სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები დაენიშნათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის  ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს უნივერსიტეტმა სახელობითი სტიპენდია დაუნიშნა.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით საბაკალავრო საფეხურის სამ სტუდენტს სამი სახელობითი – დავით სარაჯიშვილის,  ნიკო ნიკოლაძის და აკაკი ხოშტარიას  საფაკულტეტო სტიპენდიები დაენიშნათ.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, საფაკულტეტო სტიპენდია ენიშნება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, რომელსაც სესიების შედეგების მიხედვით აქვს მაღალი რეიტინგი (91%-ის ზემოთ ყველა საგანში) და ამასთანავე, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კონფერენციებში, ვორქშოპებსა და ტრენინგებში, ჩართულია სტუ-ის თვითმმართველობის ღონისძიებებში.

„ვულოცავ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს, თამარ ოთინაშვილს — დავით სარაჯიშვილის სახელობითი საფაკულტეტო სტიპენდიის, ლუკა ხაჩიძეს — ნიკო ნიკოლაძის, ხოლო გიორგი დაგარგულიას — აკაკი ხოშტარიას  სახელობითი საფაკულტეტო სტიპენდიის მოპოვებას. საფაკულტეტო სტიპენდია განისაზღვრება ყოველთვიურად – 200 ლარის ოდენობით და გაიცემა 5 თვის განმავლობაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მთავარი მიზანი სტუდენტისთვის მაღალი სტანდარტის სწავლა-სწავლების პროცესის შეთავაზება და კარიერული წინსვლის მიმართულებით ხელშეწყობაა. შესაბამისად, საფაკულტეტო სტიპენდიის პროგრამის, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება. მადლობას ვუხდით, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის, სტუდენტებს კი წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიანტებს: თამარ იმერლიშვილს,  ნიკა ქებურიას,  ნოდარ ცხოვრებაძეს, მარიამ ბოკუჩავას,  დავით ჯამასპიშვილს, ქეთევან ხასაიას, ლუკა სამხარაძეს, ზურაბ მელაძეს, ირმა ნადოევს და ვალერია ტკაჩენკოს, შესაბამისი სერტიფიკატები ფაკულტეტის დეკანმა გადასცა.   როგორც პროფესორი ირაკლი გაბისონია აცხადებს,  სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 150 ლარს და გაიცემა 9 კალენდარული თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.

„სტიპენდია, გადაეცემა  სტუდენტს, რომელიც არის წარჩინებული, აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება,  სემესტრებში მიმდინარე შედეგების მიხედვით „საუკეთესო“ და „კარგი“ შეფასებების მაქსიმალური რაოდენობა.  ასევე, ვითვალისწინებთ  საგანმანათლებლო, სამეცნიერო და უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში  მიღწევებს: რამდენად აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სტუდენტურ ორგანიზაციებში, ასოციაციებში,  მნიშვნელოვან ღონისძიებებში, აქვეყნებს პუბლიკაციებს, მონაწილეობს კონფერენციებში. წელს სტიპენდია დაენიშნა 10 სტუდენტს. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის, სტუდენტებს კი  წარმატებებს ვუსურვებ“, – აცხადებს ირაკლი გაბისონია.

ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დღემდე აღებული აქვს 40-ზე მეტ სტუდენტს.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე  „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა. პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა,  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ და „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ დამაარსებელმა, პროფესორმა მერაბ მიქელაშვილმა გადასცეს.

