სტუ-ის რექტორი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის 70 წლისთავის ღონისძიებების ფარგლებში, CERN-ის საბჭოს პრეზიდენტსა და დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო ცენტრის – ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN – the European Organization for Nuclear Research) 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, CERN-ის საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ კოსტას ფონტასს და CERN-ის მეცნიერთა წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა.
საქართველო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CERN/CMC კოლაბორაციის იმ წევრ ქვეყნებსა და წევრ უნივერსიტეტებს შორის არიან, რომელთაც ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის დელეგაცია, საიუბილეო თარიღის ფარგლებში, საქმიანი ვიზიტით სტუმრობს.

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და CERN-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის საბჭოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, პროფესორმა კოსტას ფონტასმა დღეს პირველი გაფართოებული შეხვედრა გამართეს, რომელშიც მონაწილეობდნენ CERN-ის ცნობილი მეცნიერები – CMS კოლაბორაციის რესურსმენეჯერის მადგილე ანჟეი ხარკიევიჩი, CMS/HGCal კოორდინატორი დევიდ ბარნი, CMS/RPC სუბდეტეტორის ხელმძღვანელი სალვატორე ბუონტემპო, CERN-ის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კოორდინატორი, არაწევრი ქვეყნების კომიტეტის ხელმძღვანელი ლუჩანო მუსა, CMS-ის ლიდერი ტიციანო კამპორეზი, CMS-ის წამყვანი მეცნიერი კიარა მარიოტი, CMS-ის რესურსების კოორდინატორი კირსტი ასპოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, სტუ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი იაპონელი მეცნიერი, იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციის (KEK) ეგიდით, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექს J-PARC-ში მიმდინარე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი COMET ექსპერიმენტის მენეჯერი, იაპონიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მრჩეველი სატოში მიჰარა.
შეხვედრას, რომელიც რექტორმა დავით გურგენიძემ გახსნა, ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი CERN-ში და ასევე, უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერი CERN-ში – ზვიად წამალაიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები და მიწვეული ქართველი მეცნიერები.
დავით გურგენიძემ CERN-ის საბჭოს პრეზიდენტსა და მეცნიერებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაფართოების იმ შესაძლებლობებზე, რაც დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლებისა და მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC – Future Circular Collaider) რეალიზების სამუშაოებში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის სამომავლო მონაწილეობას მოიცავს.
რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CMS-კოლაბორაციის წევრია. როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ფიზიკოსები, ინჟინრები და IT-სპეციალისტები CERN/CMS ექსპერიმენტში აქტიურად მონაწილეობენ, რაშიც დიდია საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერა და ორგანიზაციული ხელშეწყობა.
„ბედნიერი ვარ, რადგან თვითონ ვარ თვითმხილველი იმ უდიდესი სამეცნიერო სამუშაოებისა, რომელიც CERN-ში მიმდინარეობს და ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები და ინჟინრები მონაწილეობენ.
წლების მანძილზე, მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უმსხვილეს კვლევით ცენტრთან კოლაბორაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არაერთი სასიკეთო შედეგის მომტანი გახდა.
ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსთა და ინჟინერთა წარმატებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ CMS-ის რუკებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერბი განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების გერბებთან ერთად. ჩვენი უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი – პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით და იური ბაღათურიას, დავით ლომიძის, ოთარ კემულარიას, ირაკლი ლომიძის, სანდრო მელქაძის შემადგენლობით – ურთულეს სამუშაოებს ასრულებს დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში.
მინდა მადლობა გადავუხადო ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ გამოცხადებული უდიდესი ნდობისა და ქართველ მეცნიერთა წვლილის მაღალი შეფასებისთვის.
უნდა აღვნიშნო, რომ ფასდაუდებელია საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევა და მათი მხრიდან ქართული უნივერსიტეტების მხარდაჭერა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიმართულებით.
სულ ახლახან CERN-თან ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების ორ ახალ მემორანდუმს, რომლებიც ჩვენი ქართული მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობას CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლებაში და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის – FCC-ის რეალიზების სამუშაოებში. 100 კილომეტრი სიგრძის ციკლური FCC კოლაიდერის პროგრამის განხორციელება დიდი ადრონული კოლაიდერის პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება.
ამ რამდენიმე დღის მანძილზე, CERN-ის საბჭოს პრეზიდენტთან, პროფესორ კოსტას ფონტასთან, რომელიც პირველად იმყოფება საქართველოში, და ცნობილ მეცნიერებთან ერთად, ვიმსჯელებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც მიმდინარე და სამომავლო კოლაბორაციებს უკავშირდება. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ნაყოფიერი იქნება CERN-თან სამეცნიერო კოლაბორაციის პროცესი მომავალში.
ამით საგრძნობლად იზრდება ტექნიკური უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო ცნობადობა, რადგან წარმატებით განხორციელებული საერთაშორისო პროექტები, მითუმეტეს, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობა ზრდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში წარმატებით ინტეგრირების შესაძლებლობებს“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.
შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, CERN-ის საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი კოსტას ფონტასი, CERN-ის ცნობილი მეცნიერები – პროფესორები: სალვატორე ბუენტემპო, ლუჩანო მუსა, ტიციანო კამპორეზი და COMET ექსპერიმენტის მენეჯერი, პროფესორი სატოში მიჰარა.
CERN-ის მეცნიერებმა CERN/CMS კოლაბორაციასა და ექსპერიმენტში გაწეული მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და მკვლევრებს.
როგორც მათ აღნიშნეს, სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი არაერთი წელია ეფექტიანად მუშაობს CMS ექსპერიმენტის ისეთ სუბდეტექტორებზე, როგორიცაა მიონური სპექტრომეტრის (RPC) დეტექტორები და ადრონული კალორიმეტრი (HCAL), აქტიურად არიან ჩართული სუბდეტექტორებში მიმდინარე საკვანძო ამოცანებში. გარდა ამისა, მონაწილეობენ, როგორც ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის CMSSW პლატფორმის ოპტიმიზაციასა და ანალიზში, ასევე, CMS ექსპერიმენტის GEANT4-ს გეომეტრიულ ანალიზში, გარდა ამისა, მუშაობენ FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის – TDR-ის შექმნაზე.
CERN-ის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, CERN-ის მეცნიერები შეხვდებიან უნივერსიტეტის მეცნიერებს, ინჟინრებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს. შეხვედრებზე დეტალურად იქნება განხილული როგორც შესრულებული სამუშაოები, ასევე, უახლოესი სამომავლო გეგმები.
მსგავსი
სტუ-ის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის...
აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...