სტუ-სა და კომპანია „აუტოტესტ გეორგიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკებსა და პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას ამიერიდან კომპანია „აუტოტესტ გეორგიაში“ შეძლებენ.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „აუტოტესტ გეორგიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის დირექტორმა დავით მესხიშვილმა მოაწერეს ხელი.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა განაცხადა, მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ერთობლივი სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას, რაც შესაძლებელს გახდის ახალგაზრდების ეფექტიანად დახელოვნებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
თამარ წერეთლის განცხადებით, თანამშრომლობით დაინტერესება ორმხრივია, შესაბამისად, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ სტუდენტთა კარიერული განვითარების, სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების, ასევე, კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადების ღონისძიებების შემუშავების მიმართულებით, რაც, ვიცე-რექტორის თქმით, ხელს შეუწყობს საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას.
„ამ მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ფაქტორია აკადემიური საზოგადოებისა და ავტოინდუსტრიის სფეროს მჭიდრო პარტნიორობისთვის. „აუტოტესტ გეორგია“, რომელიც საქართველოში გერმანული ინვესტიციით განხორციელებული ერთ-ერთი პირველი პროექტია, ყველა კატეგორიის ავტომობილს გერმანული MAHA-ს დანადგარების საშუალებით უტარებს ტექნიკურ ინსპექტირებას. საგულისხმოა ისიც, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი, დავით მესხიშვილი ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
კომპანიასთან თანამშრომლობით, ჩვენს სტუდენტებს ექმნებათ კარგი შესაძლებლობა, გამოიყენონ უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ გარემოში. ეს პარტნიორობა არა მხოლოდ განავითარებს ახალგაზრდების უნარ-ჩვევებს, არამედ ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ კარიერულ განვითარებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, კომპანიასთან პარტნიორობით განახორციელოს ერთობლივი სტაჟირების პროგრამები, სპეციალიზებული ტრენინგები და კვლევითი ინიციატივები, რომლებიც როგორც სტუდენტებისთვის, ისე მთლიანად საავტომობილო სექტორისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
იმის გათვალისწინებით, რომ კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება აქტუალურია საავტომობილო ინდუსტრიისთვის, ამ დარგის პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მსგავსი მემორანდუმებით ჩამოვაყალიბებთ მყარ სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, რაც უზრუნველყოფს, არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენი სტუდენტების მომზადებას დარგში მომავალი ლიდერობისთვის, ასევე, ხელს შევუწყობთ საავტომობილო დარგის განვითარებას სტანდარტების ამაღლებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით”, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.
„აუტოტესტ გეორგიას“ დირექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, რომელიც განათლების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციაა, აქვს მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია და ინტელექტუალური რესურსი, შესაბამისად, მასთან თანამშრომლობა ახალი კონცეფციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, საავტომობილო ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციებისა და ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. როგორც დავით მესხიშვილმა აღნიშნა, ბიზნესი აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს უნივერსიტეტთან, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობის მომზადების მიმართულებით.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები, კომპეტენციისა და საერთო ინტერესების ფარგლებში, ასევე იზრუნებენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის განვითარების, საწარმოო ბაზის სრულყოფის და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარების კუთხით.
მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კომპანია „აუტოტესტ გეორგიას“ დამფუძნებლები დავით ჩიქოვანი და რევაზ კლდიაშვილი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
მსგავსი
აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...