საგაზაფხულო სესიაში, რომელიც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თბილისის ცამეტი საჯარო და კერძო სკოლების 50-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
სესიის მიმდინარეობისას, სკოლის მოსწავლეებს ლექციები ფაკულტეტის პროფესორებმა,   დოქტორანტებმა  და მაგისტრანტებმა წაუკითხეს. ლექციების თემატიკა შეეხო ისეთ საკითხებს,  როგიცაა: მეწარმეობისა და ბიზნესის არსი; ანტრეპრენერობის არსი;  სად ვეძებოთ ბიზნესიდეა; მენეჯმენტი იგავებში და არა მარტო…; ლიდერი და ლიდერობა; მარკეტინგი, როგორც გაყიდვების ხელოვნება და კრეატიული აზროვნება; კრიტიკული აზროვნება; ემოციური ინტელექტი;  ჩემი ადგილი პროფესიების სამყაროში; ტურიზმი, როგორც მეწარმეობა;   დროის მენეჯმენტი; ფინანსური აზროვნება-ფულის რაობა და საკუთარი ფინანსების მართვა; ბიზნესის მორალი და საქმიანი ეტიკეტი; პიროვნების დიზაინი – 21-ე საუკუნის უნარები და ა.შ.

სტუ-ის ვიცე-რექტორმა „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს მიულოცა სესიაში მონაწილეობა და შესაბამისი სერთიფიკატის აღება. როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა, აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის სტუდენტის და აბიტურიენტების, სკოლის მოსწავლეების მომავალზე ზრუნავს და ევროპული სტანდარტის სასწავლო გარემოს უქმნის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი პროექტს უკვე 6 წელია ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოხატეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და გვერდით დგომით პროექტი წარმატებით ხორციელდება, რისთვისაც მას დიდი მადლობა.  წარმატებები მინდა ვუსურვო “ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის” დამაარსებელს, პროფესორ მერაბ მიქელაშვილს და პროექტის მონაწილე მოსწავლეებს“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე აცხადებს, ფაკულტეტთან  არსებული  “ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი” არის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს იმ მნიშვნელოვანი უნარებს დაუფლებაში ეხმარება,  რაც მთლიანობაში პროფესიის სწორად არჩევის პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას უწევთ.

„მოსწავლეთა მხრიდან გამოხატული ინტერესი და მოტივაცია ცენტრის მომავალი მუშაობის გააქტიურების, ახალი საინტერესო თემატიკის მოძიებისა და დამუშავების, პროფორიენტაციის მიმართულებით მუშაობის გააქტიურების და მოსწავლეებისთვის პროფესიების სამყაროში საკუთარი თავის პოვნის საქმეში ძალისხმევის გაძლიერების საფუძველს იძლევა. მოსწავლეების მიერ შთაბეჭდილებების წიგნში ჩაწერილი მოსაზრებები, სურვილები   და გამოხმაურებები, ცენტრს მისი მომავალი მუშაობის დაგეგმაში დიდ დახმარებას გაუწევს“, – აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018 წელს ჩამოყალიბდა. არსებობის განმავლობაში, ცენტრის სესიებში მონაწილეობა მიიღო თბილისის, რუსთავის, თეთრიწყაროს  და სხვა რეგიონების 60-მდე საჯარო და კერძო სკოლის 350-მდე მოსწავლემ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი “ტვ ფორმულას” და ვანო მაჭავარიანს ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვანო მაჭავარიანის მიერ „ტვ ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში – „კომენტარი სოფო ზურაბიანთან ერთად“, გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და გადაცემის წამყვანისა და მისი რესპონდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაცემის წამყვანმა და ვანო მაჭავარიანმა  რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის და შესაბამისად, უნივერსიტეტის დისკრედიტაციისკენ მიმართული ცილისმწამებლური განცხადებები გააჟღერეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადეს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან, 16 მაისს, დილის საათებში, ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა  საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მსვლელობისას, სტუდენტებთან შეხვდრის მიზნით, უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ  სამუშაო გრაფაკი  შეცვალა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სტუდენტებს შეხვდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს განუმარტა, რომ უნივერსიტეტისთვის ფუნდამენტურად ღირებულია დემოკრატიის პრინციპები და გამოხატვის თავისუფლების გარანტირება.  უნივერსიტეტი თვლის, რომ ნებისმიერ აქციაში მონაწილეობა სტუდენტების ან პედაგოგების  პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაა. ამასთანავე, უნივერსიტეტი ვალდებულია სასწავლო პროცესი განავითაროს, რადგან სამოქალაქო აქტივობასთან ერთად, სტუდენტების უმრავლესობა ლექციებს ესწრება.

