა, რომლებზეც კონკრეტული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და თანამშრომლობის გზები განვიხილეთ. მათ შორის, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები კვლევით პროექტზე მედიცინის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თაობაზე.

ამ კვლევით პროექტში ჩვენი ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის მეცნიერები და სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

ასევე, ვგეგმავთ არქეოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ კვლევით პროექტში ჩვენი უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტიც მიიღებს მონაწილეობას“, – ამბობს მარიამ ჩხაიძე. 

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრებზე, გარდა კვლევითი კოლაბორაციისა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც განიხილეს. 

„პროფესორებთან – ჰალინა კვაშნიცკასა და ურშულა მარკოვსკა-კაჩმართან შეხვედრებზე ვიმსჯელეთ აკადემიურ თანამშრომლობაზე, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და ერთობლივი საგრანტო პროექტების განხორციელებაზე, ასევე, ვისაუბრეთ სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობის პროცესის გააქტიურებისა და პოლონელ კოლეგებთან პარტნიორობით, კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე სტუდენტების მონაწილეობით.

გარდა ამისა, განვიხილეთ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნების შესაძლებლობები. ვფიქრობთ, ორივე უნივერსიტეტისთვის ყველა ეს კომპონენტი, სასწავლო პროცესის მდგრადობის მხრივ, უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს თალიკო ჟვანია.

ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (WUST, პოლონეთი) ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორებმა, ვიზიტის ფარგლებში, დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი საუნივერსიტეტო ცენტრი, მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია და მუზეუმი, ასევე, სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტურ პროექტებსა და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ. 

სტუ-ის მენტორინგისა და ტუტორინგის ცენტრი ფუნქციონირებას იწყებს

10-11 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მენტორინგისა და ტუტორინგის ცენტრი ფუნქციონირებას იწყებს. 

საწყის ეტაპზე ფაკულტეტების დეკანის მოადგილეებისთვის და მენტორებისთვის ტრენინგ კურსი გაიმართება. 

ორდღიანი ტრეინინგი, სტუ-ის მენტორინგისა და ტუტორინგის ცენტრში 10-11 ოქტომბერს, 11:00 დან 14:00 მდე ჩატარდება. 

მისამართი: სტუ-ის 1 კორპუსი, ოთახი 223. 

სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ პროფესორ მარინე მაისურაძეს უნივერსიტეტის „ოქროს მედალი” გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ მარინე მაისურაძეს სტუ-ის „ოქროს მედალი“ გადასცა. 

როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მარინე მაისურაძემ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა და უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია.

იგი, ასევე, მონაწილეობდა არაერთი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროექტის დამუშავებაში, მათ შორის: მრავალფუნქციური საავადმყოფოს კომპლექსის უზნაძის ქუჩაზე, მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრის კომპლექსის “ქალაქის გული” აბაშიძის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაფარეულის ქუჩაზე (ქ. თბილისში), ინდივიდუალური სახლების ქ. თბილისში, წავკისში, ქ. წყალტუბოში და სხვა; მონაწილეობდა მრავალ არქიტექტურულ შემოქმედებით კონკურსებსა და სამეცნიერო კონფერენციებში; ჩატარებული აქვს კვლევები მხატვრულ-ისტორიულ და არქიტექტორულ თემატიკაზე; ავტორია სამეცნიერო პუბლიკაციებისა და წიგნის “მეთოდური მითითებები არქიტექტურაში”; მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

„უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე მარინე მაისურაძის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო – ოქროს მედალი მიენიჭებინა. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ქალბატონ მარინეს ამ საპატიო ჯილდოს”, – აღნიშნა დავით გურგენიძემ. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო – „ოქროს მედალი” გაიცემა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის.

„ოქროს მედალი“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის წარდგინების საფუძველზე გაიცემა.

დაჯილდოებულ პირს, ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გადასცემს.

სტუ-ის ჯილდო დაარსებიდან დღემდე, 70-მდე პირს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 

სტუ კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში წელსაც ჩაერთო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, საჯარო ლექცია  “კიბერჰიგიენა”, გაიმართა. 

კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ციფრული მმართველობის სააგენტოს  წარმომადგენლებმა, საჯარო ლექციაზე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს ინფორმაცია გააცნეს კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის პრაქტიკის, ჩვევებისა და ზომების ერთობლიობაზე, რომელიც გამოიყენება ცალკეული ინდივიდებისა და ორგანიზაციების მიერ კომპიუტერული სისტემების, მოწყობილობების, ქსელებისა და ონლაინ აქტივობების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და კიბერრისკების მინიმუმამდე შესამცირებლად.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, თანამედროვე სამყაროში ციფრული ინოვაციების მუდმივად განვითარების პირობებში პირადი თუ საქმიანი ინფორმაციის დაცვის საჭიროება სულ უფრო იზრდება.  აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით,  ოქტომბერში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდება, რაც, თავისთავად შეამცირებს რისკებს. 

„მსოფლიო მასშტაბით, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობის, მოქალაქეებისა და  ორგანიზაციებისთვის კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის პოპულარიზაციას ეძღვნება. ყველა პროფესია მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს, 21- ე საუკუნეში, ყველა სეგმენტში წამყვანი დარგი ინფორმატიკა და მართვის სისტემებია. ციფრული ტექნიკა ჩვენი ყოველდღიურობის უცვლელი ნაწილია და საზოგადოება ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად ხდება მასზე დამოკიდებული, ამდენად, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი და ბუნებრივია, ეს პროცესი მხოლოდ ოქტომბერთან არ ასოცირდება”, – განაცხადა თალიკო ჟვანიამ. 

საჯარო ლექციის დასასრულს, ციფრული მმართველობის სააგენტომ სტუდენტებისათვის სახალისო და შემეცნებითი კონკურსები მოაწყო.

გამარჯვებულებს  სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, სადაც ასევე, ასახულია კიბერუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო რეკომენდაციები.

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორი თამარ ლომინაძე და პროფესორი თამარ წერეთელი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (Northwestern Polytechnical University) დელეგაციას შეხვდნენ. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ:  ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ბოსტანაშვილი და დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილე, პროფესორი გოჩა მიქიაშვილი. ასევე, ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ჯიე კონგი,  ქინგჯიანგ ჟენგი, ჟაოვენ ლიუ. 

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა ორიენტირებულია ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე. 

2 (7).png

“ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი არის მრავალდარგობრივი და კვლევისკენ ორიენტირებული უნივერსიტეტი, რომელიც თანაბრად ავითარებს განათლებისა და კვლევის პროგრამებს აერონავტიკის, ასტრონავტიკისა და საზღვაო ტექნოლოგიური ინჟინერიის სფეროებში.

თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო და ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებების უმაღლესი სკოლა, სადაც სწავლება-სწავლის და კვლევების პროცესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.

ჩინელ კოლეგებთან ერთად მიმოვიხილეთ ორ უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. დარწმუნებული ვარ, ჩვენსა და ჩინელ კოლეგებს შორის არსებული სამეცნიერო კავშირები და ის მეგობრობა, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის არაერთ უნივერსიტეტს აკავშირებს, ახალ საფეხურზე გადავა, რაც ახალ გეგმებს, ახალი სამეცნიერო მიღწევებს, ახალ კონტაქტებს, სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს გულისხმობს”, – განაცხადა თამარ ლომინაძემ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თამარ წერეთლის თქმით, ახლო მომავალში იგეგმება ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა, ჩინელ კოლეგებთან ერთად, ინოვაციების ერთობლივად დანერგვის მიმართულებით იმუშაონ. დარწმუნებული ვართ, განათლებისა და მეცნიერების დარგში კოლაბორაცია დადებით შედეგს მოუტანს როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტს, ასევე, ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს და საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობებს გაცილებით მრავალმხრივს გახდის”, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

ვიზიტის ფარგლებში ჩრდილო-დასავლეთ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიები დაათვალიერეს. 

სტუ-ის რექტორი აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის გარდაცვალების გამო ოჯახს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

გარდაიცვალა განათლების სფეროს საერთაშორისო სივრცეში აღიარებული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს. 

„გარდაიცვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორი, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი.

პაატა კოღუაშვილი ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე. 

Cover gtu.png (23).jpg

აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი 70- ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე-მომხსენებელია, არის 300 სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი – აგროეკონომიკურ, სასურსათო უშიშროების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, მიწისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის პრობლემებზე.

პაატა კოღუაშვილს სხვადასხვა დროს იყო პირველი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991), აგრარული რეფორმის ქვეკომისიის თავმჯდომარე, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე აგრარულ საკითხებში (1992). მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95), საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მას 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, ხოლო 1995 წლის აგვისტოში საქართველოს კონსტიტუციაზე. არის ღირსების ორდენის კავალერი. 

აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი სამეცნიერო ნარჩენები აგრარული ეკონომიკის მიმართულებით დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია. მისი მოწაფეები დღეს აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები არიან. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სამძიმარს პაატა კოღუაშვილის ოჯახს! უფალმა დაუმკვიდროს, სასუფეველი და მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში. 

სტუ-ში სტუდენტური კონფერენცია – „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მონრეალის ოქმის ვალდებულებათა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტური კონფერენცია – „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“, გაიმართა. 

კონფერენციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა, ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ოზონის ეროვნული ერთეულის ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის მრჩეველი გენდერის საკითხებში ანა ლობჟანიძე. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, ოზონის შრის დაცვა, ოზონის შრის შენარჩუნებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის საფუძვლიან განხილვა, კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესია, მით უფრო, რომ ოზონის შრეს დიდი როლი აკისრია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვაში.

Cover gtu (11).jpg

როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა განაცხადა, 21-ე საუკუნის გამოწვევებმა გარკვეული პრობლემები წარმოქმნა და დასაცავი გახდა ოზონის შრე, რომელიც თავად გვიცავს.

„ციური სხეულის აირადი გარსის გარეშე, კოსმოსის რადიაციის გავლენით, გარემო სულ სხვაგვარი იქნებოდა. ატმოსფეროს მეორე ფენაში, სტრატოსფეროში, ოზონის შრეა განლაგებული, რომელიც მზისგან მომავალი მავნე რადიაციისგან გვიცავს, ოზონის შრის გარეშე, ჩვენი პლანეტა 3,5 კელვინით უფრო ცივი იქნებოდა. 21-ე საუკუნე მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაა, რაც გარემოზე ასახვას პოვებს. შემთხვევითი არაა, რომ სტუდენტური კონფერენციის ორგანიზატორები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად არიან გაეროს განვითარების პროგრამა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და  გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი, არიან.

სწორედ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ოზონის შრის დაცვის გზები. სასიხარულოა, რომ კონფერენციამდე სტუდენტებს შორის გამოცხადებულ ღია კონკურსზე – „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად”, რომელიც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, გაეროს განვითარების პროგრამის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამოცხადდა, სტუდენტებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო ნაშრომები, რომელთა საფუძველზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტის მიზანმა – ცნობიერების ამაღლება ოზონის შრის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ზოგადად, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის – გაამართლა. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს”, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

კონფერენციის დასასრულს, გამარჯვებულ სტუდენტებს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტს, გიგი სახოკიას გადაეცა მონაწილის სერტიფიკატი თემისთვის „ოზონის შრე“.

მესამე ადგილის მფლობელი გახდა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანასტასია დვალიშვილი თემით – „პასუხი გამოწვევაზე – ოზონის შრის დაცვა და კლიმატის ცვლილება”.

მეორე ადგილის თანამფლობელები გახდნენ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები გიორგი ოთიაშვილი და ნინო შველიძე თემით „გაკვეთილები კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად”.

პირველი ადგილი კი მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიული პროგრამა „ჰაერის კონდიცირების“ სტუდენტმა შოთა სირაძემ, თემით – „ინოვაციური კონსტრუქციის სამკონტურიანი გათბობა-გაგრილების ქვაბი.” 

ასევე, კონფერენციის დასასრულს გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – „გენდერი და სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სფერო“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა. 
 

უნიკალური შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისთვის!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი, გერმანელი მეწარმისა და სტუ-ის საპატიო დოქტორის, კლაუს ჰიპის მხარდაჭერით, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაიარონ ერთთვიანი პრაქტიკა გერმანიაში, კომპანია ჰიპში.

თუ გაქვთ კრეატიული და საინტერესო იდეა ბიზნესის, დიზაინის ან მეწარმეობის სფეროში, ჩამოტვირთეთ სააპლიკაციო ფორმა, შეავსეთ და გადმოგვიგზავნეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: grantsoffice@gtu.ge

აპლიკაციის შევსებისა და პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა: 20 ოქტომბერი, 24:00.

გამარჯვებულს კი, 26 ოქტომბერს, პირადად, კლაუს ჰიპი გამოავლენს.

გისურვებთ წარმატებას!

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?