სტუ-ის რექტორი ავიაციის საერთაშორისო ტრენინგცენტრ IKAROS-ის დირექტორს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფ ავიაციის საერთაშორისო ტრენინგცენტრ IKAROS-ის დირექტორს, გეორგე პროუმისს შეხვდა.
დავით გურგენიძემ და გეორგე პროუმისმა ავიაციის სფეროში ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ ლიცენზირებული ერთობლივი სწავლებისა და პროფესიული მომზადების კურსების განხორციელების შესაძლებლობებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გეორგე პროუმისს გააცნო საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უძველესი საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული უმაღლესი სკოლის ისტორია. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, წარმატებით ხორციელდება საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა. ამდენად, უნივერსიტეტი მზადაა, შესაბამისი სამართლებრივი პირობების მომზადების შემთხვევაში, ავიაციის საერთაშორისო ტრენინგცენტრ IKAROS-თან აქტიურად ითანამშრომლოს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან.
მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე უკვე მესამე წელია განახლდა საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სწავლება. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ ავიაციის საერთაშორისო ტრენინგცენტრ IKAROS-თან და დაინტერესებულ პირებს, IKAROS-ის ქოლგის ქვეშ, შევთავაზოთ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ ლიცენზირებული სხვადასხვა მიმართულების ტრენინგკურსები და მოდულური გამოცდები“, – განაცხადა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
ავიაციის საერთაშორისო ტრენინგცენტრ IKAROS-ის დირექტორის, გეორგე პროუმისის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე განხორციელდა EASA-ს სტანდარტებთან შესაბამისობის პირველადი აუდიტი. გარდა ამისა, არსებული შესაძლებლობებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს შესწავლის მიზნით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია და გეორგე პროუმისი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
ცნობისთვის, „IKAROS – ავიაციის საერთაშორისო ტრენინგცენტრი“ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომზადების ორგანიზაციაა, რომელიც ლიცენზირებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ, კვიპროსის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის მეშვეობით. კომპანიას ჰყავს 120 მეტი ლიცენზირებული კვალიფიციური ტრენერი. დაარსებიდან დღემდე, საავიაციო მიმართულებით, IKAROS-მა ჩაატარა: EASA-ს ტრენინგები ევროპის 16 ქვეყანაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში; 20 000-ზე მეტი მოდულური გამოცდა და გადაამზადა 3 000-ზე მეტი მსმენელი.
მსგავსი
სტუ-ის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის...
აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...