სტუ-ის სტუდენტებმა და მკვლევრებმა TAD Week-ში მონაწილეობა მიიღეს


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულში (TAD Week) მონაწილეობა მიიღეს.

TAD Week-ი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით, ასევე, მთავარი პარტნიორების: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (Politecnico di Milano, იტალია), ევროკავშირის პროგრამა „Erasmus+“-ის და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

მიმდინარე წელს, TAD Week-ის ქოლგის ქვეშ გაერთიანდა როგორც თბილისის არქიტექტურული კვირეული (TAW), ასევე, თბილისის დიზაინის კვირეული (TDW). შედეგად, TAD Week-ი ჩამოყალიბდა კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პლატფორმად, რომლის მიზანი არქიტექტურის, ურბანისტიკის, კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინისა და ხელოვნების სფეროს წარმოჩენა, ხელშეწყობა და განვითარებაა.

როგორც TAD Week-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი მარიამ ბოჭორიშვილი აღნიშნავს, კვირეულის ყოველწლიური ციკლური ღონისძიებები აერთიანებს შესაბამის სფეროებში მოღვაწე ქართველ და უცხოელ პროფესიონალებს, სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციებს, სტუდენტებს, ენთუზიასტებსა და დაინტერესებულ მხარეებს. მისი თქმით, წლევანდელი TAD Week-ის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები: კონფერენციები, ლექციები, პანელური დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები, გამოფენები, არქიტექტურული ტურები, რომლებზეც საქართველოს ტექნიკური და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტების მკვლევრებმა სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს პირადი გამოცდილება და სამეცნიერო სიახლეები გაუზიარეს, ასევე, არქიტექტურასა და ურბანისტიკაში უახლესი გამოწვევები და ინოვაციური მიდგომები გააცნეს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე აღნიშნავს, მეცნიერების, არქიტექტურისა და დიზაინის სინერგია ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ხოლო თანამედროვე ურბანისტიკაში არსებული გამოწვევების დაძლევა მეცნიერებასთან მჭიდრო კოლაბორაციითაა შესაძლებელი.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები, მკვლევრები წელსაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი TAD Week-ის მუშაობაში იტალიელ კოლეგებთან – მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად. 21-ე საუკუნეში, მეცნიერების, არქიტექტურის და დიზაინის სინერგიის გარეშე ნებისმიერი სახელმწიფოს წინსვლა წარმოუდგენელია. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ურბანისტიკასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები მხოლოდ მეცნიერებასთან მჭიდრო კოლაბორაციით თუ დაიძლევა. დარწმუნებული ვართ, წლევანდელი კვირეული ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი უნივერსიტეტისა და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს და იტალიის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, ორივე ქვეყნის ახალგაზრდებს შორის დიალოგის განვითარებას, კვლევითი და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რაც ახალი გამოწვევების დაძლევის მიმართულებით, ორივე ქვეყანას დიდად წაადგება“, – აღნიშნავს თამარ ლომინაძე.

თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA TBILISI) გაიმართა, დამსწრე საზოგადოებას  მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე თამარ ლომინაძემ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ხვედელიანმა. კვირეულის მონაწილეებსა და მიწვეულ სტუმრებს მიესალმნენ და მოკლე თემატური პრეზენტაციები წარუდგინეს სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა: სტეფანო კაპოლონგომ, ანდრეა რებეკმა, მაურო ატილიო ჩეკონელომ, დავიდე სპალაცომ, ნორა ლომბარდინიმ და ელენა სოლერომ.

TAD Week-ის მუშაობა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე, სამ სექციად წარიმართა: სოციალური არქიტექტურა; დიზაინი კულტურისთვის; ურბანული რეგენერაცია კულტურული მემკვიდრეობის მეშვეობით. სექციებზე ქართველმა და იტალიელმა მკვლევრებმა წარმოადგინეს მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის: არქიტექტურა და ჯანმრთელობა; ქალაქები და ჯანმრთელობა; დიზაინი კულტურული მემკვიდრეობისთვის; ურთიერთქმედების დიზაინი: ჰუმანიზაციის ტექნოლოგია; არქიტექტურული მემკვიდრეობის შეცნობა და გაძლიერება; ქალაქების ადაპტაცია ხელახალი გამოყენებისთვის და სხვა. აღნიშნულ კვლევებთან დაკავშირებით, კვირეულის სექციებში ჩატარდა არაერთი ლექცია, ვორქშოფი, პანელური დისკუსია და საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები.

TAD Week-ის ფარგლებში, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ, ვიზუალური მასალის თანხლებით, წარადგინა კვლევა – „თბილისის კულტურული მემკვიდრეობა არქიტექტურისა და დიზაინის მეშვეობით“. გარდა ამისა, ნინო იმნაძემ და სტუ-ის მკვლევრებმა – მარიკა ფოჩხუამ და ბესო ტატიშვილმა, იტალიელ კოლეგებთან კოლაბორაციით, თემებზე: „ურბანული რეგენერაცია კულტურული მემკვიდრეობის მეშვეობით“ და „ურბანული ჯანმრთელობა“, სტუდენტებისთვის ვორქშოფები ჩაატარეს, ხოლო თემაზე – „თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია და მათი განვითარება თანამედროვეობის კონტექსტში“ – პანელური დისკუსია  გამართეს. 

თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულის (TAD Week) სექციების, სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიების მონაწილე სტუდენტებს ორგანიზატორებმა სერტიფიკატები გადასცეს.


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?