სტუ-ში იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენცია – „ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მეცნიერებას საზღვრები არ აქვს და თანამშრომლობა იაპონიის, ევროპის ქვეყნების და საქართველოს წამყვან სპეციალისტებს შორის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ახალი კვლევების განსახორციელებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კვლევები მიმართულია მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებისკენ – მოიცავს მიმართულებებს, რომლებიც განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს. გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე, ინოვაციური ენერგეტიკული გადაწყვეტილებები გარდაუვალი საჭიროებაა, ხოლო ბიოსამედიცინო მიმართულებები პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, მსგავსი სამეცნიერო პლატფორმები ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალგაზრდა მეცნიერებმა, ინჟინრებმა და სტუდენტებმა მიიღონ თანამედროვე ცოდნა და გამოცდილება, ხოლო საქართველო გახდეს აქტიური მონაწილე იმ გლობალური პროცესებისა, რითაც მომავალი თაობებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ჯანმრთელი, უსაფრთხო და მდგრადი სამყარო“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენციის – „ლაზერით ინდუცირებული პლაზმის ფიზიკისა და ტექნოლოგიების შესახებ – მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის“, შეფასებისას განაცხადა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის, საქართველოში იაპონიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროკავშირის COST პროგრამის პროექტის – „პროტონ-ბორის ბირთვული სინთეზი“ მხარდაჭერით, იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენციის – „ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ (სრული სახელწოდება: „ლაზერით ინდუცირებული პლაზმის ფიზიკისა და ტექნოლოგიების შესახებ – მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის“ (Japan-Georgia-Europe International Workshop on Physics and Technology of Laser-Induced Plasma for Green Energy and Biomedical Applications – Laser Plasma Applications, Tbilisi 2025) – დახურვის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სფეროს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები, მათ შორის: კაორუ იამანუჩი – ტოკიოს უნივერსიტეტის ფემტოწამიანი ლაზერული მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, კვანტური ლაბორატორიის ხელმძღვანელი (ტოკიოს უნივერსიტეტი), იაპონიის სამეცნიერო საბჭოს ასოცირებული წევრი, იაპონიის ქიმიური საზოგადოებისა და ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი; ნომაჩი მასაჰარუ – პროფესორი, ბირთვული ფიზიკის კვლევითი ცენტრი (RCNP), ოსაკას უნივერსიტეტის ევროპული აკადემიური ინიციატივების ცენტრის დირექტორი; ტოშიმორი სეკინე – პროფესორი, დედამიწისა და კოსმოსის მეცნიერების დეპარტამენტი, ოსაკას უნივერსიტეტი; შიგემორი კეისუკე – პროფესორი, ლაზერული ინჟინერიის ინსტიტუტი (ILE), შიგემორის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ოსაკას უნივერსიტეტი; დიმიტრი ბატანი – ბორდოს უნივერსიტეტის „განსაკუთრებული კლასის“ პროფესორი (Professeur de Classe Exceptionnelle), ევროპის ფიზიკური საზოგადოების (EPS) წევრი, საფრანგეთის ინსტიტუტის (IUF) უფროსი წევრი და ევროპის მეცნიერებათა აკადემიის (EURASC) წევრი; ბორის ნ. ჩიჩკოვი – პროფესორი, დოქტორი, კვანტური ოპტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტი, გერმანია; ფაბრიციო კონსოლი – პროფესორი, დოქტორი, ინერციული სინთეზისა და პლაზმის ინტერდისციპლინური ექსპერიმენტების ლაბორატორიის დირექტორი, ENEA-ს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ინერციული ბირთვული სინთეზის კვლევისა და ტექნოლოგიების დარგში, ENEA, იტალია; გ. ა. პაბლო ჩირონე – პროფესორი, დოქტორი, ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის (INFN) უფროსი მკვლევარი, სამხრეთის ეროვნული ლაბორატორიები (LNS), კატანია, იტალია; ალდო ბონასერა – პროფესორი, დოქტორი, ციკლოტრონის ინსტიტუტი და ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტი, ტეხასის A&M უნივერსიტეტი, ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი, აშშ; ვიქტორ მალკა – პროფესორი, დოქტორი, კომპლექსური სისტემების ფიზიკის დეპარტამენტი, ვაიცმანის მეცნიერების ინსტიტუტი, ექსტრემალური სინათლის და ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი (ELI-NP), რუმინეთი.
იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენცია „ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ ექვს სესიად წარიმართა.
პირველ სესიაზე, თემით – „ახალი მიდგომები ლაზერით ინდუცირებული მეთოდებსა და ტექნოლოგიებში“, განიხილეს შემდეგი თემები: პროფესორი დიმიტრი ბატანი (საფრანგეთი) – „ლაზერით ინდუცირებული თერმობირთვული სინთეზის მომავალი”; პროფესორი პაატა კერვალიშვილი (საქართველო) – „ლაზერით სინთეზირებული კვანტური მასალები ენერგეტიკისა და გამომთვლელი ხელსაწყოებისათვის“; ტოშიმორი სეკინე (იაპონია) – „გამთბარი, მკვრივი მატერია, რომელიც ხასიათდება ლაზერული დარტყმითი შეკუმშვით“; ალდო ბონასერა (აშშ) – „ბირთვული ასტროფიზიკა და ლაზერების გამოყენება”. მეორე სესიაზე, რომლის თემა იყო „ლაზერით მართული ტექნოლოგიები”, მოხსენებებით წარსდგნენ: შიგემორი კეისუკე (იაპონია) – „ლაზერულ-პლაზმური ურთიერთქმედებები“; ვიქტორ მალკა (ისრაელი-რუმინეთი) – „ლაზერით მართული აჩქარებული ელექტრონები და მათი გამოყენება“; ბორის ჩიჩკოვი (გერმანია) – „ლაზერული ბეჭდვის ტექნოლოგიები“. მესამე სესიაზე – „ბირთვული სინთეზი: მეთოდები და ინსტრუმენტები“ განიხილეს შემდეგი თემები: ფაბრიციო კონსოლი (იტალია) – „ნაწილაკების იდენტიფიკაციის თანამედროვე დიაგნოსტიკა ლაზერით ტრიგერირებული ბირთვული სინთეზის ექსპერიმენტებში“; კატარჟინა ბატანი (პოლონეთი-საფრანგეთი) – „პროტონბორის სინთეზი ლაზერით მართული სამედიცინო აპლიკაციებისთვის“. მეოთხე სესიაზე, რომელიც „ნანოობიექტების კვლევისთვის კოჰერენტულ სინათლეზე დაფუძნებულ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს“ მიეძღვნა, მოხსენებებით წარსდგნენ: პაბლო ჩირონე (იტალია) – „ლაზერით მართული ნაწილაკების აჩქარება (იონები/ელექტრონები) სამედიცინო აპლიკაციებისთვის“; კაორუ იამანუჩი (იაპონია) – „მოკლე ლაზერული იმპულსები და ფემტოწამიანი ქიმია“; ზვიად კირტავა და სხვები (საქართველო) – „ახალი პარადიგმა: თანამედროვე მედიცინაში ფარმაცევტული მიდგომებიდან ბიოფიზიკურზე გადასვლა“; თამარ ბჟალავა და სხვები (საქართველო): „პათოგენური მიკროორგანიზმების შესწავლა ოპტიკური სპექტრომეტრიის მეთოდებით“. მეხუთე სესიაზე, თემით – „ლაზერული ფიზიკა და ტექნოლოგიის გამოყენება” მოისმინეს შემდეგი მოხსენებები: ლევან ჩხარტიშვილი და სხვები (საქართველო) – „ბორის იზოტოპებზე დაფუძნებული ნეიტრონების დეტექტირების კონცეფცია“; ამირან ბიბილაშვილი და სხვები (საქართველო) – „ლაზერული პლაზმის გამოყენება თხელფენოვანი მასალების მიღების პროცესში“; ნუგზარ ღომიძე და სხვები (საქართველო) – „LIBS ტექნოლოგია პლაზმის დახასიათებისთვის: მონაცემთა დამუშავება და თეორიული ანალიზი”; თამაზ მინაშვილი და სხვები (საქართველო) – „ოქროს ნანოკლასტერების მომზადება GaP (001) ზედაპირზე გალვანური გადაადგილების მეთოდით”; თამარ ბერბერაშვილი და სხვები (საქართველო) – „ლაზერული ოპტიკური სპექტრომეტრიის კვლევები ATP რეაქციებში“. მეექვსე სესიაზე კი, რომელიც „ლაზერით განპირობებული ფიზიკისა და ტექნოლოგიის მიღწევების” განხილვას მიეძღვნა, ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა კოლეგებს დასკვნითი სიტყვით მიმართეს.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...