სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, სტუ-ის საპატიო დოქტორმა ვილჰელმ ჰაუზერმა გამართა საჯარო ლექცია, თემაზე „ეკონომიკური დანაშაული“.

საჯარო ლექციას დაესწრნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

საჯარო ლექციის – “ეკონომიკური დანაშაული”, ფარგლებში პროფესორმა ვილჰემ ჰაუზერმა, გერმანიის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით, საინვესტიციო თაღლითობის, ფინანსური, გაკოტრების, გაანგარიშებაში დანაშაულის არსებობის, კონკურენციის, შრომითი და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ქეისები განიხილა.

„ორგანიზებული დანაშაული კრიმინალური საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში ფორმაა. ორგანიზებულ დანაშაულს გააჩნია სხვადასხვა გამოვლინება, როგორიცაა, ეკონომიკური დანაშაული, ადამიანის ან ქონების გატაცება მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ნარკოტიკებით, ცეცხლსასროლი იარაღით, ფეთქებადი ნივთიერებებითა და ანტიკვარული ნივთებით უკანონო ვაჭრობა, კონტრაბანდა, თაღლითობა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩართულია კორუფციასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში. ორგანიზებული დანაშაულის განვითარებას ხელს უწყობს საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა. საზოგადოების ყველაზე დაუცვლი ნაწილი მოზარდები და სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები არიან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ადვილად შეიძლება მოექცნენ კრიმინალური სამყაროს გავლენის ქვეშ. საჯარო ლექციის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკური დანაშაულის შემადგენლობას, ვეცდებით მაგალითების გამოყენებით უფრო თვალსაჩინო გავხადოთ როგორ შეიძლება დავიცვათ საზოგადოება”, – განაცხადა ვილჰემ ჰაუზერმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან: ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სენატორი მიხაელ ჰარცი, პროფესორები ვილჰელმ ჰაუზერი და შტეფან ჰუტერი, პანონიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბიეტა ფეჰერვოლგუი და პროფესორი ვიქტორია ცუპონი.

სტუ, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით, აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი სალომე მახარაძე, ქალაქ ზესტაფონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების საჯარო და კერძო სკოლების აბიტურიენტებს, ასევე, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეხვდა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა გააცნო, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამად არის აღიარებული.

როგორც სალომე მახარაძე აღნიშნავს, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, დარგის პოპულარიზაციისა და ციფრული ტელეკომუნიკაციის ინჟინერიით ახალგაზრდა თაობის დაინტერესების მიზნით, ღია კარის ფორმატში, რეგულარულ შეხვედრებს ატარებს სამიზნე ჯგუფებთან – როგორც დედაქალაქის, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, სკოლების დირექტორებთან  და პედაგოგებთან.

მისი თქმით, ქალაქ ზესტაფონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ინტერესით გაეცნენ ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას, ასევე, დასაქმების იმ პერსპექტივებს, რაც ციფრული ტელეკომუნიკაციის ინჟინრის მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების შედეგად არის მოსალოდნელი. 

„მოზარდები აქედანვე უნდა იყვნენ ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ შრომის ბაზარზე ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ძალიან მოთხოვნადია და ამ პროფესიის მქონე ახალგაზრდა აუცილებლად მოიძიებს მაღალანაზღაურებად სამსახურს. სწორედ სკოლის მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ და განვუმარტოთ, თუ რა პერსპექტივები აქვს ამ დარგს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო სივრცეში. არაერთი საინტერესო შეხვედრა შედგა ზესტაფონის N1, N3, N7 საჯარო სკოლების და კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, პედაგოგებთან, დირექტორებთან. ღია კარის ფორმატში შევხვდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: კლდეეთის, ცხრაწყაროს, კვალითის,  I და II სვირის, საზანოს, საქარის, ბოსლევის, დილიკაურის, შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც ციფრული სატელეკომუნიკაციო დარგის მნიშვნელობაზე ვესაუბრე, წარვუდგინე ვიზუალური პრეზენტაცია ჩვენი საბაკალავრო პროგრამის შესახებ, დავურიგე ვრცელი საინფორმაციო ფურცლები და ბუკლეტები. მოსწავლეებს გავუზიარე ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შესაძლებლობების შესახებ, გავაცანი სასწავლო გარემო, ინფრასტრუქტურა, ვისაუბრეთ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებსა და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაზე, სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე; რაც მთავარია, განვიხილეთ კარიერული განვითარების შესაძლებლობები და დასაქმების ის პერსპექტივები, რისი მოლოდინიც უნდა ჰქონდეთ ჩვენი უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ ახალგაზრდა პროფესიონალ კადრებს ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროგრამის დასრულების შემდეგ. სასიხარულოა, რომ შეხვედრებმა თბილ გარემოში, ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა და მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია“, – აღნიშნავს სტუ-ის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი სალომე მახარაძე.  