რექტორის ჯანსაღი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფისთვის, რისი გამოვლინებაც იყო ვანო მაჭავარიანის „ტვ ფორმულას“ ეთერში გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები. სამწუხაროდ, გადაცემის წამყვანი სოფო ზურაბიანი აღმოჩნდა მხარე და სტუმრის მსგავსად, ისიც  მტკიცებით ფორმაში, დამცინავი და შეურაცხმყოფელი ტონით მოიხსენიებდა რექტორს და უნივერსიტეტს. 

ვანო მაჭავარიანმა ცილი დასწამა დავით გურგენიძეს და განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, დავით გურგენიძე მას თითქოს „სდევნიდა და კაბინეტში იბარებდა“. ნათქვამის ჭეშმარიტებაში გადაცემის წამყვანის, მაყურებლის და სტუდენტების დასარწმუნებლად, მან ზემოთ თქმულს კიდევ ერთი ტყუილი მიაყოლა, რომ დავით გურგენიძემ უმაღლესი განათლება კუიბიშევში მიიღო.

ვანო მაჭავარიანი, სიცრუის ტირაჟირებითა და  საზოგადოების გამიზნულად  შეცდომაში შეყვანით, ცდილობდა ქვეყანაში არსებული სიტუაცია მეტად გაემძაფრებინა. განათლებულობაზე პრეტენზიის მქონე  ადამიანისგან მეტად გასაოცარია, როცა მან ახალგაზრდებს განუცხადა – თურმე დღეს სწავლა-სწავლების პროცესი რუსული გავლენაა და სტუდენტებმა არ უნდა დაუჯერონ რექტორს!

სამწუხაროდ, ჟურნალისტმა არ დასვა შეკითხვა – თუ გურგენიძე კუიბიშევში სწავლობდა, ხოლო მაჭავარიანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (იმჟამინდელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი), როგორ მოახერხა გურგენიძემ მაჭავარიანის „კაბინეტში დაბარება“. ჟურნალისტი ასევე არ დაინტერესდა, საჭიროების შემთხვევაში ვანო მაჭავარიანს შეუძლია თუ არა, სათანადო მტკიცებულებები წარმოადგინოს და ინტერვიუში ნათქვამი დაადასტუროს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეყრდნობა გამჭვირვალობის პრინციპებს, ყოველთვის ღიაა და მზად არის საზოგადოებასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, მით უმეტეს,  რომ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი რექტორის მოღვაწეობის შესახებ მის ყველა  ეტაპზე და ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხია გაცემულიდა  ბატონ ვანო მაჭავარიანსაც მოვუწოდებთ იმოქმედოს გამჭვირვალობის დაცვით – გაიხსენოს მისი „საქმიანობის“ დეტალები საბჭოთა თუ შემდგომ პერიოდებში, მათ შორის, სტუდენტობის წლებში თავისი კომკავშირთან ურთიერთობა!

საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტი გადაცემაში – „კომენტარი სოფო ზურაბიანთან ერთად“, ჟურნალისტ
სოფო ზურაბიანის მხარდაჭერით, ვანო მაჭავარიანის მხრიდან სამიზნე ჯგუფისთვის (სტუდენტებისთვის)
გაჟღერებულ ცილისმწამებლურ განცხადებებს რექტორის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის
შელახვისა და უნივერსიტეტის დისკრედიტაციის, სწავლა-სწავლების პროცესის ჩაშლის მცდელობად
აღიქვამს და ტელეკომპანიას, ასევე, ვანო მაჭავარიანს საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს“,
– აღნიშნულია სტუ-ის განცხადებაში.

