სტუ-ში საშემოდგომო სკოლა – „Vinifera/Newclim – საქართველო 2025“ გაიხნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, L’institut Agro Montpellier-ის (საფრანგეთი) და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის (UFG) ფინანსური მხარდაჭერით, საშემოდგომო სკოლა -„Vinifera/Newclim – საქართველო 2025“ გაიხნა.
საშემოდგომო სკოლის თემატიკაა „ღვინო, კლიმატი და ცვლილებები: ქართული მევენახეობის მდგრადობის განვითარება“. მასში აგრონომიის, მევენახეობის, მცენარეთა მეცნიერებების და ტექნოლოგიის, აგრო-სასურსათო მეცნიერებების ან მონათესავე სფეროების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 20-ზე მეტი ქართველი და ევროპელი სტუდენტია ჩართული.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, „Vinifera/NewClim – საქართველო 2025“ ინტერდისციპლინური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს Vinifera EuroMaster (EMaVE) პროგრამის სამეცნიერო მიგნებებსა და NewClim-ის ტრანსფორმაციულ მიდგომებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის კლიმატის ცვლილების გამოწვევების ღრმად გააზრებას ინოვაციის, კულტურული ტრადიციებისა და ლოკალური ჩართულობის ინტეგრირებული პრიზმიდან. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, საშემოდგომო სკოლის ფარგლებში დაგეგმილი საველე ვიზიტები და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის პროექტები საფუძველს შექმნის საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებში კლიმატის ცვლილებებზე რეაგირების სტრატეგიების შესამუშავებლად და მდგრადი მიდგომების დასანერგად, ასევე ხელს შეუწყობს ეროვნულ სპეციფიკაზე მორგებული მევენახეობა-ენოლოგიის პრაქტიკის შენარჩუნება-განახლებას.

„Vinifera/NewClim – საქართველო 2025“ საერთაშორისო აკადემიური პლატფორმაა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ისე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის. წლევანდელი საშემოდგომო სკოლის თემატიკა – „ღვინო, კლიმატი და ცვლილებები: ქართული მევენახეობის მდგრადობის განვითარება“ – ხაზს უსვამს გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოება. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის მონაწილეობით, ამ ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტს პარტნიორებთან ერთად მასპინძლობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს EMaVE კონსორციუმის საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს ორდიპლომიანი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, საერთაშორისო მობილობასა და ინოვაციური ცოდნის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. ამავე დროს, ამ პროცესში NewClim პროექტის ჩართულობა წარმოაჩენს უმაღლესი განათლების სისტემაში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევების ინტეგრაციის მზარდ აუცილებლობას და განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მდგრადი განვითარების პრინციპებზე, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ფორმირებაზე. ეს მიდგომა შეესაბამება თანამედროვე გარემოსდაცვითი განათლების პარადიგმას, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურირებას ისე, რომ სტუდენტებმა კლიმატის ცვლილების შესახებ თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, ჩამოაყალიბონ ხედვა და შეიძინონ პრაქტიკული უნარები გარემოსდაცვით გამოწვევებთან რეაგირების, ადაპტაციისა და მდგრადი გადაწყვეტილებების მისაღებად“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელის თქმით, გასულ წელს მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ის ხუთმა კურსდამთავრებულმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან ერთად, ევროპის ხუთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის – მონპელიე სუპაგრო (საფრანგეთი), უდინეს (იტალია), გეიზენჰაიმის (გერმანია), მადრიდის პოლიტექნიკური (ესპანეთი), ტურინის (იტალია) უნივერსიტეტების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვეს. როგორც პროფესორი ლიანა თარგამაძე აცხადებს, მონპელიე სუპაგროს ბაზაზე ფუნქციონირებს ევროკავშირის ერთ-ერთი პრესტიჟული ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ი, რომლის მასპინძელია აგრო-სექტორისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ფრანგული მაღალკვალიფიციური სასწავლო და კვლევითი ცენტრი L’Institute Agro Montpellier.

მისივე თქმით, საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი ახორციელებს მევენახეობა-მეღვინეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ორი დიპლომი – როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან, ასევე Vinifera EuroMaster-ის პარტნიორი უნივერსიტეტებისგან.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი Vinifera EuroMaster-ის პროგრამაში სრულუფლებიანი პარტნიორის სტატუსით არის წარმოდგენილი. ინტეგრაცია ქართველი სტუდენტებისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, საერთაშორისო აკადემიურ გარემოში მიიღონ ინტერდისციპლინური განათლება მევენახეობა-მეღვინეობის, აგროეკოლოგიისა და კლიმატისადმი მდგრადი მიდგომების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები იღებენ ორ დიპლომს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან და ევროპის ხუთი პარტნიორი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთისაგან, აქტიურად ერთვებიან საველე კვლევებსა და საერთაშორისო პროექტებში, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მათ სამეცნიერო და პროფესიულ პოტენციალს. საშემოდგომო სკოლის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები, თემატური სემინარები, საველე ვიზიტები და ინტერდისციპლინური პროექტები მნიშვნელოვანწილად ემსახურება იმგვარი კომპეტენციების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: სისტემური აზროვნება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, ლოკალური ცოდნის ინტეგრაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის უნარი. მნიშვნელოვანია, რომ „Vinifera/NewClim – საქართველო 2025“ იმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაც არა მხოლოდ ჩვენს ინსტიტუციურ მზაობაზე მეტყველებს, არამედ ხაზს უსვამს საქართველოს პოზიციონირებას ღვინის კულტურისა და კლიმატზე მგრძნობიარე აგრარული სისტემების კონტექსტში. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ეს საშემოდგომო სკოლა გახდეს ცოდნის გაცვლის, ინოვაციის გაძლიერებისა და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის კატალიზატორი“, – განაცხადა ლიანა თარგამაძემ.
საშემოდგომო სკოლა – „Vinifera/Newclim – საქართველო 2025“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 4 დღის განმავლობაში იმუშავებს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: დოქტორი პატრის ლალემანი – EMaVE სამაგისტრო პროგრამის მენეჯერი (საფრანგეთი); დოქტორი, პროფესორი ან პელეგრინო – ეკოფიზიოლოგიის მიმართულება (Institut Agro Montpellier, საფრანგეთი); დოქტორი შარლი რომიე – ფიზიოლოგიის მიმართულების მკვლევარი (Institut National de Recherche pour l’Agriculture, l’Alimentation et l’Environnement – INRAE, მონპელიე, საფრანგეთი); დოქტორი, პროფესორი პასკალ ვეგმანი – ენოლოგიის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი (Weincampus Neustadt, გერმანია); დოქტორი, პროფესორი, დავით მაღრაძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტი; დოქტორი როლანდ ბურდიაშვილი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტი; დოქტორი მანუჩარ მესხიძე – კომპანია GWS-ი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტი.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...