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო შეხვედრები თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან მიმდინარე წლის 15 ივლისამდე გაგრძელდება.

სტუ-ში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია — „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა მე-8 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია — „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) სენატორი მიხაელ ჰარცი, პროფესორები ვილჰელმ ჰაუზერი და შტეფან ჰუტერი, პანონიის უნივერსიტეტის (უნგრეთი) ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბიეტა ფეჰერვოლგუი და პროფესორი ვიქტორია ცუპონი.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში თამარ ლომინაძემ. მან მადლობა გადაუხადა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს კონფერენციის ორგანიზებისთვის, ასევე, კონფერენციის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებმა მოახერხონ და იპოვონ ოპტიმალური ბალანსი გლობალიზაციას, ბიზნესისა და ეკონომიკის თვითკმარობის აუცილებელ დონეს შორის.

„კონფერენციის თემატიკა, მეცნიერებს შორის დიალოგი, აზრთა გაცვლა კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მივიღოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე. დღეს მსოფლიო უამრავი გამოწვევის წინაშეა. გლობალური მიწოდება-მომარაგების ჯაჭვი მიბმულია ბიზნესზე, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე. სპეციალისტები გლობალიზაციასა და ეკონომიკურ ნაციონალიზმს შორის ახალი ბალანსის ძიების პროცესში არიან. ამ ფონზე, გლობალური პრობლემების მოგვარებისათვის პრიორიტეტულ ამოცანად საერთაშორისო კონსოლიდირება რჩება. ცხადია, ეს ბევრ ფაქტორზე, პოლიტიკურ ნებაზე და რესურსებზეა დამოკიდებული. მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და ბიზნესის დარგში მოღვაწე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს და მკვლევრებს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქვეყანა ჩაკეტილი იყო, მათ მოახერხეს შეექმნათ ერთიანი სივრცე, უცხოელ პარტნიორებთან ემსჯელათ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე კვლევებზე. კონფერენციის მონაწილეები დამეთანხმებიან, რომ ეს იყო ეკონომიკის, ბიზნესის გადასარჩენად გადადგმული საუკეთესო ნაბიჯი, რამაც, თითქმის ოთხი წლის შემდეგ დადებითი შედეგი დაგვანახა. რომ არა ერთიანობა, საერთო ხედვები და მცდელობა რაც შეიძლება ნაკლებად დავზარალებულიყავით, მსოფლიოში და შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში რთული ვითარება იქნებოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმარა, რათა ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი – ბიზნესი, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი განვითარებულიყო. გლობალიზაცია გულისხმობს გამოწვევებს არა მხოლოდ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის. ამდენად, უაღრესად საინტერესოა ის ინოვაციები და ახალი რეკომენდაციები, რომელზეც იმსჯელებენ კონფერენციაზე. წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, მსოფლიოში მეცნიერების ჩართულობით ირკვევა, საით უნდა განვითარდეს ეკონომიკისა და ბიზნესის პარადიგმები და კონფერენციებზე მსჯელობა მნიშვნელოვანია, სწორად განისაზღვროს ეკონომიკური მეცნიერების მიმართულებები.