სტუ იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ტრენინგ-კურსს უმასპინძლებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2024 წლის 22-23 მაისს, იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების უფასო ტრენინგკურსს – “იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები” – უმასპინძლებს.

ტრენინგკურსი სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტში გაიმართება.

პროექტი საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს (MAECI) დაფინანსებით ხორციელდება. მას ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის შედარებითი ლინგვისტიკისა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის – ITALS-ის ლაბორატორიის პროფესორი, ექსპერტი-ტრენერი სილვია სკოლარო გაუძღვება.

ტრენინგკურსი – “იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები” – თანამედროვე კოოპერაციული მეთოდის გამოყენებით, ინტერაქციულ ფორმატში წარიმართება. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეფასების პრინციპებსა და მიდგომებზე, ასევე, სწავლა-სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

ტრენინგკურსი 8 აკადემიური საათი დაეთმობა და ჩატარდება 22 და 23 მაისს, 16:00-დან 20:00 საათამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის X სასწავლო კორპუსში, II სართულზე, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრში, მისამართზე: მერაბ კოსტავას ქუჩა 69.

სტუ-ის ვაჟთა გუნდი ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფრენბურთელ ვაჟთა სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ოქროს თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დაძაბულ  ფინალურ ბრძოლაში, რომელიც თბილისში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა საფრენბურთო კლუბი „ბათუმი“ ანგარიშით – 3:2 დაამარცხა და წლევანდელი ეროვნული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

სტუ-ის ფრენბურთელთა ჩემპიონ გუნდს, რომლის შემადგენლობაში არიან სტუდენტები: ალექსი ზაქაიძე, ხასი ხალილოვი, ალექსანდრე ქაჩიბაია, დავით ცხომარია, ბადრი ნუცუბიძე, ივანე გეჯაძე, დავით გუდაძე, გოგა ბუაძე, პეტრე ლობჟანიძე, მამუკა ჭახნაკია, თორნიკე კამკამიძე, გარი კურაზიანი, ბექა ყველაშვილი, სანდრო ნაცვლიშვილი, მწვრთნელი სოსო ლობჟანიძე და მთავარი მწვრთნელი სულხან ახვლედიანი,  საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ჩემპიონის ოქროს თასი, მედლები და 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადასცა. II და III ადგილები კი ბათუმისა და გორის საფრენბურთო კლუბებმა გაინაწილეს.

გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფრენბურთელი უმაღლესი ლიგა 2024-ის საუკეთესო მოთამაშეებს შორის დაასახელეს. ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ საუკეთესო გამთამაშებლად – ალექსანდრე ქაჩიბაია, საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად – ალექსი ზაქაიძე, ხოლო საუკეთესო ლიბეროდ – გოგა ბუაძე აღიარა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ფრენბურთის საუნივერსიტეტო გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში ღირსეულ გამარჯვებას ულოცავს და სტუდენტ ფრენბურთელებსა და მათ მწვრთნელებს მორიგ წარმატებებს უსურვებს.

რექტორის განაცხადებით, ეროვნულ ტურნირებში გამარჯვება, ერთი მხრივ, ძლიერ მოტივაციას უქმნის ახალგაზრდებს, მეტად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში, ხოლო მეორე მხრივ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას – სპორტში წარმატებული სტუდენტებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები აამოქმედოს და სპორტის სახეობების განვითარებაზე იზრუნოს.    

„ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდებს ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას, მხარდაჭერისთვის – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ჩემპიონი გუნდის დაჯილდოებაზე, თავის მხრივ, უნივერსიტეტიც აუცილებლად იზრუნებს. გამარჯვება გვიქმნის ძლიერ მოტივაციას, პოპულარიზაცია გავუწიოთ და მეტად განვავითაროთ საუნივერსიტეტო სპორტის სახეობები, რათა მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა მოვიზიდოთ სტუდენტურ გუნდებში“,- აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

ფრენბურთში საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

სტუ-ის მაგისტრანტი თბილისის ურბანულ ნარგაობებში არსებულ დიდტანიან მერქნიან მცენარეებს იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის – მაგისტრატურა, აგრარული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ანდიაშვილი მერქნიან მცენარეთა მდგომარეობის ინოვაციური მეთოდის პრაქტიკაში გამოყენებაზე მუშაობს.

