სტუ-ში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დღე აღინიშნა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დღე აღინიშნა. 

ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სწავლულმა მდივანმა პროფესორმა იაშა კუტუბიძემ გახსნა. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას ფაკულტეტის დღე მიულოცა და ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა. მან იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს.

„ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ერთადერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელია ქვეყანაში, რომელიც უკვე 103 წელია ამზადებს სპეციალისტებს ქიმიური და მეტალურგიული ტექნოლოგიების მიმართულებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 2024/2025 სასწავლო წელი ფაკულტეტმა წარმატებით დაიწყო. ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით და ევროპული სტანდარტის შესაბამისი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით შეხვდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით კი სრული შევსებაა. სასიხარულოა, რომ საჯარო სკოლებში ქიმიის მიმართულებით სწავლება-სწავლის პროცესი ამაღლდა, დაინტერესება გაიზარდა, შედეგიც სახეზეა. ვფიქრობ, რომ ამ შედეგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილიცაა, რამეთუ უკვე რამდენიმე წელია სტუ აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ, უფასო ონლაინ კურსებს სთავაზობს. კურსები მიზნად ისახავს, აბიტურიენტების ორი მოდულის მიხედვით – „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“ მომზადებას. ესაა უპრეცედენტო პროექტი და ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა, თუმცა მასთან ერთად სტუ აბიტურიენტებს STEM-ის კიდევ ერთი საგნის, ფიზიკის ან ქიმიის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. წელს მესამედ აღვნიშნავთ ფაკულტეტის დღეს, ეს არის ძალიან კარგი ტრადიცია, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ჩაუყარა საფუძველი. ვულოცავ ფაკულტეტს, დეკანს, თითოეულ მეცნიერსა და მკვლევარს, სტუდენტებს ფაკულტეტის დღეს და წარმატებებს ვუსურვებ”, – აღნიშნა იაშა კუტუბიძემ. 

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, სტუდენტებს კი, წარმატებები უსურვა. 

1 (36).png

„ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ გიორგი ნიკოლაძე, რუსუდან ნიკოლაძე, დიმიტრი ერისთავი, ნიკოლოზ ლანდია, ვასილ კაკაბაძე, რაფიელ აგლაძე, კალისტრატე ქუთათელაძე, გივი ცინცაძე და დარგის სხვა ღვაწლმოსილი მეცნიერები, რომელთა მემკვიდრეობა ფასდაუდებელია. ფაკულტეტის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის აწგანსვენებულ, ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ნუგზარ წერეთელს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეული ლაბორატორია წარმატებით მუშაობს. რექტორის მხარდაჭერით, ფაკულტეტზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება თეატრ-სტუდია „მოდინახეს“. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც დარგის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვისაა აუცილებელი. დიდი მადლობა აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის“, – განაცხადა პროფესორმა ლიანა თარგამაძემ.

ინფორმაციისთვის, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე სწავლება ხორციელდება 8 საბაკალავრო, 6 სამაგისტრო და 4 სადოქტორო პროგრამებზე.

საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით ფაკულტეტი მალე განახორციელებს მიღებას “მეტალურგიისა” და “ფარმაციის” ინგლისურენოვან პროგრამებზეც. ფაკულტეტზე მოღვაწეობს 116 აკადემიური პერსონალი, მათ შორის: 43 პროფესორი, 51 ასოცირებული პროფესორი, 20 ასისტენტ-პროფესორი და 2 ასისტენტი.

ფაკულტეტზე მოღვაწე აკადემიური პერსონალის სამეცნიერო თემატიკა ეფუძნება, როგორც ფუნდამენტურ მეცნიერულ კვლევებს, ასევე გამოყენებითი მეცნიერების წინაშე მდგარ რეალურ პრობლემებს.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის...

სიახლეები

აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

მოგვწერეთ