სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა პოლონელ მეცნიერებთან შეხვედრები ჩაატარეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (WUST, პოლონეთი) კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორებთან – ჰალინა კვაშნიცკასა და ურშულა მარკოვსკა-კაჩმართან შეხვედრები ჩაატარეს.
პოლონელი მეცნიერები უნივერსიტეტში ვიზიტისას შეხვდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თალიკო ჟვანიას, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებსა და სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს, რომელთაც ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი წარუდგინეს, ესაუბრნენ კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და მიმდინარე კვლევების შესახებ. შეხვედრებზე მათ ყურადღება გაამახვილეს WUST-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის სამეცნიერო შესაძლებლობებზე და კოლეგებსა და სტუდენტებს მისი პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებები გააცნეს.

თავის მხრივ, პოლონელ კოლეგებს სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის 67-წლიანი ისტორიის, სამეცნიერო გამოცდილების, კვლევითი მიმართულებების და საერთაშორისო პროექტების შესახებ ესაუბრნენ და მდიდარი ვიზუალური მასალა წარუდგინეს ფაკულტეტის დეკანმა, დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა და მკვლევრებმა.
როგორც სტუ-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჩხაიძე აღნიშნავს, ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეცნიერთა ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტთან, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტთან სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას უკავშირდება.
„WUST-ის ცნობილ მეცნიერთა ვიზიტი ჩვენს უნივერსიტეტში ნაკარნახევია სურვილით, გააძლიერონ და გაცილებით მასშტაბური გახადონ სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტთან. პროფესორები ჰალინა კვაშნიცკა და ურშულა მარკოვსკა-კაჩმარი განსაკუთრებით არიან დაინტერესებული კვლევითი კოლაბორაციით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტთან.
ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი სწორედ პროფესორმა კვაშნიცკამ დააარსა 2004 წელს და მას 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი საერთაშორისო და ევროკავშირის კვლევითი პროექტი ხელოვნური ინტელექტის მეთოდების გამოყენებაზე მედიცინაში, გამოსახულების ანალიზსა და ბუნებრივი ენის დამუშავებაში. პროფესორ მარკოვსკა-კაჩმარის კვლევითი ინტერესები კი მოიცავს ხელოვნური ინტელექტის მიმართებას ღრმა ნერვულ ქსელებთან და მათი აპლიკაციების შემუშავებას. ორივე მეცნიერი არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელი და მრავალი ნაშრომის ავტორია.
პოლონელი მეცნიერები შეხვდნენ და ესაუბრნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტისა და მისი მომიჯნავე დეპარტამენტების მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, სტუდენტებს.
აღსანიშნავია, რომ მათ მაღალი შეფასება მისცეს როგორც ჩვენი ფაკულტეტის სასწავლო-კვლევით ინფრასტრუქტურას, ასევე, ინტელექტუალურ-სამეცნიერო პოტენციალს.
შედგა არაერთი საინტერესო შეხვედრა, რომლებზეც კონკრეტული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და თანამშრომლობის გზები განვიხილეთ. მათ შორის, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები კვლევით პროექტზე მედიცინის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თაობაზე.
ამ კვლევით პროექტში ჩვენი ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის მეცნიერები და სტუდენტებიც ჩაერთვებიან.
ასევე, ვგეგმავთ არქეოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ კვლევით პროექტში ჩვენი უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტიც მიიღებს მონაწილეობას“, – ამბობს მარიამ ჩხაიძე.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრებზე, გარდა კვლევითი კოლაბორაციისა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც განიხილეს.
„პროფესორებთან – ჰალინა კვაშნიცკასა და ურშულა მარკოვსკა-კაჩმართან შეხვედრებზე ვიმსჯელეთ აკადემიურ თანამშრომლობაზე, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და ერთობლივი საგრანტო პროექტების განხორციელებაზე, ასევე, ვისაუბრეთ სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობის პროცესის გააქტიურებისა და პოლონელ კოლეგებთან პარტნიორობით, კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე სტუდენტების მონაწილეობით.
გარდა ამისა, განვიხილეთ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნების შესაძლებლობები. ვფიქრობთ, ორივე უნივერსიტეტისთვის ყველა ეს კომპონენტი, სასწავლო პროცესის მდგრადობის მხრივ, უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს თალიკო ჟვანია.
ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (WUST, პოლონეთი) ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორებმა, ვიზიტის ფარგლებში, დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი საუნივერსიტეტო ცენტრი, მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია და მუზეუმი, ასევე, სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტურ პროექტებსა და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.
მსგავსი
სტუ-ის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის...
აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...