გიორგი ანდიაშვილის სამაგისტრო თემის — „იმპულსური ტომოგრაფია – მერქნიან მცენარეთა მდგომარეობის კვლევის ინოვაციური მეთოდი. პრაქტიკული გამოყენება“ — ხელმძღვანელია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირინე დანელია.

გიორგი ანდიაშვილის თქმით, პროექტის მიზანია, თბილისის ურბანულ ნარგაობებში პოტენციური რისკის შემცველი ინდივიდების გამოვლენა თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდის – იმპულსური ტომოგრაფიის გამოყენებით.

„პირველი ეტაპი დაეთმობა საველე გასვლების დაგეგმვას. დადგინდება ზუსტი ლოკაციები და მოინიშნება საკვლევი ხეები.  მომდევნო ეტაპზე, იმპულსური ტომოგრაფის გამოყენებით ჩატარდება ხეების კვლევა. შეგროვდება ნიმუშები, ჩატარდება მათი ენტომოლოგიური და ფიტოპათოლოგიური კვლევა. თბილისის ურბანულ ნარგაობებში არსებული დიდტანიანი მერქნიანი მცენარეების კვლევა, ადრეული დიაგნოსტიკისა და მოსალოდნელი რისკების შეფასების მიზნით, მეტად აქტუალური და მოთხოვნადია. ასევე, მნიშვნელოვანია მცენარეების მავნე ორგანიზმების (მავნებლები, პათოგენები) კვლევა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავება. კლიმატის ცვლილების ტენდენციები და სხვადასხვა აბიოტური სტრესორები სერიოზულ გავლენას ახდენს ერთის მხრივ, მცენარეთა ჯანმრთელობაზე, მეორე  მხრივ, მავნე ორგანიზმების გავრცელებასა და ქცევაზე. ყოველივე განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ქალაქის ბაღ-პარკებსა და რეკრეაციულ ზონებში არსებულ დიდტანიან, ისტორიული მნიშვნელობის მქონე მერქნიან მცენარეებს. იმპულსური ტომოგრაფიის პრაქტიკაში დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის შესაბამისი სამსახურების მიერ  დროული და ეფექტური  ღონისძიებების გატარებას“, – აცხადებს მაგისტრანტი.

იმპულსური ტომოგრაფია ერთ-ერთი ინოვაციური მეთოდია, რომელიც ეფექტიანად გამოიყენება მერქნიან მცენარეთა მდგომარეობის მონიტორინგისთვის და ურბანული გამწვანებისთვის დადებითი შედეგების მომტანია.

„მსოფლიოში, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, ურბანულ გარემოში ცხოვრობს. ურბანიზაციის ტემპისა და მასშტაბების მატებასთან ერთად მატულობს ხმაურის დონე, ჰაერის გაჭუჭყიანება, ხოლო მცენარეული საფარი პირიქით, მცირდება. ცნობილია, რომ ურბანული სივრცეების გამწვანება აუმჯობესებს ქალაქის მიკროკლიმატს, ამიტომ აუცილებელია არსებული ხელოვნური ნარგაობების შენარჩუნება, მათი მუდმივი მონიტორინგის და დროული ეფექტური ღონისძიებების შემუშავების გზით. თანამედროვე ტექნოლოგიები ამ საქმეებს ამარტივებს და უფრო ხარისხიანს ხდის. სამაგისტრო მიგნებები გამოყენებული იქნება ურბანულ გარემოში ჭადრის Platanus spp. ნარგაობების მართვის პროტოკოლის შესამუშავებლად. გამოკვლეულ ხეებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების მიზეზების დადგენა (პათოგენების იდენტიფიკაცია) ხელს შეუწყობს ამ დაზიანებების შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავებას“, — აცხადებს გიორგი ანდიაშვილი.

