სტუ-ის ვიცე-რექტორი და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრს ეწვივნენ

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება დარიუს ვიტკაუსკასი პროფესორ ვიდას კავალიუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრს ეწვივნენ, სადაც ცენტრის ხელმძღვანელ მარია სულაბერიძესთან ერთად, 2024-2025 სასწავლო წლის ფარგლებში, ლიეტუვური ენის შემსწავლელი კურსების ახალი სეზონი გახსნეს. 

შეხვედრას ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის თანამშრომლები, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, სტუდენტები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

ცენტრის ხელმძღვანელმა მარია სულაბერიძემ შეკრებილ საზოგადოებას ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც 2024-2025 სასწავლო წლის ფარგლებში განხორციელდება. მან ცენტრის მუშაობის მიმართულებებზე, საგანმანათლებლო-კულტურულ პროექტებზე, სტუდენტურ გაცვლით პროგრამებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ლიეტუვური ენის შესწავლის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მარია სულაბერიძის თქმით, ლიეტუვური ენის კურსები ცენტრში რამდენიმე ნაკადად წარიმართება.

ვიცე-რექტორმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყების პარალელურად, ლიეტუვური ენის შემსწავლელი კურსების ახალი სეზონის გახსნა მიულოცა და ახალგაზრდებს სწავლასა და კარიერულ განვითარებაში წარმატებები უსურვა. 

როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც აძლიერებს პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის აქტიური მოღვაწეობა. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, წარმატებით ფუნქციონირებს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, სადაც სტუდენტები ეუფლებიან ლიეტუვურ ენას, ეცნობიან ლიეტუვის ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს.

სტუდენტებისთვის მოქმედებს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები და საგანმანათლებლო პროექტები, ცენტრის ახალგაზრდა ხელმძღვანელი მარია სულაბერიძე, ორმხრივად საინტერესო ინიციატივების განხორციელებით, ღირსეულად აგრძელებს საუნივერსიტეტოს ცენტრის დამაარსებლის, პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ტრადიციებს და ნოვატორული სწავლების წესებს ამკვიდრებს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა სტუდენტების დაინტერესება ლიეტუვური ენითა და კულტურით.

მადლობას მოვახსენებ საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობებს, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება დარიუს ვიტკაუსკასს და მის წინამორბედს, ბატონ ანდრიუს კალინდრას მეგობრობისა და საუნივერსიტეტო ცენტრის მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ხელს უწყობს საქართველოსა და ლიეტუვის ახალგაზრდობის, ორი ქვეყნის სამეცნიერო და აკადემიური წრეების მეტად დაახლოებას, რაც ქმნის დიდ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ლიეტუველ კოლეგებთან ერთად, სამეცნიერო კვლევებსა და მიღწევების გაუმჯობესებაზე იმუშაონ”, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დარიუს ვიტკაუსკასმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რექტორს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერისა და ლიეტუვის უნივერსიტეტებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს ორი ქვეყნის ახალგაზრდა თაობების შორის მეგობრობის გაღრმავებაში, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაფართოებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიეტუვის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და მეცნიერებს შორის.

შეხვედრის დასასრულს, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი დაათვალიერა და სტუდენტებს გაესაუბრა. 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის...

სიახლეები

აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

მოგვწერეთ