„კონფერენცია ხელს უწყობს, როგორც მონაწილეთა შორის მეცნიერული მიდგომების გაზიარებას, ასევე სტუდენტთა, მომავალ მეცნიერთა ჩართულობით, სამომავლო პერსპექტივების შემუშავებას ევრაზიის ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. მადლობას მოვახსენებ კონფერენციის მონაწილეებს და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

კონფერენციის ფარგლებში მუშაობა ხუთ სექციად წარიმართა. კერძოდ: 

  • ბიზნესისა და მენეჯმენტის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები. სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი ევგენი ბარათაშვილი;

  • ფინანსების, საბანკო საქმის, საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და ანალიზის აქტუალური პრობლემები. სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი გიორგი ცაავა;  

  • ტურიზმისა და მარკეტინგის გამოწვევები და პერსპექტივები. სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი ლელა კოჭლამაზაშვილი; 

  • საჯარო მმართველობა და სამართალი. სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი შოთა დოღონაძე;

  • სოციალური მეცნიერებები და მულტიდისციპლინური კვლევები. სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი ანზორ აბრალავა.

სტუ-ის საცურაო აუზის მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის 4 ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის 4 ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს პირველობა კადეტთა შორის ქუთაისში, ოლიმპიურ აუზზე ჩატარდა და მასში მოინაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და კლუბების ნაკრებებმა. ტურნირი ჩატარდა 2009-2010 წელში დაბადებულ ვაჟებსა და 2010-2011 წელში დაბადებულ გოგონათა შორის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი „ტონუსის” 12 მოცურავიდან რვამ მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულთა შორის არიან: 

  • სალი შერბაევა – ესტაფეტა (2 ოქრო, 1 ვერცხლი); 

  • აკაკი მღებრიშვილი – ესტაფეტა (1 ვერცხლი, 2 ოქრო); 

  • თინა აბზიანიძე – ესტაფეტა (2 ბრინჯაო);

  • ლუკა მარწყვიშვილი – ესტაფეტა ( 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო);

  • მარიამ ხიტალიშვილი – ესტაფეტა (2 ვერცხლი); 

  • ნინო ერაძე – ესტაფეტა (2 ვერცხლი); 

  • ნიკოლოზ მიქაშავიძე – ესფაეტა (1 ვერცხლი); 

  • ანდრია ქაჯაია – ესტაფეტა (1 ვერცხლი).

ასევე, საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის გოგონების ჯგუფმა მოიპოვა ოთხი ვერცხლის მედალი – 100 მ. თავისუფალ ყაიდაზე  ცურვაში და ოთხი ვერცხლის მედალი – 100 მ. კომბინირებული ესტაფეტაში. ხოლო, ვაჟების გუნდმა მოიპოვა 4 ვერცხლის მედალი 100 მ. კომბინირებული ესტაფეტაში.

სტუ-ში კონსტანტინე აფხაზისა და 14 ოფიცრის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ადმინისტრაციისა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა არტილერიის გენერალ-მაიორის კონსტანტინე აფხაზის და მასთან ერთად 1923 წლის 20 მაისს ვაკის პარკში ჩეკისტების მიერ დახვრეტილი 14 ოფიცრისა და ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.

უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 1923 წლის 20 მაისს დახვრეტილთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ხოლო დეკანოზმა ლევან ფირცხალაიშვილმა დაღუპულთა სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადა. ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაგრძელდა, სადაც ამ დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა – “წარსული უკეთესი აწმყოსა და მომავლისთვის” გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.  აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, დიდი ილია ჭავჭავაძის დისწულის კონსტანტინე აფხაზის და მასთან ერთად დახვრეტილი “სამხედრო ცენტრის” 14-ვე წევრის: გენერლების –  ალექსანდრე ანდრონიკაშვილის და ვარდენ წულუკიძის, ოფიცრების – როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილის, ელიზბარ გულისაშვილის,  ალექსანდრე მაჭავარიანის, დიმიტრი ჩრდილელის, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის, ფარნაოზ ყარალაშვილის, ლევან კლიმიაშვილის, ნიკოლოზ ზანდუკელის და ივანე ქუთათელაძის, იასონ კერესელიძისა და სიმონ ჭიაბრიშვილის, ცხოვრება და მოღვაწეობა, თაობებისთვის სამაგალითოა. რექტორის თქმით, კონსტანტინე აფხაზმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს უკეთეს მერმისზე ფიქრსა და ბრძოლაში გაატარა და საბოლოოდ ზვარაკად შეეწირა მას.

„ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ქართული სახელმწიფოებრიობის რენესანსის  პერიოდში შოთა რუსთველმა ბრძანა „წინა კაცი უკანასი, ხიდია“, ილია ჭავჭავაძემ კი განავრცო და თქვა, რომ  რუსთველის ნააზრევის გათვალისწინების გარეშე, ვერ გავაცნობიერებთ, თუ „საიდამ მოვდივართ და საით მივდივართ“. კონსტანტინე აფხაზი ერთ-ერთი მათგანია, ვინც სამშობლოსთვის იღვაწა. მის სახელს უკავშირდება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, დიდია მისი როლი პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების და ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტს, რომელიც ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო, სხვებთან ერთად, კოტე აფხაზიც აწერდა ხელს. როდესაც კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი ჩეკისტებმა დახვრიტეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო – „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა იცხოვრო სამშობლოსთვის. დღეს, ქართველი პატრიოტების დახვრეტიდან 101 წლის შემდეგ, მომავალი თაობებისათვის მუდამ ზნეობრივ გაკვეთილად დარჩება ჯალათების წინაშე უდრეკად მდგომი 15 ქართველის გმირობა. სწორედ ასეთი სულისკვეთებაა  “მამული, ენა და სარწმუნოება”, რომელიც ჩვენ, პედაგოგებმა უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს. მათ უნდა იცოდნენ  წარსული და პატივი სცენ წინაპრებს, რათა მშვიდობიან გარემოში ააშენონ საქართველოს მომავალი. ეს არის ჩვენი უმთავრესი მისია. დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც 15 ქართველი სამშობლოს სიყვარულისთვის დახვრიტეს. 1923 წლის 20 მაისიდან 100 წლის შემდეგ, მთავრობისა და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ჩართულობით, აქ მემორიალი გაიხსნა. მსგავსი მიდგომა მიუთითებს რაოდენ ძვირფასია ქვეყნის მმართველი ძალისთვის საქართველოს ისტორია, წარსული, რომელიც უკეთეს აწმყოსა და მომავალს ქმნის”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა გიორგაძემ. მისი თქმით, 20 მაისი საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა.

“15 მამულიშვილი შეეწირა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას. ჩეკისტებმა ისინი სასტიკად აწამეს, მაგრამ ჯალათებმა ვერც ერთი ვერ დააჩოქა. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას. მათგან ასეთი დამოკიდებულება გვაიმედებს,  რომ საქართველოს უკეთესი მომავლი ელის. ჩვენ კი ახალგაზრდებს ყოველთვის უნდა შევახსენოთ, ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები, როგორ იცავდნენ სამშობლოს და როგორ სწირავდნენ თავს. დაე, არასდროს დაგვჭირვებოდეს მამულიშვილთა ზვარაკად შეწირვა და სახელმწიფო სტაბილურ ვითარებაში გვეშენებინოს”, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.

შეხვედრაზე – „წარსული უკეთესი აწმყოსა და მომავლისთვის”, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა,  ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი წერეთელმა.

“პოლიტიკაში აღმატებული ღირებულება თავისუფლება და დამოუკიდებლობაა. ყველა ადამიანის ისტორია, რომელთა ცხოვრება უკავშირდება დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ის მომავალი თაობებისთვის სამაგალითოა. 70 წელი იბოგინა საქართველოში ანექსიამ და  წინაპრები თავისუფლებისათვის ბრძოლაში დიდი სტიმული  იყო და იქნება მომავალი თაობებისთვისაც. მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, იმისთვის, რომ არ ივიწყებენ გმირებს”, – განაცხადა ირაკლი წერეთელმა.

ცნობისთვის, კონსტანტინე აფხაზი და მასთან ერთად დახვრეტილი მისი 14 თანამებრძოლი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ.

სტუ-ის სტუდენტებმა და მკვლევრებმა TAD Week-ში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულში (TAD Week) მონაწილეობა მიიღეს.

