სტუ-ის დოქტორანტმა სოციალურ პედაგოგიკაში რელიგიისა და კულტურის როლის შესახებ კვლევა ჩაატარა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა თინათინ დეკანოიძემ, პროფესორების იაშა კუტუბიძის და ვაჟა გურგენიძის ხელმძღვანელობით, საქართველოში პირველად, სოციალურ პედაგოგიკაში რელიგიისა და კულტურის როლის შესახებ კვლევა ჩაატარა. 

დოქტორანტ თინათინ დეკანოიძის კვლევა — „რელიგიისა და კულტურის როლი სოციალურ პედაგოგიკაში — სოციალური პედაგოგიკის სხვადასხვა ასპექტსა და რელიგიურ და კულტურულ ღირებულებებთან მის ინტეგრაციას ეხება.

ნაშრომი ასევე იკვლევს სოციალური პედაგოგიკის ადგილსა და როლს საზოგადოებაში, ასახავს მის არსს, პრაქტიკულ მნიშვნელობას, მის ურთიერთქმედებას სეკულარიზმთან და საგანმანათლებლო პარადიგმებთან. 

როგორც დოქტორანტი აცხადებს, ნაშრომი ხაზს უსვამს სოციალური პედაგოგიკის მნიშვნელოვან გავლენას ჰოლისტური განვითარების აღზრდაზე, საგანმანათლებლო სისტემაში როგორც სოციალური პედაგოგიკის ჩართულობის აუცილებლობას, ასევე რელიგიისა და კულტურის როლს, რაც მოიცავს სეკულარულ და სულიერ პრინციპებს ინკლუზიური და ღირებულებებზე ორიენტირებული გარემოს გასაძლიერებლად.

მკვლევარი განიხილავს ბავშვების რელიგიური განათლების მოდელებს, ეხება ტრადიციულ და თანამედროვე მიდგომებს, რელიგიათაშორის განათლებას, ოჯახისა და საზოგადოების როლს, სასწავლო გეგმის შემუშავებასა და პედაგოგიკას. 
 
„კვლევაში შევეცადე, ფსევდოთავისუფლების ეფექტების გათვალისწინებით, კრიტიკულად გამეანალიზებინა თავისუფლებასა და რელიგიურ პარადიგმებს შორის ბალანსი, თავისუფლებისა და სეკულარიზმის არასწორი, სახეცვლილი აღქმა და მის პოპულარიზაცია, რაც განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს მოზარდებისა და ახალგაზრდების სულიერ ფორმირებაზე.

ნაშრომში წარმოდგენილია სულიერი განათლების პრაქტიკის შედარებითი ანალიზი განვითარებულ ქვეყნებში, მათ გამოცდილება და სწავლის მეთოდები, გამოვლენილია საუკეთესო პრაქტიკა და გამოწვევები საგანმანათლებლო ჩარჩოებში სულიერების ინტეგრაციისას. კვლევაში ყურადღებაა გამახვილებული სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვთა და მოზარდთა რეალობაზე, მათ ფსიქოსოციალურ მდგომარეობასა და არსებულ კანონმდებლობაზე, ასევე, განხილულია ზოგადი მდგომარეობა და არსებული ვითარება ზრუნვის სისტემაში მცხოვრები ბენეფიციარების როგორც აღმზრდელობით, ასევე, საკანონმდებლო დონეზე. აქცენტი კეთდება ზრუნვის სისტემის დატოვების შემდეგ არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე.

კვლევა ემსახურება აღნიშნული საკითხების მართვის რეალური შესაძლებლობების ძიებას, ასევე, სოციალური პედაგოგიკის ფენომენის შესაძლებლობისა და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის დაფუძნებას, განსაკუთრებით კი, საქართველოს რელიგიური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებას”, – აცხადებს თინათინ დეკანოიძე. 

სტუ-ის პროფესორის, საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, იაშა კუტუბიძის განცხადებით, თინათინ დეკანოიძის ნაშრომი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს დეტალურ კვლევას, თუ როგორ კვეთს რელიგია და კულტურა სოციალურ პედაგოგიკას, რას გულისხმობს სოციალური პედაგოგიკის პრინციპებისა და რელიგიური ფასეულობების გამოყენება აღზრდის პროცესში როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდებისთვის და ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ ეფექტურ ინტეგრაციას. 

„რელიგიისა და კულტურის როლის შესწავლას სოციალურ პედაგოგიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ქართული საზოგადოების კონტექსტში. რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეული ჩვენი ქვეყანა გვთავაზობს უნიკალურ ობიექტს, რომლის საშუალებითაც განიხილება ურთიერთკავშირი ამ ფუნდამენტურ ელემენტებსა და საგანმანათლებლო მეთოდოლოგიებს შორის.

აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გასაყარზე მდებარე საქართველო მუდამ სხვადასხვა რელიგიური ტრადიციებით დატვირთული გახლდათ, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანობა თავისთავად გამორჩეულია.

სოციალური პედაგოგიკის არსი, ძირითადად, უკავშირდება მოზარდების მხარდაჭერას სხვადასხვა სოციალურ პრობლემებთან გამკლავებისას და ამით, მათ დახმარება-ხელშეწყობას გარემოსთან ადაპტაციისა და აღზრდა-განვითარების პროცესში. სოციალური პედაგოგიკის არსებული კონცეფციების ეფექტურობიდან გამომდინარე, ის წარმატებით გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში – როგორც განათლებს სისტემის განუყოფელი ნაწილი და მდგენელი, რომელიც მოზარდების გარემოში ადაპტაციას და სოციალიზაციას უწყობს ხელს, ამასთან ერთად, ითვალისწინებს კონკრეტული საზოგადოების ფართო სოციალურ, კულტურულ და გარემო თავისებურებებს.

სოციალური პედაგოგიკის პრინციპების გამოყენება განათლების სისტემაში განაპირობებს მოზარდების პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებას, თვითგამოხატვისა და გადაწყვეტილების უნარის გამომუშავებას, სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებასა და საზოგადოებასთან ეფექტურ ინტეგრაციას, ასევე, მათ საერთო განვითარებასა და კეთილდღეობას.

სოციალური პედაგოგიკა საგანმანათლებლო სფეროში, როგორც სასიცოცხლო გამტარი, აკავშირებს აკადემიურ სწავლებას სოციალურ განვითარებასთან, მოიცავს სიღრმისეულ მიდგომას, რომელიც ეხება მოსწავლეთა მრავალმხრივ ბუნებას. საქართველოში აღზრდის პრინციპები მოიცავს სეკულარიზმის ნიუანსირებულ გაგებას, რაც ნიშნავს არა რელიგიური გავლენის მოხსნას, არამედ ყველა რელიგიური კონფესიის სამართლიან ჩართვას საგანმანათლებლო და სოციალიზაციის პროცესში”, — აცხადებს იაშა კუტუბიძე.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის...

სიახლეები

აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

მოგვწერეთ