სტუ-ის მეცნიერთა კვლევა სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
პროექტის – „თუთიის მატრიცაზე კოროზიამედეგი კომპოზიციური დანაფარების ელექტროქიმიური გამოლექვა და კოროზიული მახასიათებლების კვლევა“ – ხელმძღვანელია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე დონაძე, პროექტის მენეჯერია აკადემიური დოქტორი ნინო მახალდიანი.
ამასთან, აღნიშნავენ რომ პროექტში, ასევე, ჩართულნი არიან პროფესორი ჯემალ შენგელია, ასოცირებული პროფესორი მაია გაბრიჩიძე. საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის მკვლევრები – აკადემიური დოქტორი დავით გოგოლი და მაგისტრი შალვა ზურაბიშვილი.
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ მარინე დონაძის თქმით, ფუნდამენტური კვლევით დეტალურად შეისწავლიან როგორც თუთიის გალვანური დანაფარის, ასევე, კომპოზიტის მიღების ოპტიმალურ პირობებს ორ სხვადასხვა ელექტროლიტში.
„კვლევით შეფასდება ელექტროლიტში შეყვანილი სხვადასხვა შემავსებლის გავლენა დანაფარის თვისებებზე. ერთ-ერთ შემავსებლად ვიყენებთ ადგილობრივ ბუნებრივ ცეოლიტს – ხეკორძულას კლინოპტილოლიტს, რომელიც სხვა შემავსებლებთან შედარებით იაფი ნედლეულია. მისი შემცველობით მიღებული კომპოზიტური დანაფარის სხვა შემავსებლებთან შედარება მოგვცემს მისი კოროზიული მდგრადობის სურათს და შესაბამისად, იაფი, ეკოლოგიურად სუფთა დანაფარის სამშენებლო, აეროკოსმოსურ, საავტომობილო, გემთმშენებლობის სხვა სფეროებში კონსტრუქციულ მასალებად გამოყენების შესაძლებლობას. ფუნდამენტური კვლევის მეორე სიახლე იქნება კომპოზიტურ დანაფარში შემავსებლად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ნარჩენების (კუდები) გამოყენება. ნარჩენები, სხვა ელემენტებთან და ჟანგეულებთან ერთად, საკმაო რაოდენობით შეიცავს მანგანუმის ორჟანგს. როგორც მრავალი სამეცნიერო კვლევიდან ჩანს, თუთია-მანგანუმის შენადნი მნიშვნელოვნად ზრდის დანაფარის კოროზიამედეგობას და სხვა ტრიბო-მექანიკურ მახასიათებლებს. მესამე შემავსებლის სახით კი შემოვიტანთ Al2O3-ს, რომელიც ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მატრიცაზე კოროზიამედეგი კომპოზიციური დანაფარის მისაღებად”, – აცხადებს მარინე დონაძე.

როგორც პროექტის მენეჯერი, აკადემიური დოქტორი ნინო მახალდიანი აღნიშნავს, კვლევის შედეგად, ინსტრუმენტული მეთოდებით შეფასებულ კომპოზიტურ მასალებს გაეწევა რეკომენდაცია სხვადასხვა აგრესიულ გარემოში გამოსაყენებლად. ტექნოლოგიურ პროცესებში გაჩნდება შესაძლებლობა ეკოლოგიურად უსაფრთხო დანაფარებით ჩავანაცვლოთ ეკოლოგიურად საფრთხისშემცველი კადმიუმითა და ქრომით დანაფარები.
„თუთიის კომპოზიციური დანაფარების გამოყენების სფეროდან გამომდინარე, კვლევის მომდევნო ეტაპზე თეორიულად მიღებული მონაცემების გადამოწმება მოხდება სხვადასხვა დეტალებზე საექსპლუატაციო პირობებში. სხვა შემავსებლებს შორის იაფი ადგილობრივი ნედლეულის – ხეკორძულას კლინოპტილოლიტის ან ფეროშენადნობი ქარხნის საწარმოო ნარჩენების გამოყენება კარგ პერსპექტივას სახავს ეკოლოგიური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით“, – აცხადებს ნინო მახალდიანი.
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, კოლეგებს მორიგ წარმატებას ულოცავს. როგორც პროფესორი ლიანა თარგამაძე აცხადებს, პროექტის განხორციელება ემყარება მეცნიერულ კვლევასა და საკითხების პრაქტიკულ გადაწყვეტას, რაც მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია, როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე ქვეყნისთვის.
„საქართველოში მუდმივად არსებობს მოთხოვნა კოროზიის დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე, რაც განპირობებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი ბუნებრივი გაზისა და ნავთობის მილსადენების კოროზიისგან დაცვის აუცილებლობით. ქვეყნის ინდუსტრიის განვითარება მოითხოვს ახალ მრავალფუნქციურ მასალებს, რაც დაკავშირებულია კომპოზიტური გალვანური დანაფარების ახალი წარმოებების შექმნასთან. კომპოზიტურ დანაფარში შესაძლოა შეიცვალოს ფუძე ან შემავსებელი და შესაბამისად, მიიღება თვისობრივად ახალი მასალა არა მხოლოდ ტექნიკასა და საყოფაცხოვრებო სფეროში, არამედ ბიო-სამედიცინო სფეროში გამოყენების მიზნით. წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს”, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.
პროექტი – „თუთიის მატრიცაზე კოროზიამედეგი კომპოზიციური დანაფარების ელექტროქიმიური გამოლექვა და კოროზიული მახასიათებლების კვლევა“ – სამი წლის მანძილზე განხორციელდება.
მსგავსი
სტუ-ის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის...
აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...