TAD Week-ი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით, ასევე, მთავარი პარტნიორების: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (Politecnico di Milano, იტალია), ევროკავშირის პროგრამა „Erasmus+“-ის და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

მიმდინარე წელს, TAD Week-ის ქოლგის ქვეშ გაერთიანდა როგორც თბილისის არქიტექტურული კვირეული (TAW), ასევე, თბილისის დიზაინის კვირეული (TDW). შედეგად, TAD Week-ი ჩამოყალიბდა კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პლატფორმად, რომლის მიზანი არქიტექტურის, ურბანისტიკის, კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინისა და ხელოვნების სფეროს წარმოჩენა, ხელშეწყობა და განვითარებაა.

როგორც TAD Week-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი მარიამ ბოჭორიშვილი აღნიშნავს, კვირეულის ყოველწლიური ციკლური ღონისძიებები აერთიანებს შესაბამის სფეროებში მოღვაწე ქართველ და უცხოელ პროფესიონალებს, სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციებს, სტუდენტებს, ენთუზიასტებსა და დაინტერესებულ მხარეებს. მისი თქმით, წლევანდელი TAD Week-ის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები: კონფერენციები, ლექციები, პანელური დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები, გამოფენები, არქიტექტურული ტურები, რომლებზეც საქართველოს ტექნიკური და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტების მკვლევრებმა სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს პირადი გამოცდილება და სამეცნიერო სიახლეები გაუზიარეს, ასევე, არქიტექტურასა და ურბანისტიკაში უახლესი გამოწვევები და ინოვაციური მიდგომები გააცნეს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე აღნიშნავს, მეცნიერების, არქიტექტურისა და დიზაინის სინერგია ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ხოლო თანამედროვე ურბანისტიკაში არსებული გამოწვევების დაძლევა მეცნიერებასთან მჭიდრო კოლაბორაციითაა შესაძლებელი.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები, მკვლევრები წელსაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი TAD Week-ის მუშაობაში იტალიელ კოლეგებთან – მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად. 21-ე საუკუნეში, მეცნიერების, არქიტექტურის და დიზაინის სინერგიის გარეშე ნებისმიერი სახელმწიფოს წინსვლა წარმოუდგენელია. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ურბანისტიკასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები მხოლოდ მეცნიერებასთან მჭიდრო კოლაბორაციით თუ დაიძლევა. დარწმუნებული ვართ, წლევანდელი კვირეული ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი უნივერსიტეტისა და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს და იტალიის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, ორივე ქვეყნის ახალგაზრდებს შორის დიალოგის განვითარებას, კვლევითი და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რაც ახალი გამოწვევების დაძლევის მიმართულებით, ორივე ქვეყანას დიდად წაადგება“, – აღნიშნავს თამარ ლომინაძე.

თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA TBILISI) გაიმართა, დამსწრე საზოგადოებას  მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე თამარ ლომინაძემ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ხვედელიანმა. კვირეულის მონაწილეებსა და მიწვეულ სტუმრებს მიესალმნენ და მოკლე თემატური პრეზენტაციები წარუდგინეს სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა: სტეფანო კაპოლონგომ, ანდრეა რებეკმა, მაურო ატილიო ჩეკონელომ, დავიდე სპალაცომ, ნორა ლომბარდინიმ და ელენა სოლერომ.

TAD Week-ის მუშაობა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე, სამ სექციად წარიმართა: სოციალური არქიტექტურა; დიზაინი კულტურისთვის; ურბანული რეგენერაცია კულტურული მემკვიდრეობის მეშვეობით. სექციებზე ქართველმა და იტალიელმა მკვლევრებმა წარმოადგინეს მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის: არქიტექტურა და ჯანმრთელობა; ქალაქები და ჯანმრთელობა; დიზაინი კულტურული მემკვიდრეობისთვის; ურთიერთქმედების დიზაინი: ჰუმანიზაციის ტექნოლოგია; არქიტექტურული მემკვიდრეობის შეცნობა და გაძლიერება; ქალაქების ადაპტაცია ხელახალი გამოყენებისთვის და სხვა. აღნიშნულ კვლევებთან დაკავშირებით, კვირეულის სექციებში ჩატარდა არაერთი ლექცია, ვორქშოფი, პანელური დისკუსია და საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები.