სტუ-ის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 19 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (საგაზაფხულო მიღება) აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადები გახანგრძლივდა და 2024 წლის 19 მაისის ჩათვლით განისაზღვრა.

 

პროფესიული განათლების მიღების მსურველებმა სავალდებულო რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე: https://vet.emis.ge/#/registration  

 

ქ. თბილისში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი:

პროგრამის დასახელება

დონე

ადგილების რაოდენობა

კრედიტები

სწავლის ხანგრძლივობა (თვე)

1.

სამრეწველო ავტომატიზაცია

V

9

120 (ქართულენოვანი)

      150 (არაქართულენოვანი)

20

25

2.

მექატრონიკა

V

10

120 (ქართულენოვანი)

      150 (არაქართულენოვანი)

20

25

3.

ხის მხატვრული დამუშავება

III

10

90 (ქართულენოვანი)

      105 (არაქართულენოვანი)

15

17

4.

ავტომობილის ძრავას შეკეთება

III

15

58 (ქართულენოვანი)

     73 (არაქართულენოვანი)

10

12

ქ. ტყიბულში სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი:

პროგრამის დასახელება

დონე

ადგილების რაოდენობა

კრედიტები

სწავლის ხანგრძლივობა (თვე)

1.

სამთო ტექნიკოსი

III

22

60 (ქართულენოვანი)

       75 (არაქართულენოვანი)

11

14

2.

სამთო ელექტრომექანიკოსი

III

22

60 (ქართულენოვანი)

       75 (არაქართულენოვანი)

11

14

3.

მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი

III

10

60 (ქართულენოვანი)

      75 (არაქართულენოვანი)

11

14

4.

მღებავი

III

10

59 (ქართულენოვანი)

     74 (არაქართულენოვანი)

9

12

5.

მებათქაშე

III

10

59 (ქართულენოვანი)

      74 (არაქართულენოვანი)

9

12

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან  ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც  განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არაერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია,  რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის განუყოფელი ნაწილია,  ევროპული გზა კი –  უალტერნატივო. ქართველმა ერმა ამ გზაზე ბევრი ქარტეხილი გადაიტანა, ღირსეულად გაუძლო და შეინარჩუნა მამული, ენა, სარწმუნოება.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, სტუდენტებო!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რექტორის, ადმინისტრაციის, აკადემიური წრეებისა და სტუდენტების ურყევ პოზიციას – საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია უალტერნატივო პროცესი. ქართველმა ერმა ამ გზაზე ბევრი ქარტეხილი გადაიტანა, ღირსეულად გაუძლო,  შეინარჩუნა და განავითარა – „მამული, ენა, სარწმუნოება“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ფუნდამენტურად ღირებულია დემოკრატიის პრინციპები და გამოხატვის თავისუფლების გარანტირება. ამდენად, თქვენ ვერ მოიყვანთ თუნდაც ერთ მაგალითს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის ან პედაგოგებისთვის შეეზღუდა სამოქალაქო აქტივობა –   ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაა, რომელსაც პატივს ვცემთ. ასევე, ვაცხადებთ,  რომ უნივერსიტეტის ვალდებულებაა გაითვალისწინოს  ყველა სტუდენტის და პროფესორ-მასწავლებლის ინტერესები და უზრუნველყოს უწყვეტი სასწავლო პროცესი.

მტკიცედ გვჯერა, რომ უნივერსიტეტი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც საზოგადოებიაში არსებულული ყველა საჭირბოროტო პროცესის შესახებ აზრთა აკადემიური დუღილი მიმდინარეობს და არ არის გარედან იმპორტირებული პოლიტიკური სარბიელი სხვადასხვა მოტივაციით დაინტერესებული ჯგუფებისთვის.

