პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია მრავალფუნქციური შენადნობებისათვის ბორშემცველი კომპლექსური ლიგატურების შემუშავება. ნედლეულად ძირითადად გამოყნებული იქნება ფოლადსადნობი წარმოების ნარჩენები წვრილდისპერსული რკინის ოქსიდის სახით. ასეთი ლიგატურები მიღებულ იქნება თმს (თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზი) მეტალურგიის, თავის მხრივ, უნარჩენო ტექნოლოგიით, რომლის სხვა ღირსებებსაც მიეკუთვნება: დაბალი ენერგომოხმარება, შედარებით მარტივი და მცირეგაბარიტიანი აღჭურვილობა, მაღალი მწარმოებლობა და პროდუქტების მაღალი სისუფთავე და ფართო ასორტიმენტი. კონკრეტულად შემუშავებული ბორშემცველი კომპლექსური ლიგატურების გამოყენებით მიღებულ იქნება კოროზიისადმი მედეგი და ცვეთამედეგი თუჯისა და ფოლადის ნიმუშები. ქიმიური ანალიზისა და მეტალოგრაფიული მეთოდებით იქნება შესწავლილი ბორისა და ლიგატურის შემცველი სხვა ელემენტების გავლენა სამიზნე შენადნობების საექსპლუტაციო მახასიათებლებზე. პროექტი „მასალათა ტექნოლოგიისა“ და „კონდენსირებული გარემოს ფიზიკის“ დარგების ერთობლიობით განსახორციელებელ კვლევას წარმოადგენს. პირველი მათგანი გულსხმობს თმს-ისა და სამსხმელო წარმოებისტექნოლოგიების შემდგომ განვითარებას, შესაბამისად, ბორშემცველი კომპლექსური ლიგატურებისა და მათი გამოყენებით მრავალფუნქციური შენადნობების მისაღებად, ხოლო მეორე – ამ ტექნოლოგიების ფიზიკური მექანიზმების დახასიათებას და მიღებული ლიგატურებისა და შენადნობების სტრუქტურისა და ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გამოკვლევას. მომავალში პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტექნოლოგიის დანერგვას წარმოებაში დადებითი ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტები ექნება, რადგანაც ამ გზით არსებული ნარჩენები უშუალოდ იქნება გამოყენებული ახალი ძვირადღირებული პროდუქტების წარმოებაში.