TAD Week-ის ფარგლებში, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ, ვიზუალური მასალის თანხლებით, წარადგინა კვლევა – „თბილისის კულტურული მემკვიდრეობა არქიტექტურისა და დიზაინის მეშვეობით“. გარდა ამისა, ნინო იმნაძემ და სტუ-ის მკვლევრებმა – მარიკა ფოჩხუამ და ბესო ტატიშვილმა, იტალიელ კოლეგებთან კოლაბორაციით, თემებზე: „ურბანული რეგენერაცია კულტურული მემკვიდრეობის მეშვეობით“ და „ურბანული ჯანმრთელობა“, სტუდენტებისთვის ვორქშოფები ჩაატარეს, ხოლო თემაზე – „თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია და მათი განვითარება თანამედროვეობის კონტექსტში“ – პანელური დისკუსია  გამართეს. 

თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულის (TAD Week) სექციების, სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიების მონაწილე სტუდენტებს ორგანიზატორებმა სერტიფიკატები გადასცეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ირანელ სტუდენტებსა და ირანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და დელეგაციის სხვა წევრების დაღუპვის გამო და უნივერსიტეტის ირანელ სტუდენტებს, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს და ირანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ ირანში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, აიათოლა სეიედ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის და დელეგაციის სხვა წევრების დაღუპვის გამო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თანაგრძნობას ვუცხადებთ ჩვენს ირანელ სტუდენტებს, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩს, მის აღმატებულება მაჰმუდ ადიბს, ირანელ ხალხს, მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახებს“.

სტუ-ში გაიმართება საჯარო ლექცია — „კარიერული შესაძლებლობების კვლევა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე: წარმატებული კარიერა ინჟინერიაში“

2024 წლის 28 მაისს, 15:00-17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „კარიერული შესაძლებლობების კვლევა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე: წარმატებული კარიერა ინჟინერიაში” (“Exploring AI-Powered Careers: Preparing for Success in the field of Engineering”).

ლექციას უნივერსიტეტის მე-9 სასწავლო კორპუსში, №410 აუდიტორიაში წაიკითხავენ მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან: Cambridge Mobile Telematics-ის ინჟინერი, დოქტორი ჩი იოსეფ კიაო (Dr. Chi Joseph Qiao); ჩრდილოაღმოსავლეთ უნივერსიტეტის პროფესორი ვენგონგ ვილიამ ჯინი (Wengong William Jin) და ვენტვორთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი ჯილ ანეტ მაკო (Jill Annette Macko).

მიზნობრივი ჯგუფი: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, საინჟინრო მიმართულებით.

პრაქტიკული სემინარზე განხილული იქნება ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენა ზოგადად ინჟინერიის დარგზე და ამ მხრივ, საინჟინრო დარგის მომავალი, ასევე, მუდმივად ცვალებადი თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე სათანადო პროფესიული კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განვითარება. ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება წარმატებული საინჟინრო კარიერული წინსვლისათვის აუცილებელი შესაბამისი შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

ღონისძიების სამუშაო ენა: ინგლისური

საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ მიმდინარე წლის 27 მაისის ჩათვლით.

სტუ-ში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა.

ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი ვილჰელმ ჰაუზერი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ გახსნა. მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. რუსუდან ქუთათელაძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს გასულ წელს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ უკვე მეორედ აღვნიშნავთ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღეს. ერთი წლის მანძილზე, რექტორის მხარდაჭერით, ფაკულტეტზე განხორციელდა არაერთი საინტერესო პროექტი. შეიცვალა ინფრასტრუქტურა, რაც სტუდენტებს კომფორტულ გარემოს უქმნის. უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა ლაბორატორიები და რაც მთავარია, ესაა მუდმივი პროცესი. უნივერსიტეტში ტარდება დასაქმების ფორუმი, რაც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს კარიერული განვითარების საშუალებას აძლევს. Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ისარგებლა 9 სტუდენტმა და 10-მა პროფესორ-მასწავლებელმა. ფაკულტეტზე წარმატებით მუშაობს ტრენინგ-პროგრამა, რომელშიც სტუდენტების გარდა, სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართულნი. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ფაკულტეტმა 12 პროგრამის ავტორიზაცია-აკრედიტაცია გაიარა. ვთვლი, რომ ეს არის დიდი წარმატება, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტის ხარისხის სამსახურს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, დამსაქმებლებს, უცხოელ პარტნიორებს.  თანამედროვე განათლების სისტემა მუდმივად მოითხოვს განახლებას, პროგრამებში ხორციელდება მოდიფიცირება“, – აცხადებს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, რუსუდან ქუთათელაძე.

ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს, სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, 300 სტუდენტი ამთავრებს. როგორც დეკანმა განაცხადა, ყოველსემესტრულად 60 სტუდენტი იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, ფაკულტეტს დაწესებული აქვს სამი სახელობითი სტიპენდია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს მიულოცა. როგორც რექტორმა განაცხადა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, მიუხედავად იმისა, რომ 8 წლისაა, არის ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტი.

„განათლება ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს”, – ბრძანა იაკობ გოგებაშვილმა. უნივერსიტეტი და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია საქართველოს მომავალ თაობას განათლება, ეს ორლესული იარაღი, სამშობლოს საკეთილდღეოდ გადასცეს. სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროპული სტანდარტის სწავლა-სწავლების პროცესში სტუდენტს,  როგორც სამეცნიერო მიმართულებით აძლევს განვითარების საშუალებას, ასევე კარიერული წინსვლის თვალსაზრისითაც. ამ მხრივ, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ერთ-ერთი წარმატებული და გამორჩეულია. დღეს დიპლომებს გადავცემთ დოქტორანტებს, რომლებიც ხვალ, როგორც ჩვენი კოლეგები, აქ მიღებულ განათლებას გადასცემენ სხვებს. თაობა შეიცვლება და ისინი, ისევე როგორც ჩვენ, იამაყებენ რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ კოლეგას, სტუ-ის საპატიო დოქტორს, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორს ვილჰელმ ჰაუზერს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან თანამშრომლობისა და იმ პროექტებისთვის, რომელსაც საქართველოს ტექნიკური და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტები ერთობლივად ახორციელებენ საქართველოსა და გერმანიაში. ჩვენი კოლაბორაცია არის ინტერნაციონალიზაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. მადლობა ფაკულტეტს, დეკანს, თითოეულ პროფესორ-მასწავლებელს, სტუდენტებს. წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ღონისძიების დასასრულს, რექტორმა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორს, სტუ-ის საპატიო დოქტორს, პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერს, ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის, ასევე, სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და პროფესორ-მასწავლებლების კვლევებში ჩართულობის მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის მადლობის სიგელი, ხოლო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებს: მარინა მეტრეველს, ლევან გრიგალაშვილს, თემურ ყანდაშვილს,  გიორგი ბაღათურის, მერაბ მიქელაშვილს და ანზორ აბრალავას საპატიო დიპლომები გადასცა. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა წლის საუკეთესო პროფესორის ნომინაციაში გამარჯვება მიულოცა თამარ ხინიკაძე-გვარამიას. წლის საუკეთესო სტუდენტი კი ლუკა ნადიბაიძე გახდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ონიანი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, მოხსენებით წარდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი დაარსების დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობდა და თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის ცნობილ სამეცნიერო ცენტრებთან. ინსტიტუტის სემინარზე სხვადასხვა დროს არაერთხელ გამოსულან მოხსენებით ცნობილი მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ავსტრალიიდან, საქართველოდან.

თანამშრომლობის ამ ფორმას ინსტიტუტი ახლაც წარმატებით აგრძელებს. 14 მაისს ინსტიტუტის სემინარზე მოხსენებით გამოვიდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი პროფესორი გიორგი ონიანი.

გიორგი ონიანის მოხსენება — „ოპერატორთა მიმართულებების თითქმის ყველგან კრებადობა და სუსტი ტიპის მაქსიმალური უტოლობები“ — ეხება მათემატიკის დარგის აქტუალურ ამოცანებს. შესაბამისი ნაშრომი (DOI: 10.4064/fm272-2-2023) გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ ჟურნალში Fundamenta Mathematicae.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?