საქართველოს უახლესი ისტორია დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობისთვის გმირული ბრძოლის მაგალითია. 80-90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის არც ერთ ეტაპზე, ლიდერებს სტუდენტებისთვის არ მოუწოდებიათ  ჩაეშალათ სასწავლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აქტივისტი  ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. არადა, იმ პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი – დამოუკიდებლობის საკითხი წყდებოდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველთვის თავისუფლებისთვის მებრძოლთა ავანგარდში იყვნენ. ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმძიმეს დღეს, 9 აპრილს, გამთენიისას, როცა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს,  სასტიკად მოკლული 21 ადამიანიდან, ხუთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებული იყო.

დღეს, ევროინტეგრაციისკენ მიმავალი ქვეყნისთვის განათლება და მეცნიერება არის ის ფუნდამენტი, რომელიც უნივერსიტეტის მკვლევრებსა და სტუდენტებს გზას უხსნის  ევროპის, ამერიკის, აზიის წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცისკენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული მსოფლიოს გლობალურ კვლევებსა და კოლაბორაციებში, როგორიცაა: შვეიცარიაში –  CERN-ის CMS და ATLAS ექსპერიმენტები, იაპონიაში – KEK-ის და J-PARC-ის COMET ექსპერიმენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში – FERMILAB-ის  LBNF/DUNE ექსპერიმენტი, გერმანიაში იულიხის ცენტრთან მიმდინარე ერთობლივი კვლევები და სხვა. მომავალში, ეს პროცესები სწორედ თქვენი, განსწავლული და ერუდირებული ახალგაზრდების მონაწილეობით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და ამისთვის ყოველმხრივ მზად უნდა იყოთ.

ნებისმიერ განსაცდელსა თუ კარიერული განვითარების ეტაპზე უნივერსიტეტი ყოველთვის სტუდენტის გვერდით დგას. ასე იყო მუდამ და ასე იქნება მომავალშიც!  კომუნიკაცია არ წყდება, მიუხედავად ახალგაზრდების სამოქალაქო პოზიციისა – ისინი ყველანი ჩვენი სტუდენტები, ჩვენი შვილები არიან! ამის ნათელი მაგალითი არის დღეს,
16 მაისს თუ უფრო ადრე, მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სტუდენტებთან შეხვედრები და დიალოგი”,
– აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გავრცელებულ განცხადებაში.

სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა მიშელ მუსხელის მოღვაწეობის ამსახველ, დღემდე უცნობ დოკუმენტაციას მიაკვლია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო გრანტის — „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა“ — ფარგლებში სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა.

სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ედიშერ ჯაფარიძის, მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის დიპლომატიური ოსტატობის სასწავლო-პრაქტიკულ ლაბორატორიის მკვლევრის, ასოცირებული პროფესორის ვაჟა შუბითიძისა და  რეგიონალიზმის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ლელა სარალიძის შემადგენლობით, საფრანგეთში ოთხ ლოკაციაზე – სტრასბურგის უნივერსიტეტის არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სახელმწიფო არქივსა და სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის და საერთაშორისო ფაკულტეტის სახელმწიფო არქივში, მოიძიეს და შეისწავლეს მიხეილ მუსხელიშვილის (მიშელ მუსხელი) მოღვაწეობის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ედიშერ ჯაფარიძის თქმით, მეცნიერთა ჯგუფმა სტრასბურგის შემდეგ, საარქივო მასალების მოძიება „ლევილის მამულში“ გააგრძელეს, სადაც გაეცნენ იქ არსებულ და დღემდე შემორჩენილ საარქივო მასალებს.

„საარქივო მასალების გაცნობის პარალელურად, ჩვენს ვიზიტს სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ევროპის საბჭოსთან არსებობს მიშელ მუსხელის საკვირაო სკოლა, სადაც 90-მდე ქართული წარმოშობის ემიგრანტი სწავლობს. საკვირაო სკოლაში წავიკითხეთ საჯარო ლექციები თემაზე – ,,სამშობლოს მნიშვნელობა და მიხეილ მუსხელიშვილის ევროინტეგრაციის ღვაწლი“.  ამასთანავე, საკვირაო სკოლას საჩუქრად გადავეცით ქართველი მეცნიერების საავტორო წიგნები და მონოგრაფიები. სტრასბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მიზნით, მემორანდუმის გაფორმების სურვილი გამოთქვეს. სამომავლოდ საინტერესო ღონისძიებები იგეგმება, როგორც სამეცნიერო, ასევე, გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. მიხეილ მუსხელიშვილი იყო პირველი და ერთადერთი ქართველი, რომელიც მონაწილეობდა ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პროექტის შექმნაში, რაც თანამედროვე ევროკავშირის სამართალს დაედო საფუძვლად. შეხვედრა გვქონდა საფრანგეთში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან. დიდი მადლობას ვუხდით ქალბატონ თამარ ტალიაშვილს და მის ყველა თანამშრომელს გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ქართული სახელმწიფოებრივი საქმის მხარდაჭერისათვის და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორს თეიმურაზ დოჭვირს“, — აცხადებს ედიშერ ჯაფარიძე.

სტუ-ის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის თაოსნობით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, სტუ-ის მეცნიერებმა არაერთი ეროვნული პროექტი განახორციელეს, რომელთა შორის პროექტი – „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა“, გამორჩეულია, იმდენად, რამდენადაც, ის მოიცავს საზღვარგარეთ ქართველ მეცნიერთა მოღვაწეობის დღემდე უცნობი ფაქტების მოძიებასა და ანალიზს. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთია, სადაც სტუდენტებისა და მათი პედაგოგების ჩართულობით, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროექტები ხორციელდება.

,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მისია ვროპულ ღირებულებებზე და კულტურაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებში, სტუდენტთა და მეცნიერთა აქტიური ჩართვაა, რათა ჩვენი მომკავალი თაობა გაეცნოს საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე იმ ქართველი მამულიშვილების საქმიანობასა და ღვაწლს, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს ემსახურნენ პირნათლად, არამედ ღირსეული კვალი დატოვეს ევროპული და ტრანსატლანტიკური ცივილიზაციების განვითარებაზე. მიხეილ მუსხელიშვილმა  დიდი გავლენა იქონია ევროპის მომავლის შესახებ იმჟამად მიმდინარე პოლიტიკურ და სამეცნიერო დისკუსიებზე. ევროგაერთიანებების ჩამოყალიბებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში მისი წვლილი უდავოდ მნიშვნელოვანია. ამდენად, ჩვენ არ გვაქვს უფლება მომავალ თაობებს ამ დიდი მამულიშვილის ღვაწლი არ გავაცნოთ. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2022 წლის  19 მაისს „მიშელ მუსხელის გეოპოლიტიკური და ევრო-ატლანტიკური კვლევის ცენტრი“ დავაარსეთ, ხოლო 2023 წლის 25 სექტემბერს სტუდენტებმა მიშელ მუსხელის კლუბი ჩამოაყალიბეს, სადაც ამ დიდი ქართველის იდეების თანამოზიარე ახალგაზრდები გაერთიანდნენ. ისინი მსჯელობენ, კამათობენ, სწავლობენ და თანატოლებს უზიარებენ მოსაზრებებს, მიღებულ ცოდნას. პროექტის – „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა“, ფარგლებში გამოცემული მემუარები, კიდევ მეტად აამაღლებს ახალგაზრდების ცნობიერებას. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებს და შევახსენო მიშელ მუსხელის სიტყვები – „ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ, დიდი ცეცხლი ახლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს”, — აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტი — „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა“ — სამწლიანია და მისი მიზანია მიხეილ მუსხელიშვილის არქივების გაცნობა, ანალიზი და დღემდე უცნობი დოკუმენტების შესწავლა.

Support

Why are you writing to us?